Facebook Twitter

№ას-59-2024

02 აგვისტო, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.ჭ–ძის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4959.39 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 1-13).

1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს „ლ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. სს „ლ.ბ–ს“ და ლ.ჭ–ძეს შორის 2011 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი - 5000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36 %-ის დარიცხვით. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათის პირობების თანახმად, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე, საკრედიტო ბარათზე ყოველვიური გადახდის პერიოდი განისაზღვრა ყოველი თვის პირველი კალენდარული დღიდან 25 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მინიმალური გადასახადი - საკრედიტო ბარათის მეშვეობით ათვისებული თანხის ყოველთვიურად გადასახდელი მინიმალური ოდენობა, რომელიც მოიცავს საკრედიტო ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თანხის 10%-ს.

5.2. სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე ლ.ჭ–ძის მიერ თანხის ჩარიცხვა უკანასკნელად განხორციელდა 2015 წლის 04 სექტემბერს.

5.3. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2019 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 4959.39 ლარს, რაც არის მსესხებლის მიერ ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თანხა. მოპასუხე მხარეს დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

5.4. მხარეთა შორის სადავო იყო კრედიტის მოქმედების ვადა, რომელიც მოსარჩელის მითითებით თავდაპირველად განსაზღვრული იყო 96 თვით ანუ 8 წლით, თუმცა მან დააზუსტა აღნიშნული და განმარტა, რომ 96 თვე არის ბარათის მოქმედების ვადა, ხოლო სესხის ხელშეკრულება იყო უვადო, რადგან ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.5. სააპელაციო პალტამ აღნიშნა შემდეგი: მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან საკრედიტო ბარათ გაცემული იყო 4 წლის ვადით, 2011 წლის 27 სექტემბერს, თანხის დაბრუნების ვალდებულება მას ჰქონდა 2015 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, ხოლო, რადგან ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 სექტემბერს, შესაბამისად, ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე ლ.ჭ–ძის მიერ თანხის ჩარიცხვა უკანასკნელად განხორციელდა 2015 წლის 04 სექტემბერს. ხელშეკრულების თანახმად, მას თანხის გადახდის მომდევნო ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2015 წლის 25 სექტემბერს, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ის გადაუხდელობის გამო კრედიტორს ამ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ აღნიშნული პერიოდიდან - 2015 წლის 26 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. უდავოა ის გარემოება, რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2020 წლის 10 მარტამდე და სარჩელი აღძრა 2020 წლის 10 მარტს. ვინაიდან, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, ხოლო თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა 2015 წელს, შესაბამისად, მის მიერ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის აღძვრის ბოლო ვადა იყო არა 2000 წელი, არამედ 2018 წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და მიუთითა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ერთმანეთისგან არ გამიჯნა საკრედიტო ლიმიტისა და საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა. საკრედიტო ლიმიტი არის თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც კლიენტი უფლებამოსილია ისარგებლოს ბანკის საკრედიტო ბარათზე დაშვებული საკრედიტო რესურსით, ხოლო საკრედიტო ბარათი „ბანკის მიერ კლიენტისათვის დამზადებული, როგორც ძირითადი, ისე ნებისმიერი დამატებითი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც დაიშვება ბანკის მიერ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი“. საკრედიტო ლიმიტი და საკრედიტო ბარათი ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტებია და მათი მოქმედების ვადაც ერთნამეთისგან განსხვავდება.

8.2. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 4 წლის ვადით, რადგან საკრედიტო ბარათის სტანდარტულ პირობებში, საკრედიტო ბარათის ვადად მითითებულია 4 წელი.

8.3. სასამართლომ მართალია მიუთითა, რომ ბანკმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების 8 წლიანი ვადის არსებობის შესახებ, თუმცა, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება არც მოპასუხეს წარმოუდგენია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ დადგინდა სასამართლოს მიერ მითითებული 4 წლიანი ვადა. მოპასუხეს საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად 4 წელი არ მიუთითებია, პირიქით, სასამართლო სხდომაზე მან თავად აღნიშნა, რომ არ ახსოვდა საკრედიტო ლიმიტის ვადის ხანგრძლივობა. აღიშნული გარემოების არასწორად დადგენით, სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი, ვინაიდან, ვადის ათვლა რეალურად დაიწყო 2020 წელს, როდესაც, ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და არა 2015 წელს, ბარათის აღებიდან 4 წლის გასვლის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

16. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).

21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

22. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასამართლომ ერთმანეთისგან არ გამიჯნა საკრედიტო ლიმიტისა და საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა და არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება საკრედიტო ლიმიტის 8 წლიანი ვადის არსებობის შესახებ. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ საკრედიტო ლიმიტის 8 წლიანი ვადის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის პირობებშიც, მოპასუხეს მისი მითითების საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა სასამართლომ საკრედიტო ლიმიტის 4 წლიანი ვადა. მეორე მხრივ, კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო უვადოდ.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, სს „ლ.ბ–ი“ ითხოვს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) მუხლები.

24. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უასფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ რას მოიზრებს ხელშეკრულების არსებითი პირობა (essentialia negotii). ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი იშვიათი გამონაკლისის გარდა, (რადგან თითოეული ტიპის ხელშეკრულებას აქვს კანონით გაწერილი „მინიმალური შინაარსი“, რომელსაც ქმნიან ის პირობები, რომლებზეც შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება), არ განსაზღვრავს. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები, რომელზეც მხარეთა შეთანხმების მიღწევის გარეშე, ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება (შდრ: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 327, გვ. 90, თბილისი, 2001). ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე მხარეთა შეთანხმება. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ, ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოპასუხე არც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასა და დავალიანების ოდენობას ხდის სადავოდ და ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასაც იმის შესახებ, რომ სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა უკანასკნელად განახორციელა 2015 წლის 04 სექტემბერს. მისი შესაგებელი მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე მითითებას დაეფუძნა.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

26. მოსარჩელე თავდაპირველად მიუთითებდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 96 თვით, ანუ 8 წლით, ხოლო შემდგომში განმარტა, რომ 96 თვე არის ბარათის მოქმედების ვადა, სესხის ხელშეკრულება კი იყო უვადო. მოპასუხე აღნიშნულს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ საკრედიტო ბარათი გაცემული იყო 4 წლის ვადით, 2011 წლის 27 სექტემბერს. თანხის დაბრუნების ვალდებულება მას ჰქონდა 2015 წლის სექტემბრის ბოლოსათვის და რადგან ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 სექტემბერს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული დანართი N1-ის სახით წარმოდგენილია დოკუმენტი (მოსარჩელის მითითებით - ამონაბეჭდი პროგრამიდან სესხის პირობების თაობაზე), საიდანაც ირკვევა, რომ მსესხებელი არის ლ.ჭ–ძე, პროდუქტი კი საკრედიტო ბარათი, ხოლო ვადა - 96 თვე. სარჩელზე დართული „საკრედიტო ბარათის პირობების“ თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად მითითებულია 12 თვე საკრედიტო ბარათის გაცემის ან საკრედიტო ლიმიტის ბანკის მიერ გადახედვის თარიღიდან, თუ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, რაიმე სხვა არ არის განსაზღვრული. ხოლო საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ბარათის პირობების დანართი N1-ის მიხედვით, ბარათის მოქმედების ვადაა 4 წელი. დოკუმენტები წარმოდგენილია ასლის სახით, მხარეთა ხელმოწერების გარეშე.

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, მისი მტკიცების ფარგლებში სათანადო, სარწმუნო და ვარგისი მტკიცებულება, რომელიც სესხის ხელშეკრულების უვადოდ გაფორმების ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა, სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასლის სახით წარმოდგენილი ხელმოუწერელი დოკუმენტები კი არ ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების მოქმედების რაიმე ვადაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ თვითონ მოსარჩელის პოზიცია იყო არათანმიმდევრული, რადგან თავდაპირველად აცხადებდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 96 თვით, ანუ 8 წლით, ხოლო შემდგომში განმარტა, რომ 96 თვე არის ბარათის მოქმედების ვადა, სესხის ხელშეკრულება კი იყო უვადო. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების უვადოდ გაფორმების შესახებ მოსარჩელის მითითების საპირისპირო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ განსახილველ საქმეში მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება, სათანადო მტკიცებულებით მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში დადასტურებას ექვემდებარება, ხოლო მოპასუხეს მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა არ ევალებოდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მხოლოდ მითითება ხელშეკრულების უვადოდ გაფორმებაზე, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რადგან არ არსებობდა თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი - ვერ დაადასტურა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უვადოდ გაფორმების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ლ.ბ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N5, გადახდის თარიღი 10.01.2024) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლაშა ქოჩიაშვილი