Facebook Twitter

საქმე №ას-276-2023 8 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.პ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ე.პ–ის“ 30%-იანი წილის მესაკუთრე ა.გ–ვა, შპს „ე.პ–ის“ 30%-იანი წილის მესაკუთრე ნ.გ–ვა, შპს „ე.პ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს „გ.პ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ა.გ–ვას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ.გ–ვასა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და შპს „ე.პ–ის“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია) მიმართ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოპასუხე კომპანია 21.09.2010 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და 2020 წლის 25 მაისისთვის საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე კომპანია - 40%, პირველი მოპასუხე - 30% და მეორე მოპასუხე - 30%;

2.2. მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის კრების ოქმის მიხედვით, რომელსაც დაესწრო პარტნიორთა 100%, კრების დღის წესრიგში მე-2 საკითხად განისაზღვრა საზოგადოებაში ფინანსური აუდიტის ჩატარება და ამ მიზნით გადაწყვეტილების მიღება;

2.3. 2020 წლის 25 მაისის პარტნიორთა კრების მოწვევის ინიციატორ მხარეს წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის 40% წილის მფლობელი პარტნიორი - მოსარჩელე კომპანია;

2.4. მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის კრების ოქმის მიხედვით, კრებამ დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით: მომხრე - 60% (პირველი და მეორე მოპასუხეები), წინააღმდეგი - 40% (მოსარჩელე კომპანია). გადაწყდა: განხორციელდეს მოპასუხე კომპანიის 2018-2019 სამეურნეო წლის ფინანსური აუდიტორული შემოწმება. ფინანსური აუდიტორული შემოწმების მიზნით მოწვეულ იქნა შერჩეული აუდიტორული კომპანია შპს „მ.ს.ჯ–ი“;

2.5. 2020 წლის 25 მაისის კრების ოქმის მატერიალური ვერსია, მასზე (არსებობის შემთხვევაში) შენიშვნების შეტანის მიზნით, ელექტრონული ფორმით გაეგზავნათ მოპასუხე კომპანიის პარტნიორებს და წარმომადგენლებს. პარტნიორებს განემარტათ, რომ კრების ოქმის დამოწმება 2020 წლის 8 ივნისს მოხდებოდა. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ი.ძ–ძემ, ასევე წარმომადგენელმა დ.კ-დ–ძემ შენიშვნის სახით ძირითადი აქცენტი გააკეთეს დღის წესრიგის მე-2 საკითხის კრების ოქმში არასწორ ფორმულირებაზე, ვიდრე ეს იყო მოცემული პარტნიორთა კრების მოწვევის საკითხებს შორის;

2.6. 2020 წლის 10 ივნისს მოპასუხე კომპანიის პარტნიორებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის დამოწმებული კრების ოქმი სკანირებული სახით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ი.ძ–ძემ დაადასტურა მისი მიღება;

2.7. კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 21 სექტემბერს წარადგინა.

3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2020 წლის 25 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არის ხანდაზმული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, თუმცა იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს პარტნიორთა კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ დღის წესრიგზე დაყენებული საკითხი და კრების მოწვევისას შეთავაზებული საკითხი შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კრების დღის წესრიგის სადავო მე-2 საკითხის ინიციატორ მხარეს თავად მოსარჩელე წარმოადგენდა. მისი განმარტებით, საკითხი სხვა შინაარსით იყო გადმოცემული პარტნიორთა კრების მოწვევის საკითხთა შორის, კერძოდ, საკითხი უნდა განხილულიყო შემდეგი ფორმულირებით: „საზოგადოებაში ფინანსური აუდიტის ჩატარება, ამ მიზნით აუდიტის შერჩევის პრინციპის განსაზღვრა და აუდიტის მოწვევაზე გადაწყვეტილების მიღება“. პარტნიორთა კრებამ კი საკითხის ფორმულირება შემდეგნაირად მოახდინა: „საზოგადოებაში ფინანსური აუდიტის ჩატარება და ამ მიზნით გადაწყვეტილების მიღება“. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 52-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია პარტნიორთა კრების მოწვევის წერილი, სადაც საკითხი მოცემული იქნებოდა ისე, როგორადაც მოსარჩელე ითხოვს. ასე რომც იყოს, კრების ოქმში დღის წესრიგის მე-2 საკითხი იმავე შინაარსისაა - უნდა მოხდეს საზოგადოებაში ფინანსური აუდიტის ჩატარება, რისთვისაც პარტნიორთა კრებამ მოახდინა კონკრეტული აუდიტის შერჩევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, კრების ოქმის შინაარსიც ადასტურებს, რომ კრების ინიციატორის მიზანს აუდიტის მოწვევა და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნის უსაფუძვლობასთან ერთად მოპასუხეებმა მის ხანდაზმულობაზეც მიუთითეს, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელი კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნისთვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადის გასვლით ჰქონდა წარდგენილი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორს, მათ შორის, მოსარჩელე კომპანიას, 2020 წლის 10 ივნისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის დამოწმებული კრების ოქმი სკანირებული სახით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - ი.ძ–ძემ დაადასტურა მისი ელექტრონული ფორმით იმავე დღეს მიღება. სააპელაციო საჩივარზე თანდართული განჩინებით კი დგინდება, რომ პირველი სარჩელი მოსარჩელე კომპანიამ სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 24 ივლისს, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა, რის შემდეგაც განმეორებითი სარჩელით სასამართლოს მიმართა იმავე წლის 21 სექტემბერს, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. კრების მომწვევი პარტნიორის განზრახვა იყო პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა აუდიტის შერჩევის პრინციპთან დაკავშირებით. პარტნიორებს შორის მიმდინარე დავების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ ინიციატორი მხარის მიერ შეთავაზებული აუდიტორი, ისევე როგორც მხოლოდ მოპასუხეების მიერ შერჩეული აუდიტორი ვერ ისარგებლებდა მხარეთა სათანადო ნდობით. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა ერთობლივად შეთანხმებული პრინციპებით აუდიტის შერჩევა. თუ მოხდებოდა პრინციპებზე შეთანხმება, პარტნიორთა შემდგომი კრება დაეთმობოდა კანდიდატების წარდგენას, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ამ პრინციპებს. პარტნიორთა კრების ოქმიდან კი ირკვევა, რომ შერჩევის პრინციპი განსაზღვრა კომპანიის დირექტორმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ამ პრინციპით შერჩეული აუდიტორული კომპანიები წარადგინა პარტნიორთა კრებაზე. ეს გადაწყვეტილება არ ასახავს მხარის ნებას, კრების ოქმში ნების გამოვლენა აისახა დამახინჯებული ფორმით;

12.2. მტკიცებულება იმისა, რომ დღის წესრიგი იყო სხვა ფორმულირებით და კენჭისყრაზე საკითხი გავიდა სხვა ფორმულირებით, არის პარტნიორთა კრების ოქმი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

14. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა - ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოთხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

15. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც მოვალის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი და დასადგენია.

16. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-1424-2017, 09 თებერვალი, 2018 წელი). მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-498-2020, 25 ნოემბერი, 2020 წელი).

17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.2 მუხლის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

18. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები მოთხოვნის ხანდაზმულობაზე უთითებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებლებში და აღნიშნავდნენ შემდეგს: 2020 წლის 25 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც დამოწმებული და შედგენილი იქნა 2020 წლის 8 ივნისს და 2020 წლის 10 ივნისს ჩაბარდა მოსარჩელეს, არ იქნა გასაჩივრებული კანონით დადგენილ 2-თვიან ვადაში (იხ. ტ. 1. ს.ფ. 74, 169).

19. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოტანილი გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორს, მათ შორის, მოსარჩელე კომპანიას 2020 წლის 10 ივნისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის დამოწმებული კრების ოქმი სკანირებული სახით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ი.ძ–ძემ დაადასტურა მისი ელექტრონული ფორმით იმავე დღეს მიღება. სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელე კომპანიამ სასამართლოში 2020 წლის 21 სექტემბერს აღძრა, ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან 1 თვის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორ-თვიანი ვადა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 429).

20. მოსარჩელემ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, სადაც უთითებდა შემდეგს: პირველად მოსარჩელე კომპანიის სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული ფორმით სასამართლოს საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით აიტვირთა 2020 წლის 24 ივლისს, მიენიჭა საქმის ნომერი №330210020003796147, საქმის განაწილების ნომერი №03320200724621431, მოსამართლე ი.ა–ძე. აღნიშნულ საქმეზე (№2/14536-20) მოსამართლე ი.ა–ძემ 2020 წლის 27 ივლისს მიიღო განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინება არ ჩაგვბარებია და მისი გაცნობა მოხდა ელექტრონულად (იხ. ტ. 1. ს.ფ. 435). მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარს სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება მოსარჩელე კომპანიის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 452-454).

21. სააპელაციო შესაგებელში მოპასუხეებმა სადავო გახადეს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მითითება და წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს მხარეთა შორის დავის მიმდინარეობისას არ მიუთითებია იმ ფაქტზე, რომ მას თავდაპირველად სარჩელი პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა 2020 წლის 24 ივლისს; ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელში, მტკიცებულებებსა და დოკუმენტებში არ ფიქსირდება მის მიერ ამ დრომდე იმავე დავის საგნის თაობაზე სარჩელის წარდგენის ფაქტი; შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მხედველობაში მიეღო ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე კომპანიას არ წარუდგენია (იხ. ტ.2. ს.ფ. 20; 39). მოპასუხეებმა ითხოვეს ასევე მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა სსსკ-ის 380.2 მუხლის საფუძველზე [სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა].

22. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები მტკიცებულების სახით დაურთო საქმეს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 69) და აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორს, მათ შორის, მოსარჩელე კომპანიას, 2020 წლის 10 ივნისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის დამოწმებული კრების ოქმი სკანირებული სახით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - ი.ძ–ძემ დაადასტურა მისი ელექტრონული ფორმით იმავე დღეს მიღება. სააპელაციო საჩივარზე თანდართული განჩინებით კი დგინდება, რომ პირველი სარჩელი მოსარჩელე კომპანიამ სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 24 ივლისს, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა, რის შემდეგაც განმეორებითი სარჩელით სასამართლოს მიმართა იმავე წლის 21 სექტემბერს, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეები სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს საკასაციო ინსტანციაში კვლავ სადავოდ ხდიან და წარდგენილ საკასაციო შესაგებელში უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამოც. ამასთან, რადგან გასაჩივრებული განჩინება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხეების სასარგებლოდ არის გამოტანილი, მათ შექმნილ ვითარებაში არ აქვთ სხვა საპროცესო საშუალება ხანდაზმულობის საკითხზე შედავებისა, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს უფლებას, იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობაზე.

24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების, მათ შორის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების საფუძველზე არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობის ორთვიანი ვადის დაცვით იყო წარმოდგენილი.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.

26. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა შესაგებლებში მიუთითეს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის სასამართლოში წარდგენის თაობაზე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხეების მიერ მითითებული ფაქტის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მოპასუხე მხარე სარჩელს უარყოფს აღნიშნული საფუძვლით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადადის და მას ევალება ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.

27. სსსკ-ის 219.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტიურ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმისათვის, სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).

29. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ 2020 წლის 27 ივლისს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მიღებულია იმავე მოსამართლის (ი.ა–ძე) მიერ, რომელმაც წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მათ შორის, სარჩელის ხანდაზმულობის საფუძვლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ იცოდა სარჩელის განმეორებით წარდგენის შესახებ, საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ვერ იქნება მხედველობაში მიღებული. ფაქტზე მითითება არის მხარის ვალდებულება, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება და სასამართლოს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას „გამოესარჩლოს“ მოსარჩელის ნაცვლად და „გააბათილოს“ იგი.

30. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ეფექტურად განკარგა თავისი საპროცესო უფლება და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, რომლის საპირისპიროდ მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია, არ მიუთითებია არც იმ ფაქტზე, რომ სარჩელი პირველად სასამართლოში აღძრა 2020 წლის 24 ივლისს და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს იმ ფაქტს, რომ პირველი სარჩელი მოსარჩელე კომპანიამ სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 24 ივლისს, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

31. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორს, მათ შორის, მოსარჩელე კომპანიას, 2020 წლის 10 ივნისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ პარტნიორთა 2020 წლის 25 მაისის დამოწმებული კრების ოქმი სკანირებული სახით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - ი.ძ–ძემ დაადასტურა მისი ელექტრონული ფორმით იმავე დღეს მიღება. დადგენილია ასევე, რომ კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 21 სექტემბერს წარადგინა.

32. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.2 მუხლით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და ამასთან, არ არსებობს 1-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საფუძველი თავად სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე.

33. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „გ.პ–ს“ (ს/კ N.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 1 მარტის №5175366438 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი