საქმე №ას-864-2023 4 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სს „ს.კ.ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „სადაზღვევო კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დამზღვევი“) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა NMO/R-028155/18 სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების - 190 858 ლარის გადახდა სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „ბანკი”) სასარგებლოდ, მოსარჩელის სახელზე გაცემული N5610497 სესხის დასაფარად.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და ბანკს შორის 2018 წლის 07 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, 60 თვის ვადით, რომლის მიზანი იყო ავტომანქანის შეძენის დაფინანსება. აღებული სესხი N5610497, რომლის მოცულობა შეადგენდა 62 000 აშშ დოლარს, უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის მიერ შეძენილი ავტომანქანის გირავნობით. ამავე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეთანხმდა სადაზღვევო პირობები, ხოლო სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც უნდა მომსახურებოდა წლის განმავლობაში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის - 5 493,29 ლარის გადახდას. ამ ხელშეკრულებით ბანკი უზრუნველყოფდა N5610497 სესხიდან წარმოშობილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ქონების, მათ შორის, აღნიშნული ქონების სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, დაზღვევის მოპოვებას, ბანკისათვის მისაღები, საქართველოში მოქმედი მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიისგან.
2.2. ბანკი მოსარჩელეს შეუთანხმდა მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში მასზე გაეცა კრედიტი, რაც არ შედიოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაში. კერძოდ, დაზღვევის კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8 160 ლარით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ით, ვადა – 60 თვით. გირავნობის ხელშეკრულებით, სხვა პირობებთან ერთად, შეთანხმებულ იქნა, რომ: გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან, ღირებულების შემცირებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, დაიკავებდა გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს (ხელშეკრულების 4.6 მუხლი). ამასთან, დამგირავებელს უფლება მიეცა, ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ანაზღაურების თანხით შეეძინა დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებდა გირვანობის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს.
2.3. მხრეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 03 ივლისს გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი R/MO-001/17-1 სადაზღვევო პირობებით. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვეულ იქნა ახლადშეძენილი ავტომანქანა (მესაკუთრე - მოსარჩელე; მარკა, მოდელი - LEXUS LX570; გამოშვების თარიღი: 01.01.2018წ.; სარეგისტრაციო ნომერი: GA111SM; საიდენტ. ნომერი: JTJHY00W1H4227862).
2.4. დაზღვევის პოლისისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით, მზღვეველს წარმოადგენდა მოპასუხე, დამზღვევს მოსარჩელე, ხოლო უფლებამოსილ მძღოლებად განისაზღვრა ყველა 40 წელს გადაცილებული პირი, რომელსაც გააჩნდა მართვის მოწმობა; შეთანხმდა ნულოვანი ფრანშიზა, ხოლო იმ მძღოლებისთვის, რომელთა მართვის გამოცდილება 2 წელზე ნაკლებია - 100 აშშ დოლარი; სადაზღვევო თანხა განისაზღვრა - 190 858 ლარით; ყოველწლიური სადაზღვევო პრემია - 5 493,29 ლარით; სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისის 24 საათამდე; დაზღვეულ რისკად განისაზღვრა: დაზღვეული ავტომანქანის მთლიანად დაზიანება ან განადგურება: ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით; დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად; სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე, კერძოდ: დაზღვეულ იქნა უფლებამოსილი მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც დგება დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირთა გარდაცვალების ან მათი ჯანმრთელობის/ქონების დაზიანების შედეგად; უფლებამოსილი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მგზავრის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალება ან მათი ჯანმრთელობის დაზიანება.
2.5. ავტოტრანსპორტის ექპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის R/MO-001/17-1 პირობებში ხაზი გაესვა დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობებს და მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობებს. ასევე, შეთანხმებულ იქნა მზღვეველთან პრეტენზიის წარდგენის წესი. დაზღვევის პირობების I ნაწილის 4.2.1 პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის სრული დაზიანების შემთხვევაში, დამზღვევი იღებს სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო თანხისა, ცვეთის კოეფიციენტის, ფრანშიზისა და დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით; იმავე ნაწილის 4.4 პუნქტის თანახმად კი, მას შემდეგ, რაც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება ავტოტრანსპორტის სრული განადგურების (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის გამო) გამო, საკუთრების უფლება ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ისევე, როგორც ნაწილობრივი დაზიანებისას ავტოტრანსპორტის დაზიანებულ ნაწილებზე, გადაეცემა მზღვეველს, შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია ხელი მოაწეროს ყველა დოკუმენტს (და შეასრულოს ყველა მოქმედება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და აუცილებელია აღნიშნული მიზნისათვის) და პირდაპირ მფლობელობაში გადასცეს მზღვეველს ავტოტრანსპორტი მის მიერ მითითებულ ადგილას. ამასთან, ხსენებული უფლების რეალიზაცია მზღვევლის მიერ შეიძლება განხორციელდეს ავტოტრანსპორტზე (მის ნაწილებზე) საკუთრების უფლების გადასვლით ან დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის (მისი ნაწილების) რეალიზაციის შემთხვევაში, ფულადი ფორმით თანხის მიღების გზით. ამასთან, ავტოტრანსპორტის (მისი ნაწილების) რეალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დამზღვევი წინასწარ ათანხმებს მზღვეველთან.
2.6. სადაზღვევო პირობების მოქმედების ვადაში, 2018 წლის 19 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც მოხდა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მართვისას, სრულად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს.
2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.11.2018წ. N007717418 ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ მოსარჩელის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა.
2.8. სადავო არ გამხდარა და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში უფლებამოსილი მძღოლი, მოსარჩელე დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით.
2.9. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტების მიერ შედგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის 09.11.2018 დასკვნის მიხედვით, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვა: მძღოლს - მოსარჩელეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება? ექსპერტმა დაასკვნა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში, მძღოლს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. იმავე დასკვნის მიხედვით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 12:10 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარში გამავალი საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე მოსარჩელე მისი მართვის ქვეშ მყოფი „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას საჭე ვერ დაიმორჩილა, დაკარგა მართვა, გადავიდა საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ხეობაში გადავარდა. ექსპერტის მოსაზრებით, ზემოთ აღწერილი მიუთითებდა იმაზე, რომ მძღოლმა მოძრაობის პროცესში ვერ გაითვალისწინა არსებული საგზაო პირობები, სწორად ვერ შეარჩია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რაც გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
2.10. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 31.12.2018წ. დადგენილების მიხედვით: 2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 12:10 საათზე, სამტრედიის რაიონ სოფელ ჭოგნარში არსებული საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ირანის მოქალაქე - მოსარჩელე მართავდა „ლექსუსის“ მოდელის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და გადავარდა ხეობაში. შედეგად, მისმა მგზავრებმა: ა.ა–მ და ა.ა–მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები. გამოძიებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: 2018 წლის 19 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დეპარამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგისტრირებულ იქნა სისხლის სამართლის N076191018001 საქმე. 2018 წლის 31 დეკემბერს მოსარჩელესთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო განრიდებით ნაკისრი პირობების შესრულების ვადაში, საჯარო ინტერესისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, გამოტანილ იქნა დადგენილება მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლებად დადგენილებაში მითითებულია შემდეგი: საქმეზე მოპოვებული ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა არ დაიწყოს, თუ ის შეესაბამება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.10.2010წ. N181 ბრძანებით დამტკიცებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, პროკურორმა გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ უნდა მიიღოს, თუ სახეზეა მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტები. მოცემულ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს მტკიცებულებით ტესტს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელემ ჩაიდინა გაუფრთხილებელი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საზოგადოებას ნაკლებ საფრთხეს უქმნის, არ არის ნასამართლევი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ზიანი ანაზღაურებულია სრულად. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი დაბალია და მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო საჯარო ინტერესი გადაწონის პირის დასჯის ინტერესს. მოსარჩელის მიმართ შეთავაზებულ იქნა განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის შეტანის პირობით, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. მასთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი. განრიდების პირობის შესრულების საბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადაში განრიდებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო.
2.11. მოპასუხის 27.02.2019წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა შემდეგი: მოპასუხის ცხელ ხაზზე გაცხადებული მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ დაკმაყოფილებას შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოპასუხის ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის R/MO-001/17-1 პირობების (რომლის თანახმადაც განხორციელდა დაზღვევა და გაიცა NMO/R-028155/18 სადაზღვევო პოლისი) ზოგადი ტერმინების თანახმად, უფლებამოსილი მძღოლი განმარტებულია შემდეგნაირად: უფლებამოსილი მძღოლი – პირი, რომელიც პოლისში განსაზღვრულია, როგორც უფლებამოსილი მძღოლი და რომლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის დროსაც ავტოტრანსპორტის დაზღვევა ძალაშია; უფლებამოსილი მძღოლი წარმოადგენს პირს, რომელიც დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მოქმედებს დამზღვევის სახელით. როგორც მზღვეველის ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან (კერძოდ, საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის 03.12.2018წ. და 15.01.2019წ. წერილები, აგრეთვე, ხსენებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით 31.12.2018წ. N0012257791 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ) ირკვევა, ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხდომილების მომენტში მოსარჩელის (უფლებამოსილი მძღოლი) მიერ მაღალი ხარისხით დარღვეულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნულმა პირმა არ გაითვალისწინა საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) და არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტომანქანის შეჯახება დამცავ ჯებირთან და ხეობაში გადავარდნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, რაც ხსენებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის უშუალო მიზეზი გახდა. შესაბამისად, უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას/ შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა. მოპასუხის ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის R/MO-001/17–1 პირობების IV ნაწილის 1.1.13 პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ იმოქმედებს და, შესაბამისად, დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ ადგილი ჰქონდა: ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანხმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას დადებითად გადაეწყვიტა ზემოხსენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი. წინამდებარე უარი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე წარდგენილ იქნა ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის R/MO-001/17-1 პირობების IV ნაწილის 12.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.12. დავის განხილვის დროისთვის დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს ჰქონდა მფლობელობაში გადაცემული, ხოლო მოსარჩელე თანახმა იყო, მასზე საკუთრების უფლება მოპასუხისათვის გადაეცა.
2.13. სადავო არ არის, რომ საბანკო მომსახურების შესახებ 03.07.2018წ. ხელშეკრულების პირობებს, რომელიც სადაზღვევო პრემიის გადახდის უზრუნველსაყოფად გაფორმდა მოსარჩელესა და ბანკს შორის, როგორც მოსარჩელე, ისე ბანკი ჯეროვნად ასრულებდნენ. შესაბამისად, ბანკს გააჩნია საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად გაცემული სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ხოლო მოსარჩელე ვალდებულია, სრულად შეასრულოს კრედიტის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის საგზაო შემთხვევის დროს მძღოლის სიფხიზლის ფაქტს. მისი განმარტებით, მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, მოსარჩელის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, თუმცა აღნიშნული დასკვნა ეფუძნება დაგვიანებით აღებული სისხლის ნიმუშის კვლევას, რომელიც არ ხდება საქართველოს კანონქვემდებარე აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საქმეში წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა 2018 წლის 19 ოქტომბერს 12:12:10 საათზე, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 112-ში შეტყობინების განხორციელებამდე (ზარის განხორციელება, როგორც წესი, არ ხორციელდება მაშინვე, მითუმეტეს ავტომანქანის ხრამში გადავარდნის დროს). სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარდგენილია ასევე მძღოლის სისხლის ნიმუშის აღების დრო. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ საპროცესო მოქმედების დაწყების დრო არის 15:00 საათი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროიდან სისხლის ნიმუშის აღებამდე გასული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.12.2013წ. N1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანების დანართი N1-ით დადგენილი 2-საათიანი ვადა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მძღოლის სიფხიზლის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ავტომობილის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას, ხოლო მე-3 ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იგივე ქმედებისთვის, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.11.2018წ. დასკვნას თან ახლავს მოსარჩელის სისხლის ნიმუშის - დალუქული კონვერტის, ფოტოილუსტრაცია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო საკვლევი ობიექტი შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ლუქის მიხედვით, სისხლის ნიმუში აღებულია 2018 წლის 19 ოქტომბერს. დასკვნაში აღწერილია კვლევის მეთოდები და პირობები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასკვნა დასაბუთებულია; ამასთან, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 15.01.2019წ. წერილის თანახმად, გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი: 2018 წლის 19 ოქტომბერს დაახლოებით 12:10 საათზე სამტრედიის რაიონის სოფ. ჭოგნარში გამავალი საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ფხიზელ მდგომარეობაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ჩოხატაურის მიმართულებით მისი მართვის ქვეშ არსებული ლექსუსის მოდელის (სანომრე ნიშნით: GA111SM) ავტომობილის უსაფრთხო მართვა, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და გადავარდა ხეობაში. მძღოლის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 87).
5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ თავი ვერ გაართვა აღნიშნული მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულებას და ვერ წარადგინა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში მძღოლის სიფხიზლესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სისხლის ნიმუშის თუნდაც დაგვიანებით აღების შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იქნებოდა, მის სისხლში მცირე ოდენობით ალკოჰოლი მაინც უნდა აღმოჩენილიყო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომენტში არ იყო ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით. აპელანტის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხდომილების მომენტში მოსარჩელემ მაღალი ხარისხით დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტომანქანის შეჯახება დამცავ ჯებირთან და ხეობაში გადავარდნა. მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, რაც ხსენებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის უშუალო მიზეზი გახდა.
7. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დღის განმავლობაში, მშრალ ამინდში. შესაბამისად, არ არსებობდა დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორი, რომლის დროსაც მძღოლმა სიფრთხილის მომეტებული ზომა უნდა გამოიჩინოს, კერძოდ, შეამციროს სიჩქარე. სადავო არ არის, რომ მძღოლი მოძრაობდა 50 კმ/სთ სიჩქარით. ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ არსებობდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული [გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ა) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ბ) გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია; გ) ღამით, ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა; დ) მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე; ე) ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ასევე სხვა ფაქტორები] ან ანალოგიური გარემოებები, რის გამოც მძღოლს მეტად უნდა გაემახვილებინა ყურადღება საგზაო უსაფრთხოებაზე.
8. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისად დასაბუთებული და წინააღმდეგობრივია. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დღის განათების პირობებში (დაახლოებით 12:10 საათზე) მოხდა, ხოლო მძღოლი დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ამასთან, მასში არ არის აღწერილი რაიმე დამატებითი გარემოება (ნალექი, გზის გაუმართაობა ან სხვა დაბრკოლება), რაც შეიძლება მძღოლს მომეტებული სიფრთხილის გამოჩენას ავალდებულებდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ რომც გაიზიაროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნა, რომ მძღოლს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, ვერაფრით დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა არ იყო გამოწვეული დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც შეიძლება გამხდარიყო მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს 04.04.2022წ. საოქმო განჩინების კანონიერებას, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკიდან ინფორმაციის (სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ბანკის პოზიცია სადაზღვევო ანაზღაურების ჩარიცხვის შემთხვევაში, გირავნობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემასთან დაკავშირებით) გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა; მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ მზღვეველი მოახდენდა ავტომანქანის ნარჩენი ღირებულების განსაზღვრას და სასამართლო ვალდებული იქნებოდა დაზღვევის პირობების 4.4.1 პუნქტიდან [თუკი ავტომანქანა დატვირთულია გირავნობით, რის გამოც შეუძლებელია საკუთრების უფლების გადასვლა მზღვეველზე, მზღვეველი უფლებამოსილია გამოქვითოს ავტომობილის ნარჩენი ღირებულება სადაზღვევო ანაზღაურებიდან] გამომდინარე, ემსჯელა ზიანის ოდენობის შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა, ზიანის ოდენობის ნაწილში სრულყოფილი შედავება განეხორციელებინა.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია და R/MO-001/17-1 დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის 4.4 და 4.4.1 პუნქტებზე დაყრდნობით [იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ ობიექტური მიზეზებით ვერ ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე/დაზიანებულ ნაწილებზე ჩვენთვის საკუთრების უფლების/მფლობელობის გადმოცემა წინამდებარე პირობით გათვალისწინებული წესით და არ შევთანხმებულვართ ავტოტრანსპორტის /დაზიანებული ნაწილების რეალიზაციის წესზე, ან/და სრულად განადგურებული ავტოტრანსპორტი დატვირთულია გირავნობით, ან/და რეგისტრირებულია სამართლებრივი შეზღუდვა/აკრძალვა, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რაც შეუძლებელს ხდის ჩვენზე საკუთრების უფლების გადმოსვლას, ჩვენ უფლებამოსილი ვართ განადგურებული ავტოტრანსპორტის /დაზიანებული ნაწილების ნარჩენი საბაზრო ღირებულება გამოვქვითოთ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურებიდან ან, თუ სადაზღვევო ანაზღაურება უკვე გაცემულია - მოვითხოვოთ ასეთი თანხების ანაზღაურება თქვენგან. ამასთან, ასეთ შემთხვევაში ნარჩენი ღირებულების განსაზღვრა ხდება ჩვენი ან ჩვენ მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მიერ] განმარტა, რომ როგორც მხარეთა შეთანხმებით დგინდება, ბანკის ინფორმაცია მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ იქონიებდა, რადგან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოიცავს მოპასუხესა და ბანკს შორის არსებულ ურთიერთობებს, რაც შესაძლოა აღნიშნული საქმისგან დამოუკიდებლად იქნეს მოგვარებული, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ მოთხოვნა ბანკს უნდა წარუდგინოს.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხემ ასევე მოითხოვა მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო საჩივრის თანახმად:
18.1. მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, მოსარჩელის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, თუმცა აღნიშნული დასკვნით არ დასტურდება ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი სისხლის ნიმუშის აღება განხორციელდა თუ არა საქართველოს კანონქვემდებარე აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია;
18.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ მძღოლის მიერ ექსპერტიზა ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.12.2013წ. N1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანების მე-3 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში, თუმცა წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული შემთხვევის მოხდენიდან რა ვადაში ჩატარდა ექსპერტიზა. შესაბამისად, არ დგინდება, დაცული იყო თუ არა დასახელებულ ბრძანებაში მითითებული 2-საათიანი ვადა;
18.3. აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარში გამავალი საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ჩოტახაურის მიმართულებით მოძრაობისას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფილიალები, სადაც უნდა მომხდარიყო სისხლის სინჯის აღება, მდებარეობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თითოეულ ფილიალამდე მისასვლელად აუცილებელია დაახლოებით 2 საათი, შესაბამისად, იყო თუ არა დაცული კანონმდებლობით განსაზღვრული 2-საათიანი ვადა, მოცემულ შემთხვევაში საეჭვოა;
18.4. დამატებით აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 31.12.2018წ. დადგენილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საქმეზე მოპოვებული ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, შემთხვევის ადგილის ფოტოტაბულა, ალკოშემოწმების დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა გამოკითხვები, აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;
18.5. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხდომილების მომენტში მოსარჩელის მიერ მაღალი ხარისხით დარღვეულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნულმა პირმა არ გაითვალისწინა საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) და არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამაც განაპირობა ავტომანქანის შეჯახება დამცავ ჯებირთან და ხეობაში გადავარდნა; მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი და რაც ხსენებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის უშუალო მიზეზი გახდა. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა;
18.6. ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად, ამასთან, იგი მართვის დროს არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა უფლება, საქართველოს კანონმდელობისა და მხარეთა შორის არსებული დაზღვევის პირობების მე-4 ნაწილის 1.1.3 და 1.1.13 პუნქტების თანახმად, უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
18.7. სადავო 04.04.2022წ. საოქმო განჩინების კანონიერებასთნ დაკავშირებით კასატორმა მიუთითა R/MO-001/17-1 დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის 4.4 და 4.4.1 პუნქტებზე და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა და ბანკი მიაწოდებდა ინფორმაციას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სესხის სრულად დაფარვა არ მოხდებოდა, აღნიშნული მიუთითებდა იმაზე, რომ გირავნობის საგნის მზღვეველისთვის გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ მზღვეველი მოახდენდა ავტომანქანის ნარჩენი ღირებულების განსაზღვრას, ხოლო სასამართლო ვალდებული იქნებოდა დაზღვევის პირობების 4.4.1 პუნქტიდან გამომდინარე, ემსჯელა ზიანის ოდენობის შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის გამო არ მიეცა შესაძლებლობა, ზიანის ოდენობის ნაწილში სრულყოფილი შედავება განეხორციელებინა.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
20. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
22. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე (მძღოლი) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
23. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.11.2018წ. დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ მოსარჩელის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა N076191018001 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე. დასკვნაში მოსარჩელის სისხლის ნიმუშის აღების ზუსტი დრო არ არის მითითებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 73-79); ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელის (მძღოლის) ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 09.11.2018წ. დასკვნა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 81-83); ხოლო, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 15.01.2019 წელს მოპასუხის მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 87); აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე არ მიუთითებს თავად მოპასუხე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ 27.02.2019წ. წერილში. არამედ, აღნიშნულ წერილში სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის პირობების დარღვევა, რაც მათი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობად იქნა შეფასებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 89-90).
24. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის/მოსარჩელის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. არამედ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საპირისპიროზე მიუთითებენ. ამასთან, თუნდაც მოცემულ შემთხვევაში დასტურდებოდეს ქსპერტიზის წინაშე წარდგენილი მოსარჩელის სისხლის ნიმუშის დადგენილი ვადის დარღვევით, დაგვიანებით აღების ფაქტი, მხოლოდ აღნიშნული გარემოება, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თუკი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპასუხე ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, სისხლის ნიმუშის დაგვიანებით აღების შემთხვევაშიც კი, მის სისხლში მცირე ოდენობით ალკოჰოლი მაინც უნდა აღმოჩენილიყო.
25. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, თუმცა 31.12.2018წ. დადგენილებით დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ. სუსგ საქმე Nას-654-2019, 26 ივნისი, 2020 წელი).
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი).
28. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი (მოსარჩელე) მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღის განმავლობაში, დაახლოებით 12:10 საათზე, მშრალ ამინდში; ხოლო, 09.11.2018წ. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, რომ არსებობდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლით გათვალისწინებული საგზაო პირობები [ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა], რაც მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას უნდა გაეთვალისწინებინა. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად კი, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და, შესაბამისად, იგი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით არ ყოფილა გამოწვეული.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა დამზღვევის მიერ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი, მოპასუხე სადაზღვევო კომპანია არ არის უფლებამოსილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე [მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით] დაყრდნობით უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
30. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2022წ. საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულების, კერძოდ კი, ბანკიდან ინფორმაციის (რომლითაც დაფიქსირებული იქნებოდა ბანკის პოზიცია გირავნობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემასთან დაკავშირებით) (იხ. ტ. 2, ს.ფ. 4) გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია აღნიშნული საოქმო განჩინება და განმარტა, რომ ბანკიდან ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან იგი შეეხება ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებულ ურთიერთობას, რაც წინამდებარე საქმისგან დამოუკიდებელია.
32. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილზე [წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით] დაყრდნობით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად ეთქვა უარი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფლებაზე, ხოლო კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
34. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 9542,9 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1542,9 ლარი და დარჩენილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს.კ.ა–ს“ (ს/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 17 ივლისის №59a საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 9542,9 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1542,9 ლარი და დარჩენილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი