საქმე №ას-1645-2019 25 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ჯ–ია, ფ.ჯ–ია (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე”, „ბანკი“ ან „შეგებებულ სარჩელში მოპასუხე“) სარჩელი მ.ჯ–იასა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ფ.ჯ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12185,12 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 230.54 აშშ დოლარი, პროცენტი - 680.58 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 250 აშშ დოლარი, საკომისიო - 24 აშშ დოლარი; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ფართი: 94.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: .........; დადგინდა ასევე, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება; ბანკს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ბანკის მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 და მე-10 პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 10 მაისს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 10 მაისს ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........, 94.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, ს.კ. N.........;
4.2. იპოთეკის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესებზე. კერძოდ: „იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ბანკის განცხადების საფუძველზე სასამართლოს (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ბანკის შეხედულებისამებრ სასამართლო ან კერძო აღმასრულებლის მიერ“;
4.3. ხელშეკრულების 8.2.2. პუნქტის მიხედვით, „ბანკი უფლებამოსილია იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული კერძო აუქციონის ფორმით, ხოლო 8.2.3. პუნქტის თანახმად, მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაცია ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით“;
4.4. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, „ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით“;
4.5. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, „ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის მიზნით, ბანკი მოქმედებს მესაკუთრის სახელით და ხარჯზე, შესაბამისად, ამ მიზნით მისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს ან/და ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას, მიმართვას, განცხადებას ან/და სხვა ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და ეს უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობებში არ შეიძლება შეიზღუდოს“.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.
6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 და მე-10 პუნქტები წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ შეთანხმებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით საკრედიტო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მხარეებმა განსაზღვრეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმა, მათ შორის, - კერძო აუქციონისთვის მიმართვის შესაძლებლობა. სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ისევე როგორც, ხელმოწერის სინამდვილე, სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხეები არ მიუთითებენ იძულების, მუქარის, ძალადობის, მოტყუების ან/და გარიგების საცილოობის სხვა სამართლებრივ საფუძვლებზე. ასეთ ვითარებაში პალატამ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია მეორე მოპასუხის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და ამ მიმართებით სადავო ხელშეკრულების პუნქტების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
8. რაც შეეხება სადავო ხელშეკრულების მე-9-მე-10 პუნქტებში გამოვლენილი ნების საჯარო წესრიგთან შესაბამისობას, პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 54-ე მუხლით დადგენილი წესი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც სახეზეა კანონის იმპერატიულ დანაწესთან გამოვლენილი ნების შეუსაბამობა. ამასთან, გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. გარიგების საჯარო წესრიგთან შესაბამისობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე, მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გარიგების დადების ნება გამოავლინა მხარემ.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გარიგებით კრედიტორს მიენიჭა უფლება, თავისი შეხედულებისამებრ მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მათ შორის, კერძო აუქციონის ფორმით და პირდაპირი მიყიდვის გზით (9.1. და 10.1. პუნქტები), რაც შესაბამისობაშია სსკ-ის 301-ე და 302-ე მუხლების მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, სადავო სტანდარტული პირობა არ არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და უკანონოდ არ ბოჭავს მოსარჩელეს.
10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორების განმარტება, რომ ბანკმა უფლება ბოროტად გამოიყენა. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 55-ე მუხლი). ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში შესაძლოა იგულისხმებოდეს შესრულებასა და ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა, საბაზრო ძალაუფლების, მეორე მხარის მძიმე მდგომარეობის გამოყენებით და გამოუცდელობით. ასეთ შემთხვევაში სარჩელის პერსპექტივისათვის აუცილებელია ნორმაში აღწერილი სუბიექტური ფაქტორების დადასტურება, განსხვავებით სსკ-ის 54-ე მუხლისაგან, სადაც გარიგების შინაარსისა და შედეგების მიმართ ობიექტური შეფასების კრიტერიუმი მოქმედებს და უკანა პლანზე ინაცვლებს გარიგების დადების სუბიექტური წინაპირობები. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებაზე, რაც დაასაბუთებდა მოდავე მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობის ფაქტს და სადავო გარიგების დადებას ბანკის მხრიდან მათზე გავლენის ბოროტად გამოყენებით.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო საჩივრის თანახმად:
17.1. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ მოპასუხეები ითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების არამარტო სამართლებრივი, არამედ - ფაქტობრივი საფუძვლიანობის თვალსაზრისით შემოწმებასაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქმის მორიგებით დასრულებისთვის. სააპელაციო პალატა კი არათუ ეცადა მხარეთა შორის საქმის მორიგებით დამთავრებას, არამედ ჩათვალა, რომ საქმე იყო მარტივად განსახილველი და განიხილა კიდეც შემჭიდროებულ ვადებში ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემული დავა ნამდვილად არ არის მარტივი, ვინაიდან საუბარია საცხოვრებელ ბინაზე, სადაც ცხოვრობს ორი პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი: სიმსივნით დაავადებული მეორე მოპასუხე და მისი მეუღლე, რომელიც არის უსინათლო და ყრუ. მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. სასამართლოს უნდა დაენიშნა ზეპირი განხილვა და მხარეთათვის შეეთავაზებინა საქმის მორიგებით დამთავრება, რასაც ავალდებულებდა სსსკ-ის 218-ე მუხლი;
17.2. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა უფლება ბოროტად გამოიყენა. გარიგების დადების დროს ბანკმა იცოდა, რომ მსესხებელი - პირველი მოპასუხე უმუშევარი იყო, არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი, ჰყავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები. თანხა უნდა გადაეხადა პირველი მოპასუხის ძმას, რომელიც მუშაობს სახელმწიფო სატენდერო ხელშეკრულებებზე. იმ პერიოდში კი ვერ მოხდა დროულად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ხაზინაში თანხის უქონლობის გამო. ამასთან, აშშ დოლარის კურსმა ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით საგრძნობლად მოიმატა, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა მსესხებელს საბანკო ვალდებულების დროულად შესრულებაში;
17.3. ბანკისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ პირველი მოპასუხის ძმას სხვა სესხი აღებული ჰქონდა შპს „ბ.ჯ“-ში, სადაც იხდიდა 33%-ს და იმ სესხის გადასაფარად ესაჭიროებოდა ამ სესხის აღება. იმ პერიოდში მსესხებლის ყურადღება გადატანილი იყო სესხის დროულად დამტკიცებაზე, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იხდიდა კატასტროფულად დიდ პროცენტს. უწვრილესი შრიფტით დაწერილი ხელშეკრულების შინაარსი ბანკის კრედიტ ოფიცერს არ განუმარტავს მეორე მოპასუხისთვის;
17.4. კასატორებმა მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე №ას-1338-1376-2014 და აღნიშნეს, რომ ბანკის მხრიდან უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის, გამოყენება შეფასებულია უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაშია სსკ-ის 115-ე მუხლთან. მოცემულ შემთხვევაში ბანკის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტა მოპასუხეებს გადახდის გრაფიკი და ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ბანკმა განმარტა, რომ ეს იყო იპოლომბარდი, რადგან შემოსავლის ცნობა არ ჰქონდა პირველ მოპასუხეს წარდგენილი ანუ იპოთეკურ სესხს დაარქვა იპოლომბარდი. თუ შემოსავლის ცნობა წარდგენილი არ იყო, მაშინ საკითხავია, რატომ დაუმტკიცდა პირველ მოპასუხეს სესხი და თან უცხოურ ვალუტაში;
17.5. იპოთეკის ხელშეკრულების მე-9, მე-10, მე-15 მუხლები წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას. ზემოაღნიშნული მუხლები ხელშეკრულებაში შეტანილია როგორც ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, მაშინ, როდესაც ეს მუხლები წარმოადგენს არსებით პირობას და მხარეთათვის ცალკე შეთანხმებული არ ყოფილა (შინაარსი არ განემარტა, ხელშეკრულება შედგენილი იქნა წვრილი შრიფტით და არ იყო წაკითხვადი,) რაც ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად ცნობის საფუძველია;
17.6. ბანკმა სარჩელის შეტანის პარალელურად მიმართა შპს „სააუქციონო სახლს“ და მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის მეშვეობით. მოპასუხეებისთვის მოულოდნელი იყო ბანკის ქმედება, რადგან მსესხებელს წერილობით არ აცნობა, რომ, თუკი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა ვალდებულებას, ბანკი კერძო აუქციონის გზით მოახდენდა იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ბანკის მიერ საცხოვრებელი ბინის გაყიდვა კერძო აუქციონის მეშვეობით უფლების ბოროტად გამოყენებად არის აღიარებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად. არსებული ვითარების გათვალისწინებით, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, როგორც კრედიტორის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმა, უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რადგან მსესხებელი ორ ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ერთად რჩება თავშესაფრის გარეშე და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
18. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო სსსკ-ის 3761 მუხლის პირველი [თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება] და მე-3 ნაწილების საფუძველზე [თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით] საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მსჯელობას, რომ ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ ფაქტობრივი საფუძვლიანობის თვალსაზრისით. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს უფლებას აძლევს, თუ საქმე ეხება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს იგი, მიუხედავად იმისა, რა თვალსაზრისით (ფაქტობრივი თუ სამართლებრივი) ითხოვს აპელანტი საქმის განხილვას, რადგან მე-3 ნაწილი წარმოადგენს საგამონაკლისო წესს აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის სხვაგვარი განმარტება საერთოდ აზრს უკარგავს აღნიშნული ნორმის არსებობას.
19. რაც შეეხება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის გამო მორიგების უფლების შეზღუდვას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგებით სამოქალაქო დავის დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგდნენ, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, ამასთან, ამისთვის აუცილებელი არ არის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ვინაიდან მორიგება უშუალოდ მხარეთა შეთანხმების შედეგია. შესაბამისად, კასატორების ზემოაღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა.
20. შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ, მისი მე-9 და მე-10 მუხლების ბათილად ცნობა, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური პირობის საფუძვლით [სსკ-ის 54-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს]. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვენ ძირითადი სარჩელის უარყოფას, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებაზე და, შესაბამისად, უნდა შეამოწმოს მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობა.
21. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, „ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით“ (იხ. წინამდებარე განჩინების 4.4. ქვეპუნქტი), ხოლო ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, „ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის მიზნით, ბანკი მოქმედებს მესაკუთრის სახელით და ხარჯზე, შესაბამისად, ამ მიზნით მისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს ან/და ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას, მიმართვას, განცხადებას და ეს უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობებში არ შეიძლება შეიზღუდოს“ (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5. ქვეპუნქტი).
22. ამდენად, კასატორთა მიერ აღძრულია აღიარებითი (შეგებებული) სარჩელი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით შეამოწმებს მოცემულ საქმეზე მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხს [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს], ვინაიდან აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
23. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებული იქნა მხოლოდ შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
25. ამდენად, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე იპოთეკის ხელშეკრულების იმ სადავო მუხლების ბათილობის წინაპირობების კვლევა, რომლებითაც ბანკს მიენიჭა უფლება თავისი შეხედულებისამებრ მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის ფორმით ან პირდაპირი მიყიდვის გზით, რელევანტური აღარ არის, იპოთეკით დატვირთული ქონება სარეალიზაციოდ მიქცეულია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს რეალურად არ გააჩნიათ იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
26. რაც შეეხება კასატორების მიერ მოხმობილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე №ას-1338-1376-2014, აღნიშნული საქმე განსხვავდება წინამდებარე დავაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან, კერძოდ, საქმეში №ას-1338-1376-2014 კრედიტორ ბანკს მესამე პირმა (სხვა კომერციულმა ბანკმა) წერილობითი მიმართვით აცნობა, რომ მოვალეს დაუმტკიცდა სესხი, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა კრედიტორ ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტების დაფარვა. სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული აღნიშნული წერილი კრედიტორმა ბანკმა რეაგირების გარეშე დატოვა და მაინც მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე უფლების ბოროტად გამოყენებად, რადგან მისი საქმიანობის არსიდან გამომდინარე, კომერციული ბანკის, როგორც საკრედიტო დაწესებულების, უპირველეს ინტერესს წარმოადგენს ფულის და არა - იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება. ამასთან, წერილის გამცემი კომერციული ბანკი წარმოადგენდა ქართულ საკრედიტო სივრცეში დამკვიდრებულ, რენომირებულ იურიდიულ პირს და არა - გაურკვეველი რეპუტაციის მქონე პირს, რომლის წერილითაც ერთმნიშვნელოვნად ვლინდებოდა ერთი საკრედიტო დაწესებულების მზადყოფნა სრულად დაფარულიყო მეორე საკრედიტო დაწესებულების მიმართ მოვალის დავალიანება. განსახილველ დავაში კი მსგავსი გარემოებები არ იკვეთება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჯ–იასა და ფ.ჯ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.ჯ–იას (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 14 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ლ. მიქაბერიძე