ბს-1027-991(2კ-08) 31 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
12.04.06წ. სს “მ.-მა” ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ სს “მ.-სათვის” წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის უკანონოდ ცნობა და 96 216 ლარის ოდენობით უკანონოდ გადახდევინებული გადასახადის თანხის დაბრუნება მოითხოვა. სს “მ.-მა” შემდეგში დააზუსტა მოთხოვნა და დამატებით 21.02.06წ. კამერალური შემოწმების აქტის ბათილად ცნობაც მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.02.07წ. გადაწყვეტილებით სს “მ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 25.01.06წ. ¹117 საგადასახადო მოთხოვნა და ამავე ინსპექციის 21.02.06წ. კამერალური შემოწმების აქტი, სს “მ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 54 829.09 ლარი, აქედან 25 920. 16 ლარი მიწის გადასახადი, 7295.12 ქონების გადასახადი და მასზე დარიცხული საურავი – 6128.21 ლარი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადი 200 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 2004.40 ლარი, სოციალური გადასახადი 500 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 1086.80 ლარი, დღგ 4000 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 8 694.40 ლარი. მითითებული იქნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა. ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ზედმეტად გადახდევინებული თანხა 95 170.91 ლარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 18.07.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.02.07წ. გადაწყვეტილება სს “მ.-სათვის” მიწის გადასახადის საურავის გაუქმებისა და ზედმეტად გადახდევინებული გადასახადის თანხის დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “მ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა მიწის გადასახადის საურავის და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “მ.-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიწის გადასახადის საურავი 45 947.43 ლარის ოდენობით. მითითებული იქნა, რომ აღნიშნული თანხა საწარმოს გადახდილი ჰქონდა. ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “მ.-სათვის” დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი 49 222.57 ლარი. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და სს “მ.-მა”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, სს “მ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.07წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიწის გადასახადის საურავის 45 943. 47 ლარის სს “მ.-სათვის” დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.07წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.08წ. გადაწყვეტილებით ფოთის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 08.02.07წ. გადაწყვეტილება სს “მ.-სათვის” მიწის გადასახადის საურავის გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “მ.-ის” სარჩელი მიწის გადასახადის საურავის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “მ.-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიწის გადასახადის საურავი 13 263.8 ლარის ოდენობით. მითითებული იქნა, რომ ხსენებული თანხა გადახდილია. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.