Facebook Twitter

¹ბს-1027-981(კ-07) 26 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. კ.-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – მიუღებელი თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. კ.-მ 2005 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების დაკისრება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის უნივერსიტეტში სამხედრო კათედრაზე მასწავლებლად. მისი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 147 ლარსა და 92 თეთრს, კვების კომპენსაცია 59 ლარს, მას ეძლეოდა ყოველწლიურად 383 ლარის და 43 თეთრის ღირებულების ფორმის თანსაცმელი. 2001 წლის 12 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარრგულებაში და იმავე დღიდან დაევალა იგივე თანამდებობის შესრულება, რასაც ასრულებდა ამ ბრძანების გამოცემამდე. იმავე თანმადებობას ასრულებდა 2004 წლის 14 იანვრამდე, მაგრამ აღნიშნულ პერიოდში ღებულობდა მხოლოდ ხელფასს და არ მიუღია არც კვების კომპენსაცია და არც ტანსაცმლის ანაზღაურება, თუმცა ხელმძღვანელობა პირდებოდა როგორც კვების კომპენსაციას, ასევე ფორმის ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 14 იანვარს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა რეზერვში, მაგრამ მოპასუხემ საბოლოო ანგარიშის გასწორებისათვის არ მისცა 31 თვის კვების თანხის კომპენსაცია, რაც 1829 ლარს შეადგენს, მიუღებელი ფორმის ღირებულება 1150,29 ლარის ოდენობით. მოსარჩლემ, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა, სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ასევე მოითხოვა კომპენსაცია 6 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 887 ლარსა და 52 თეთრს. მოსარჩელემ სულ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3866 ლარისა და 81 თეთრის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 და 37-ე მუხლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. კ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ერთჯერადი გასასცვლელი დახმარება 762,25 ლარის ოდენობით. ზ. კ.-ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ კვების კომპანსაციის სახით 1829 ლარის ოდენობით დაკისრებაზე; ზ. კ.-ს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სანივთე კომპენსაციის სახით 1150,29 ლარის ოდენობით დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში ზ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სანივთე ქონების 1150,29 ლარის და კვების 1687,4 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის ¹1321 ბრძანებით ზ. კ.-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაევალა იგივე თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება 2001 წლის 27 აპრილიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოხელეს კონკურსით ან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე თანამდებობაზე გამწესებული მოხელის იდენტურად ეკისრება მოვალეობები და სარგებლობს უფლებებით, ამიტომაც აპელანტს, რომლეიც თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული, კვების და მიუღებელი ტანსაცმლის კომპენსაცია უნდა მიეცეს ჩვეულებრივი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლითაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის მოთხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის დროისათვის, რადგან ზემოაღნიშნული ბრძანებით ზ. კ.-ს კადრების მთავარ სამმართველოში გადაყვანასთან ერთად დაეკისრა სამხედრო კათედრის მასწავლების მოვალეობის შესრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჯორბენაძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორმა მიუთითა, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, ასევე საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა კვების და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. კასატორის მითითებით, სანივთე ქონებისა და კვების კომპენსაცია შესრულების ხასიათიდან გამომდინარე პერიოდულ ვალდებულებებს შეადგენს, რაზეც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არასრული გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ არ გამოიკვლია სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, არ მოითხოვა და არ შეამოწმა მოსარჩელეს საკუთარი თანხით ჰქონდა თუ არა შეძენილი სანივთე უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ შეძენა არ დასტურდება გადახდის სათანადო დოკუმენებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ს/ნ 06328-ის მიერ 2005 წლის 29 ნოემბერს გაცემული ¹202 ცნობა. აღნიშნული ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან სანივთე ქონების დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს, რადგან გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში. სამინისტროს სახელით ვალის აღიარება შეუძლია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ხოლო ინფორმაციის გაცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს. ამასთან, აღნიშნული არც ადმინისტრაციულ დაპირებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან არ არსებობს მრავალჯერადი სასამართლო პრაქტიკა განსახილველ დავის საგანზე; ამასთან, საკასაციო სასამართლომ საბოლოოდ უნდა განმარტოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საკითხი კვების კომპენსაციის მოთხოვნაზე. სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილებისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რასაც ადასტურებს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. კ.-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრით, ასევე – საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას კასატორის მიერ გადმოცემული საკასაციო საჩივრის მიზეზები ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, თავისთავად გულისხმობს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება სამართლის ნორმების დარღვევას, იგი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს.

საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 25 იანვრის ¹36 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვლინებული პოლიციის კაპიტანი ზ. კ.-ა ჩარიცხულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, დაუმტკიცდა სამხედრო წოდება “კაპიტანი” და დანიშნულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...-ის სამხედრო კათედრის მასწავლებლად; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის ¹1/1/619 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხსენებულ უნივერსიტეტს გაეგზავნა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის შტატ ¹22/154-52-ში ცვლილებების შეტანის ნუსხა, რომლის თანახმადაც სამხედრო კათედრაზე არსებული შტატი “მასწავლებელი-კაპიტანი” გადაკეთებულ იქნა შტატად “მასწავლებელი-სამოქალაქო პირი”. იქვე მითითებულ იქნა, რომ სამოქალაქო თანამდებობები თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობაში არ შედის; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001 წლის 12 ივნისის ¹1321 ბრძანებით ზ. კ.-ა გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან, გაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში და დაევალა მოვალეობის შესრულება იმავე თანამდებობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 13 იანვრის ¹37 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი ზ. კ.-ა დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩარიცხულ იქნა რეზერვში, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, კვების კომპენსაციისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ზ. კ.-თვის ანაზღაურების სახით. აღნიშნულ ღონისძიებათა სამართლებრივი საფუძვლები, მიმღები სუბიექტები და განხორციელების წესი განისაზღვრება “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით. მითითებული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისის ¹4745 საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიების ადრესატს წარმოადგენს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურე. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების სათაურზე, რომლის თანახმადაც ბრძანებულება განსაზღვრავს სამხედრო და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური ღონისძიებების სახეებს. ნათელია, რომ სამხედრო სფეროს მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან სამხედო მოსამსახურეებს და სამხედრო სფეროშო დასაქმებულ სამოქალაქო პირებს და შესაბამისად მათთვის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებების განსხვავებულ სახეებს აწესებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის “ა” ქვეპუნქტზე (2001-2004 წლებში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე (“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. ამდენად, იმისათვის, რათა ესა თუ ის პირი მიჩნეულ იქნეს სამხედრო მოსამსახურედ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას ერთდროულად: 1. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე (“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში); 2. იგი სამხედრო სამსახურს უნდა გადიოდეს საქართველოს სამხედრო ძალებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. კ.-ა საქართველოს მოქალაქეა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამხედრო ძალების ლეგალური დეფინიციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა, მაგრამ მისი ანალიზის შედეგად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საქართველოს სამხედრო ძალებს განეკუთვნება ყველა ის დაწესებულება (ნაწილი), რომელიც თავის თავში გულისხმობს კანონიერი შეიარაღებულ ფორმირებების არსებობას. სამხედრო ძალებად მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობა, ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, სსიპ – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სხვა.

აღნიშნული მოსაზრების საფუძვლად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, “საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹980 კანონზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობად განისაზღვრა 29703 კაცი, აქედან – 23000 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, 6703 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; იმავე დაწესებულებების პირად შემადგენლობაზე მიუთითებს “საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ¹2209 კანონი; 2006 წლიდან მოყოლებული კი საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ¹3940 და 2007 წლის 18 დეკემბრის ¹5635 ანალოგიური სახელწოდების კანონებით საქართველოს სამხედრო ძალებად მიჩნეულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის ¹1/1/619 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობის პირობებში (რომლითაც მოხდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის შტატ ¹22/154-52-ში ცვლილებების შეტანა და სამხედრო კათედრაზე არსებული შტატი “მასწავლებელი-კაპიტანი” გადაკეთებულ იქნა შტატად “მასწავლებელი-სამოქალაქო პირი”, იქვე მითითებულ იქნა, რომ სამოქალაქო თანამდებობები თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობაში არ შედის), რომელიც სადავო არ გამხდარა მოსარჩელე ზ. კ.-ს მიერ და დღემდე ძალაშია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. კ.-ა 2001-2004 წლებში მუშაობდა სამოქალაქო შტატზე “მასწავლებელი-სამოქალაქო პირი”, რომელიც არ შედიოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობაში, მოსარჩელე, 2001-2004 წლებში არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს და შესაბამისად, იგი ვერ ისარგებლებდა სამხედრო მოსამსახურისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებების მისადმი განხორციელების მოთხოვნის უფლებით. ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნები – აუნაზღაურდეს 2001-2004 წლებში კვების კომპენსაცია და სანივთე ქონების (სამხედრო ფორმის ტანსაცმლის) კომპენსაცია, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილი შემთხვევები, რის გამოც, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვითონაა უფლებამოსილი მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე და 411-ე მუხლები და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ზ. კ.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 1150,29 ლარისა და კვების კომპენსაციის სახით 1687,4 ლარის დაკისრების ნაწილში;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.