საქმე №ას-1200-2023 4 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.თ–ძე, ა.ფ–ას უფლებამონაცვლე ო.ფ–ვა (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხეები - ნ.გ–ია, ი.შ–ძე, მ.ა–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ბ–ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ბ–ძის (შემდგომში - კასატორი, მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ო.ფ–ვას და ნ.თ–ძის (შემდგომში- მოსარჩელეები) სასარგებლოდ თანხის დაკისრების, სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების და ქ.ბათუმში, ........ მდებარე, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ს/კ...... უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში დარჩა უცვლელად. ნ.გ–იას, ი.შ–ძის და მ.ა–ძის (შემდგომში - თავდაპირველი მოპასუხეები) სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თავდაპირველ მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა, ასევე მათი მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ს/კ;..... უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... და თავდაპირველ მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, სახელმწიფო ბაჟის 310 ლარის გადახდა. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო.ფ–ვას (ა.ფ–ას უფლებამონაცვლე) და ნ.თ–ძის სასარჩელო მოთხოვნები თავდაპირველი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი, .........., ს.კ:......., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/1 - 22,8 კვ.მ., N02/1-181.5 კვ.მ., პირველი სართული, ირიცხებოდა ა.ფ–ას და ნ.თ–ძის თანსაკუთრების უფლებით (საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო სამკვიდრო მოწმობა N2-83 (12.03.2007წ.), ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 30.05.2016წ.) და შეთანხმება N170550989 (დამოწმების თარიღი: 22.05.2017წ.). თანასაკუთრებაში, ა.ფ–ას წილს შეადგენდა - შენობა N02 – პირველი სართული 57,64კვ.მ., სარდაფი 32,85 კვ.მ. და შენობა N01 – 11,4 კვ.მ., ხოლო ნ.თ–ძის წილს - შენობა N02 – პირველი სართული 58,15 კვ.მ., სარდაფი 32,85 კვ.მ. და შენობა N01 – 11,40 კვ.მ.
2.2. 2015 წლის 15 ივლისს, ერთი მხრივ, ა.ფ–ას (მეიჯარე) და მეორე მხრივ, მ.ბ–ძეს, ნ.გ–იას, ი.შ–ძეს და მ.ა–ძეს (მოიჯარეები) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 11 თვის ვადით, რომლითაც მეიჯარემ ქ.ბათუმში, ........ მდებარე, შენობის ფართი - 19 კვ.მ. მოიჯარეებს გადასცა დროებით სარგებლობაში (სალონის მოწყობისთვის). საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 400 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2015 წლის 15 ივლისის იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული 19 კვ.მ. ფართი წარმოადგენს ა.ფ–ას და ნ.თ–ძის თანსაკუთრებაში არსებულ შენობა N01-ს, რომლის ფართი დაზუსტებული მონაცემებით მთლიანობაში შეადგენს 22,80 კვ.მ.-ს. აღნიშნული შენობის ფართი დაზუსტდა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას-2017 წლის 25 მაისს.
2.4. ა.ფ–ა გარდაიცვალა საქმის წარმოების პერიოდში, 28.09.2018წ.-ს. წინამდებარე საქმეში ა.ფ–ას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ო.ფ–ვა (მემკვიდრე).
2.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა.ფ–ვამ (მოპასუხის მეუღლე) დაადასტურა, რომ მოპასუხე უწყვეტად ფლობს და სარგებლობს იჯარის ხელშეკრულების საგნით. მანვე დაადასტურა, რომ მოპასუხეს ...... საკუთრებაში არ ერიცხება რაიმე სახის ქონება. ის გარემოება, რომ მოპასუხე დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით ასევე დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით და სააპელაციო საჩივრით.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მისი მსჯელობის საგანია აქვს თუ არა აპელანტს (მოპასუხეს) უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეების (მოსარჩელეები) ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები.
4. სარჩელით მოთხოვნილ იქნა იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საიჯარო ქირის ტოლფასი - ყოველთვიურად 400 ლარის ანაზღაურება, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს და თავდაპირველ მოპასუხეებს დროებით სარგებლობაში, 11 თვის ვადით-2016 წლის 15 ივნისამდე გადაეცათ იჯარის საგანი. საიჯარო ქირად განისაზღვრა ყოველთვიური 400 ლარი.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე და თავდაპირველ მოპასუხეები ფლობდნენ იჯარის საგანს, მოსარჩელეების მტკიცების ვალდებულებაა. მოსარჩელეების განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოპასუხეები სარჩელით მითითებულ სადავო პერიოდში არ ფლობდნენ უძრავ ქონებას. შესაბამისად, სადავო პერიოდიდან - 2017 წლის იანვრიდან უძრავ ნივთზე მათი მფლობელობის დაუდასტურებლობა გამორიცხავს მათ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
8. რაც შეეხება მოპასუხეს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მის მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით და მოწმის სახით დაკითხული მისი მეუღლის ჩვენებით.
9. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში.
10. მოპასუხის შედავება ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ფართი ააშენა მისი მეუღლის ბებიამ, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება ვერ აქცევს მას სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად მოპოვებული არ აქვს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით, რაც მის ნაწილში ქ.ბათუმში, .......... მდებარე, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ........ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. კასატორი უარყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას სადავო ფართზე და აღნიშნავს, რომ ტექ.ბიუროსა და საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლად, ამ ფართის, როგორც უნებართვოდ აშენებულის, მფლობელობასა და სარგებლობას ახორციელებდა კასატორის მეუღლე და მისი ოჯახი. მოსარჩელეებმა კი ფართზე საკუთრების უფლება კანონის დარღვევით დაირეგისტრირეს და ამ ფართზე დავა სასამართლოს წარმოებაშია. 2015 წლის 15 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ქირავნობის საგანია ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ირიცხება ა.ფ–ას საკუთრების უფლებით და წარმოადგენს 19კვ.მ ფართს. სადავო 22.8კვმ ფართი კი ცალკე მდგომი შენობაა და საჯარო რეესტრში პირველად დარეგისტრირდა 2017 წლის 25 მაისს. ა.ფ–ას საკუთრებაში ჰქონდა 19კვ.მ ოთახი, რომელზეც ფორმალურად გაფორმდა ხელშეკრულება. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ხელშეკრულება დადებულია 19კვ.მ ოთახზე და არა 22.8 კვ.მ ფართის მქონე ცალკე მდგომ შენობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2017 წლის 25 მაისამდე მოსარჩელეები არ იყვნენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრები.
18. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი თავდაპირველი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში პროპორციული სახელმწიფი ბაჟი მოსარჩელეების ფინანსური ტვირთი უნდა ყოფილიყო.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
20. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს.
23. კასატორი არ უარყოფს, რომ სადავო ფართს ფლობს და მისით სარგებლობს.
24. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეები მოსარჩელეები არიან, ხოლო მოპასუხე უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით, იმგვარად, რომ თავად ......... საკუთრებაში არ ერიცხება რაიმე სახის უძრავი ქონება, სარჩელი კასატორის მიმართ სწორად არის დაკმაყოფილებული.
25. ამასთან, კასატორის მიმართ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად და სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად ვერ გამოდგება კასატორის მითითება, რომ სადავო ფართი კასატორის მეუღლის ბებიის მიერ უნებართვოდ არის აშენებული, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება კი მასზე უკანონოდ დარეგისტრირდა და ამ საკითხზე დავა სასამართლოს წარმოებაშია.
26. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლიათავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე Nას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი), მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ №ას-1362-2022, 8 თებერვალი, 2024 წელი).
27. სახელმწიფო ბაჟის სწორად განსაზღვრის თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და ქ.ბათუმში, ...... მდებარე, უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში დარჩა უცვლელად, წინამდებარე საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სწორად აქვს დაანგარიშებული სახელმწიფო ბაჟი.
28. მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის (იჯარის ქირა და დავალიანება) დაკისრებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო საჩივარი პრეტენზიას არ შეიცავს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1060 ლარის 70% – 742 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ბ–ძეს (პ/ნ N......) დაუბრუნდეს ა.ფ–ვას (პ/ნ .........) მიერ 2023 წლის 17 ოქტომბრის №33884469 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1060 ლარის 70% – 742 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი