საქმე №ას-734-2021 26 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა–ნი, ი.ა–ნი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ა–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ი.ა–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ა–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის 14.06.2017 წელს უძრავ ქონებაზე, ს/კ: ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ქონება“), დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების 128400 კვ.მ-ის 1/7 ნაწილის მესაკუთრედ - პირველი მოსარჩელის, 1/7 ნაწილის მესაკუთრედ კი - მეორე მოსარჩელის ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ბ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხის შვილი“) არის მოსარჩელეთა ნათესავი. პირველ მოსარჩელეს მასთან ჰქონდა მამაშვილური ურთიერთობა. მოპასუხის შვილს აძლევდნენ ყველა სახის მინდობილობას, თუმცა ერთ წელზე მეტია, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. როდესაც პირველ მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, პირველმა მოსარჩელემ თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეიძინა, პირდაპირ მის სახელზე გააფორმა. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს შორის არაერთი დავა არსებობს. ერთ-ერთი სარჩელი უკვე რამდენიმე თვეა განსახილველად იმყოფება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მოპასუხის შვილის საკუთრებაში არსებული ქონება.
2.2. ვინაიდან პირველ მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა სასამართლოში სარჩელის წარდგენა, პირველმა მოსარჩელემ მოპასუხის შვილს მოსთხოვა თავისი მიწის ნაკვეთების (რომლებიც მოპასუხის შვილის სახელზე ჰქონდა გაფორმებული) დაბრუნება, რაზეც მან უარი განაცხადა. პირველი მოსარჩელისთვის მიწის ნაკვეთების დაბრუნების ნაცვლად, 14.06.2017 წელს მოპასუხის შვილმა ბოროტად გამოიყენა მოსარჩელეების მიერ მის სახელზე 10 წლის წინ უვადოდ გაცემული მინდობილობა და მოსარჩელეების უძრავი ქონება (128400 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/7 ნაწილი პირველი მოსარჩელის, 1/7 ნაწილი მეორე მოსარჩელის) აჩუქა თავის დედას - მოპასუხეს, რაზეც მოსარჩელეებს არანაირი ნება არ ჰქონიათ გამოვლენილი.
2.3. მართალია, 2007 წელს მინდობილობა მოპასუხის შვილზე გაცემული იყო უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, მაგრამ დიდი ხნის გასვლის გამო მოსარჩელეებს არც ახსოვდათ აღნიშნულის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შვილთან აქვთ დავა, აუცილებლად გააუქმებდნენ მინდობილობას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის შვილს მოსარჩელეთა ნდობა ბოროტად არ გამოუყენებია. პირველ მოსარჩელეს არ შეუძენია მიწის ნაკვეთები, მათი რეალური მფლობელი და მეპატრონე იმთავითვე მოპასუხის შვილი იყო. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა 3-4 წელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია დავის საგანთან. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს შორის დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს თანხის - 50 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
3.2. 2007 წელს, 10 წლის წინ, მოპასუხის შვილის სახელზე პირველი მოსარჩელის მიერ გაფორმებული მინდობილობა მთელი 10 წლის განმავლობაში ძალაში იყო, მის გაუქმებაზე პირველ მოსარჩელეს არც კი უფიქრია. ამ მინდობილობით მოპასუხის შვილს სრული უფლება ჰქონდა, ემოქმედა მინდობილობით განსაზღვრულ ფარგლებში და განეკარგა მასში მითითებული უძრავი ნივთი. მან იმოქმედა კიდეც კანონით განსაზღვრული წესით. რაც შეეხება ნების გამოვლენას, იგი იმ წუთიდან არსებობს, როდესაც მოსარჩელეებმა მოპასუხის შვილს მიანდეს, გაყიდოს, გაყიდოს განვადებით, გაცვალოს, გააჩუქოს, დატვირთოს იპოთეკით მათი კუთვნილი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ამ მინდობილობით მოპასუხის შვილს უფლება მიენიჭა მიმნდობთაგან, დადოს კანონით გათვალისწინებული წესით ნებისმიერი გარიგება ნებისმიერ პირთან და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება ამ დავალებასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით გაიცა და ძალაში იყო მის გაუქმებამდე. მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო მინდობილობის არსებობისა და მისი არსის თაობაზე. ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია, არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.
3.3. მოსარჩელეები ითხოვენ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ამ ფონზე დამსაჩუქრებელთა წარმომადგენელი, მოპასუხის შვილი მოპასუხედ დასახელებული არ არის, რაც კიდევ უფრო დაუსაბუთებელს ხდის სარჩელს. მხარე მიუთითებს მინდობილობის ნაკლზე, შესაბამისად, მოპასუხის შვილი საქმეში ჩართული უნდა იყოს თანამოპასუხედ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 14.06.2017 წელს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების 128400 კვ.მ-ის 1/7 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მეორე მოსარჩელე, 1/7 ნაწილის მესაკუთრედ პირველი მოსარჩელე.
სასამართლოს მითითებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა გამჩუქებლების ნებას და წარმომადგენელს რეალურად არც აინტერესებდა, გაერკვია ეს საკითხი, რადგან მიაჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც დაურეგისტრირა საკუთარ დედას, ისედაც მას ეკუთვნოდა და მარწმუნებლებთან გართულებული ურთიერთობის გამო, საერთოდ რომ არ დაეკარგა ეს ქონება, გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება. ჩუქების ხელშეკრულების დადება არ გამომდინარეობდა გამჩუქებელთა სურვილიდან, მათი წარმომადგენელი მოქმედებდა მარწმუნებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ და დასაჩუქრებულთან შეთანხმებით, რამაც რეალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს. ადგილი აქვს გარიგებას, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრეების სახელზე აღრიცხვის საფუძველია.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეები, მოპასუხე და მისი შვილი არიან ნათესავები, რომელთა შორისაც წლების განმავლობაში არსებობდა ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. მოსარჩელეებსა და მოპასუხის შვილს შორის ბოლო წლების განმავლობაში იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ პირველმა მოსარჩელემ სარჩელიც კი აღძრა მის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით. 26.07.2017 წელს მოსარჩელეებმა გააუქმეს 26.03.2007 წლის მინდობილობა.
6.2. უძრავი ქონება, მდებარე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ...., მიწის ფართი 128400 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), ირიცხებოდა 7 პირის - მოპასუხის, მოპასუხის შვილის, ვ.ა–ის, მეორე მოსარჩელის, პირველი მოსარჩელის, ი.კ–ძისა და ნ.ნ–ძის თანასაკუთრებაში.
6.3. 26.03.2007 წელს ვ.ა–მა და მოსარჩელეებმა სანოტარო წესით გააფორმეს მინდობილობა, რომლითაც მოპასუხის შვილს მიანიჭეს შემდეგი უფლებამოსილება: გაეყიდა, გაეყიდა განვადებით, გაეცვალა, გაეჩუქებინა, დაეტვირთა იპოთეკით მათი კუთვნილი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ....., ამასთან დაკავშირებით შეეგროვებინა ყოველგვარი დოკუმენტაცია, განესაზღვრა გასაყიდი ფასი, ვადა, პირობები, მიეღო მათდამი კუთვნილი თანხა, მათი სახელით ხელი მოეწერა ხელშეკრულებებზე: ყიდვა-გაყიდვის, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გადახდის განვადების პირობით, გაცვლის, გაჩუქების, იპოთეკის, იპოთეკაში ცვლილების შეტანის, იპოთეკის გაუქმების. ყოფილიყო მათი წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში, სანოტარო ბიუროში და სხვა ორგანიზაციაში-დაწესებულებაში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დაედო კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგება და შეესრულებინა ყოველგვარი მოქმედება ამ დავალებასთან დაკავშირებით. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით.
6.4. 14.06.2017 წელს მოპასუხის შვილმა, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენელმა, პირველი მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული - უძრავი ქონების 1/7 ნაწილი და ამავე ქონების მეორე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 1/7 ნაწილი აჩუქა მოპასუხეს, მასთან დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
6.5. ზემოაღნიშნული 14.06.2017 წლის ჩუქების ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში, რის შედეგადაც მოპასუხის საკუთრებაში მთლიანობაში ირიცხება უძრავი ქონების 3/7 ნაწილი.
6.6. 18.01.2021 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ხ–ას ჩვენების თანახმად: მოდავე მხარეებს იცნობს ბავშვობიდან; წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... 4 წლის განმავლობაში მუშაობდა მოპასუხის შვილთან; იგი სამუშაოზე ამ უკანასკნელმა მიიყვანა; ამ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის შვილს ჰქონდა სათბური, რესტორანი და მაღაზია; იგი მუშაობდა სათბურში, სადაც მოჰყავდათ კიტრი და პომიდორი; მოსარჩელეებს მისთვის რაიმე დავალება არასოდეს მიუციათ; ისინი ხანდახან სტუმრად მოდიოდნენ მოპასუხის შვილთან. ამავე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ა–ის ჩვენების თანახმად: 2007 წლიდან 2010 წლამდე, მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... მოპასუხის შვილთან; იგი მუშაობდა სათბურში, სადაც მოჰყავდათ კიტრი და პომიდორი; მას ხელფასს მოპასუხის შვილი უხდიდა; მოსარჩელეებს მისთვის რაიმე დავალება არასოდეს მიუციათ და ხელფასი არ გადაუხდიათ.
6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე და აღნიშნა: იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხესთან ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელეთა (მარწმუნებლების) თანხმობის გარეშე, რომ ჩუქება არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა ნებას და გამჩუქებელი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, - მოსარჩელეთა მხარეზეა, ვინაიდან ამ გარემოებებს ემყარება სარჩელი. პირველი ინსტანციის სასმართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარეზე გადატანით, სადავო საკითხზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
6.8. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელეებმა მხოლოდ თავიანთ ახსნა-განმარტებაზე მიუთითეს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე. როდესაც მოპასუხე მოსარჩელეების ახსნა-განმარტებას უარყოფს, ხოლო აღნიშნული ახსნა-განმარტება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით არ არის გამყარებული, მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სადავო გარემოება დადასტურებულად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელეთა განმარტების საპირისპიროდ სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავდაპირველი გარიგების (მინდობილობის) დადებისას მოსარჩელეებს შესწევდათ უნარი, დამოუკიდებლად გამოევლინათ ნება, განეგოთ თავიანთი მოქმედების მნიშვნელობა და გაეცნობიერებიათ მისი შედეგები. 26.03.2007 წლის მინდობილობის შინაარსიდან ცალსახად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მოსარჩელეებმა გამოხატეს ნება, მოპასუხის შვილს გაეჩუქებინა უძრავი ქონება, ხოლო ვის მიმართ განახორციელებდა იგი ამ მოქმედებას, ეს არც ყოფილა ამ მინდობილობით დათქმული. ასე რომ, სადავო ქმედების (ჩუქების) განხორციელებისას, მოპასუხის შვილს სრული თავისუფლება ჰქონდა კონტრაჰენტის შერჩევის თვალსაზრისითაც.
6.9. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ „ბ.კ–ძემ მარწმუნებლების ნების საწინააღმდეგოდ გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დედის სახელზე, რითაც ის მოიქცა არაკეთილსინდისიერად“, ვინაიდან ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მოსარჩელეები ვერ უთითებენ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინდობილობა და ჩუქების ხელშეკრულებაც მიმართული იყო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა თუ შეწყვეტისაკენ და წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას.
6.10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 103.1, 107–ე, 104.1, 709-ე მუხლებით. პალატის მითითებით, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება არსებობდეს დავალების საფუძველზე. დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულების შემთხვევაში სამართალურთიერთობა ყალიბდება მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის. მოცემულ შემთხვევაში, 26.03.2007 წელს მოსარჩელეების მიერ სანოტარო წესით გაცემულ მინდობილობაში ცალსახად და ნათლად მითითებულია, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის შვილს, სხვა უფლებებთან ერთად, მიანიჭეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... მდებარე მათი კუთვნილი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გაჩუქების უფლება. ამასთან, დადგენილია, რომ მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით. აღსანიშნავია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ხ–ასა და რ.ა–ის ჩვენებებიც, რომელთა თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა მოპასუხის შვილი, რომელმაც დაასაქმა ისინი მიწის ნაკვეთზე მდებარე სათბურში და უხდიდა ხელფასს. დადგენილია, რომ 14.06.2017 წელს, ანუ ჯერ კიდევ მინდობილობის ძალაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელეების მიერ მის გაუქმებამდე, მოპასუხის შვილმა მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული - უძრავი ქონების 1/7 და 1/7 ნაწილი, ჯამურად 2/7 ნაწილი აჩუქა მოპასუხეს. ამდენად, მოპასუხის შვილმა მართლზომიერად განკარგა მასზე გაცემულ მინდობილობაში მითითებული უფლება. მაშასადამე, მოსარჩელეებმა 26.03.2007 წელს სანოტარო აქტით გაცემული მინდობილობის მინიჭებით გამოხატეს ნება, მოპასუხის შვილს აღნიშნული რწმუნებულების საფუძველზე ემოქმედა მათი სახელით და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა უფლებებთან ერთად, გაეჩუქებინა მარწმუნებლების სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ .......
6.11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 26.03.2007 წლის მინდობილობის გაფორმებისას მოსარჩელეებს ესმოდათ თავიანთი მოქმედების მნიშვნელობა, აცნობიერებდნენ სამართლებრივ შედეგებს და გამოხატეს ნება, უძრავ ნივთთან მიმართებით მოპასუხის შვილისთვის მიენიჭებინათ გასხვისების უფლება, მათ შორის - ჩუქების გზითაც, რაც განახორციელა კიდეც და უძრავი ნივთი ჩუქების გზით გაასხვისა მოპასუხეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება შედგა 14.06.2017 წელს და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. პალატამ დაასკვნა, რომ ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა კი - დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მოპასუხის შვილმა განკარგა კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლება და არ გასცდენია მის ფარგლებს.
6.12. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის შვილზე გაცემული მინდობილობით, იმ ფორმულირებით, რაც გაიცა და მხარეებს შორის სადავო არ არის, გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღეს მინდობილობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი. მოსარჩელეებმა არ გამოიჩინეს განსაკუთრებული წინდახედულობა, რის გამოც მისგან გამოწვეული რისკი იტვირთეს, ხოლო ამ ფონზე „არაკეთილსინდისიერების“ მოტივით ნივთის გასხვისებისა და ამ ხელშეკრულების გაბათილების მიზნით აღძრული სარჩელი საფუძვლიანი ვერ გახდება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
10. დამტკიცებულად ცნობილია შემდეგი გარემოებები:
10.1. მოსარჩელეები, მოპასუხე და მისი შვილი არიან ნათესავები, რომელთა შორისაც წლების განმავლობაში არსებობდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა.
10.2. 26.03.2007 წელს ვ.ა–მა და მოსარჩელეებმა სანოტარო წესით გააფორმეს მინდობილობა, რომლითაც მოპასუხის შვილს მიანიჭეს თავიანთი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გაყიდვის, განვადებით გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქებისა და სხვა უფლებამოსილებები. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით (იხ. ტ.1, ს.ფ. 24).
10.3. 14.06.2017 წელს მოპასუხის შვილმა, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენელმა, პირველი მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული - უძრავი ქონების 1/7 ნაწილი და ამავე ქონების მეორე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 1/7 ნაწილი აჩუქა თავის დედას - მოპასუხეს, მასთან დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 79-81).
10.4. 26.07.2017 წელს მოსარჩელეებმა გააუქმეს 26.03.2007 წლის მინდობილობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 256-258).
11. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ 14.06.2017 წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასა და უძრავი ქონების 1/7-1-7 ნაწილების მესაკუთრედ ცნობას. სარჩელის თანახმად, მოპასუხის შვილმა ბოროტად გამოიყენა ათი წლის წინ გაცემული მინდობილობა და მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონება ამ უკანასკნელთა მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის გარეშე აჩუქა თავის დედას - მოპასუხეს. აღნიშნულს მოპასუხე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მისი შვილი 26.03.2007 წლის მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
12. პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება, სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425,426).
13. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება, დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; იხ: ასევე, ცისკაძე მ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 394, 395).
14. რწმუნებული მოქმედებს რა მარწმუნებლის სახელით და მის ხარჯზე, ეს მხარეთა შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე მიუთითებს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობასა და საიმედოობას. რწმუნებულმა დავალებული საქმეები უნდა აწარმოოს გულისხმიერად. დავალების ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე რწმუნებული მის მიერ განხორციელებული მოქმედების შედეგად არ იძენს რაიმე უფლება-მოვალეობებს, ამიტომ მან კარგად უნდა გაიაზროს დავალების მიზანი და დავალებული საქმის ხასიათი (ცისკაძე მ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 396).
15. კასატორები 26.03.2007 წლის მინდობილობის გაცემას უკავშირებენ მხარეთა შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობას, კერძოდ, მათი განმარტებით, მოპასუხის შვილის სახელზე 26.03.2007 წლის მინდობილობა გასცეს გარკვეული ხელშეკრულებების დადების მიზნით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა, რითაც „მინდობილობამ ამოწურა თავისი მისია, დამატებითი დავალება არ მიცემია მარწმუნებლების მიერ რწმუნებულს“ (ტ.2, ს.ფ. 162). აღნიშნულზე მოსარჩელეები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროსაც უთითებდნენ (იხ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019 წლის სხდომის ოქმი, 11:31:12-11:31:47, ტ.1, ს.ფ. 264-279; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2021 წლის სხდომის ოქმი, 14:55:33-15:01:30, ტ.2, ს.ფ. 99-114). პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ წარდგენილია მტკიცებულებები (ტ.1, ს.ფ. 194-199), რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოკვლეული/შეფასებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რა დავალებით/მიზნით გაიცა 26.03.2007 წლის მინდობილობა და შესრულდა თუ არა იგი რწმუნებულის მიერ.
16. მოსარჩელეები უთითებენ, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეთა და მოპასუხის შვილს შორის ურთიერთობა იყო დაძაბული, არსებობდა დავები, მათ შორის - სასამართლოში (ტ.1, ს.ფ.2), რასაც არც მოპასუხე მხარე უარყოფს (ტ.1, ს.ფ. 65). აღსანიშნავია, რომ მოპასუხის შვილმა, როგორც უკვე წინამდებარე დავაში მოპასუხის საპროცესო წარმომადგენელმა/რწმუნებულმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019 წლის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელშეკრულება თავისი მარწმუნებლების, მოსარჩელეების ინფორმირების/ნებართვის გარეშე გააფორმა მას შემდეგ, რაც მათთან შეთანხმებით 50 000 აშშ დოლარის აღიარების შესახებ ხელწერილი დაწერა (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019 წლის სხდომის ოქმი 12:12:42-12:14:40, ტ.1, ს.ფ. 264-279).
17. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოკვლეული არ არის, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ, 14.06.2017 წელს, 26.03.2007 წლის მინდობილობის საფუძველზე მოპასუხის შვილის მიერ მოსარჩელეთა უძრავი ქონების თავის დედისთვის - მოპასუხისთვის ჩუქებას. საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ეს ფაქტები და განსაზღვროს, რამდენად საკმარისი და ძალმოსილია საქმეში არსებული მტკიცებულებები მითითებული გარემოების დასადგენად.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (სუსგ №ას-549-521-2015, 18.11.2015წ.).
19. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; №ას-189-2020, 20.04.2021წ.).
20. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (ხუნაშვილი ნ., კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103).
21. ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ხუნაშვილი ნ., კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი (სუსგ №ას-559-2019, 04.12.2019წ., პუნ. 185). კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება (სუსგ №ას-559-2019, 04.12.2019წ., პუნ. 186).
23. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები და დაადგინოს, 14.06.2017 წელს, 26.03.2007 წლის მინდობილობის საფუძველზე, რწმუნებულის მიერ დედასთან ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მარწმუნებლების ინტერესების გათვალისწინების ხარისხი და აღნიშნული მოქმედების უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებასთან შესაბამისობა.
24. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სსსკ-ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.).
25. სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა გამოიკვლიოს, მოპასუხის შვილის მიერ მოსარჩელეთა სახელით დედისთვის სადავო უძრავი ქონების ჩუქება ხომ არ ექცევა სსკ-ის 114-ე მუხლის (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად) მოწესრიგების ფარგლებში, კერძოდ, აქტივის გადაფორმებას ხომ არ ჰქონდა ფორმალური ხასიათი და ხომ არ ემსახურებოდა მოპასუხის შვილის ფინანსურ ინტერესებს. ამ მხრივ გამოკვლეულ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც მოპასუხის წარმომადგენლად მისი შვილი გამოდიოდა (იხ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019 წლის სხდომის ოქმი, 12:09:35-12:14:40, ტ.1, ს.ფ. 264-279) (შდრ. ჯორბენაძე ს., გაწერელია ა., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 114, ველი 16-18). ამ კონტექსტით მნიშვნელოვანია წინამდებარე დავაში მოპასუხის შვილის თანამოპასუხეობის საკითხიც, რადგან სადავოა მის მიერ მოსარჩელეთა სახელით გამოვლენილი ნების ნამდვილობა. თუ გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პირის უფლება-მოვალეობებს, მას უნდა ჰქონდეს საპროცესო უფლებათა თანაბარი რეალიზების საშუალება (შდრ. სუსგ №ას-231-2021, 16.03.2023წ., პუნ.36). მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ყველა პირთან მიმართებით სამართალწარმოება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პირის მონაწილეობა სასამართლო პროცესში, მოსამართლისათვის საკუთარი არგუმენტაციის წარდგენა და პოზიციების დაცვის შესაძლებლობა მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი კომპონენტია.
26. სსკ-ის 114-ე მუხლის მიზანია, რომ წარმომადგენელს არ უნდა გააჩნდეს გარიგების ორივე მხარის წარმოდგენის/განსახიერების უფლებამოსილება. წარმომადგენელი შესაძლოა, აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებთან კონფლიქტში. აღნიშნული ფაქტი ართულებს წარმომადგენლის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ მარწმუნებლის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. წარმომადგენლის უმთავრესი მიზანი წარმოდგენილის ინტერესების დაცვაა. ეს კი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვაში გამოიხატოს. თავის მხრივ, ამის აღსრულება, წარმომადგენლის მიერ როგორც წარმოდგენილის, ასევე საკუთარი თავის ან მესამე პირის სახელით ერთდროულად მოქმედებისას, შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ხსენებული გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, განსახილველი დანაწესი წარმოდგენილს ანიჭებს უფლებას მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე - მერყევად ბათილი (იხ: ჯორბენაძე ს., გაწერელია ა., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 114, ველი 1,2,5). საკუთარ თავთან გარიგების დადება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ნებადართულია თავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამცემი პირის მხრიდან (იხ: ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე, გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2022წ., გვ. 206).
27. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას სასამართლო ეყრდნობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პრეზუმფცია მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაინტერესებული პირების მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის გარანტიების შექმნას (შოთაძე თ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.312, ველი 1).
28. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა–ნისა და ი.ა–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია