Facebook Twitter

საქმე №ას-633-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.ფ–ვი, ნ.ფ–ვა (მოსარჩელეები, მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ს.ფ–ვის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე”, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში” ან „პირველი კასატორი”) და ნ.ფ–ვას (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე”, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში” ან „მეორე კასატორი”) სააპელაციო საჩივარი, ასევე, სს „მ.ლ–ის” (შემდგომში - „მოპასუხე” ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში”) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 3.1 (მოსარჩელეთათვის მოპასუხის სასარგებლოდ წინსწრებით დაფარვის საკომისიოს - 914,73 ლარის დაკისრების ნაწილში), 3.2, 3.3, 3.4 ქვეპუნქტების, ასევე, მე-4 და მე-5 პუნქტების ნაწილში, და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

- მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელეთათვის 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წინსწრებით დაფარვის საკომისიოს - 914,73 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 46 700 ლარზე წლიური 16%-ის გადახდა, 2021 წლის 22 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 2030 წლის 18 იანვრისა;

- მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 46 700 ლარზე 2021 წლის 22 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,01%-ის გადახდა;

- 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეთა დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, სოფელი ………… (ს.კ. …….). იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს მოპასუხის წინაშე არსებულ მოსარჩელეთა დავალიანებას, დადგინდა აღსრულების მიქცევა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა არაუზრუნველყოფილ ქონებაზე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

(საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელეთა სარჩელი მოპასუხის მიმართ 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელეთა მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210035383) გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 46 700 ლარის, სარგებლის - 9 337,82 ლარის, ჯარიმის - 2 194,9 ლარისა და წინსწრებით დაფარვის საკომისიოს - 914,73 ლარის გადახდა;

- 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეთა დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, …….. (ს.კ. …….). იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს მოპასუხის წინაშე არსებულ მოსარჩელეთა დავალიანებას, დადგინდა აღსრულების მიქცევა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა არაუზრუნველყოფილ ქონებაზე;

- სასარჩელო მოთხოვნა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა).

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 16.07.2020 წელს დაიდო N200452554 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სასარგებლოდ გაიცა სესხი 41 000 ლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 24%-ის დარიცხვის პირობით; ვადაგადაცილების საკომისიო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,25%-ით; სესხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა მეორე მოსარჩელის უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი), მდებარე: თბილისი, ………., ს.კ. ……. (ხელშეკრულების მე-4 მუხლი) (ტ. 1, ს.ფ. 35-61).

2.2. მსესხებლებმა დაარღვიეს 16.07.2020წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ.

2.3. 16.07.2020წ. ხელშეკრულების რეფინანსირების მიზნით, 2021 წლის 21 იანვარს მხარეთა შორის დაიდო N210035383 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეების, როგორც მსესხებლების, სასარგებლოდ გაიცა სესხი 46 700 ლარის ოდენობით, 108 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 24%-ის დარიცხვის პირობით; სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო განისაზღვრა 2%-ით, ხოლო ვადაგადაცილების საკომისიო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,25%-ით; ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, 2021 წლის 18 მაისიდან;

2.4. ხელშეკრულების 1.6 პუნქტის თანახმად, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მოპასუხის სესხის რეფინანსირება;

2.5. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მეორე მოსარჩელის უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი), მდებარე: თბილისი, ………. (ს.კ. …….);

2.6. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში (იმ მოცულობით), რასაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა გასწვდებოდა. ხოლო, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის გადახდევინება მიექცეოდა მსესხებლის კუთვნილ ნებისმიერ (არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე, რისთვისაც იპოთეკარს უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის;

2.7. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, თავისი შეხედულებისამებრ აერჩია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღსრულების მეთოდი (საშუალება), რასაც თავისი მოთხოვნის ყველაზე უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნევდა (ტ. 1, ს.ფ. 16-34, 134-135).

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელით სადავოდაა გამხდარი მხარეთა შორის 21.01.2021წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეულია ის ფაქტი, რომ გარიგება დადებულია მოტყუებით, უფრო კონკრეტულად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული გარიგების დადებისას მოსარჩელეთა მოტყუების ნაწილში ემყარება იმ ფაქტს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა მათ არ გადასცემიათ, მოპასუხეს მათთვის სადავო ხელშეკრულების არსებითი პირობები არ უცნობებია, მეორე მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე, 103.1 და 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო გარიგების დადების დროს მოსარჩელეთათვის სასურველი ნების გამოვლენაში მოპასუხის მხრიდან ხელისშემშლელი გარემოებების არსებობა, რის საფუძველზეც სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეთათვის მცდარი წარმოდგენის შექმნით მოპასუხემ გავლენა მოახდინა გარიგების დადებისას მათი თავისუფალი ნების ფორმირებასა და გამოხატვაზე.

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს არ გადასცემიათ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის მიზანზე, რაც მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანების რეფინანსირებაა. სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ სადავო გარიგების დადებამდე მხარეთა შორის არსებობდა 16.07.2020წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა მოსარჩელეებს აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეული ჰქონდათ. შესაბამისად, შედავება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს სადავო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის თანხა არ გადასცემიათ, გარიგების მოტყუებით დადებულად ცნობისთვის საკმარის და სათანადო საფუძვლად ვერ მიიჩნევა.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის საფუძვლად ასევე ვერ გამოდგება მითითება, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთათვის სადავო ხელშეკრულების არსებითი პირობები არ უცნობებია. ამ კუთხით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით. ამასთან, საქმის მასალებში წარდგენილია ხელშეკრულების როგორც ქართულენოვანი, ასევე, რუსულენოვანი თარგმანი, ორივე ხელშეკრულება დამოწმებულია მსესხებლების მიერ (მოსარჩელეთა ხელმოწერით). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსთან გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება. ნების გამომვლენს ნოტარიუსი განუმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანმდევ შედეგებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე გაცნობილი იყო და მას გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის საფუძველია თავად სადავო ხელშეკრულებაში არსებული ნოტარიუსის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, მეორე მოსარჩელემ განაცხადა, რომ ფლობს მხოლოდ რუსულ ენას და მისი სურვილით თარჯიმნის მოვალეობას შეასრულებს თარჯიმანი ე.გ–ნი.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად ვერ განიხილება განმარტება, რომ მეორე მოსარჩელე არ ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. საქმის მასალებში წარდგენილია რუსულ და ქართულ ენაზე შედგენილი სანოტარო აქტები - რწმუნებულებები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 184-185), რომლითაც მეორე მოსარჩელემ, როგორც მარწმუნებელმა, გასცა რწმუნებულზე შესაბამისი უფლებამოსილებები. აღნიშნული ფაქტი თავისთავად გამორიცხავს საკომუნიკაციო ენის არცოდნის თაობაზე გაჟღერებული არგუმენტის საფუძვლიანობას.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - ყოველთვიურად გადაეხადა სესხის დაფარვის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული თანხა, ჯეროვნად არ შეასრულა. სესხის ხელშეკრულების დადებიდან მალევე მოვალემ სესხის დაფარვა შეწყვიტა. მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში სადავო არაა, ამ ფაქტს აღიარებს თავად მოვალეც, რომლის განმარტებით, მისი ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ვეღარ შეძლო სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, განსახილველ დავაზე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია და მტკიცებას არ საჭიროებს. გარემოებათა ეს ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ბანკმა სესხის ხელშეკრულება სსკ-ის 873-ე მუხლის წინაპირობათა დაცვით შეწყვიტა. მსესხებელთა მხრიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა კი, მათთვის როგორც ძირითადი თანხის, ასევე, დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მსესხებელთათვის დავალიანების ძირი თანხის - 46 700 ლარისა და სარგებლის - 9 337,82 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს - 914,73 ლარის მოსარჩელეებისათვის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ხელშეკრულებით სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო განისაზღვრა 2%-ით, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადგილი აქვს მსესხებლების მიერ თანხის წინსწრებით დაფარვის ფაქტობრივ მოცემულობას, რაც ხელშეკრულების თანახმად საკომისიო დაკისრების პირობას აამოქმედებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სახეზე იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

10. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად ვერ დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს (შდრ. სუსგ Nას-725- 693-2014, 03.07. 2015 წ.).

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებელთან ერთად, ასევე, უნდა დაეკისროთ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილი ზიანი, რაც მოცემულ შემთხვევაში წლიურად 16%-ით (და არა 24%-ით) უნდა განისაზღვროს, რაც სრულ შესაბამისობაშია მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე დადგენილ საპროცენტო განაკვეთთან.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო (2 194,9 ლარი) გონივრულია. ხოლო, პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე აპელანტების მითითებას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს, როგორც „ე.წ. პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ სადავო საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია მოცემულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში. დასახელებული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

14. სააპელაციო პალატამ მიუთითა 21.01.2021წ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-5 პუქტზე, რომლის შესაბამისად, მსესხებლებს პირგასამტეხლო ერიცხებათ ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე და აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასმტეხლოს დაკსირების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 0,01% მიიჩნია.

15. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1, 301.1, 301.11 მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციისა და აღსრულების წესის განსაზღვრის ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო საჩივრის თანახმად:

22.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელეთა მიერ მითითებულ პოზიციებზე. პირველი მოსარჩელე ნაწილობრივ, ხოლო მეორე მოსარჩელე საერთოდ არ ფლობს ქართულ ენას, რაც სასამართლო სხდომებზეც დადასტურდა. ისინი საერთოდ ვერ გაერკვეოდნენ ხელშეკრულების არსში და მის შედეგებში;

22.2. ხელშეკრულება დადებულია კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, ხელშეკრულების დადებისას დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნა, მოსარჩელეთა ნება სრულყოფილად არ ყოფილა გამოვლენილი. მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი არ ნიშნავს, რომ მათ გონივრული განსჯის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება;

22.3. გარდა ამისა, ხელშეკრულება დაიდო ფორმის დაუცველად. მის დადებას არ ესწრებოდა თარჯიმანი. შესაბამისად, ბათილი გარიგების არსებობისას მხარეებს თავიანთი ქონება უბრუნდებათ და ზიანი არ აუნაზღაურდებათ, ამასთან, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტები და საურავები დაეკისრებათ, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;

22.4. სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა კასატორების მდგომარეობა, რომ ისინი არ ფლობენ ქართულ ენას და ხელშეკრულების დადებისას სავალდებულო იყო თარჯიმნის მონაწილეობა. მათ ვერ გაიგეს რა პროცენტით გაიცა სესხი და რა მოჰყვებოდა სესხისა და პროცენტის გადაუხდელობას. ამასთან, ისინი არიან სოციალურად დაუცველი პირები და ბანკს უფლება არ ჰქონდა ასეთ პირებზე გაეცა სესხი და მათი ერთადერთი საცხოვრებელი იპოთეკით დაეტვირთა;

22.5. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და კასატორებს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა დაეკისროთ.

23. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. იგივე შინაარსისაა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი.

24. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. იმავე კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

25. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.

27. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის გამო, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ნოტარიუსმა სანოტარო აქტზე ხელმოწერისას მხარეს სათანადოდ არ გააცნო სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოსარჩელე ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს, ამ უკანასკნელს ეკისრება. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარე, რომელმაც არ იცის სანოტარო მოქმედების შესრულების ენა, თავად არის ვალდებული მიუთითოს ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოშობს სანოტარო მოქმედების თარჯიმნის მონაწილეობით შესრულების ვალდებულებას.

28. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო აქტის) თანახმად, მეორე მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსს განუცხადა, რომ ფლობდა მხოლოდ რუსულ ენას და მისი სურვილით თარჯიმნის მოვალეობა შეასრულა თარჯიმანმა ე.გ–ნმა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15); აღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია ორ - ქართულ და რუსულ ენაზე და მეორე მოსარჩელე ხელშეკრულების ორივე ვარიანტს ხელს აწერს რუსულ ენაზე, ამასთან, მათ ასევე ხელს აწერს თარჯიმანი ე.გ–ნი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 14-34). მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ ხელშეკრულების დადებას თარჯიმანი არ ესწრებოდა. რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სანოტარო აქტის შედგენისას მან ნოტარიუსს განუცხადა ქართული ენის სათანადოდ არცოდნისა და თარჯიმნის საჭიროების შესახებ.

29. გარდა ამისა, 21.01.2021წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეებს ეცნობათ სადავო გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, რაც მათ ხელმოწერით დაადასტურეს [ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წაუკითხა მხარეებს და განუმარტა: ა) ხელშეკრულების შინაარსი; ბ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-310-ე და 627-ე მუხლების შინაარსი, რის შემდეგაც მხარეებმა ნოტარიუსის თანდასწრებით წაიკითხეს ხელშეკრულება და პირადად მოაწერეს მას ხელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15)]; ხელშეკრულება საჯარო აქტის ფორმით დაიდო, ხოლო მოსარჩელეებს ხელმოწერების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მოსარჩელეები სანოტარო აქტზე ხელმოწერამდე გაეცნენ მის შინაარსს და მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი. კასატორებს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

30. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი; ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 225-228).

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ფ–ვის და ნ.ფ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. კასატორს ს.ფ–ვს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 225-228);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი