საქმე №ას-548-2023 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სს „ს–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის მარტიდან მხარეებს შორის არის ზეპირ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, სს „ს.გ.ს.კ–ასა“ (სს „გ.ტ–ი“) და მოპასუხე კომპანიას შორის 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
2.2. სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხე კომპანიას შორის 2008 წლის 11 ივლისს დადებული Nსად/08-012 ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ უზრუნველყო ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, თბილისში მდებარე სატელეფონო კანალიზაციაში, სს „გ.ტ–ის“ ბალანსზე რიცხული სატელეფონო კაბელების გატარება. ხელშეკრულებაში 2009 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილების შედეგად მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრა 1488.74 ლარით, დღგ-ს გარეშე. მოპასუხესთან დადებული 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულების საფუძველზე, სს „გ.ტ–ი“ მოსარჩელისათვის აქტივების გადაცემამდე, უწყვეტად იღებდა მომსახურებას და ეტაპობრივად ფარავდა მომსახურების საფასურს;
2.3. 2010 წლის 17 მარტს შპს „ს–სა“ და სს „გ.ტ–ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ქონების გადამცემმა - სს „გ.ტ–მა“ ქონების მიმღებს - შპს „ს–ს“ კაპიტალში შენატანის სახით გადასცა აქტის დანართებით განსაზღვრული ქონება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2010 წლის 10 მარტს სს „გ.ტ–მა“ და შპს „ს–მა“ N8-15/257 ერთობლივი წერილით მიმართეს მოპასუხე კომპანიას და აცნობეს, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს „გ.ტ–ი“ წყვეტდა მოპასუხესთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, ხოლო სს „გ.ტ–ის“ აფილირებული პირი - შპს „ს–ი“ გამოთქვამდა მზადყოფნას განეხორციელებინა მომსახურების უწყვეტად მიღება/მიწოდება იმავე საშუალებებითა და პირობებით, მათ შორის, ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო სს „გ.ტ–თან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელე სთავაზობდა მოპასუხეს არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისს გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება; 10 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხე კომპანიის მიერ პოზიციის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ მოპასუხე ეთანხმებოდა შესაბამისი მომსახურების მიღებას შპს „ს–ისგან“ ან/და შესაბამისი მომსახურების მიწოდებას შპს „ს–ისათვის“. ორაზროვნებისა და ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, წერილში ასევე მითითებული იქნა, რომ 2010 წლის 20 მაისამდე ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, შპს „ს–ი“ იტოვებდა უფლებას დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეეჩერებინა ან/და შეეწყვიტა ის სამართლებრივი ურთიერთობები მოპასუხესთან, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა ან/და მიღება;
2.4. 2010 წლის 16 აპრილს შპს „ს–მა“ ასევე მიმართა მოპასუხეს N258/01-8 წერილით, კომპანიის კუთვნილ ჭებში მოსარჩელის კაბელების გატარების მომსახურების ხელშეკრულების დადების თხოვნით;
2.5. მოპასუხე კომპანიის 2010 წლის 27 ივლისის N3/8-4951 და 2013 წლის 12 ივლისის N4876 წერილებით (აღნიშნული წერილებით მოპასუხემ გადაუგზავნა სატელეფონო კანალიზაციის მომსახურების ხელშეკრულების ეგზემპლარი მოსარჩელე კომპანიას ხელმოსაწერად) და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ, მიუხედავად არსებული მიმოწერებისა, მხარეებს შორის წერილობითი სახით ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მხარეთა შორის არც სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს ჰქონია ადგილი. მეტიც, მხარეთა კონკლუდენტური, ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებებიდან ირკვევა, რომ მათ შორის 2010 წლის მარტიდან გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა იმ არსებითი პირობებით, რაც განსაზღვრული იყო სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხეს შორის დადებული 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებითა და 2009 წლის 11 ივლისს ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით განსაზღვრული ტარიფით. მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული საგადასახადო დავალების ქვითრებით დასტურდება და არც მოსარჩელე უარყოფს 2010 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოპასუხისთვის ფულადი ანგარიშსწორების გზით, მომსახურების საფასურის - 17514.76 ლარის გადახდის ფაქტს;
