საქმე №ას-1377-2019 21 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომპენსაციისა და პროცენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) და სს „თ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
1.2.1. 2012 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 182656 ლარისა და 80 თეთრის გადახდა;
1.2.2. 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 203033 ლარისა და 68 თეთრის გადახდა;
1.2.3. 2014 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 97371 ლარისა და 67 თეთრის გადახდა;
1.2.4. 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 103464 ლარისა და 15 თეთრის გადახდა;
1.2.5. 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 101541 ლარისა და 27 თეთრის გადახდა;
1.2.6. 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 55452 ლარისა და 91 თეთრის გადახდა, სულ 743520 ლარისა და 48 თეთრის გადახდა;
1.3. სარჩელი 2003-2011 წლებში გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ მოპასუხის მიმართ 1337378 ლარისა და 74 თეთრის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.4. სარჩელი მოპასუხის მიმართ მიუღებელ თანხაზე დარიცხული კანონისმიერი პროცენტის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ქსელი. მოსარჩელე არ არის განაწილების ლიცენზიატი და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს ელექტროენერგია.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს მისი კუთვნილი ელქსელით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის (ელენერგიის გატარების საფასურის) გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი.
4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ძირითად არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლი დღევანდელი რედაქციით ჩამოყალიბდა 21.06.2011წ. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე და მას არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა სადავო პერიოდზე - 2003 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით - უკანონოდ დაზოგილი ელექტროენერგიის გატარების საფასურის დაკისრების მოთხოვნაზე მსჯელობისას, პალატამ განმარტა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიღებულ იქნა 26.06.1997წ. და ამოქმედდა 25.11.1997 წლიდან. მისი 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობს 2003 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე სამოქალაქო კოდექსის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში კოდექსის ნორმებზე მითითების მოგვიანებით ასახვა, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონები არ შეიცავდა სამოქალაქო კოდექსის გამოყენების გამომრიცხავ რაიმე რეგულაციას, არ შეიძლება შეფასდეს კანონის გამოყენებაზე უარის თქმის წინაპირობად.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 25.07.2003წ. მიღებული №32/2 გადაწყვეტილება მოსარჩელის წევის ქვესადგურებით ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ცალკეული ლიცენზიატებისათვის გაწეული ელექტროენერგეტიკული მომსახურების ანაზღაურების შესახებ ადგენდა ყველა ცალკეული ლიცენზიატისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ზემოაღნიშნული მომსახურებით, გაწეული მომსახურების საფასურის მოსარჩელისათვის გადახდის წესს, რაზეც მათ ყოველწლიურად, წლის სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით, უნდა გაეფორმებინათ მოსარჩელესთან შესაბამისი ხელშეკრულებები (ტ.1, ს.ფ. 33-36). პალატამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მოდავე მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულებები დადებული არ ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობდა მის საფუძველზე დავის დარეგულირების საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი 2003-2011 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად მიიჩნია.
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, ელექტრონერგიის გატარების საფასური გამოიანგარიშება ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით და გადაიხდება ყოველთვიურად, შესაბამისად, ელ.ენერგიის გატარების საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად გამოიყენა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო მითითებულ პერიოდში (2003-2011 წლებში), როდესაც მოპასუხემ არ გადაიხადა კომპენსაცია ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 11.12.2014წ. (ტ.1,ს.ფ.1) ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება მოპასუხის 27.03.2006წ., 22.04.2010წ. და 01.12.2010 წერილებს (ტ.4, ს.ფ.37,38; 41; 46,47), რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებდა თავის სააპელაციო საჩივარში, სასამართლომ ისინი არ შეაფასა ვალის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. პალატის განმარტებით, მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. სადავო წერილები არ შეიცავს კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდის ნების გამოხატულებას, საუბარია ე.წ. ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული დოკუმენტები მიჩნეული იქნებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია აღნიშნული წერილების შედგენის თარიღებიდანაც, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში აღძრულია მხოლოდ 11.12.2014წ. (ტ.1,ს.ფ.1). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი 2003-2011 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის საფუძვლით მართებულად არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 01.01.2014წ.-დან ამოქმედდა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. №15 დადგენილება (შემდგომში „№15 დადგენილება“), რომლითაც დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). №15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიურ (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა:P = (A * K) / (S)).
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ №15 დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულების, ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობისა და ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის 2012 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 182 656 ლარსა და 80 თეთრს; 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 203 033 ლარსა და 68 თეთრს; 2014 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 97 371 ლარსა და 67 თეთრს; 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 103 464 ლარსა და 15 თეთრს; 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 101 541 ლარსა და 27 თეთრს; 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 55 452 ლარსა და 91 თეთრს. ანუ, 2012 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს სულ 743 520 ლარსა და 48 თეთრს. პალატამ აღნიშნა ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა მოპასუხის მომსახურების ზონაში მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და, რომელშიც ასახულია მომსახურე ქვესადგურები და გატარებული ელექტროენერგიის მოცულობა. გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულება დადასტურებულია აუდიტის მიერ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.5, ს.ფ. 298; იხ.: მიღება-ჩაბარების აქტები, ტ.5, ს.ფ.20-246).
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით მოპასუხე პრეტენზიას აცხადებდა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში შესაყვანი ქონების საბაზო ღირებულების მონაცემის უტყუარობასა და სისწორეს (ტ.6, ს.ფ. 42). მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტი წარმოადგენს თავად მოსარჩელის მიერ შექმნილ ცხრილს, გაანგარიშებას და არა აუდიტის დასკვნას, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს (ტ.6, ს.ფ. 41).
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი მტკიცებულება, რომელიც დასათაურებულია როგორც მოპასუხისათვის გაწეული გატარების მომსახურების ტარიფის გაანგარიშება თანახმად „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებისა, განთავსებულია საქმის მე-5 ტომში, ს.ფ. 14. დოკუმენტი შედგენილია მოსარჩელე კომპანიის ელექტრომომარაგებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის ვ. ჯ–ძის და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსის გ. ფ–ის მიერ. ამასთან, დოკუმენტზე დასმულია შპს „ა.ც–ის“ ბეჭედი და ხელმოწერა (ტ.5, ს.ფ. 14). როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12.03.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, ისინი ქონების საბალანსო ღირებულებებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულებებს ვერ წარადგენდნენ და უთითებდნენ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილების მიღებამდე არსებობდა და რომლის მიხედვითაც ხდებოდა დაანგარიშება, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვერ დგინდებოდა ქონების საბალანსო ღირებულება, ან/და რთული იყო ღირებულების დადგენა (12.03.2019წ. სხდომის ოქმი, 12:47:01 – 12: 47: 55). მოპასუხის ზემოაღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ა.ც–ი“ წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტორს, რომელიც დოკუმენტის შედგენის დროისათვის ახორციელებდა კომპანიის აუდიტს. აუდიტისთვის მიწოდებული იქნა ყველა მონაცემი, რომელთა სიზუსტეც დაადასტურა აუდიტმა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ ქსელი საერთო სარგებლობაშია, მოპასუხეს თავისუფალი წვდომა გააჩნია მასთან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2019წ. სხდომის ოქმი, 12:48:01- 12:49:56).
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მართებულად განისაზღვრა მოსარჩელის ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხის ოდენობა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად და ასევე მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 981.2 მუხლის შესაბამისად უკანონოდ დაზოგილ თანხაზე პროცენტის დარიცხვის შესახებ.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
20. მოპასუხის საკასაციო საჩივრის თანახმად:
20.1. 2012 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე კომპანიის ელექტროქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხების გაანგარიშების სისწორეს (რეალურობას) და მათ გონივრულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, რომელიც აუდიტის დასკვნად მიიჩნიეს და გადაწყვეტილება მას, როგორც უტყუარ მტკიცებულებას, დააფუძნეს. საქმის განმხილველმა სასამართლოებმა ასევე არასწორად გადაანაწილეს მტკიცების ტვირთი მხარეებზე;
20.2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შუამდგომლობას დაურთო მიღება-ჩაბარების აქტები, წერილები და დავალიანების დაანგარიშება, რომელიც შესრულებულია ენერგომომარაგებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის ვ. ჯ–ძის და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსის გ. გ–ის მიერ. სწორედ ამ დოკუმენტებშია მითითებული ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების ე.წ. საბაზო ღირებულება, თუმცა, რა მონაცემების საფუძველზეა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების საბაზო ღირებულებები მიღებული, ამის დამადასტურებელი, თუნდაც არაპირდაპირი მტკიცებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის ინტერესში შედის, ხელოვნურად, რაც შეიძლება მეტად, გაზარდოს აქტივების ბაზის ღირებულება, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის გატარების ტარიფს ამ მონაცემების ფორმულაში ჩასმის დროს. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების საბაზო ღირებულებაზე მონაცემები დამოუკიდებელი აუდიტორის ან ექსპერტიზის დასკვნას არ ეფუძნება, სასამართლოს არ ჰქონდა პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რათა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. მტკიცებულება აუდიტორულ დასკვნად ჩაეთვალა;
20.3. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ე.წ. აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუმცა, მოპასუხეს არასდროს ჰქონია მოსარჩელის საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებულ ქონებაზე (აქტივებზე) აუდიტორული შეფასების ჩატარების შესაძლებლობა. ამიტომ, ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე მტკიცებულებას მოპასუხე სასამართლოს ობიექტურად ვერ წარუდგენდა და ამ კუთხით სასამართლოს შეფასება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნულის თაობაზე უტყუარი მონაცემები თავად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა;
20.4. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კომპანია, სურვილის არსებობის პირობებშიც კი, ვერ შეძლებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და ელ.ენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების (ელექტროქვესადგურების, საჰაერო და მიწაში არსებული კაბელების, ელ.მეურნეობის, უჯრედების) აუდიტორულ შეფასებას და არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია;
20.5. აშკარაა, რომ სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში არასწორად გადაანაწილა მხარეებზე მტკიცების ტვირთი და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რაც კანონის უხეშ დარღვევად უნდა იქნას განხილული;
20.6. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მოპასუხე მიუთითებდა, რომ ელექტროქსელის საშუალებით გატარებული კილოვატ/საათების ღირებულების ანაზღაურებაზე მოთხოვნა იმ მოცულობით, რასაც მოსარჩელე ითხოვდა, სრულიად დაუსაბუთებელი იყო და რომ იგი არ ეფუძნებოდა არც სემეკის 2003 წლის N32/2 გადაწყვეტილებას, რომელსაც აღსრულების ვადის გასვლის გამო ამ დავისათვის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, და არც სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებით არ დგინდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული იყო დადგენილებით განსაზღვრული ფორმულა გატარების ტარიფის გამოთვლისას;
20.7. დაზუსტებული სარჩელის სახით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დართული ცხრილის მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეულ მომსახურებაზე მოთხოვნილი თანხა გამოანგარიშებულია ტარიფით - 0.0118 ლარი დღგ-ს გარეშე და მითითებულია, რომ აღნიშნული ტარიფი თურმე გამომდინარეობს 30/12/2013წ. N15 დადგენილებით განსაზღვრული ფორმულით. თუმცა, რამდენად რეალურია ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები (ქონების საბაზო ღირებულების თვალსაზრისით), ამის გადამოწმების შესაძლებლობა მოპასუხეს არ ჰქონია, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია გატარების ტარიფის გაანგარიშებისათვის მეთოდოლოგიით (ფორმულით) გათვალისწინებული აუცილებელი პარამეტრების თაობაზე მონაცემები, რის გამოც მათი სისწორე ეჭვქვეშ დააყენა მოპასუხემ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე;
20.8. სემეკის 4/12/2008 წლის N33 დადგენილებით (2008წ. რედაქცია) დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ტარიფი განსაზღვრულია 0.58 თეთრით ერთ კვტ.საათზე. სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციებით გამოირიცხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, დაუსაბუთებელი გაანგარიშებების უპირობოდ გაზიარებისა და ამის საფუძველზე სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობა;
20.9. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო იმის დასასაბუთებლად, რომ დავა განეკუთვნება სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობას, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის დადგენილ, გონივრულ და სამართლიან ტარიფს - 0.50 თეთრს (ანუ 0.005 ლარს) განსახილველ დავასთან მიმართებით არ იყენებს და სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ტარიფის განსაზღვრისა და ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხის ოდენობის თვალსაზრისით. მოპასუხეს სასამართლო პრაქტიკით დადგენილ ტარიფზე (ერთ კილოვატ საათზე 0.50 თეთრზე) მეტის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ელექტროენერგიის გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში შესატანი უტყუარი მონაცემები, რაც მის მიერ მიღებული ტარიფის ოდენობას დაუსაბუთებელს და უსაფუძვლოს ხდიდა;
20.10. გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არც კი მიაქცია იმ გარემოებას, რომ სემეკის N32/2 გადაწყვეტილება და 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება გადასახდელი თანხის გაანგარიშების ფორმულას ადგენდა და არა - უშუალოდ გადასახდელი თანხების ოდენობას, რაც პრინციპულად ცვლის საქმის არსს.
21. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის თანახმად: არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხისთვის 2 565 231 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
22. სსსკ-ის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
23. სსკ-ის 180.1 მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
24. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.
25. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.
26. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)).
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, №15 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ქსელის მფლობელ არალიცენზიანტთან (მესამე პირი) განაწილების ლიცენზიანტს შეიძლება აკავშირებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც სპეციალური აქტებით (სემეკის შესაბამისი დადგენილება) განსაზღვრული მაქსიმალური ფარგლების გათვალისწინებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი). ასეთ დროს კონტრაჰენტებს სრული უფლება გააჩნიათ განსაზღვრონ ხელშეკრულების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სემეკის მიერ ლიცენზიანტისათვის დადგენილ ტარიფს (იხ. სემეკის №15 დადგენილების 4.5 პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ გვექნება საკუთრებით სარგებლობის ბოჭვის სახელშეკრულებო წინაპირობა, ქსელის მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის №15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია (იხ. სუსგ საქმე №ას-1174-1104-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
28. ამდენად, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად.
29. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულების, ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობისა და ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის 2012 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 182 656 ლარსა და 80 თეთრს; 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 203 033 ლარსა და 68 თეთრს; 2014 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 97 371 ლარსა და 67 თეთრს; 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 103 464 ლარსა და 15 თეთრს; 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 101 541 ლარსა და 27 თეთრს; 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 55 452 ლარსა და 91 თეთრს. ანუ, 2012 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს სულ 743 520 ლარსა და 48 თეთრს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). ამასთან, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულება დადასტურებულია აუდიტის მიერ.
30. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია სწორედ ზემოაღნიშნული აუდიტის დასკვნას ეხება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების საბაზო ღირებულებაზე მონაცემები დამოუკიდებელი აუდიტორის ან ექსპერტიზის დასკვნას არ ეფუძნება. აღნიშნული დოკუმენტი თავისი შინაარსითა და ფორმით არ წარმოადგენს აუდიტორულ დასკვნას.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
32. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
33. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
34. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი მტკიცებულება, რომელიც დასათაურებულია, როგორც მოპასუხისათვის გაწეული გატარების მომსახურების ტარიფის გაანგარიშება თანახმად „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებისა, განთავსებულია საქმის მე-5 ტომში, ს.ფ. 14. დოკუმენტი შედგენილია მოსარჩელე კომპანიის ელექტრომომარაგებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის ვ. ჯ–ძის და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსის გ. ფ–ის მიერ. ამასთან, დოკუმენტზე დასმულია შპს „ა.ც–ის“ ბეჭედი და ხელმოწერა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი; ტ.5, ს.ფ. 14). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ა.ც–ი“ წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტორს, რომელიც დოკუმენტის შედგენის დროისათვის ახორციელებდა კომპანიის აუდიტს. აუდიტისთვის მიწოდებული იქნა ყველა მონაცემი, რომელთა სიზუსტეც დაადასტურა აუდიტმა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხოლოდ ზეპირი განმარტებებით შემოიფარგლა. მან საწინააღმდეგო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა სადავო ფაქტი, რის გამოც მისთვის არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი დადგა.
36. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხის საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
38. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, იგი არ შეიცავს კონკრეტულ და დასაბუთებულ არგუმენტებს, პრეტენზიებს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციური და, შესაბამისად, დაუშვებელია.
39. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
40. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს.
41. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი და ასევე მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,თ–ისა“ და სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს ,,თ–ს“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს №99183 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. სს „ს.რ–ას“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს №10977 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ლ. მიქაბერიძე