Facebook Twitter

საქმე №ას-1595-2023 21 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ვა (განმცხადებელი)

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი - თ.ჯ–ვა

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი - ს.ჯ–ვა

დაინტერესებული პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ–ვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის [თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ჯ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა; 1.1. თ.ჯ–ვა აღიარებულ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: ..... (მე-8 აბზაცი) უძრავი ქონებების: საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ........, ს.კ. ........ და საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს.კ. ........ გაქირავებისა და მოვლა/პატრონობის სფეროში; ნ.ჯ–ვა დაინიშნა თ.ჯ–ვას მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. მხარდამჭერს მიენიჭა უფლებამოსილება მხარდაჭერა განახორციელოს მხარდასაჭერი პირის თანამონაწილეობის გარეშე] 1.1. პუნქტის მე-8 აბზაცში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ......., ს.კ....... გაქირავებისა და მოვლა/პატრონობის სფეროში; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტს, დაემატა შემდეგი შინაარსის მე-9 აბზაცი: უძრავი ქონების ნებისმიერი სახით შეძენა / უფლების რეგისტრაცია, მათ შორის მემკვიდრეობით, ნასყიდობით, საკუთრებაში აღიარების ფორმით, ჩუქებით და ა.შ ფორმით. სხვა ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

2. სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტის განმარტებით, მხარდამჭერს, მხარდასაჭერი პირის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მხარდაჭერის მიმღები პირის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, ...... (ს.კ: N........) მდებარე უძრავი ქონების განკარგვის, უფლებრივად დატვირთვის, ასევე, უძრავი ქონების ნებისმიერი სახით შეძენა/უფლების რეგისტრაციის, მათ შორის, მემკვიდრეობით, ნასყიდობით, საკუთრებაში აღიარების ფორმით, ჩუქებით და ა.შ. სფეროებში, მხარდაჭერის უფლებამოსილების მიღებაზე.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარდაჭერის მიმღებ თ.ჯ–ვას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებსა და ფარგლებში მხარდაჭერა ესაჭიროება; მხარდამჭერი პირია ნ.ჯ–ვა; იგი მხარდაჭერის მიმღები პირის დაა; ნ.ჯ–ვა ერთხელ უკვე იყო დანიშნული თ.ჯ–ვას მხარდამჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით; მხარდამჭერი ნ.ჯ–ვა კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

3.2. ნ.ჯ–ვამ, 2022 წლის 14 სექტემბრის განცხადებით, მოითხოვა თ.ჯ–ვას მხარდამჭერის მიმღებად ცნობა 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/16448-16) განსაზღვრულ სფეროებში, მათ შორის, უძრავი ქონების ნებისმიერი სახით შეძენა/უფლების რეგისტრაციის სფეროში (მემკვიდრეობით, ნასყიდობით, საკუთრებაში აღიარების ფორმით, ჩუქებით და ა.შ.) და ს.კ:N....... რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვისა და უფლებრივად დატვირთვის სფეროში.

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.ჯ–ვა, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებთან ერთად ცნობილი იყო მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: უძრავი ქონების: მდებარე, ქ.თბილისი ....... 12, ბინა 15 (ს.კ: ........) განკარგვისა და უფლებრივად დატვირთვის სფეროში, ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, ფულადი საარსებო სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ დაწესებულებასთან, ნებისმიერ ბანკთან, მათ შორის, სს ,,ლ.ბ–თან“, ნოტარიუსსა და სასამართლოსთან ურთიერთობის სფეროში, სამკურნალო/სარეაბილიტაციო/სასწავლო/ტურისტული მიზნებისათვის საქართველოდან დროებით გასვლა და საქართველოში შემოსვლა და ამ მიზნით ყველა საჭირო მოქმედების შესრულება საქართველოსა თუ საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან, ნოტარიუსთან ურთიერთობის სფეროში.

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ სასამართლომ, მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის წარმომადგენლის მონაწილეობით, განიხილა განმცხადებლის მოთხოვნა და მიიჩნია რომ არ არსებობდა თ.ჯ–ვას მხარდაჭერის მიმღებად ცნობის აუცილებლობა შემდეგ სფეროებში: სამკურნალო /სარეაბილიტაციო/ სასწავლო/ ტურისტული მიზნებისათვის საქართველოდან დროებით გასვლის და საქართველოში შემოსვლის და ამ მიზნით საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან, ნოტარიუსთან ყველა საჭირო მოქმედების შესრულების სფეროში და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში. ამ სხდომაზე მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების განკარგვის აუცილებლობა, განმცხადებელმა ნ.ჯ–ვამ უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდგომაც მოსამართლემ განუმარტა განმცხადებელს, რომ ასეთი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე, ნ.ჯ–ვას, სამომავლოდ შეეძლება მოითხოვოს მხარდაჭერის სფეროს გაფართოვება. განცხადების განხილვის ამ ეტაპზე კი, უძრავ ქონებასთან მიმართებით, სასამართლო იმსჯელებდა თ.ჯ–ვას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობაზე უძრავი ქონების მხოლოდ გაქირავებისა და მოვლა/პატრონობის სფეროში, რაც განმცხადებელს - ნ.ჯ–ვას სადავოდ არ გაუხდია. განცხადების განხილვა გაგრძელდა სხდომაზე დაზუსტებული სფეროების ფარგლებში (იხ., ს.ფ. 162).

4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, თ.ჯ–ვას საკუთრებაში არსებული, ერთადერთი უძრავი ქონების (ს.კ:N.........) განკარგვის ნაწილში მხარდაჭერის მიღების აუცილებლობის არარსებობის თაობაზე.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს თუნდაც თეორიული, მაგრამ მინიმალური რისკი იმისა, რომ მხარდასაჭერი პირი შესაძლოა ქონების გასხვისების შემთხვევაში დარჩეს თავშესაფარის გარეშე, აღნიშნული რისკი ვერანაირი კეთილშობილური მიზნებით ვერ გამართლდება, თუკი სახეზე არ იქნება ობიექტური მოცემულობა, სპეციალური საჭიროება (მაგალითად, გადაუდებელი ოპერაცია, სამედიცინო ჩარევა ან საკვების ფულის მინიმალური დონის არქონა), რაც აპელანტს (განმცხადებელს) არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ დაუდასტურებია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (განმცხადებელი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას ქონების განკარგვისა და უფლებრივი დატვირთვის ნაწილში. კასატორს მიაჩნია, რომ მისი მხარდაჭერილი პირი ქონებას ვერ განკარგავს და აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მხარდასაჭერი პირი სამომავლო დასანიშნ პენსიასაც დამოუკიდებლად ვერ განკარგავს; კასატორი მიუთითებს, რომ 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით მხარდასაჭერ პირს თ.ჯ–ვას დანიშნული ყავდა მხარდამჭერი, თუმცა, მხადამჭერი დადგენილ მხარდაჭერას თანამონაწილეობის გარეშე მოითხოვდა. კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების გაქირავებაზე მსჯელობა დაუსაბუთებელლია, რადგან ეს მოთხოვნილი არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია პირს დაუწესდეს მხარდაჭერა პენსიის განკარვის სფეროში და არ დაუწესდეს მხარდაჭერა ქონების განკარგვის სფეროში.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

13. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) (შემდეგში „კონვენცია“) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობის მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

14. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ.ჯ–ვა არის სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი და ესაჭიროება მხარდამჭერი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

15. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ კასატორის მხარდაჭერილი პირი ქონებას დამოუკიდებლად ვერ განკარგავს. აღნიშნულის დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით მხარდასაჭერი პირი სამომავლო დასანიშნ პენსიასაც დამოუკიდებლად ვერ განკარგავს.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (იხ.: საქმე №2/4/532,533, 08.10.2014წ. გადაწყვეტილება), ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატისთვის ამოსავალია მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გაიზიარა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომაც და საფუძვლად დაუდო სადავო საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე, სასამართლომ, მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის წარმომადგენლის მონაწილეობით, განიხილა რა სადავო საკითხი, მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების განკარგვის აუცილებლობა, განმცხადებელმა ნ.ჯ–ვამ უარყოფითი პასუხი გასცა (იხ., ს.ფ. 162).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმის (განცხადება) განხილვის მოცემულ ეტაპზე, არ დადასტურდა ისეთი გარემოებები, რომლებიც საკასაციო პალატას დაარწმუნებდა თ.ჯ–ვას საკუთრებაში არსებული, ერთადერთი უძრავი ქონების (ს.კ:N..........) განკარგვის ნაწილში მხარდაჭერის მიღების აუცილებლობაში, საკასაციო საჩივარი გასაზიარებელი არ არის.

19. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვა ამოწურული არაა, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები) (იხ.: სუსგ.-ები №ას-211-2020, 21.07.2020 წ.; №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.).

20. შესაბამისად, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე, მხარდამჭერად დანიშნულ პირს, სამომავლოდ, შეეძლება მოითხოვოს მხარდაჭერის სფეროს გაფართოვება.

21. უძრავი ქონების გაქირავებაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობასთან დაკავშირებულ კასატორის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც ეს წინამდებარე განჩინებითაა დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადების განხილვის იმ ეტაპზე, უძრავ ქონებასთან მიმართებით, სასამართლო იმსჯელებდა თ.ჯ–ვას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობაზე უძრავი ქონების მხოლოდ გაქირავებისა და მოვლა/პატრონობის სფეროში, რაც განმცხადებელს - ნ.ჯ–ვას სადავოდ არ გაუხდია. განცხადების განხილვა გაგრძელდა სხდომაზე დაზუსტებული სფეროების ფარგლებში (იხ., ს.ფ. 162). შესაბამისად, გასაზიარებელი არაა კასატორის პოზიცია, რომ უძრავი ქონების გაქირავებაზე მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან ეს მოთხოვნილი არ ყოფილა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ე. გასიტაშვილი