2.6. მხარეებს შორის ვალის აღიარებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 2013 წლის 30 სექტემბერს დადებულ შეთანხმებაში, რომელიც დადებულ იქნა მოსარჩელეს (როგორც კრედიტორ/მოვალეს) და მოპასუხეს (როგორც კრედიტორ/მოვალეს) შორის, ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ მოსარჩელე კომპანიის აღიარებული დავალიანება გამომდინარეობს „წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, რკინიგზის სატელეფონო კანალიზაციაში მოსარჩელის კუთვნილი კაბელების გატარების მომსახურებიდან - ტარიფი გამომდინარეობს სს „გ.ტ–თან“ გაფორმებული სად/08-012 11.07.2008 ხელშეკრულებიდან“ (იხ. შეთანხმების 2.1. პუნქტი); ამასთან, მოპასუხე კომპანია მოსარჩელეს 2014 წლიდან სისტემატურად უგზავნიდა სატელეფონო ჭებით მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტებს და მოსარჩელეს 2018 წლის მაისი-ივნისის თვემდე მოპასუხისთვის არასდროს დაუბრუნებია არც აქტი და არც უარი განუცხადებია მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე. მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები - მოპასუხე კომპანიის მოსარჩელე კომპანიისადმი წერილობითი მიმართვები (იხ. თავდაპირველი სარჩელის დანართი N6, ტომი 1, ს.ფ 154-182; ტომი 2, ს.ფ. 46-54) ცხადყოფს, რომ მოპასუხე 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად ახორციელებდა 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას (რაც ასევე სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეს 2018 წლამდე), რაც სასამართლოს შეფასებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მხარეთა შორის მოქმედებდა ზეპირი მომსახურების ხელშეკრულება და შეთანხმებული იყო მისი არსებითი პირობები.
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის სს „გ.ტ–იდან“ მოსარჩელისათვის გადაცემისა და სადავო ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ ის საკანალიზაციო არხები, რომლებით მომსახურებაც გათვალისწინებულია სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხეს შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას 2010 წლის 22 მარტიდან, რის დასტურადაც მხარე უთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერებსა და ასევე მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებულ საინჟინრო ექსპერტიზის N007700719 დასკვნაზე.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიის საკუთრებად მარეგისტრირებელ ორგანოში N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 159620.47მ საკომუნიკაციო ნაგებობა: ჭებს შორის არსებული კანალიზაცია (არხი), დამატებითი მახასიათებლები: ჭა-1974 ცალი და გამანაწილებელი კარადა 1000 ცალი, დაფარვის ზონა - ქ.თბილისის ტერიტორია; ხოლო N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 52558.4მ საკომუნიკაციო ნაგებობა: ჭებს შორის არსებული კანალიზაცია (არხი), დამატებითი მახასიათებლები: ჭა-1289 ცალი და გამანაწილებელი კარადა 77 ცალი, დაფარვის ზონა - ქ.თბილისის ტერიტორია; ამონაწერების თანახმად, ორივე რეგისტრაციის საფუძვლად სხვა უფლებადამდგენ დოკუმენტებთან ერთად მითითებულია 2010 წლის 17 მარტის უძრავი ქონების კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და 19.03.10წ რესტიტუციის აქტი.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავდა მოსარჩელისათვის სს „გ.ტ–ის“ მიერ გადაცემული ქონების შემადგენლობაში, მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატელეფონო კანალიზაციის არსებობის ფაქტს და უთითებდა, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს არა სასამართლო დავის პროცესში შექმნილი, არამედ 1996 წლიდან არსებული „ისტორიული მტკიცებულებები“, რომლებითაც უტყუარად დგინდება, რომ სადავო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და, რომ სს „გ.ტ–ი“ მოსარჩელეს ვერ გადასცემდა საკუთრების უფლებას იმ ქონებაზე, რომელიც მისი გადაცემის მომენტში - 2010 წლის 17 მარტს, არ წარმოადგენდა გადამცემის საკუთრებას და თავად ამ მომსახურებისათვის იხდიდა საფასურს. მოპასუხე აღნიშნულ პოზიციას ამყარებს შემდეგ მტკიცებულებებზე:
6.1. 2005 წლის 14 ნოემბრის შედარების ორმხრივი აქტის თანახმად, სს „გ.ტ–ისა“ და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმა მ/წ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული ერთობლივი ინვენტარიზაციის საფუძველზე დააფიქსირეს, რომ თბილისში მოპასუხის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში აღირიცხა სს „ს.გ.ს.კ–ის“ კაბელები, შედარების აქტზე თანდართული დანართის მიხედვით. თავის მხრივ, დანართი შეიცავდა შპს „ს.რ–ის“ კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში განლაგებული სს „ს.გ.ს.კ–ის“ კუთვნილი კაბელების (ჯამში 13 ერთეული კაბელი, მისი მიმართულების, ტიპის, სიგრძის და სხვა პარამეტრების აღწერით) ჩამონათვალს 2005 წლის 1 ნოემბრისათვის;
6.2. 2006 წლის 1 იანვარს სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხე კომპანიას შორის დაიდო სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ N3 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სს „გ.ტ–ს“ მისცა უფლება მოპასუხის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ მიმართულებებზე კავშირგაბმულობის კაბელების განთავსებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების N1 დანართს წარმოადგენდა 2005 წლის 14 ნოემბრის შედარების ორმხრივი აქტის დანართი;
6.3. სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხეს შორის 2008 წლის 11 ივლისს დადებული Nსად/08-012 ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ უზრუნველყო ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, თბილისში მდებარე სატელეფონო კანალიზაციაში სს „გ.ტ–ის“ ბალანსზე რიცხული სატელეფონო კაბელების გატარება. აღნიშნული ხელშეკრულების N1 დანართს ასევე წარმოადგენდა 2005 წლის 14 ნოემბრის შედარების ორმხრივი აქტის დანართით განსაზღვრული 13 ერთეული კაბელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებებისა და, მათ შორის, 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულების საფუძველზე, სს „გ.ტ–ი“ უწყვეტად იღებდა მომსახურებას მოპასუხისაგან, აქტივების მოსარჩელისათვის გადაცემამდე;
6.4. შპს „ს–სა“ და სს „გ.ტ–ს“ შორის 2010 წლის 17 მარტს უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ ქონების ჩამონათვალში სადავო სატელეფონო საკანალიზაციო არხები არ ფიქსირდება, რაც გამორიცხავს მათზე მოსარჩელისათვის საკუთრების გადაცემას და განაპირობებს სარჩელის უსაფუძვლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სს „გ.ტ–ი“ და შპს „ს–ი“ 2010 წლის 10 მარტის N8-15/257 ერთობლივი წერილით არ მიმართავდნენ მოპასუხეს და არც მოპასუხე გამოთქვამდა არაერთგზის, მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის სურვილს;
6.5. სადავო გარემოების დადგენის მიზნით მოპასუხემ ასევე მიუთითა რკინიგზის გასწვრივ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსების და მონტაჟის 2000 წლის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხის დაკვეთით განხორციელდა არსებული საკაბელო მეურნეობის მოდერნიზება და ს.რ–ის გასწვრივ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსებისა და მონტაჟის მასშტაბური პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასევე მოიცავდა თბილისსაც.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ნოემბრის საინჟინრო დასკვნა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებები ვერ აქარწყლებდა მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების საფუძვლიანობას.
8. პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ნოემბრის N007700719 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა -მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობების (ს/კ ......., ს/კ ...... და ს/კ .......) საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისი SHIP ფაილების მიხედვით, გაცემულიყო დასკვნა, რომ აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობები მოიცავდა განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტ დანართ N1-ში მითითებულ „კანალიზაციაში კაბელების გატარების“ მისამართებს 1-დან 13-ის ჩათვლით. დასკვნის კვლევითი ნაწილისა და ექსპერტის ჩვენების მიხედვით, დასკვნის მომზადება განხორციელდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში დაცული ურთიერთშედარების მეთოდით. კერძოდ, მოსარჩელემ ექსპერტიზაზე წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს/კ ........; ს/კ ...... და ს/კ ........), აღნიშნული 3 ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო გეგმების ქაღალდისა და ელ.ვერსიები, ასევე „კანალიზაციაში კაბელების გატარების ცხრილი“, კაბელის ტიპის, მისამართისა და სიგრძის მითითებით (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი 11) და „კანალიზაციაში კაბელების გატარების“ სიაში მოცემული მისამართების შესაბამისი საკადასტრო კოდები ცხრილის სახით (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი 12). ექსპერტმა განახორციელა განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო გეგმის ელ.ვერსიის შედარება „კანალიზაციაში კაბელების გატარების“ სიაში არსებულ მისამართებთან და დაადგინა: ........ გამზ. N1-დან რკინიგზის სადგურის შენობამდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ...... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ფოცხვერაშვილის და გოგოლის ქუჩების გადაკვეთიდან კლდიაშვილის ქუჩა N15 მონაკვეთზე რეგისტრირებულია ...... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; თამარ მეფის გამზირიდან გოგოლის ქუჩების გადაკვეთა ფოცხვერაშვილის ქუჩასთან მონაკვეთზე რეგისტრირებულია ...... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ქალაქის N5 კარადიდან რკინიგზის სადგურის შენობის კუთხემდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ....... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა, თუმცა აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა არ მიდის რკინიგზის სადგურის შენობამდე, არამედ რეგისტრირებულია მხოლოდ რკინიგზის სადგურის შენობის წინ არსებულ მიწისქვეშა 16 კომპლექსამდე; ქალაქის N5 კარადიდან გოგოლის ქუჩის N..-მდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია .... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; გოგოლის ქუჩის დასაწყისიდან გოგოლის ქუჩის N..-მდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ....... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ქალაქის N5 კარადიდან მეტროპოლიტენის შენობამდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ...... და ....... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ბათუმის ქუჩის დასაწყისიდან წერეთლის გამზირამდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ..... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ბავშვთა სამყაროდან თბილისის რკინიგზის სადგურის კროსამდე მონაკვეთზე რეგისტრირებულია ........ საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა; ფოცხვერაშვილის ქუჩაზე თამბაქოს ფაბრიკის კუთხიდან გამავალი კაბელი რეგისტრირებულია ...... საკ. კოდის მქონე ხაზობრივი ნაგებობა.
9. სააპელაციო სასამართლომ დასკვნის განმარტების ჭრილში მიუთითა სასამართლო სხდომაზე ექსპერტის ჩვენებაზე, რომ მისი კვლევის საგანი არ ყოფილა სადავო სატელეფონო კანალიზაციის და ჭების კუთვნილების განსაზღვრა ან იდენტიფიცირება, არამედ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიების შესაბამისობის დადგენა „კანალიზაციაში კაბელების გატარების“ სიაში არსებულ მისამართებთან და ასევე ხაზობრივი ნაგებობების - კანალიზაციის არხის უწყვეტობის დადგენა ერთი ლოკაციიდან მეორემდე, რაც არ გამორიცხავს იმავე მისამართზე სხვა უწყვეტი ხაზობრივი ნაგებობის არსებობის შესაძლებლობასაც. ექსპერტის განმარტებით, იგი არ გასულა ადგილზე, არ შეუმოწმებია კაბელების არსებობა, საკანალიზაციო ჭების ოდენობა და დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებლის მიერ მიწოდებულ საჯარო რეესტრის მონაცემებს (იხ. 15.06.21წ სასამართლო სხდომის ოქმი).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა მოპასუხე მხარის შეფასებას, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არ შეიძლება არგუმენტირებულად მიჩნეულიყო მოსარჩელის მტკიცება 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის სს „გ.ტ–იდან“ მოსარჩელისათვის გადაცემისა და სადავო ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე N...... და N...... საკადასტრო კოდებით საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის 22 მარტი (N882010529080 და N882010529211 გადაწყვეტილებები) და უფლებისდამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 2010 წლის 17 მარტის უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და 19.03.10წ რესტიტუციის აქტი; 2010 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ფულადი ანგარიშსწორების გზით გადახდილი აქვს 17514.76 ლარი, ხოლო ვალის აღიარებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 2013 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით ანაზღაურებული აქვს 66 131.69 ლარი; 2014 წლის 26 თებერვალს მოსარჩელე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა N704/07-8 წერილით მიმართა მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის თანამშრომლების მოპასუხის სატელეფონო კანალიზაციაში, მოსარჩელის კუთვნილი კაბელების ტექნიკური პარამეტრების აღწერის მიზნით დაშვების თაობაზე, რომლის დანართს წარმოადგენდა 2005 წლის 14 ნოემბრის ერთობლივი შედარების აქტის დანართი. პალატამ მიუთითა ასევე მოსარჩელის განმარტებაზე, რომ 2014 წლის მარტის თვეში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული Nსად/08- 012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, თუმცა კონკრეტულად რა გარემოებებმა განაპირობა და რას ემყარებოდა აღნიშნული დასკვნა, არ არის მტკიცებულებით დადასტურებული.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ მიიჩნია დადასტურებულად ასევე 2014 წლის მარტის წერილით ინვენტარიზაციის შედეგების თაობაზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის ინფორმირების ფაქტი.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მის მიერ 2014 წლის მარტის თვეში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად დგინდებოდა 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის არა მოპასუხის, არამედ სს „გ.ტ–ის“ და შესაბამისად, 2010 წლის 17 მარტის უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების ფაქტი, რის თაობაზეც მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს 2014 წლის მარტში, თუმცა მოპასუხის საპირისპირო მითითებით, სადავო წერილს არ ჰქონდა თარიღი, ნომერი, არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის - კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ და არც მოპასუხე კომპანიაში მისი გაგზავნისა და ჩაბარების მტკიცებულება იყო წარმოდგენილი საქმეში. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხისათვის ცნობილი გახდა 2018 წლის 15 იანვრისა და 25 აპრილის წერილების შინაარსიდან.
13. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას 118 737.10 ლარის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით, მოსარჩელემ მოპასუხეს მხარეთა შორის 2013 წლის 1 მაისს დადებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შესახებ N13-170 და 13-171 ხელშეკრულებებისა და მოსარჩელის ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების შესახებ 2017 წლის 7 თებერვლის N17-095 ხელშეკრულების ფარგლებში გაუწია 118 737.10 ლარის მომსახურება, რის თაობაზეც ხელშეკრულებით (მოწვევის ოფერტა) გათვალისწინებული წესით გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებული აქვს მოპასუხეს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაგებლით და საქმის განხილვის ეტაპზეც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ფაქტი და მომსახურების ღირებულება, თუმცა დაეთანხმა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ-ის 442-447-ე მუხლების საფუძველზე არსებული დავალიანება, მოპასუხემ გაქვითა მხარეთა შორის ფაქტობრივად გაგრძელებული 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურში. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მოსარჩელისადმი წერილობითი მიმართვებით ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხე 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად ახორციელებდა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებებიდან, მათ შორის, 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას, რაც სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია.
15. სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის 2008 წლის 11 ივლისს დადებულ Nსად/08-012 ხელშეკრულებასა და 2009 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებში ნათლადაა გადმოცემული, რომ ანგარიშსწორება მოპასუხესთან განხორციელდება გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშფაქტურის გადაცემის შედეგად, ყოველთვიურად, საგადასახადო ანგარიშფაქტურის შემსყიდველისათვის გადაცემიდან 20 საბანკო დღის ვადაში (5.1 პუნქტი) და მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი იგზავნება ორ ეგზემპლარად. ერთი ხელმოწერილი პირი სს „გ.ტ–მა“ უნდა დაუბრუნოს მოპასუხეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოპასუხეს უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული უარი ხელმოწერაზე. თუ მოპასუხე ვერ მიიღებს ვერც აქტს და ვერც დასაბუთებულ უარს, მხარეები ცნობენ მიღება-ჩაბარების აქტს ძალაში შესულად და მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურება ძალაში შევა და მიღებულ იქნება იმ პირობებით, როგორც ეს მიღება-ჩაბარების აქტშია განსაზღვრული (5.2. პუნქტი). პალატამ აღნიშნა, რომ ამის თაობაზე პრეტენზია და შეცილება მხარეებს არ განუხორციელებიათ 2018 წლის მაის-ივნისამდე და ეს ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისთვის 83 646.45 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ფულადი ანგარიშსწორების გზით გადახდილი აქვს 17514.76 ლარი, ხოლო ვალის აღიარებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 2013 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით მოპასუხისათვის ანაზღაურებული აქვს 66 131.69 ლარი. საქმეში წარმოდგენილია მხარეებს შორის ვალის აღიარებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 2013 წლის 30 სექტემბრის შეთანხმება ყველა იმ რეკვიზიტით, რაც ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას უნდა ახასიათებდეს. ამასთან, იგი ხელმოწერილია მოსარჩელისა და მოპასუხის გენერალური დირექტორების მიერ, რაც მიუთითებს პრეზუმფციაზე, რომ ხელმომწერისათვის ცნობილია ხელშეკრულების შინაარსი და ასევე ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივი შედეგები.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გარიგების შეცილებისათვის კანონით არ არის გათვალისწინებული სპეციალური ფორმა, მთავარია შეცილებიდან აშკარად ჩანდეს, რომ დაინტერესებულ პირს არ სურს გარიგების ნამდვილობა ნების ნაკლის გამო. ამასთან, შეცილება მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია შეცილების მიღება შეცილების ადრესატის მიერ. პალატის მითითებით, როგორც თავდაპირველ, ისე დაზუსტებულ სარჩელში, ასევე სასამართლო სხდომაზეც მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა: „2014 წლის მარტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის ჭები იმთავითვე წარმოადგენდა არა მოპასუხის, არამედ სს „გ.ტ–ის“ საკუთრებას, რომელიც 2010 წლის 17 მარტს გაფორმებული N100239412 გარიგების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს, რის თაობაზეც მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს და განუმარტა, რომ 2014 წლის მარტიდან აღარ გადაიხდიდა სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის საფასურს“. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს პრეტენზია წარუდგინა 4 წლის შემდეგ (სარჩელზე თანდართული მოსარჩელის 2018 წლის 15 იანვრისა და 25 აპრილის წერილები), ხოლო სარჩელი თანხის დაბრუნების მოთხოვნით აღძრა შეცილების საფუძვლის შეტყობინებიდან 5 წლის მერე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
18. სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია შედავება საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებათა დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მტკიცებულებათა წარდგენისა და დაშვებისათვის მხარემ უნდა შეძლოს საპატიო მიზეზის დადასტურება, თუ რატომ ვერ შეძლო შუამდგომლობის მოსამზადებელ სხდომაზე დაყენება. პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა მტკიცებულებების წარდგენისა და საქმეზე დართვის თაობაზე მხარემ დააყენა მთავარ სხდომაზე, მაგრამ ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზი, თუ რატომ იყო ობიექტურად შეუძლებელი მისი მანამდე წარდგენა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
24. საკასაციო საჩივრის თანახმად:
24.1. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის 2010 წლის მარტიდან დაიდო ზეპირი ხელშეკრულება 2008 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2010 წლის 10 მარტს მოსარჩელე კომპანიამ და სს „გ.ტ–მა“ ერთობლივი წერილით მიმართეს მოპასუხეს, რომლითაც, ერთი მხრივ, შეწყვეტილ იქნა ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობა სს „გ.ტ–სა“ და მოპასუხეს შორის, მათ შორის, 2008 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებაც, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის მხრიდან გაცხადებულ იქნა მზაობა ზემოხსენებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად მიეღო/გაეწია მომსახურება მოპასუხისათვის;
24.2. ზემოაღნიშნული ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 329.1 მუხლით გათვალისწინებულ ოფერტს, რომელიც გულისხმობს შეთავაზებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლაზე მზაობის გაცხადებას. ოფერტის გაკეთება გულისხმობს ნების გამოვლენას, რომელიც ნამდვილია, თუ იგი მიღებულ იქნა მეორე მხარის მიერ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ №8-15/257 წერილი ჩაბარდა ადრესატს, შესაბამისად, უდავო გარემოებაა, რომ ნების გამოვლენა მოექცა მოპასუხის განკარგვის სფეროში და მას ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა მის შინაარსს. სსკ-ის 328.1 და 331-ე მუხლებით განმარტებულია, რომ აქცეპტის გაკეთების ფორმის დაუცველობა ან/და დაგვიანება განიხილება, როგორც ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობა. 2010 წლის 10 მარტს №8-15/257 წერილის (ოფერტის) შემდგომ მოპასუხეს არ განუცხადებია აქცეპტი შეთავაზებულ პირობებზე. შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა და გამომდინარე აქედან, მოპასუხეს მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ ვერ ექნებოდა. ის, რაც ვერ ექნებოდა, ვერც გაიქვითებოდა. ამასთან, მხარეთა შორის არ გაფორმებულა №სად/08-012 ხელშეკრულების მსგავსი წერილობითი გარიგება და, შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჩაუნაცვლებია სს „გ.ტ–ი“ აღნიშნულ ხელშეკრულებაში. მხარეთა შორის არ ყოფილა არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა;
24.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საკანალიზაციო ნაგებობების კუთვნილების ფაქტი. 2014 წლის მარტის თვეში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაცია იმთავითვე წარმოადგენდა არა მოპასუხის, არამედ - სს „გ.ტ–ის“ საკუთრებას, რომელიც 2010 წლის 17 მარტს გაფორმებული №100239412 გარიგების შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 22 მარტს (საკ. კოდი №..... და №.......). გარდა საჯარო რეესტრის ამონაწერებისა, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება სასამართლოსათვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობები სრულად მოიცავდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრაექტორიას ანუ ჯერ სს „გ.ტ–ს“, ხოლო შემდეგ მოსარჩელე კომპანიას იმთავითვე გააჩნდა საკუთარი ინფრასტრუქტურა, რომელშიც შესაძლებელი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარება მოპასუხის ინფრასტრუქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენების გვერდის ავლით;
24.4. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ექსპერტმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე განახორციელა დასკვნის მომზადება, რაც მის მტკიცებულებით ძალას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია თავად დასკვნის შედგენის მეთოდიკის ანალიზი, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობების ტრაექტორიის თაობაზე საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების დადარება მოხდა სადავო ხელშეკრულებას თანდართულ მისამართებთან ანუ ექსპერტმა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების საფუძველზე (რომელთა მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია) დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრაექტორიას სრულად მოიცავდა მოსარჩელის კუთვნილი საკანალიზაციო არხი და იმ მოცემულობის პარალელურად, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება აღნიშნულ მისამართზე მისი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და, მით უმეტეს, მოსარჩელის მიერ მისით სარგებლობის თაობაზე, უპირობოდ დგინდება, რომ სადავო კანალიზაციის არხები წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრირებულ საკუთრებას;
24.5. სასამართლომ არ დაადგინა, ნამდვილად ირიცხება თუ არა მოპასუხის საკუთრებად სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობა და ნამდვილად სარგებლობს თუ არა აღნიშნული ინფრასტრუქტურით მოსარჩელე. სასამართლოს არ დაუდგენია საკანალიზაციო არხის რეალურ დროსა და სივრცეში არსებობისა და მისით სარგებლობის ფაქტი, რაც თეორიულად მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ შემხვედრი დავალიანების დადასტურების ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა;
24.6. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით აღრიცხული აქვს რამდენიმე საკომუნიკაციო ნაგებობა - ჭებს შორის არსებული კანალიზაცია (არხი) - ათასობით ჭა და ასობით გამანაწილებელი კარადა. ყველა ამ განკუთვნად და დასაშვებ მტკიცებულებას მოპასუხემ დაუპირისპირა გასული საუკუნის სავარაუდოდ მეორე ნახევარში, უცხო ენაზე შედგენილი და საპროცესო სამართლისათვის უცნობი ე.წ. „ისტორიული მტკიცებულება“ და საკუთარი მუშაკის ზეპირი განმარტება. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და არავითარ შემთხვევაში ე.წ. „ისტორიული მტკიცებულებებით“;
24.7. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს ის მსჯელობა, რომ, ვინაიდან 2010 წლის 17 მარტის უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დანართით საკანალიზაციო არხები არ ფიქსირდებოდა, ეს გამორიცხავდა მათზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკმარისად ჩათვალა აღნიშნული ხელშეკრულება, მაშინ როდესაც სასამართლომ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ამონაწერები არ გაიზიარა;
24.8. მოპასუხის მიერ წარდგენილი, სასამართლოს შეფასებით, ე.წ. „ისტორიული მტკიცებულება“ არ შეიცავდა მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, რაც, პირველ რიგში, მიუთითებდა აღნიშნულ დოკუმენტაციათა ავთენტურობაზე, ხოლო შემდგომ - სადავო მისამართებზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობისა და მისით მოსარჩელის სარგებლობის თაობაზე. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო საკანალიზაციო არხების მოპასუხის საკუთრებაში არსებობის ფაქტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, როგორ დაადგინა სასამართლომ მოსარჩელის მიერ მისით სარგებლობის გარემოება;
24.9. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ისტორიული მტკიცებულება“ სასამართლოს საერთოდ არ უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან ა) წარმოდგენილია უცხო ენაზე თარგმანის გარეშე; ბ) წარმოდგენილია გაურკვეველი სახის ნახაზები, რომელთა შეფასებას სპეციალური ცოდნა ესაჭიროება. შესაბამისად, მხარეს უნდა წარმოედგინა სპეციალისტის ან ექსპერტიზის დასკვნა, რასაც ადგილი არ ჰქონია. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხემ - კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ე.წ. „ისტორიული მტკიცებულება“ უცხო ენაზე, რომლის გამოკვლევა/შესწავლაც სპეციალურ ცოდნას ითხოვდა, შეილახა შეჯიბრებითობის პრინციპი;
24.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ დასტურდება სადავო მისამართებზე ხაზობრივი ნაგებობის არსებობის და, მით უმეტეს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით მოსარჩელის მიერ სარგებლობის ფაქტი, რაც შესაბამისი ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდებოდა, 2010 წლიდან დღემდე არ არსებობს და არც უარსებია მოსარჩელის არანაირ ფულად ვალდებულებას, რომელიც გაიქვითებოდა მხარეთა შორის არსებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელებში;
24.11. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ნამდვილად 2013 წლის 30 სექტემბრის შეთანხება, რადგან მოსარჩელეს არ გააჩნდა ფინანსური ვალდებულება მოპასუხის კუთვნილი ინფრასტრუქტურის სარგებლობიდან გამომდინარე.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული შედავება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ. კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელე კომპანიისა და სს „გ.ტ–ის“ 2010 წლის 10 მარტის ერთობლივი წერილის საპასუხოდ, მოპასუხე კომპანიას არ განუცხადებია აქცეპტი შეთავაზებულ პირობებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს თავად აღნიშნული წერილის შინაარსიდან.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2010 წლის 10 მარტს სს „გ.ტ–მა“ და შპს „ს–მა“ N8-15/257 ერთობლივი წერილით მიმართეს მოპასუხე კომპანიას და აცნობეს, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს „გ.ტ–ი“ წყვეტდა მოპასუხესთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, ხოლო სს „გ.ტ–ის“ აფილირებული პირი - შპს „ს–ი“ გამოთქვამდა მზადყოფნას განეხორციელებინა მომსახურების უწყვეტად მიღება/მიწოდება იმავე საშუალებებითა და პირობებით, მათ შორის, ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო სს „გ.ტ–თან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელე სთავაზობდა მოპასუხეს არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისს გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება; 10 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხე კომპანიის მიერ პოზიციის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ მოპასუხე ეთანხმებოდა შესაბამისი მომსახურების მიღებას შპს „ს–ისგან“ ან/და შესაბამისი მომსახურების მიწოდებას შპს „ს–ისათვის“. ორაზროვნებისა და ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, წერილში ასევე მითითებული იქნა, რომ 2010 წლის 20 მაისამდე ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, შპს „ს–ი“ იტოვებდა უფლებას დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეეჩერებინა ან/და შეეწყვიტა ის სამართლებრივი ურთიერთობები მოპასუხესთან, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა ან/და მიღება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი).
27. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე კომპანია 10 კალენდარული დღის ვადაში არ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, წერილში ასახული ოფერტის პირობების თანახმად, აღნიშნული (დუმილი) ჩაითვლებოდა თანხმობად [მსგავს პრინციპს ითვალისწინებს ასევე სსკ-ის 335-ე მუხლიც: თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად]. ამასთან, ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას, მაგრამ მას არ უსარგებლია აღნიშნული უფლებით. კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მიერ აქცეპტის განუხორციელებლობის გამო სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების თაობაზე, უსაფუძვლოა.
28. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკანალიზაციო არხებზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ნოემბრის N007700719 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნასა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) და ასევე ექსპერტის განმარტებაზე, რომ მისი კვლევის საგანი არ ყოფილა სადავო სატელეფონო კანალიზაციის და ჭების კუთვნილების განსაზღვრა ან იდენტიფიცირება, არამედ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიების შესაბამისობის დადგენა „კანალიზაციაში კაბელების გატარების“ სიაში არსებულ მისამართებთან და ასევე ხაზობრივი ნაგებობების - კანალიზაციის არხის უწყვეტობის დადგენა ერთი ლოკაციიდან მეორემდე, რაც არ გამორიცხავს იმავე მისამართზე სხვა უწყვეტი ხაზობრივი ნაგებობის არსებობის შესაძლებლობასაც. ექსპერტის განმარტებით, იგი არ გასულა ადგილზე, არ შეუმოწმებია კაბელების არსებობა, საკანალიზაციო ჭების ოდენობა და დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებლის მიერ მიწოდებულ საჯარო რეესტრის მონაცემებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
29. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე კომპანიის მტკიცება 2008 წლის 11 ივლისის Nსად/08-012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის სს „გ.ტ–იდან“ მოსარჩელისათვის გადაცემისა და სადავო ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.
30. ზემოაღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებიც. კერძოდ, 2010 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ფულადი ანგარიშსწორების გზით გადახდილი აქვს 17514.76 ლარი, ხოლო ვალის აღიარებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 2013 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით ანაზღაურებული აქვს 66 131.69 ლარი; 2014 წლის 26 თებერვალს მოსარჩელე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა N704/07-8 წერილით მიმართა მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის თანამშრომლების მოპასუხის სატელეფონო კანალიზაციაში, მოსარჩელის კუთვნილი კაბელების ტექნიკური პარამეტრების აღწერის მიზნით დაშვების თაობაზე, რომლის დანართს წარმოადგენდა 2005 წლის 14 ნოემბრის ერთობლივი შედარების აქტის დანართი. ამასთან, კასატორის მტკიცება, რომ 2014 წლის მარტის თვეში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული Nსად/08- 012 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეფონო კანალიზაციის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან გაურკვეველია და არ არის მტკიცებულებებით დადასტურებული, კონკრეტულად რა გარემოებებმა განაპირობა და რას ემყარებოდა აღნიშნული დასკვნა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს–ს“ (ს/ნ N.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 18 მაისს №1684318020 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი