Facebook Twitter

საქმე №ას-90-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ც–ი, ვ.ც–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შედეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ა.ც–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 11 668.74 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10 419.20 ლარზე, 2020 წლის 10 მაისამდე 15.5% სარგებლის გადახდა. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10 419.20 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7741.62 ლარის გადახდა. სარჩელი დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან), 2016 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 6436.62 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 96.54 ლარს არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) 2016 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6436.62 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა. სარჩელი 2018 წლის 15 იანვრის უძრავი ქონების ჩუქების შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე კრედიტის სახით გაიცა 14 600 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოსარჩელის დავალიანებამ მოპასუხის მიმართ შეადგინა 11668.74 ლარი.

2.2. მხარეთა შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 6500 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ 2016 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 8 884.94 ლარს.

2.3. 2018 წლის 15 იანვარს ა.ც–სა და ვ.ც–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ხარაგაულის რაიონში, სოფელ ......... არსებული უძრავი ქონება ს/კოდით: ........ და ს/კოდით: ........ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მეორე მოპასუხეს (დასაჩუქრებულს) (შემდეგში - სადავო გარიგებები).

2.4. მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის შვილია.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები, რომ სადავო გარიგებები არ არის დადებული მოჩვენებით და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება რეალურად მიზნად ისახავდა იურიდიული შედეგის დადგომას.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მოითხოვდა სადავო გარიგების ბათილად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ მოპასუხეები არიან მამა-შვილი და ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ გარიგებას ნამდვილი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა; გარიგების ნამდვილ მოტივს ა.ც–ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან თავის არიდება წარმოადგენდა.

5. აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარე/მოპასუხე მიუთითებდა რომ, მართალია, ჩუქების ხელშეკრულების მხარეები არიან მამა-შვილი, თუმცა ა.ც–ი დიდი ხანია არ ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ა.ც–სა და თამარ მამულაშვილს შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 18 მარტს. ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ერთად აღარ არიან უკვე ორ წელზე მეტია. შესაბამისად, ოჯახის წევრებისათვის ცნობილი არ იყო ა.ც–ის საბანკო ვალდებულებების შესახებ. ვინაიდან ა.ც–ი გეგმავდა საზღვარგარეთ წასვლას, უძრავი ქონება, რომელიც მან მამისგან მიიღო, აჩუქა თავის შვილს - ვ.ც–ს (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.16; ს.ფ. 150).

6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. სუს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571- 879-09 განჩინება; 2013 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება №ას-1347-1272-2012).

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები ვ.ც–ი და ა.ც–ი წარმოადგენენ მამა - შვილს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი ზემოხსენებული პრეზუმფციის გასავრცელებლად. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი კრედიტები. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 20 მაისამდე, ხოლო 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 8719 კალენდარული დღე - 09.09.2040 წლამდე. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან არ ჩანს, რომ ბანკმა სესხის გაცემამდე რაიმე სახით შეისწავლა მსესხებლის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა ა.ც–ზე სესხის გაცემა. საყურადღებოა, რომ ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა მსესხებლისთვის მოეთხოვა სახელშეკრულებო უზრუნველყოფა, რაც მან არ გამოიყენა და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცა სესხი მოპასუხეზე.

8. სსკ-ის 867-ე და შემდგომი მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთი მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. შესაბამისად, ბანკს, როგორც საკრედიტო ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს, მეტი შესაძლებლობა და ვალდებულებაც კი აქვს, რომ ხელშეკრულებები შესაბამისი წინასწარი მომზადებისა და კვლევის საფუძველზე გააფორმოს და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სახელშეკრულებო უზრუნველყოფის ღონისძიება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხისთვის სესხის გაცემა არ იყო დამოკიდებული მის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა მისი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთრებაში არსებული ქონება. ხოლო, აპელანტის მითითება, რომ მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების ამოღების საშუალებას, არ იქნა საკმარის გარემოებად მიჩნეული რამდენადაც, აპელანტს ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის, ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი პოზიციები და მოეთხოვა სესხთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაც, თუკი მიიჩნევდა, რომ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, სხვაგვარად მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც, მოპასუხეს არ უნდა ეჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთარი შვილისათვის.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო გარიგებათა მოჩვენებით ხასიათზე ის გარემოება მიუთითებს, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ოჯახის წევრები არიან. უცვლელია გარიგების საგნის მფლობელი. დასაჩუქრებულმა იცოდა მამის საკრედიტო ვალდებულებების არსებობა. შესაბამისად, სადავო გარიგება გაფორმდა გამჩუქებლის მიერ მოსარჩელესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით.

15. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ გარემოებებს: მოპასუხეები არიან მამა და შვილი. პირველ მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი კრედიტები. 2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 20 მაისამდე, ხოლო 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 8719 კალენდარული დღე - 09.09.2040 წლამდე. პირველი მოპასუხე არ ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან (მეორე მოპასუხე) ერთად. პირველ მოპასუხეს და მის მეუღლეს შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 18 მარტს. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ იმყოფებოდნენ.

16. აღნიშნულ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება სადავო გარიგების ბათილობის სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგან პრეზუმირებული არ არის, რომ მეორე მოპასუხემ იცოდა პირველი მოპასუხის მხრიდან საბანკო ვალდებულების დარღვევის შესახებ.

17. უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ Nას-167-2021, 28.02.2023წ.).

18. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მეორე მოპასუხემ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც აქარწყლებს მისი მხრიდან პირველი მოპასუხის საბანკო ვალდებულებების დარღვევის შესახებ ცოდნის პრეზუმფციას, ამიტომ მისი არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „თ.ბ–ს“ (ს/კ N.....) დაუბრუნდეს შპს „ტ.კ–ის“ (ს/კ .....) მიერ 2023 წლის 10 თებერვლის №1676020847 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი