საქმე №ას-1050-2023
28 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.წ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1. შპს „ს.ს–ის“ წარმომადგენელმა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე"), სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ს.გ.წ.კ–იის“(შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი", „კასატორი") მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთების: 1 ცალი წყლის დისპენსერის - „DIXI BY110-3 White“ და 19 ცალი, 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის სახელურიანი ბოცის - „SABIC PK 2870“, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხე შპს „ს.გ.წ.კ–იის“ უკანონო მფლობელობიდან, გამოთხოვილ იქნა, შპს „ს.წ–ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1 ცალი წყლის დისპენსერი („DIXI BY110-3 White“) და 19 ცალი, 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის სახელურიანი ბოცა („SABIC PK 2870“) და აღნიშნული ნივთები დაუბრუნდა მესაკუთრე - შპს „მ.წ–ს“.
2.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
3.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3.2 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
3.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო მოძრავი ნივთები მის მფლობელობაში აღარ არის, რის გამოც ვერ დააბრუნებს და მიუთითა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, აპელანტს უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაეცა მოძრავი ქონებები. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმება სასმელი წყლის დისპენსერის, 19 ლიტრის მოცულობის ბოცისა და ჭიქის დამჭერის მართლზომიერ მფლობელობას მოპასუხის მხრიდან წარმოშობდა იმ დრომდე, ვიდრე ხელშეკრულება შეწყდებოდა. მას შემდეგ რაც მხარეთა გამოვლენილი ნების საფუძველზე, შეწყდა სამართლებრივი ურთიერთობა, მოპასუხეს წარმოეშვა სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება. აპელანტმა კონკრეტულად ვერ მიუთითა, რატომ ვერ დააბრუნებს გადაცემულ ნივთებს და ვერც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ სადავო ნივთები აღარ არსებობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითებული პრეტენზია.
4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
4.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4.2 კასატორის განმარტებით, 2021 წლის 11 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მის მფლობელობაში არსებული ნივთები. მიღება-ჩაბარების აქტზე მოსარჩელეს პრეტენზია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, როგორც მოპასუხის ახსნა-განმარტება (ნივთების არქონასთან დაკავშირებით), ისე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხემ სრულად გადასცა მოსარჩელეს მის მფლობელობაში არსებული ნივთები, აღნიშნული კი სასამართლომ არ გაიზიარა და დააკმაყოფილა სარჩელი.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
12. მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).
13 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
14. მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ.საქმე №ას-1605-2022 11.04.2023წ).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება, დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, სადავო ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
17. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 აპრილს, 2017 წლის 17 თებერვალს, ასევე 2018 წლის 20 თებერვალს, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების საგნის წარმოადგენდა სასმელი წყლის შესყიდვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 19 ლიტრიანი ტარა (ბოცები) და დისპენსერები შემსყიდველს გადაეცემოდა უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში რაზედაც ფორმდებოდა შესაბამისი მიღება ჩაბარების-აქტები.
18. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მართლზომიერად ფლობდა სადავო მოძრავ ნივთებს. მხარეთა გამოვლენილი ნების საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხეს წარმოეშვა სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება.
19. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს გადასცა თავის მფლობელობაში არსებული ნივთები სრულად. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 11 ოქტომბრის, 2018 წლის 19 აპრილის, 2018 წლის 5 აპრილის, 2018 წლის 5 მარტის, 2017 წლის 2 ოქტომბრის, 2017 წლის 16 მარტის, 2017 წლის 15 მარტის, 2017 წლის 13 იანვრის, 2016 წლის 12 დეკემბრის, 2016 წლის 4 ივლისის, 2016 წლის 14 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტების შეჯერების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხეს არ დაუბრუნებია მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ქონება: კერძოდ, 1 ცალი წყლის დისპენსერი - „DIXI BY110- 3 White“ და 19 ცალი 19 ლიტრიან პოლიკარბონატის სახელურიანი ბოცა - „SABIC PK 2870“ (იხ. ს.ფ. 22-34)
20. ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმ გარემოებაზე მითითებით, რადგან ფაქტობრივად მფლობელობაში არ გააჩნია სადავო მოძრავი ქონება, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აღუსრულებელი იქნება. საკასაციო პალატა განმარტავს, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 17.06.2022 წლის №1/3/1377 გადაწყვეტილება საქმეზე „დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინსაც იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (საბოლოო გახდა 28/02/2007), საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №40765/02), 54).
21. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს საქმეზე შპს „ი. და მ–ძე” საქართველოს წინააღმდეგ, სადაც აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) -იხ. სუსგ N ას-1238-1161-2015, 12.02.2016წ; შდრ.სუსგ-ები: N ას-1187-1117-2015, 05. 02.2016წ; შდრ. Nას-1132-1065-2015, 03.05.2016წ;
22. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მიმწოდებლისათვის სადავო მოძრავი ნივთების დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო მოძრავ ქონებას, ხოლო, მართლზომიერი მფლობელობის, ან/და სხვაგვარად სარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები ვერ დაამტკიცა მოპასუხემ, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ მიერ, სს „ლიბერთი ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 9 აგვისტოს, N230809105913638 საგადახდო დავალებით გადახდილი, 100 ლარის და სს „ლიბერთი ბანკში“, 2023 წლის 25 სექტემბერს, N230925114450967 საგადახდო დავალებით გადახდილი, 50 ლარის 70%, ჯამში 105 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი