საქმე ას-1227-2022
28 აპრილი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - კ.ა–ნი (მოპასუხე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.კ–კი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „მ.კ–კმა“ სარჩელი აღძრა კ.ა–ნის მიმართ და მოითხოვა - მოპასუხისათვის 20 908.2 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 შპს „მ.კ–კი“ ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან კოსმეტიკური საშუალებებისა და ფართო მოხმარების საქონლის იმპორტს და მის რეალიზაციას საქართველოში დისტრიბუციის სახით. 2005 წლის 31 დეკემბრიდან კ.ა–ნი შპს „მ.კ–კში“ მუშაობდა დისტრიბუტორად (საქონლის რეალიზატორად), მას გაჰქონდა საქონელი და ახდენდა რეალიზაციას.
2.2 2016 წლის 30 ოქტომბრის შედარების აქტით დასტურდება, რომ 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით კ.ა–ნის მიერ კომპანიის საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის ღირებულების თანხასა და რეალიზაციის შედეგად შემოტანილ თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 20 908,2 ლარი, რისი გადახდის ვალდებულებაც ეკისრება კ.ა–ნს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია დავალიანება. ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა და აღნიშნული საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „მ.კ–კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე კ.ა–ნს მოსარჩელე შპს „მ.კ–კის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20 908,2 ლარის გადახდა.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის განჩინებით კ.ა–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოარჩელის წინაშე გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 20 908.2 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება. აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასების ნაწილში.
5.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
5.4 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სადავო შედარების აქტით მოხდა რეალიზებული საქონლის ღირებულებისა და კომპანიაში მოპასუხის მიერ შეტანილი თანხების შედარება 2016 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდზე, თუმცა შედარების აქტის სამართლებრივი დანიშნულების გათვალისწინებით, აქტის გაფორმებამდე, ანუ მხარეთა მიერ მათი საბუღალტრო მონაცემების/ჩანაწერების ურთიერთშედარებამდე, შპს „მ.კ–კისათვის“ ვერ იქნებოდა ცნობილი 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილი ვალდებულების კონკრეტული ოდენობის შესახებ და შესაბამისად, ხამდაზმულობის ვადის ათვლის აღნიშნულ თარიღთან (30.09.2016წ.) დაკავშირება მართებული არ იქნებოდა.
5.5 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაუკავშირა ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2016 წლის 31 ოქტომბერს, შედარების აქტის გაფორმების თარიღს, რაც საფუძველს აცლის მოპასუხის შედავებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორი განმარტავს, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „მ.კ–კსა“ და კ.ა–ნს შორის გაფორმებული შედარების აქტით დადასტურებულია კ.ა–ნის მიერ შპს „მ.კ–კის“ წინაშე, 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის ღირებულების თანხასა და რეალიზაციის შედეგად შემოტანილ თანხას შორის სხვაობის არსებობა 20 908,2 ლარის ოდენობით ანუ 30 სექტემბრამდე რა ოდენობის საქონელი იყიდა და რა ოდენობის თანხა შემოიტანა (რაზედაც შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს მხარეებმა).
6.3 კასატორმა განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 30 სექტემბრიდან, მიუხედავდა იმისა, რომ შედარების აქტი გაფორმებულია 2016 წლის 30 ოქტომბერს, აქტში მითითებულია, 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ, შესაბამისად სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 30 სექტემბერს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2019 წლის 29 ოქტომბერს, რითაც დასტურდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლა.
6.4 კასატორის მოსაზრებით, არასწორია და არ შეესაბამება რეალობას ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს "მ.კ–კი"-სათვის ვერ იქნებოდა ცნობილი 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილი ვალდებულების კონკრეტული ოდენობის შესახებ, რადგან თავად მოსარჩელე მხარე არ უთითებს, რომ შედარების აქტების გაფორმებამდე მისთვის უცნობი იყო დავალიანების შესახებ.
6.5 კასატორი განმარტავს, რომ ნებისმიერი პირისთვის რომელიც ახორციელებს საქონლის რეალიზაციას, ყოველგვარი შედარების აქტის გარეშე, ყოველთვის ცნობილი არის თუ რა სახეობის და რა ოდენობის საქონელი მიაწოდა მყიდველს და რა ოდენობის თანხა არის გადახდილი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კ.ა–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, კერძოდ:
12. 2005 წლის 31 დეკემბერს შპს „მ.კ–კსა“ და კ.ა–ნს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (№3), რომლის თანახმად, კ.ა–ნის შრომით საქმიანობას წარმოადგენდა საქონლის გაყიდვა. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით და შემდეგში რამდენჯერმე გაგრძელდა. სადავო არ არის, რომ კ.ა–ნს საწარმოს საწყობიდან გაჰქონდა საქონელი და ახდენდა მის რეალიზაციას.
12.1 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „მ.კ–კსა“ და კ.ა–ნს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის მიხედვით, 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით კ.ა–ნის მიერ შპს „მ.კ–კის“ საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილ საქონლის ღირებულების თანხასა და რეალიზაციის შედეგად შეტანილ თანხებს შორის სხვაობა 20 908,2 ლარს შეადგენდა. აღნიშნული შედარების აქტის ნამდვილობა მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. მოპასუხემ მითითებული თანხა არ გადაიხადა.
12.2. შპს „მ.კ–კმა“, მოპასუხის - კ.ა–ნის წინააღმდეგ 2019 წლის 29 ოქტომბერს, შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. თუმცა 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, მას სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი. მოსარჩელემ ახალი სარჩელი (იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე დავის საგანზე) 2019 წლის 14 ნოემბერს წარადგინა.
12.3. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოარჩელის წინაშე გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 20 908.2 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება. მხარე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასების ნაწილში. კერძოდ, კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტი და ამიტომაც არასწორად მიიჩნია მოთხოვნა განხორციელებადად (იხ. საკასაციო საჩივარი).რაც უპირველესად უნდა იქნეს განხილული, რადგან, ხადაზმულობის არსებობის შემთხვევაში, გამოირიცხება სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის არსებითი განხილვის შესაძლებლობა.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „..ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.
15. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ო.ს-ი და ი.ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ.სუსგ. საქმე Nას-42, 18.04.2024წ).
17. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი.).
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
19. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.)
20. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება.
22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უფლების დარღვევის შესახებ შეტყობის მომენტს უკავშირებს 2016 წლის 31 ოქტომბერს, შედარების აქტის შედგენის თარიღს, რომლითაც მოპასუხემ აღიარა, რომ 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მის მიერ მოსარჩელე კომპანიის საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის ღირებულების თანხასა და რეალიზაციის შედეგად შეტანილ თანხებს შორის სხვაობა 20 908,2 ლარს შეადგენდა.
23. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის განსაზღვრის მიზნებისთვის, საყურადღებოა შედარების აქტის, როგორც ვალდებულების არსებობა/არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სამართლებრივი მნიშვნელობა და დანიშნულება. პალატა განმარტავს, რომ შედარების აქტი ეს არის საბუღალტრო დოკუმენტი, რომელიც მიიღება საბუღალტრო აღრიცხვის შედარების მეთოდით, როდესაც მხარეები ერთმანეთს ადარებენ მათ მიერ წარმოებულ ბუღალტრულ ჩანაწერებს/მონაცემებს და ამ გზით ადგენენ სადავო პერიოდში ურთიერთვალდებულების არარსებობა/არარსებობის საკითხს.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „მ.კ–კმა“ სარჩელი, მოპასუხე კ.ა–ნის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 29 ოქტომბერს, თუმცა მას 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი. მოსარჩელემ ახალი სარჩელი (იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე დავის საგანზე) წარადგინა 2019 წლის 14 ნოემბერს. სსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული; 140.2 მუხლის შესაბამისად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის დეფინიცია სარჩელის განუხილველად დატოვებას ეხება, ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი მაშინაც დგება, როდესაც ადგილი აქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმას და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს 2016 წლის 30 სექტემბერს, რადგან ამ მომენტიდან მოსარჩელესათვის უკვე ცნობილი იყო ვალდებულების არსებობის შესახებ და მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაუკავშირეს ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2016 წლის 31 ოქტომბერს, შედარების აქტის გაფორმების თარიღს, როცა დადგინდა 20 908.2 ლარის ვალდებულების არსებობა, შესაბამისად პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დარღვევას ადგილი არა აქვს.
27. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ა–ნის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კ.ა–ნის მიერ
საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 20 ოქტომბერს N14847333596 საგადახდო დავალებით გადახდილი 1045,41 ლარის 70% - 731,78 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე