Facebook Twitter

10 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-645 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა., ი.ვ–ები, გ.ვ–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ი–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - კომლის ქონებაზე უფლებადაკარგულად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მეორე მოპასუხის შვილი), ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ვ–ები და გ.ვ–ვა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით ვ.ი–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეები ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი ვ.ვ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომლის უფროსი) კომლის ქონებაზე უფლებადაკარგულად, ამოირიცხნენ გარდაბანში, სოფელი ....... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, საკომლო ქონება ან უძრავი ქონება) თანამესაკუთრეთა სიიდან და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრში.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისა და მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებაზე დააფუძნა,რომლებმაც სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, ამასთან მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

გარდა ამისა, კასატორების მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გაიზიარა საკომლო წიგნების ჩანაწერები, საარქივო ცნობები, რომელთა მიხედვით ისინი არიან კომლის წევრები.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. გარდაბნის რაიონის სოფელ ........ 1974 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან - კომლის უფროსი, მეუღლე - მესამე მოპასუხე და შვილები: მოსარჩელე, მეორე მოპასუხე და ჯ.ვ–ვი.

4.4. საკოლმეურნეო კომლის, ერთ-ერთი და ძირითადი სამართლებრივი მახასიათებელია, რომ მისი ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრი, კოლმეურნეობის წევრია. საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში სავალდებულოა მათი მონაწილეობა, საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისთვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებიან.

4.5. 1976 წლიდან კომლის უფროსი და მესამე მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მესამე მოპასუხე მცირეწლოვან შვილთან/მეორე მოპასუხესთან ერთად ცხოვრობდა მშობლებთან, შესაბამისად, 1970-იანი წლების ბოლოდან, 1980-იანი წლების დასაწყისიდან მათ საერთო საკომლო მეურნეობის წარმოებაში მონაწილეობაც არ მიუღიათ.

4.6. საკომლო ქონებაში დაბადებიდან დღემდე მხოლოდ მოსარჩელე ცხოვრობს.

4.6.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ....... ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 21 ივლისის ცნობის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაში მუდმივად ცხოვრობენ მოსარჩელე და ჯ.ვ–ვი;

რაც შეეხება მოპასუხეებსა და ნ.ა–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხის დედა ან მეორე მოპასუხის მეუღლე), აღნიშნული პირები იმყოფებიან საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში, თუ რომელი წლიდან არ ცხოვრობენ ისინი სადავო ქონებაში, მერიას ინფორმაცია არ აქვს.

4.7. პირველი მოპასუხე და მისი დედა კომლის უფროსის კომლის წევრები არ არიან, კერძოდ, პირველი მოპასუხე დაიბადა სხვა კომლში და კომლის უფროსის ოჯახთან კავშირი არ ჰქონია, ისევე როგორც მის დედას.

4.8. შრომით ან ფულადი სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში მოპასუხეების მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება (კომუნალური ან/და ქონების გადასახადები, მიწის დამუშავებისა და საოჯახო მეურნეობაში მონაწილეობის ფაქტები) საქმეში არაა წარდგენილი.

4.9. 2016 წლის 31 მაისს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკომლო ჩანაწერში მითითებულ პირების/მოპასუხეების სახელზე აღირიცხა.

5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით;

ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის # 949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის # 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა.

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით რიცხული კომლების მიხედვით.

6. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე (კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავის შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობს წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის, ავადმყოფობის გამო) მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგენისას, მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება:

ა) ნორმის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ფაქტის, ანუ, იმის დადგენისას, აქვს თუ არა პირს დაკარგული კომლის ქონებაზე უფლება, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც მიუთითებს ამ გარემოებაზე;

ბ) თუკი ამ ნორმის პირველი წინადადებით განსაზღვრული მტკიცებაზე ვალდებული პირი შეძლებს იმის დადასტურებას, რომ კომლის შრომისუნარიანი სუბიექტი კომლის მეურნეობაში 3 წლის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდა, ამის შემდეგ უკვე კომლის ქონების წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის გამომრიცხავი გარემოების დამტკიცების ტვირთი ინაცვლებს იმ პირზე, ვისაც გააჩნია მოთხოვნა კომლის ქონებაზე.

განსახილველ დავაში მოსარჩელის მოთხოვნა იმ გარემოებას ემყარებოდა, რომ მოპასუხეებს დაკარგული ჰქონდათ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეების მიერ კომლის ქონების წილზე უფლების დაკარგვის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა რასაც მან წარმატებით გაართვა თავი.

საქმეში წარდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ....... ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 21 ივლისის ცნობა რომლის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაში მუდმივად ცხოვრობენ მოსარჩელე და ჯ.ვ–ვი, რაც შეეხება მოპასუხეებსა და პირველი მოპასუხის დედას, აღნიშნული პირები იმყოფებიან საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში.

აღნიშნული გარემოება დაადასტურეს საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ კომლის უფროსი და მესამე მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ.

მესამე მოპასუხე მცირეწლოვან შვილთან/მეორე მოპასუხესთან ერთად, მაშინ როცა იგი დაახლოებით ერთი წლის იყო სახლიდან წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა (იხ, მოწმე ე.კ–ვას, შ. ა–ვის, მ. ი–ვისა და ზ.ი–ვას ჩვენება).

საწინააღმდეგო მოსაზრების მტკიცება მოპასუხეებს ევალებოდათ. მათ კი თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო სახით ვერ განახორციელეს, საქმეში რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის გამო;

სახელდობრ, საქალაქო სასამართლოში მათი შუამდგომლობით დაკითხული მოწმე, კ. ვ–ი დაინტერესებული პირია, კერძოდ, მოპასუხის ძმაა, რომლის ჩვენებაც სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არსებით წინააღმდეგობაშია, ხოლო ტ. ო–ვს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებაზე არ მიუთითებია. აქედან გამომდინარე მოპასუხეები 1992 წლამდე არანაკლებ სამი წლის განმავლობაში კომლის საქმიანობაში მონაწილე პირებად და კომლის ქონების კანონიერ მოსარგებლეებად ვერ ჩაითვლებიან და მათ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლებაც არ წარმოეშვათ.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1025 ლარის (საგადასახდო დავალება #6190, გადახდის თარიღი 29.08.2024წ), 70% - 717.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა., ი.ვ–ებისა და გ.ვ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. (პ/ნ #......), ი. (პ/ნ #.......) ვ–ებისა და გ.ვ–ვას (პ/ნ #........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1025 ლარის (საგადასახდო დავალება #6190, გადახდის თარიღი 29.08.2024წ), 70% - 717.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე