საქმე №ას-1198-2024
15 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.კ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „კლიენტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „ადვოკატი“)(შემდგომში ერთად - „მხარეები“) მიმართ 2023 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში - „საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება“ ან „ხელშეკრულება“) შეწყვეტისა და გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
2. მოსარჩელის მითითებით:
2.1. მხარეთა შორის 2023 წლის 7 ივლისს გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება მოსარჩელის შვილის - ი.კ–ის ინტერესების დასაცავად;
2.2. ხელშეკრულების შესაბამისად, კლიენტს ადვოკატისათვის 5 000 ლარი უნდა გადაეხადა, რაც მოსარჩელემ შეასრულა;
2.3. მოპასუხე სათანადოდ არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რამდენადაც მისი ქმედებები არ იყო მიმართული მოსარჩელის შვილის დასაცავად, ადვოკატი ბრალდების სასარგებლო მტკიცებულებების მოპოვებით იყო დაკავებული;
2.4. მას შემდეგ რაც მოსარჩელე ეცადა დალაპარაკებოდა ადვოკატს ხელშეკრულების შეწყვეტასა და გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას მოსარჩელისა და მისი მეორე შვილის - ი.კ–ის მიმართ;
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
4. მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, საადვოკატო მომსახურების თანხა შეადგენს არა 5 000 ლარს, არამედ 5 000 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, ის საქმეში ჩაება გორის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულ ი.კ–ისთვის, მ.კ–ის შვილისთვის, სასჯელის შეფარდების შემდგომ, როდესაც საჭირო იყო სააპელაციო საჩივრის შედგენა და მისი სასამართლოში შეტანა. მოპასუხემ შეადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადვოკატმა დახარჯა დრო და თანხები თბილისიდან გორში საქმის მასალების გასაცნობად, კლიენტთან შესახვედრად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ციხეში განსასჯელთან შესვლისთვის. მოსარჩელე მხარის ინიციატივით მოხდა ადვოკატის საქმიდან ჩამოცილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. 2023 წლის 7 ივლისს ადვოკატ ნ.მ–ძესა და მ.კ–ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
8.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კლიენტის შვილის - ი.კ–ის - ინტერესების დაცვა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
8.3. ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განისაზღვრა საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების გამოანგარიშების წესი, კერძოდ, საადვოკატო მომსახურება იანგარიშებოდა სამუშაო დროის ოდენობით და მოიცავდა:
- კლიენტთან შეხვედრისა და საკონსულტაციო დროს;
- საპროცესო მოქმედებების შესრულების დროს;
-სასამართლო პროცესზე მონაწილეობის დროს (თუ რომელიმე მოქმედება სასამართლო პროცესი და სხვა დანიშნულ დროზე არ დაიწყებოდა სამუშაო დრო აითვლებოდა დანიშნული დროიდან);
- საქმის მასალების გაცნობის დროს;
- საქმესთან დაკავშირებული მგზავრობის დროს;
- საქმის მასალების ანალიზისათვის საჭირო დროს (ანალიტიკური სამუშაო);
- საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაოს;
(სამუშაო დრო გამოითვლებოდა საათებით და წუთებით);
8.4. ხელშეკრულების 2.1.8. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ადვოკატისთვის გადასახდელი ჰონორარი შეადგენდა 5 000 აშშ დოლარს;
8.5. 2023 წლის 6 ივლისს მოსარჩელის, როგორც კლიენტის, მიერ მოხდა - 4 900 ლარის ადვოკატის ანგარიშზე ჩარიცხვა, შემდეგი დანიშნულებით - ,,ი.კ–ის სამართლებრივი დახმარების საქმეზე თანხის შეტანა’’. მოგვიანებით კლიენტმა ადვოკატს გადაუხადა 100 ლარი, შესაბამისად ჯამში გადახდილი აქვს 5 000 ლარი, რასაც ადასტურებს მოპასუხე მხარეც.
9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მითითებით განმარტა დავალებისა და მომსახურების ხელშეკრულებები [იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 709-ე, 710-ე მუხლები], წარმომადგენლობის ინსტიტუტი [სსკ-ის 103-ე მუხლი] და სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ ჰონორარი არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსსკ) მე-5 მუხლი] და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომ, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა ურთერთწინააღმდეგობრივი პოზიციების გათვალისწინებით, პალატის შესაფასებელია იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, კერძოდ, მხარეთა უფლება-მოვალეობები, საადვოკატო მომსახურების საერთო ღირებულება, ასევე, ადვოკატის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის თანაფარდობა, რის შემდგომაც უნდა დადგინდეს მოსარჩელის მოთხოვნის კანონშესაბამისობა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასთან მიმართებით.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კლიენტი აპელირებს ადვოკატის მხრიდან იურიდიული მომსახურების არაჯეროვან განხორციელებაზე, რის გამოც მოითხოვს გადახდილი ჰონორარის 5 000 ლარის უკან დაბრუნებას. ამავდროულად, აპელანტი სადავოდ ხდის ხელშეკრულებაში მითითებულ ჩანაწერს საადვოკატო მომსახურების ღირებულებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მხარეები რეალურად შეთანხმებულები იყვნენ არა 5 000 აშშ დოლარზე, არამედ 5 000 ლარზე, რაც სრულად აქვს ანაზღაურებული მოსარჩელეს.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 2.8 პუნქტით, ცალსახად და არაორაზროვნად არის განსაზღვრული საადვოკატო მომსახურების ღირებულება - 5 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება შედგენილია სამ გვერდად, რომლის სამივე გვერდი ხელმოწერილია კლიენტის მიერ (იხ. შესაგებელზე დართული ხელშეკრულების ვერსია, ს.ფ. 46-48), შესაბამისად, მითითება სახელშეკრულებო ჩანაწერის მოგვიანებით შეცვლასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც გვერდი რომელზეც არის მითითება 5 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, უშუალოდ არის ხელმოწერილი მოსარჩელის მხრიდან და აპელირება მოგვიანებით განხორციელებულ ცვლილებასთან მიმართებით არ არის სარწმუნო.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების კონკრეტული სადავო ჩანაწერი მეტად ცალსახაა და არ იძლევა მისი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. ცალსახაა მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, რომლითაც საადვოკატო მომსახურების საგანს შეადგენდა კლიენტის შვილის - ი.კ–ის ინტერესების დაცვა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარით.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეთანხმებული საზღაური არ მოიცავს ე.წ „წარმატების ჰონორარს“ და არის ხელშეკრულების სრული ღირებულება.
18. სააპელაციო პალატის მითითებით, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოსარჩელე იმ საფუძვლით ითხოვს, რომ ადვოკატის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკლიან შესრულებას, რის დასამტკიცებლადაც მხარე ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებას. მოწმის ჩვენების საპირწონედ, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა მის მიერ განხორციელებული საადვოკატო მომსახურების დამადასტურებელი მტკიცებულებები: 2023 წლის 7 ივლისის განცხადება, რომელიც მიმართულია გორის რაიონულ სასამართლოში არსებული საქმის მასალების გაცნობაზე, ასევე, ბრალდებულ ი.კ–ის საქმის მასალების გადაღებაზე; წარმოდგენილია, ასევე, ამავე წლის 14 ივლისით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვით, ადვოკატი ითხოვს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ი.კ–ის განთავსების ადგილზე; 2023 წლის 28 სექტემბრის ცნობის თანახმად, რომელიც გაცემულია სპეციალური პენიტენციური №8 სამსახურის მიერ დგინდება, რომ ადვოკატის შეხვედრა ბრალდებულ ი.კ–თან შედგა: 1) 07.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლოვობა - 11:00-12:00; 2) 14.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 13:25- 14:40; 3) 20.07.2023 წელი- შეხვედრის ხანგრძლივობა - 12:50 – 15:00 სთ; 4) 21.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 17:00 – 17:25 ; 5) 04.08.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 16:15-16:45; 6) 26.09.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 13:00 –13:40; წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე ადვოკატის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. საქმეში წარდგენილია 2023 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული წერილი, სადაც ი.კ–ი უარს აცხადებს ადვოკატ ნ.მ–ძის საადვოკატო მომსახურებაზე. წარმოდგენილია, ასევე, 2023 წლის 30 ოქტომბრის საადვოკატო ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე.
19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან - 2023 წლის 7 ივლისიდან - 2023 წლის 15 სექტემბრამდე, მარწმუნებლის მიერ საადვოკატო მომსახურების შეწყვეტამდე, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, ადვოკატმა მოსარჩელის შვილის სასარგებლოდ განახორციელა სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება. რაც შეეხება პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივარი არ იქნა დროულად გადაგზავნილი ზემდგომ სასამართლოში, აღნიშნული საკითხი სცილდება ადვოკატის კომპეტენციას.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადვოკატის მხრიდან საადვოკატო მომსახურების ფარგლებში, განხორციელებულია რიგი საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, ადვოკატმა 2023 წლის 7 ივლისს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით და გადაიღო მისი ასლები. 2023 წლის 14 ივლისით დათარიღებული წერილით დგინდება, რომ ადვოკატი ითხოვს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ი.კ–ის განთავსების ადგილზე. ასევე, საადვოკატო მომსახურების ფარგლებში ნ.მ–ძე 6-ჯერ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ჯამში - დაახლოებით 6 საათი (355 წუთი)) ბრალდებულთან შეხვედრის და პოზიციის შეთანხმების მიზნით (2023 წლის 28 სექტემბრის ცნობა). დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გაესაუბრა თვითმხილველ პირებს, შეხვდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს, ასევე, ნ.მ–ძის მიერ გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე შედგენილია დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (23 ფურცლად), რომელიც მიღებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველად.
21. სააპელაციო სასამართლომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ადვოკატის მხრიდან განხორციელებულ საპროცესო მოქმედებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მომსახურებისათვის გადახდილი 5 000 ლარი გონივრული ანაზღაურებაა, რომელიც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლით უკან დაბრუნებას ვერ დაექვემდებარება. კერძოდ, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (5000 აშშ დოლარის) და ადვოკატის მხრიდან შესასრულებელი სამუშაო მოცულობის ურთიერთშედარების შედეგად, საააპელაციო პალატის შეფასებით, ადვოკატის მხრიდან გაწეული მომსახურება შეესაბამება ფაქტობრივად გადახდილ ოდენობას (5 000 ლარს).
22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადვოკატის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს მოცულობა, მასზე დახარჯული დროისა და ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, სავსებით შეესაბამება ფაქტობრივად გადახდილ თანხას.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მტკიცება, არაჯეროვან საადვოკატო მომსახურებასა და არაგულისხმიერ დამოკიდებულებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და წარმოადგენს მხოლოდ მის სუბიექტურ აღქმას, რომელიც არ არის გამყარებული ობიექტური მოცემულობით.
24. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, თითქოს მოპასუხე საადვოკატო საქმიანობის გამო გადახდილი ჰონორარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. საადვოკატო საქმიანობა ადვოკატის, როგორც დამოუკიდებლად მოქმედი იურისტის, შემოსავლის წყაროა და მარწმუნებლის სახელით განხორციელებული ნებისმიერი მოქმედების სანაცვლოდ, ადვოკატმა უნდა მიიღოს შეთანხმებული ანაზღაურება. უფრო მეტიც, გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნების პირობებში, სახეზე იქნება თავად მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, რადგან დაიზოგება ის თანხები, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოსარჩელეს ექნებოდა სულ მცირე სააპელაციო საჩივრის შედგენისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
26. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
26.1. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა იყო ტენდენციური, არასამართლიანი, რამდენადაც მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს არ მისცეს უფლება დაეცვათ უფლებები და წარედგინათ მოსაზრებები სასამართლო სხდომაზე. მოსამართლე ო.ს–ვა მხარეს დაჯარიმებითა და პატიმრობით დაემუქრა. ამასთან, მხარეს არ მიეცა საშუალება ბოლომდე წარედგინა მისი პოზიცია;
26.2. არასწორია მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნაკლიანი შესრულების ფაქტი, რამდენადაც მოსარჩელის მოყვანილი ფაქტები პირდაპირ და უშუალოდ ადასტურებს ადვოკატის არაკეთილსინდისიერებასა და გულგრილობას როგორც საქმისადმი, ისე კლიენტის მიმართ;
26.3. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები მიკერძოებულად შეაფასა. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე არ იყო წარმოდგენილი იურისტის თანხლებით, სასამართლომ კი არც კი მოუსმინა მის პოზიციას, არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ემუქრებოდა როგორც მოსარჩელეს, ისე მის შვილს;
26.4. ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს და არა 5 000 დოლარს, რაც გადაიხადა მოსარჩელემ. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და კეთილსინდისიერად.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. 2024 წლის 9 ოქტომბერს ი.კ–მა (მ.კ–ის შვილი) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დართვა საქმეზე. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარის ხელშეკრულების ეგზემპლარზე არ არის ხელმოწერა, შესაბამისად, ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და უნდა მოხდეს თანხის უკან დაბრუნება.
29. 2024 წლის 10 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ეგზემპლარ ხელშეკრულებაზე არ არის მისი ხელმოწერა, შესაბამისად, არ აქვს მხარეს აღებული ვალდებულება თანხის გადახდაზე. ადვოკატისთვის ჰონორარის გადახდა დოლარში უკანონოა. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ დადებული გარიგება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის მიერ ბათილია. განცხადებაში მითითებულია ქ. გორის პოლიციის სამმართველოდან გამოკითხვის ოქმების გამოთხოვის და „საქართველოს ბანკის“ გორის ფილიალიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
34. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად ეთქვა მოსარჩელეს უარი ადვოკატისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.
35. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
36. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 6 მარტი 2017 წელი).
38. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარის მიერ მითითებულ სავარაუდო პროცესუალურ დარღვევებზე. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო შემადგენლობა ტენდენციური იყო და მოსარჩელე მხარეს არ მიეცა თავისი პოზიციის სრულად წარდგენის შესაძლებლობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც არ წარმოდგენილა აღნიშნული პოზიციის გამამაყარებელი კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, მარტოოდენ მხარის მითითება კი ვერ გახდება მსგავსი დარღვევის დადგენილად მიჩნევის საფუძველი. საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარუდგენლობის ფარგლებში, ივარაუდება, რომ სასამართლო პროცესი/განხილვა სწორედ წინამდებარე განჩინების 35-37 პუნქტებში მითითებული პრინციპების დაცვით მიმდინარეობს.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მხარისათვის ინფორმაციის მიწოდება წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით, არ შეიძლება აღქმული იქნას მუქარად და ჩაითვალოს მხარის უფლებების დარღვევად.
40. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიული მომსახურების საზღაური არასწორად დაადგინა, რასაც ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. წინამდებარე განჩინების ფარგლებში, უკვე განიმარტა მტკიცების ტვირთი და სასამართლოს დაურწმუნებლობის შედეგები (იხ. წინამდებარე განჩინების 35, 36 პუნქტები). განსახილველ შემთხვევაში, როგორც სარჩელზე, ისე შესაგებელზე დართულია საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 46-48), რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და რომლის 2.1.8 პუნქტის შესაბამისად, კლიენტის მიერ ადვოკატებისათვის გადასახდელი ჰონორარი შეადგენს ხუთი ათას დოლარს. სათანადო წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულების დასახელებული პუნქტი შეიცვალა ან დაიდო სხვა ხელშეკრულება, რომლითაც ძალა დაეკარგა მხარეთა შორის გაფორმებულ ამ ხელშეკრულებას სასამართლოში არ წარდგენილა.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლო სანამ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფასურის შეფასებაზე გადავა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო პალატაში წარმოდგენილ 2024 წლის 9 ოქტომბრის ი.კ–ისა და 2024 წლის 10 ოქტომბრის მ.კ–ის განცხადებებზე.
42. უპირველეს ყოვლისა საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ი.კ–ი განსახილველ დავაში მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი დააყენოს შუამდგომლობები ან წარმოადგინოს მოსაზრებები/ პრეტენზიები დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, იგი არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული სუბიექტია. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (იხ. სუსგ №ა-6389-ა-16-2021), რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით და შეამოწმოს ეს განჩინება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებითი საქმიანობა შეზღუდულია სააპელაციო სასამართლოშიც (ქართული მოდელის თანახმად), სადაც ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია, გარდა სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა. სსსკ-ის 380-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოც იშვიათ შემთხვევაში არის ფაქტების დამდგენი სასამართლო: ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში.
44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულების დართვის თაობაზე. ამასთან კასატორმა ვერც სააპელაციო სასამართლოში შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ დასართავი მტკიცებულების წარდგენა საპატიო მიზეზით ვერ მოხდა სარჩელის წარდგენის ან საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარი სხდომის ჩანიშვნამდე (იხ. 2024 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი, ს.ფ 203). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე შეზღუდულია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც სარჩელში მითითებული არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი.კ–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, არათუ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოშიც არ წარდგენილა საქმეზე დასართავად.
45. წინამდებარე განჩინების 42-ე პუნქტის განმარტების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კასატორის მითითებას ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარე აპელირებდა არა ხელშეკრულების ბათილობაზე მისი ეგზემპლარის ხელმოუწერლობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოტივით, არამედ სადავო იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საადვოკატო მომსახურების საფასური. მიუხედავად ამ მითითებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორს დამატებით განუმარტავს, რომ შესაგებელს ერთვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ყველა გვერდი ხელმოწერილია მ.კ–ის მიერ, ამ ხელმოწერის ნამდვილობა კი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში შედავებული არ არის. ამავე დასაბუთებით, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტი) მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ.
46. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საკითხს, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე, დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სსკ-ის 709-ე-710-ე მუხლები) (სუსგ საქმე №ას-894-2021, 23 დეკემბერი 2021 წელი პ.51). სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება (იხ. სუსგ საქმე №ას-29-2021, 28 მაისი 2021 წელი).
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სუსგ საქმე №ას-497-477-2016, 21 აპრილი 2017 წელი, პუნქტი 34).
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425,426). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჰონორარი არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი. რაც შეეხება ე.წ. წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებას, აღნიშნული დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ დავა წარმატებით დასრულდა კლიენტის სასარგებლოდ (იხ. სუსგ საქმე №ას-894-2021, 23 დეკემბერი 2021 წელი).
50. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
51. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სუსგ №ას-254-2021, 26 ივლისი 2022 წელი).
52. განსახილველ შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის ოდენობა, გადახდის წესი შეთანხმებული იყო მხარეებს შორის და ხელშეკრულება მოიცავს მკაფიო მოწესრიგებას, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია და საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.8 პუნქტით ცალსახად და არაორაზროვნად არის განსაზღვრული საადვოკატო მომსახურების ღირებულება - 5 000 აშშ დოლარი (იხ. ს.ფ. 17-19; 46-48).
53. რაც შეეხება უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საკითხს, ადვოკატის არაკეთილსინდისიერებისა და გულგრილობის საფუძვლით, ფაქტობრივი გარემოება, რომ ადვოკატმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მეტიც, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოპასუხის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტზე მიუთითებენ (საქმეზე წარდგენილია სააპელაციო საჩივარი).
54. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, რომელთა შორის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილია „ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა“.
55. წინამდებარე საქმეზე წარდგენილია 2023 წლის 30 ოქტომბრის საადვოკატო ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე.
56. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობას, შეთანხმების მიღწევისას იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების (რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს) შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება [ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის (შემდგომში (აპეკი) 8.6 მუხლის მიხედვით, „ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ“], რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი). აპეკ-ის 8.8 მუხლის თანახმად, კი ჰონორარის ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი წინასწარ ცნობილი და მისაღები უნდა იყოს კლიენტისათვის. საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf ) (შეად.სუსგ-ებს: №ას-1161-1116-2016, 12 ოქტომბერი 2017 წელი; №ას-1117-2020, 25 მარტი 2021 წელი).
57. წინამდებარე საქმეზე, ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკური ვალდებულება და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა სრულად შესრულებულია, ამასთან უკვე გაწეული სამუშაოსთვის (2023 წლის 7 ივლისს დაწერილი განცხადება, რომელიც მიმართულია გორის რაიონულ სასამართლოში არსებული საქმის მასალების გაცნობაზე, ბრალდებული ი.კ–ის საქმის მასალების გადაღება, 2023 წლის 14 ივლისით დათარიღებული წერილი, რომლითაც ადვოკატმა მოითხოვა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ი.კ–ის განთავსების ადგილზე. სპეციალური პენიტენციური №8 სამსახურის მიერ 2023 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ადვოკატის შეხვედრა ბრალდებულ ი.კ–თან შედგა: 1) 07.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლოვობა - 11:00-12:00; 2) 14.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 13:25- 14:40; 3) 20.07.2023 წელი- შეხვედრის ხანგრძლივობა - 12:50 – 15:00 სთ; 4) 21.07.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 17:00 – 17:25 ; 5) 04.08.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 16:15-16:45; 6) 26.09.2023 წელი - შეხვედრის ხანგრძლივობა - 13:00 –13:40; გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე ადვოკატის მიერ წარდგენილია სააპელაციო საჩივარი) გადახდილი თანხა - 5 000 ლარი - სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია შესრულებული სამუშაოს პროპორციულ ანაზღაურებად, რამდენადაც საწინააღმდეგოს დამტკიცება კასატორმა ვერ შეძლო.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
59. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
60. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-464-2023, 23 მაისი 2023 წელი; ას-413-2021, 12 ნოემბერი 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
61. საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.კ–ის 2024 წლის 9 ოქტომბრის განცხადება საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე დარჩეს განუხილველად; ი.კ–ს დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტი 9 (ცხრა) ფურცლად (ტ. I, ს.ფ. 263-271);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე