Facebook Twitter

საქმე №ას-822-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება წილის ნატურით გაყოფის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით მ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ი–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, ............., საკადასტრო კოდით ......., მისი ნატურით გაყოფის გზით და მოსარჩელეს ინდივიდუალური საკუთრების უფლებით გამოეყო აღნიშნულ მისამართზე მიწის ნაკვეთი - 289 კვ.მ. და შენობა-ნაგებობები 114.85 კვ.მ., რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის №005844320 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისა და მასზე დართული გეგმის დანართ №7-სა და დანართ №8-ზე აღნიშნულია ლურჯი ფერით და წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს, აგრეთვე, ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებები განმეორებითი სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნისა და მოწმეების დაკითხვის შესახებ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში, .......... მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი ...., დაზუსტებული ფართობი 768 კვ.მ. შენობა-ნაგებობები №01, №02, №03, 2019 წლის 12 აგვისტოდან საკუთრების უფლებით ეკუთვნით მოსარჩელესა (1/2) და მოპასუხეს (1/2). აღნიშნული ქონება მანამდე რეგისტრირებული იყო ერთადერთ მესაკუთრეზე - ვ.ი–ძეზე. სამკვიდროს მიღების შემდეგ უძრავი ქონების მდგომარეობა არ შეცვლილა;

2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის N005844320 დასკვნის თანახმად, მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, 229,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობების და 578 კვ.მ. განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის საჯარო რეესტრში მათ სახელზე რიცხული ½ და ½ წილების შესაბამისად დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია ორ ვარიანტად: N7 და N8 დანართების შესაბამისად და N9, N10 და N11 დანართების შესაბამისად (მეორე ვარიანტში მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ორ ვარიანტადაა შესაძლებელი);

2.3. მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის №005844320 დასკვნის მე-7 დანართში აღნიშნულ ფართს, პირველ სართულზე 20 კვ.მ ფართობის ოთახის გამოკლებით, ასევე მეორე სართულზე 18 კვ.მ. ფართობის ოთახის უდიდეს ნაწილს;

2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის N000828122 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა, რომელთა საერთო ფართია 254,06 კვ.მ.; საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართია 229 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის - 539 კვ.მ.; წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმისა და ადგილზე ჩატარებული აზომვების მიხედვით: ა) საინვენტარიზაციო გეგმასა და საკადასტრო გეგმაზე არ არის დატანილი საცხოვრებელი შენობის ნაწილი, ფართით 3,76 კვ.მ., რომელიც სავარაუდოდ შემდეგ არის მიშენებული (მწვანე ფერით); ბ) საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო გეგმაზე არ არის დატანილი ეზოში მდებარე საპირფარეშო, ფართით 1,03 კვ.მ.; გ) საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო გეგმაზე შეცდომით არის მითითებული შენობა-ნაგებობების ნუმერაცია, კერძოდ, ნაკვეთის სამხრეთით მდებარე ორივე დამხმარე ნაგებობას მინიჭებული აქვს N3 (უნდა იყოს N2 და N3). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხდეს გამიჯვნის შესაძლებლობის განხილვა, აუცილებელია მიწის კორექტირებული აზომვითი ნახაზის მომზადება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო ხარვეზების გამოსწორებამდე შეუძლებელია გამიჯვნის ვარიანტების მომზადება. პრაქტიკულად ყველა გამიჯვნის შემდგომ საჭიროა რიგი სარემონტო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ საზიარო საგანზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმება. მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას ითხოვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის N005844320 დასკვნის შესაბამისად.

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა 2020 წლის 28 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის დანართი N7-ისა და დანართი N8-ის მიხედვით განსაზღვრული საზიარო უფლების გამიჯვნის ფორმა. პალატის მითითებით, დასკვნით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, 229,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობების და 578 კვ.მ. განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის საჯარო რეესტრში მათ სახელზე რიცხული ½ და ½ წილების შესაბამისად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილად ასახავს უძრავი ნივთის ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოთავაზებული გამიჯვნის ვარიანტებიც ემყარება ამ მდგომარეობას, რაც გადამწყვეტია საზიარო უფლების გაუქმების პირობებში.

5. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის N000828122 ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც მოპასუხეს სურს საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შეუძლებლობის შესახებ ფაქტობრივი მოცემულობის დადასტურება, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული გარემოებები 1,03 კვ.მ., და 3,76 კვ.მ. ფართების დაუტანლობის გამო გამიჯვნის შეუძლებლობის შესახებ ვერ იქნება გადამწყვეტი, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილად ასახავს უძრავი ნივთის ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოთავაზებული გამიჯვნის ვარიანტებიც ემყარება ამ მდგომარეობას, რაც გადამწყვეტია საზიარო უფლების გაუქმების პირობებში.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მის მიერ გაზრდილი იყო შენობა-ნაგებობის ფართი, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა შეიცვალა. აღნიშნულის დასტურად მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საზიარო უფლების გაუქმება ხდება იმ რეგისტრირებული წილების შესაბამისად, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ნახაზი არ არის უფლების დადგენის ცალსახა და უცილო დოკუმენტი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტი არის საქმეზე წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობები, რის საფუძველზეც მოდავე მხარეებმა მიიღეს აწ გარდაცვლილი ვ.ი–ძის სამკვიდრო - სადავო ქონების ½-½ ნაწილი, რომელიც აისახა კიდეც სხვადასხვა დროს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერებში. სწორედ დაფიქსირებულ წილებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მხარეთა საკუთრება ფაქტობრივი მოცემულობით და როგორც სახლზე, ისე მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლება უნდა გაიყოს წილების მიხედვით.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევაში ერთ-ერთ მესაკუთრეს უფრო მეტი ფართი დარჩება, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მე-7 დანართის მიხედვით ქონების გაყოფის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების გამიჯვნა შესაძლებელია ზუსტად ორ ტოლ ნაწილად - 114,85 კვ.მ. ფართის ნაწილებად, ხოლო იმავე დასკვნის მე-8 დანართის მიხედვით, მიწის ნაკვეთების გამიჯვნაც ასევე შესაძლებელია ზუსტად ორ ტოლ ნაწილად - 289 კვ.მ. ნაწილებად. ამასთან, ამგვარი დაყოფა მაქსიმალურად მიახლოებულია მხარეთა მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობის მდგომარეობასთან. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობა-ნაგებობას, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ორივე მხარის ექსპერტის მიერ მიჩნეულ იქნა კანონთან შეუსაბამოდ და მათი განმარტებით, იგი არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ნაწილში.

9. რაც შეეხება აპელირებას, რომ საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევაში საჭირო იქნება მთელი რიგი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, პალატის მითითებით, ორივე მხარის ექსპერტმა აღნიშნა და ეს ყველა გონივრულად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ საზიარო უფლების გაუქმება პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამგვარი სამუშაოების გარეშე. შესაბამისად, სასამართლომ მოცემული არგუმენტი საზიარო უფლების გაუქმების დამაბრკოლებელ გარემოებად არ მიიჩნია.

10. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოება: მოდავე მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შესაძლებლობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის N005844320 დასკვნითა და მისი დანართი N7-ის და დანართი N8-ის მიხედვით დასტურდება სსკ-ის 963-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგისათვის საჭირო ორივე წინაპირობის არსებობა.

11. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ასევე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე, ამავე თარიღის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მოწმეების დაკითხვას მოითხოვდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომ დადგენილიყო სადავო უძრავ ქონებაზე მოდავე მხარეების საკუთრების უფლება, კერძოდ, თუ ვის რა ეკუთვნოდა. პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგანს საზიარო უფლების ნატურით გაუქმება და არა საკუთრების უფლების დადგენა წარმოადგენს. ხოლო, ის გარემოებები, რომელთა დასადასტურებლადაც მხარე მოითხოვს მოწმეების დაკითხვას, დადასტურებულია ისეთი პირდაპირი მტკიცებულებით, როგორიცაა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვას არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის, მოწმეთა ჩვენებებს შემხებლობა ვერ ექნებოდა დავის საგანთან და მათი დაკითხვა მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას გამოიწვევდა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატა დაეთანხმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადავო გარემოებების სამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელთაგან ერთ-ერთი - მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის N005844320 დასკვნაა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის სრული, არ არის გაურკვეველი და ამასთან, დაუსაბუთებელი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განმეორებითი და დამატებითი საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება.

14. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 102.2 მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა მიეკუთვნება რა მტკიცებულების სახეს, მისი მოპოვება შესაძლებელია ასევე მხარის ინიციატივით. შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო სასამართლოსათვის საკუთარი ინიციატივით წარედგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის N000828122 ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შეუძლებლობის შესახებ.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

20. საკასაციო საჩივრის თანახმად:

20.1. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მის მიერ რეალურად გაზრდილი იყო შენობა-ნაგებობების ფართი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა ნამდვილად შეიცვალა, რის გამოც იყო დაყენებული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე განმეორებითი სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე საცხოვრებელი სახლის ფართების რეალურად დადგენის მიზნით, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნაზე უარით დაირღვა მოპასუხის საპროცესო უფლება, ასევე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რაც გათვალისწინებულია, ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლით;

20.2. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა მთელი რიგი საკონსტრუქციო სამუშაოები, რადგანაც ორივე მხარის ექსპერტმა აღნიშნა და ეს ყველაფერი გონივრულად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საზიარო უფლების გაუქმება პრაქტიკულად წარმოდგენილი იყო (არის) ამგვარი სამუშაოს გარეშე. ექსპერტიზის შეფასება და არგუმენტი არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და საქმის რეალური მდგომარეობიდან;

20.3. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევაში ერთ-ერთ მესაკუთრეს (მოსარჩელეს) უფრო მეტი ფართი დარჩება. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, ერთ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის საერთო ფართია 229.70 კვ.მ., მეორე შემთხვევაში - 254.06 კვ.მ.; ანუ სხვაობა არის 24.36 კვ.მ. (254.66 კვ.მ. - 229.70 კვ.მ.). სასამართლოს არ დაუდგენია, საიდან წარმოიშვა აღნიშნული სხვაობა. ექსპერტს (ნ. სვანიძეს) დასკვნაში მითითებული აქვს, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოპოვებული ინფორმაციით, განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 539 კვ.მ.-ს, ასევე მითითებულია განმცხადებლის მითითებით (ე.ი. მოსარჩელე), რომ N2 შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართი გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთის ფართში, რის გამოც განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართი გახდა 578 კვ.მ. (გაიზარდა), ე.ი. მოიმატა 38 კვ.მ.-ით (539 კვ.მ. + 38 კვ.მ.). მეორე ექსპერტის (ი. ი–ის) დასკვნაში, საკადასტრო გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართი შეადგენს 229,70 კვ.მ.-ს, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართი - 539 კვ.მ.-ს. ე.ი. სახეზეა ორი ექსპერტის მიერ სხვადასხვა ხასიათის, შინაარსის დასკვნა. ერთ შემთხვევაში ექსპერტი ამბობს: განაშენიანების ფართია 229.70 კვ.მ., მეორე შემთხვევაში - საჯარო რეესტრში მოძიებული დოკუმენტაციით არის 229 კვ.მ. აქაც არის ცდომილება. ორივე ექსპერტმა საჯარო რეესტრიდან მოძიებულ დოკუმენტებში სხვადასხვა ფართი მიუთითა. აქაც ცდომილებაა, 0.70 კვ.მ. დასადგენი იყო, რომელ დასკვნაში მითითებული ფართია რეალური და რატომ გაიზარდა 539 კვ.მ. მიწის ფართი 38 კვ.მ.-ით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არ უმსჯელია და არც მიზეზი გამოურკვევია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაუდგენელი დარჩა. ასეთ შემთხვევაში, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოპასუხის შუამდგომლობაზე განმეორებითი სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე უარი არის არასწორი და დაუსაბუთებელი, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორად, არასრულყოფილად დადგენა, შეფასება;

20.4. მოცემულ შემთხვევაში ზედმეტი ფართი, რომელიც ფაქტობრივად მოსარჩელის მფლობელობაშია, საერთო საკუთრებად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც ასევე თანაბრად უნდა გაყოფილიყო, გამიჯნულიყო, რაც არ მომხდარა;

20.5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სახლის გაყოფა იმგვარად, რომ მოპასუხის კუთვნილი წილი სრულიად შევსებულიყო;

20.6. სააპელაციო სასამართლომ ისე შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ არ ჩაატარა მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედება - ექსპერტიზის დანიშვნა (რითაც არასწორად არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა), რის გამოც დაუდგენელი და შეუფასებელი დარჩა ისეთი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც გადამწყვეტი იქნებოდა (იქნება) ფართების თანაბრად - სამართლიანად გასაყოფად;

20.7. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ, სსსკ-ის 173-ე მუხლი (დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა), მით უფრო, რომ არსებობს რამდენიმე (სამი) ექსპერტის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში და ეწინააღმდეგება ერთმანეთს (სსსკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

21. განსახილველ საქმეში დავის საგანია მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 961.1 მუხლი: თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება].

22. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 963-ე მუხლი: საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით] და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია [სსკ-ის 964.1 მუხლის პირველი წინადადება: თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით].

23. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

24. საკასაციო პალატის განმარტებით, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 28 სექტემბრის N005844320 დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, 229,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობების და 578 კვ.მ. განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის საჯარო რეესტრში მათ სახელზე რიცხული ½ და ½ წილების შესაბამისად დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია ორ ვარიანტად: N7 და N8 დანართების შესაბამისად და N9, N10 და N11 დანართების შესაბამისად (მეორე ვარიანტში მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ორ ვარიანტადაა შესაძლებელი) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი).

26. ასევე საქმეშია განთავსებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის N000828122 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა, რომელთა საერთო ფართია 254,06 კვ.მ.; საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართია 229 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის - 539 კვ.მ.; წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმისა და ადგილზე ჩატარებული აზომვების მიხედვით: ა) საინვენტარიზაციო გეგმასა და საკადასტრო გეგმაზე არ არის დატანილი საცხოვრებელი შენობის ნაწილი, ფართით 3,76 კვ.მ., რომელიც სავარაუდოდ შემდეგ არის მიშენებული (მწვანე ფერით); ბ) საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო გეგმაზე არ არის დატანილი ეზოში მდებარე საპირფარეშო, ფართით 1,03 კვ.მ.; გ) საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო გეგმაზე შეცდომით არის მითითებული შენობა-ნაგებობების ნუმერაცია, კერძოდ, ნაკვეთის სამხრეთით მდებარე ორივე დამხმარე ნაგებობას მინიჭებული აქვს N3 (უნდა იყოს N2 და N3). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხდეს გამიჯვნის შესაძლებლობის განხილვა, აუცილებელია მიწის კორექტირებული აზომვითი ნახაზის მომზადება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო ხარვეზების გამოსწორებამდე შეუძლებელია გამიჯვნის ვარიანტების მომზადება. პრაქტიკულად ყველა გამიჯვნის შემდგომ საჭიროა რიგი სარემონტო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4 ქვეპუნქტი).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

28. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

29. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა ნატურით გაყოფის გზით დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე. ხოლო მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა სადავო ფაქტი. მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შეუძლებლობის ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული გარემოებები 1,03 კვ.მ. და 3,76 კვ.მ. ფართების დაუტანლობის გამო გამიჯვნის შეუძლებლობის შესახებ ვერ იქნება გადამწყვეტი და ვერ გააბათილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.

31. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის საოქმო განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, რომელიც არის სრული, არ არის გაურკვეველი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება საწინააღმდეგო გარემოება, შესაბამისად, სახეზე არ არის დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება [სსსკ-ის 173-ე მუხლი: თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები], რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აღნიშნული საოქმო განჩინების ძალაში დატოვების ნაწილში დასაბუთებულია.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს მ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ნ.გ–ის (პ/ნ ......) მიერ 2023 წლის 21 ივლისის №30821005 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი