საქმე №ას-652-2023 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით დ.ბ–ის (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სს ,,ს.ბ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ოდენობით გადახდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1 2018 წლის 01 მარტს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დასაქმდა თელავის ფილიალში საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მიკროდაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. 2018 წლის 01 სექტემბრიდან მოსარჩელეს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება.
2.2 მოსარჩელის, როგორც მიკროსაკრედიტო ჯგუფის უფროსის, ერთ-ერთ ფუნქციას დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების კონტროლი, დაქვემდებარებული თანამშრომლების პორტფელის კონტროლი, მომსახურების სტანდრტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
2.3 მოსარჩელის უშუალო დაქვემდებარეში მყოფი თანამშრომლები სისტემატიურად არღვევდნენ სესხის გაცემის პროცედურებს, რასაც მოსარჩელე რეაგირების გარეშე ტოვებდა.
2.4 მოპასუხის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 2020 წლის 4 მარტიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩაატარა კახეთის რეგიონის ფილიალების: ახმეტის, ყვარლის და თელავის მიკრო საკრედიტო ექსპერტების და ბიზნეს ბანკირების შემოწმება. შემოწმდა 2019 წლის ივნისის შემდეგ გაცემული ვიზიტიანი სესხები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, კერძოდ: 1) განაცხადში ფინანსური მონაცემების ხელოვნურად გაზრდა; 2) ვიზიტიან სესხებზე ვიზიტზე არ გასვლა; 3) ფოტოების გაყალბება; 4) განაცხადში დაკავშირებული პირების მიუთითებლობა; 5) აგრო განაცხადში არარსებული კულტურის მითითება.
2.5 2020 წლის 08 ივნისს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხ.) მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის [დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა] სამართლებრივი საფუძვლით.
3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის უშუალო დაქვემდებარეში მყოფი თანამშრომლების მიერ წინასწარ განზრახულად, გააზრებულად, მრავალჯერადად და სისტემატიურად ხდებოდა სესხის გაცემის პროცედურების დარღვევა (სულ 68 სესხი), რაზედაც დასაქმებული რეაგირებას არ ახდენდა. აღნიშნული წარმოადგენდა შრომის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რამაც მართლზომიერად განაპირობა დასაქმებულთან სშკ-ის 37-ე (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხ.) მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
4. სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა დასაქმებულის მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, სწორად იქნა უარყოფილი თანმდევი სასარჩელო მოთხოვნებიც.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (განმცხადებელი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
10. კასატრის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობის დარღვევის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ დასაქმებულმა შრომითი მოვალეობები უხეშად დარღვია, დასადასტურებელი იყო ამით რა ზიანი მიადგა დამსაქმებელს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები გეგმას ასრულებდნენ, პორტფელის გადაცილება არ ჰქონდათ, მოსარჩელე წარმატებული მუშაობისათვის ბონუსებს იღებდა და საუკეთესო მენეჯერად დასახელდა, მოპასუხის განმარტებები და სასამართლოს მსჯელობები მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის შესახებ, დაუსაბუთებელია. კასატორს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შრომის სამართალში დამკვიდრებული “ULTIMA RATIO“-ს პრინციპის უგულვებელყოფით მიიღეს დასაქმებულის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 37-ე (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხ.) მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის [დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა] სამართლებრივი საფუძვლით.
13. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ-ები №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).
14. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).
15. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 2020 წლის 4 მარტიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩაატარა კახეთის რეგიონის ფილიალების: ახმეტის, ყვარლის და თელავის მიკრო საკრედიტო ექსპერტების და ბიზნეს ბანკირების შემოწმება. შემოწმდა 2019 წლის ივნისის შემდეგ გაცემული ვიზიტიანი სესხები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, კერძოდ: 1) განაცხადში ფინანსური მონაცემების ხელოვნურად გაზრდა; 2) ვიზიტიან სესხებზე ვიზიტზე არ გასვლა; 3) ფოტოების გაყალბება; 4) განაცხადში დაკავშირებული პირების მიუთითებლობა; 5) აგრო განაცხადში არ არსებული კულტურის მითითება.
18. ყურადღებაა მისაქცევი იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის, როგორც მიკროსაკრედიტო ჯგუფის უფროსის, ერთ-ერთ ფუნქციას დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების კონტროლი, დაქვემდებარებული თანამშრომლების პორტფელის კონტროლი, მომსახურების სტანდრტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელის უშუალო დაქვემდებარეში მყოფი თანამშრომლები სისტემატიურად არღვევდნენ სესხის გაცემის პროცედურებს, რასაც მოსარჩელე რეაგირების გარეშე ტოვებდა.
20. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, რომ მოსარჩელის მიერ, მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობების დარღვა უხეშ დარღვევად შეფასებულიყო. მოსარჩელის ქმედებებს ისეთი ხასიათი ჰქონდა, რომ დამსაქმებელმა რეალურად დაკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ (სუსგ-ები №ას-772-2021, 15 მაისი, 2023 წელი; №ას-1271-2020, 11 თებერვალი, 2021 წელი; №ას-772-2021, 15 მაისი, 2023 წელი).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს დ.ბ–ს (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 6 დეკემბრის №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი