Facebook Twitter

საქმე №ას-1401-2022 23 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ს–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე”, „დასაქმებული” ან „კასატორი”) 2009 წლის 29 სექტემბრიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე მუშაობდა სსიპ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე, ჯერ შტატგარეშე თანამშრომლად, ხოლო 2010 წლის 04 მარტიდან მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით; 2012 წლის 25 ივნისს მოსარჩელე გათავისუფლდა ამ პოზიციიდან და ამავე დღიდან 2012 წლის 01 სექტემბრამდე მიღებულ იქნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე; 2012 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის 16 იანვრამდე მოსარჩელე დასაქმდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (შემდგომში - „მოპასუხე”, „სააგენტო” ან „დამსაქმებელი”) შტატგარეშედ, სპეციალისტის პოზიციაზე. ხელშეკრულება გაგრძელდა რამდენჯერმე. საბოლოოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის 31.01.2020წ. N13/74 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვლამდე. მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 900 ლარს.

2. მოსარჩელის ძირითად ფუნქციებში შედიოდა: ქუთაისის იუსტიციის სახლის მიერ მიღებული მოქალაქეთა განცხადებებისა და წარდგენილი საბუთების სკანირება და დაარქივება. ასევე, საჭიროებისამებრ, დამატებითი ფუნქციის სახით, წარმოადგენდა სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სასამართლოში, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახორციელებდა ქორწინების რეგისტრაციას.

3. შრომის შინაგანაწესის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა ხელმძღვანელის მითითებების საფუძველზე.

4. მოსარჩელის იდენტურ ფუნქცია-მოვალეობებს სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურებში, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ასრულებდა ორი თანამშრომელი - ნ.კ–ნი და თ.გ–ძე. ხოლო, მოსარჩელის იდენტურ ფუნქცია-მოვალეობებს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ასრულებდა ერთი თანამშრომელი - ნ.კ–ნი.

5. მოსარჩელე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე. მას აქვს მხედველობის პრობლემა და ატარებს შესაბამის სათვალეს.

6. 27.12.2018წ. სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების ფორმის თანახმად, მოსარჩელე, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა კომპონენტში შეფასდა 4 ქულით, რაც ამავე ფორმის მიხედვით, არის საუკეთესო შეფასება („აჭარბებს მოლოდინს„) -„თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით“; ხოლო, კომპონენტში - „დროის ეფექტური მართვა“ მოსარჩელე შეფასდა 3 ქულით, რაც არის კარგი შეფასება - „თანამშრომლის კომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“.

7. სააგენტოს შინაგანაწესის 32-ე მუხლის თანახმად, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებულის დაინტერესება პროფესიული ზრდის მიმართულებით და მისთვის საჭირო ტრენინგების გამოვლენით. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული სამსახურების უფროსები შეფასების მეთოდების გამოყენებით ავლენენ დასაქმებულებში გარკვეული უნარების შეძენის/განვითარების საჭიროებებს და ამ უნარების შესაძენად/განსავითარებლად საჭირო ღონისძიებებს. მოსარჩელე საკუთარი ინიციატივითა და სურვილით, მისი უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში.

8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.11.2019წ. N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წ. N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნულმა, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, რომლის ფარგლებშიც, ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირებაც. შედეგად, „[სააგენტოს] რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანებით სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება. რეორგანიზაციის დასაწყისი იყო - 2019 წლის 29 ნოემბერი და დასრულების თარიღი - არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვალი.

9. 2019 წლის 16 დეკემბერს სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო N13634/კ ბრძანება - ,,[სააგენტოში] მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე თავმჯდომარის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულებისა და ცალკეულ თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის, აგრეთვე, იმ თანამშრომელთა განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან რაიმე სახის ტესტირებასა და გასაუბრებას’’, რომლის თანახმად, დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება. სააგენტოს თავმჯდომარემ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოსცა მეორე N13703/კ ბრძანება - სამსახურის თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე, რომლის თანახმად, დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, ქ. ქუთაისის ქორწინების სახლის, ასევე, სააგენტოს ამავე ფუნქციების განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა უნარ-ჩვევები და გასაუბრება, ხოლო სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლე სპეციალისტების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა - გასაუბრება.

10. სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანებით სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. მოპასუხემ 02.12.2019წ. ხელწერილით მოსარჩელეს გააცნო გაფრთხილება სამსახურში დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

11. „[სააგენტოში] მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 17.12.2019.წ N13703/კ ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა უნარ-ჩვევები და გასაუბრება. თემატიკა განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ხოლო, სპეციალისტის, ტექნიკური მიმართულება-სკანერის სპეციალისტის, არქივარიუსის, მკინძავის კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა - გასაუბრება. გასაუბრების ეტაპის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის 10.01.2020წ. N401/კ ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან გასაუბრებისათვის კომისიის შემადგენლობა 3 წევრით.

12. რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა 615 ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარი და წლიური ფონდი - 9 758 000 ლარი. რეორგანიზაციის შემდეგ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით და წლიური ფონდი - 9 000 000 ლარით, მათ შორის:

- სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეორგანიზაციამდე იყო 16 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 14, აქედან 4 ვაკანტური;

- ვანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1;

- თერჯოლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3, აქედან 1 ვაკანტური;

- სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 5 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 4, აქედან 2 ვაკანტური;

- ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და უფროსის მოადგილე - 1;

- ბაღდათის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1;

- წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3;

- ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 7 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 5, აქედან 2 ვაკანტური;

- ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 2; - ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1 (იხ. ტ. 1, 165-166).

13. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გარდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული კადრებისა, სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული იყო სამი კადრი სპეციალისტის პოზიციაზე, მათ შორის, მოსარჩელე.

14. 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 10 სამსახურის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც არის 38 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსი - 1, მთავარი სპეციალისტი - 37, მათ შორის 3 ვაკანტური. მოსარჩელის საშტატო პოზიცია - სამსახურის სპეციალისტი, გაუქმდა. დარჩა არქივარიუსის პოზიცია სპეციალისტის ანალოგიური ფუნქციით. რეორგანიზაციამდე სააგენტოში იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 515 თანამშრომელი, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 481 პირი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 164-166).

15. სააგენტოს 05.05.2020წ. წერილით დგინდება, რომ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოსარჩელე იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შესაბამისად, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდგომ გაუქმდა ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიცია. სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 22.03.2021წ. წერილის თანახმად, რეორგანიზაციამდე იმ სამსახურებში, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, შტატგარეშედ დასაქმებული იყო 19 თანამშრომელი. ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 8 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული: მთავარი სპეციალისტი - 4, სპეციალისტი - 3, დამლაგებელი -1.

16. მოსარჩელეს 27.02.2020 წელს ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან 27.02.2020 წლიდან. სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2189/კ ბრძანებით მოსარჩელესთან 27.02.2020 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა (ძვ. რედაქციით) და სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანების მე-3 პუნქტში მითითებული შეფასების შედეგების გათვალისწინების საფუძველზე. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირების და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები აქვთ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურების და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობს. შედეგადაც 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ამჟამად არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად, ოპტიმიზაციის შედეგად ფუნქციონირებას განაგრძობს 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნება. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას განაგრძობს 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, განხორციელდა ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით. მოსარჩელეზე გაიცა კომპენსაცია 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

17. მოსარჩელესთან 2020 წლის 14 იანვარს ჩატარდა გასაუბრება მოპასუხის მიერ შექმნილ კომისიაში. ჩატარებული გასაუბრების N16 ოქმიდან ამონაწერის თანახმად: სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტმა - მოსარჩელემ კომისიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვერ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში მხედველობის პრობლემების გამო. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სპეციალური გამადიდებლით და ამჯობინებდა ტექნიკური მიმართულებით მუშაობას. კითხვაზე - „რამდენად უშლიდა ხელს მხედველობის პრობლემა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში“, უპასუხა, რომ იმედი ჰქონდა, შეცდომებს არ უშვებდა. ხოლო კითხვაზე - „თავად როგორ შეაფასებდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს“, უპასუხა, რომ გაუჭირდებოდა შეფასება, რადგან მხედველობის პრობლემების გამო, დარწმუნებული არ იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორეში. მოსარჩელის მიერ გასაუბრებაზე აღნიშნული გარემოებებისა და მისი კომპეტენციის დადგენის შეუძლებლობის გამო, ასევე, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად დღის წესრიგში იყო კადრების შემცირების საკითხი, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი (სააგენტოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არსებობდა სხვა ისეთი სახის სამუშაო, რომელიც დოკუმენტების გაცნობასა და წერის საჭიროებას არ მოითხოვდა), კომისიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად სააგენტოში მისი შემდგომი დასაქმება.

18. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2009 წლის 29 სექტემბრიდან დანიშნული იყო ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტად, შტატგარეშე თანამშრომლად, თუმცა 2010 წლიდან ის უკვე დაინიშნა სპეციალისტად, რადგან საქართველოს შრომის კოდექსი შტატგარეშე თანამშრომლის ცნებას არ ითვალისწინებს, რას იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა სპეციალისტის პოზიციას და შტატგარეშე თანამშრომლის პოზიცია სამსახურში არ არსებობდა.

19. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2189/კ ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, მოპასუხის მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, მხედველობის პრობლემების ნიშნით მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 50 000 ლარის გადახდის დაკისრება.

20. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

20.1. მოსარჩელე დაახლოებით 11 წელი მუშაობდა სააგენტოში. ამ დროის განმავლობაში მის წინააღმდეგ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. იგი გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობით, საქმის კეთილსინდისიერად შესრულებითა და კვალიფიკაციით;

20.2. მოსარჩელეს მხედველობის პრობლემის გამო აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. სამსახურში მისი აყვანისას აღნიშნული ხელმძღვანელობისათვის ცნობილი იყო. მოსარჩელის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, დასაქმება სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოხდა. მხედველობის პრობლემას არასოდეს შეუქმნია მისთვის და მისი დამსაქმებლისათვის დაბრკოლება. იგი ყოველთვის ჯეროვნად ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს;

20.3. „[სააგენტოში] მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული მომსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე“ სააგენტოს 17.12.2019წ. N13703/კ ბრძანების თანახმად, დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლეებზე სპეციალისტების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა გასაუბრება. გაუგებარია, რატომ მოხდა ეტლით მოსარგებლე პირების გამოყოფა და მხოლოდ ისინი რატომ გათავისუფლდნენ წერითი გამოცდისაგან, როდესაც სწორედ მხედველობის პრობლემის მქონე პირებს ესაჭიროებათ ყველაზე მეტად ტესტირებისაგან გათავისუფლება;

20.4. ვინაიდან მოსარჩელეს მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა სტანდარტულ პირობებში მისთვის წერითი გამოცდის ჩატარება. აღნიშნული ბრძანება უთანასწოროდ ეპყრობა მოსარჩელეს და სააგენტოში დასაქმებულ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლებიც ეტლით მოსარგებლეები არ არიან. აღნიშნული უთანასწორო მოპყრობა არის დისკრიმინაცია და ზემოაღნიშნული აქტი ამის ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს;

20.5. მოსარჩელემ ყველა შეკითხვას კვალიფიციურად უპასუხა, თუმცა გასაუბრებაზე მთავარი აქცენტი იქით იყო მიმართული, რომ მოსარჩელეს, მისი მხედველობის პრობლემების გამო, შეიძლება საკუთარი მოვალეობები სათანადოდ ვერ შეესრულებინა.

21. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

22. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2189/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე; სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

23. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-18 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იმ საკითხის გარკვევა, 2020 წელს სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პირობებში, სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტის არაერთი პოზიციის შენარჩუნების მიუხედავად, რის გამო დადგა დამსაქმებელი ამ თანამდებობაზე დასაქმებული მოსარჩელის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე და განაპირობა თუ არა აღნიშნული მისმა არაკვალიფიციურობამ. უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგები ქმნიდა თუ არა დასაქმებულის უნარ–ჩვევების ობიექტურად შეფასების საფუძველს, ასევე, ადგილი ხომ არ ჰქონდა დასაქმებულისადმი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას.

27. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფაქტობრივად ყოველწლიურად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 85-152), მოსარჩელე 2009 წლიდან გათავისუფლებამდე (27.02.2020წ.) მუშაობდა სსიპ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე. ამდენად, მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უწყვეტ და, შესაბამისად, უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ამასთან, საყურადღებოა, რომ ამ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში დასაქმებულს რაიმე გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელი არ შეფარდებია და მის მიმართ არც მოქალაქეთა მხრიდან ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის საჩივარი სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა შრომითი მოვალეობების შესრულებას და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ აპელანტს (მოპასუხეს) რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარუდგენია.

28. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების მასშტაბებისა და შედეგების გათვალისწინებით, არ დასტურდება, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ან ჩატარდა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სამსახურიდან კონკრეტული პირები გათავისუფლებულიყვნენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდა რეალურად, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით შეფასებას ექვემდებარებოდა რეალურად განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

29. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ თუკი იმერეთის რეგიონში რეორგანიზაციამდე არსებობდა 49 საშტატო პოზიცია, მათ შორის, 34 მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიცია (საიდანაც ვაკანტური იყო 9 საშტატო პოზიცია) და სპეციალისტის სამი ე.წ. შტატგარეშე პოზიცია, რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 38 საშტატო პოზიცია, საიდანაც მთავარი სპეციალისტის პოზიცია განისაზღვრა 37 ერთეულით. მართალია, მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიციები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 3 ერთეულით, მაგრამ ჯამში საშტატო პოზიციების ოდენობა შემცირდა 11 ერთეულით, რის გამოც დასაქმებულებს შორის წარმოიშვა კონკურენცია და დამსაქმებელი დადგა არჩევანის წინაშე, რომელ დასაქმებულთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა. დადგენილია ასევე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი (წერითი გამოცდა და გასაუბრება), რომელსაც დაექვემდებარნენ როგორც საშტატო ერთეულებზე დასაქმებული პირები, ასევე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ე.წ. შტატგარეშე პოზიციებზე სპეციალისტებად დასაქმებული პირები, მათ შორის, მოსარჩელეც. შესაბამისად, სწორედ კონკურსის მართლზომიერად წარმართვას, დასაქმებულებისთვის კონკურსის განმავლობაში თანაბარი პირობების შექმნასა და შედეგების ობიექტურად გამოვლენას უნდა უზრუნველეყო კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით, საკონკურსო შედეგებიდან გამომდინარე, გათავისუფლების კანონიერება არ დასტურდება.

30. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლება ფაქტობრივად დაუკავშირა მის კვალიფიკაციას. კერძოდ, გასაუბრების შედეგად მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ არ იყო რეკომენდებული მოსარჩელის შემდგომი დასაქმება სააგენტოში. იმ ვითარებაში, როცა უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სააგენტოში სპეციალისტის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რა დროსაც მას არცერთხელ შეფარდებია დისციპლინური სახდელი სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის ის არგუმენტები, რაც მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას დაედო საფუძვლად.

31. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მტკიცებაზე, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდა გასაუბრების შედეგები, რომელიც თითქოსდა მეტყველებდა საკმარისი კვალიფიკაციის არარსებობასა და დაკავებულ პოზიციასთან მის შეუსაბამობაზე. სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებლის ამგვარი მტკიცების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დადებია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა იმავე კოდექსის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რაც საფუძველს აცლის დამსაქმებლის მტკიცებას არასათანადო კვალიფიკაციის გამო დასაქმებულის დათხოვნის მართლზომიერებასთან მიმართებით.

32. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრების ოქმში ასახული ზოგადი ხასიათის მითითება დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მიღებული არადამაკმაყოფილებელი პასუხების შესახებ, რეალურად არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიცურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად. სასამართლოს განმარტებით, გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ წარდგენილია წერილობითი ოქმი, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ და მისი შინაარსი მხარეთა შორის სადავოდ არის ქცეული. შესაბამისად, გასაუბრების ოქმი ვერ იქნება განხილული დასაქმებულის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, რაც უშუალოდ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას გაამართლებდა. მოსარჩელე სადავოდ ხდის ოქმში მითითებულ გარემოებებს, მოპასუხეს კი მისი ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება (მაგ. გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც, თუ გავიზიარებთ, რომ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებზე მოსარჩელის პასუხების ოქმში მითითებული შინაარსი რეალურია, ის მაინც არ ქმნის საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ დასაქმებულის მიერ „შესრულებული სამუშაოს ხარისხი იდგა ეჭვის ქვეშ, რის გამოც მიზანშეწონილი არ იყო მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში“. სააგენტოში დასაქმების მრავაწლიანი პერიოდი, რა დროსაც მოსარჩელე არასოდეს ყოფილა სახდელდადებული სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის, ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს არ იძლევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 27.12.2018წ. სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების ფორმის თანახმად, მოსარჩელე ერთი კომპონენტის გარდა, ყველა კომპონენტში 4 ქულით შეფასდა, რაც ამავე ფორმის მიხედვით, არის საუკეთესო შეფასება (,,აჭარბებს მოლოდინს”) - ,,თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა პროფესიული უნარჩვევებით”. ხოლო, კომპონენტში - ,,დროის ეფექტური მართვა”- შეფასდა 3 ქულით, რაც არის კარგი შეფასება -თანამშრომლის ,,კომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს”.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. შესაბამისად, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, სახეზე იყო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

34. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სპეციალისტის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობას შეადგენდა მოქალაქეთა განცხადებებისა და წარდგენილი საბუთების სკანირება და დაარქივება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მას ვაკანსია არ გააჩნდა და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ იქნა კონკურსი არქივარიუსის (სპეციალისტის) სამი პოზიციის დასაკავებლად. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.01.2022წ. განჩინებით აპელანტს აეკრძალა არქივარიუსის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება და ამ პოზიციაზე უვადოდ სხვა პირის დანიშვნა დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ არქივარიუსის ფუნქციები (სამსახურში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერების სისტემატიზაცია, ასაკინძად გადაცემა და დაარქივება, სამოქალაქო აქტების კუთხით შემოსული შეტყობინების საფუძველზე აქტის ჩანაწერებში ცვლილებების ასახვა, მიღება) სრულიად იდენტურია იმ ფუნქციებისა, რასაც მოსარჩელე წლების მანძილზე სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებისას ასრულებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ სააგენტოში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების მიუხედავად, ის პოზიცია, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, იგივე ფუნქციური დატვირთვით ამჟამადაც არსებობს და სააგენტოს გააჩნია ამ პოზიციაზე შესაბამისი კადრის დასაქმების საჭიროება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე (სშკ–ის ახალი რედაქციით 48-ე მუხლი), მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

35. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 900 ლარს. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 408.1-ე და შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 32.1 მუხლებიდან გამომდინარე, მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ამ მოტივით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

37. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნია მხედველობასთნ დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მას მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. დადგენილია ასევე, რომ დამსაქმებლის ბრძანებით დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი კადრების შერჩევისას სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლე სპეციალისტების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა მხოლოდ გასაუბრება და ისინი გათავისუფლდნენ ტესტირებისაგან. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა მხედველობის პრობლემის გამო შშმ პირების მიმართ. შესაბამისად, მათ მიმართ, ისევე როგორც ყველა სხვა დასაქმებულის მიმართ, დადგინდა როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების გავლის სავალდებულოობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციულ ქმედებაში მოიაზრება სუბიექტის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც არ იარსებებდა, რომ არა დისკრიმინირებული პირის სპეციფიკური ნიშანი - მახასიათებელი. განსახილველ შემთხვევაში შედარების ობიექტია სააგენტოში დასაქმებული შშმ სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე თანამშრომლები, რომლებიც მოსარჩელისაგან განსხვავებით გათავისუფლდნენ საკვალიფიკაციო ტესტირებისაგან. დადგენილია, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ხსენებული გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ტესტირება ტარდებოდა ქ. თბილისში, რაც ეტლით მოსარგებლე პირებისათვის გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეს ქმნიდა. შესაბამისად, არსებობდა ობიექტური გარემოება, რის გამოც სააგენტოს მიერ დადგენილი შეღავათი გამართლებულია. მართალია, ამგვარი შეღავათი მხედველობის პრობლების მქონე პირთათვის არ დადგენილა, მაგრამ უდავოა, რომ მოსარჩელემ საკვალიფიკაციო ტესტირების ეტაპი არ გაიარა, ხოლო დამსაქმებელმა სრულად გაიზიარა რა ამ მხრივ მოსარჩელის წერილობითი პრეტენზია, იგი ტესტირების გარეშე დაუშვა გასაუბრების ეტაპზე და ამ მხრივ დასაქმებულისათვის რაიმე ბარიერი არ შეუქმნია. ამგვარად, დამსაქმებელმა ის ფაქტობრივად სრულად გაათანაბრა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებთან, რითაც დამსაქმებელმა თავისივე ქმედებით აღმოფხვრა განსხვავებული მიდგომა შშმ პირებს შორის და მოსარჩელე ჩააყენა იმავე თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებოდნენ ეტლით მოსარგებლე შშმ პირები. რაც შეეხება გასაუბრებაზე მისთვის დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ გავიდა იგი წერით გამოცდაზე, აღნიშული შეკითხვა თავისი არსით ატარებდა უფრო ინფორმაციულ ხასიათს და მას შედეგობრივი თვალსაზრისით სამსახურიდან გათავისუფლებაზე გავლენა არ მოუხდენია. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა რეორგანიზაცია და გასაუბრების შედეგად კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის საეჭვოობის შესახებ, რაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და დააკმაყოფილა კიდეც მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში.

38. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

39. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

39.1. მოსარჩელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსი მხედველობის პრობლემების გამო მიენიჭა. მისი სამსახურში აყვანის დროისათვის აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო ხელმძღვანელობისათვის. მოსარჩელის დასაქმება მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამის ფარგლებში;

39.2. დამსაქმებლის მიერ მოხდა მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირების გამოყოფა და მხოლოდ ისინი გათავისუფლდნენ წერითი გამოცდისაგან. აღნიშნული ხაზგასმულია 17.12.2019წ. N13703/კ ბრძანებაში „[სააგენტოში] მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე.“ გაუგებარია სამსახურმა რატომ გაათავისუფლა მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირები წერითი გამოცდისაგან, მაშინ, როდესაც სწორედ მხედველობის პრობლემების მქონე პირებს ესჭიროებოდათ ყველაზე მეტად ტესტირებისაგან გათავისუფლება. აღნიშნული ბრძანება უთანასწოროდ მოეპყრო მოსარჩელეს და ასევე ყველა იმ პირს, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ მოპასუხის მიერ და რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მაგრამ არ არიან ეტლით მოსარგებლეები;

39.3. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნული გამოცდის თბილისში ჩატარებამ განაპირობა, დისკრიმინაციული მიდგომის გამაქარწყლებელ არგუმენტად ვერ მიიჩნევა, რადგან სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება ადასტურებს, რომ დამსაქმებელმა მხედველობაში მიიღო ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესები და საჭიროებები, თუმცა არ გაითვალისწინა მხედველობის პრობლემის მქონე შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები;

39.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ეტლით მოსარგებლეები და მხედველობის პრობლემის მქონე პირები კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებით არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა. აღნიშნულმა კი განაპირობა შედეგი, რომლითაც შეიზღუდა მოსარჩელის უფლებები;

39.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან შეფასების სისტემა, რომელში ჩართვაც მოუხდა მოსარჩელეს, იყო დისკრიმინაციული, მას წაერთვა შესაძლებლობა მისი უნარ-ჩვევები დამსაქმებლის მიერ სრულყოფილად შესწავლილიყო და შეფასებულიყო. მოსარჩელისათვის განსაზღვრული შეფასების სიტემა მას ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებდა და არ ითვალისწინებდა მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მოდელი მოითხოვს, რომ გათვალისწინებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები;

39.6. ჩატარებული გასაუბრების შედეგები არ ქმნიდა დასაქმებულის უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების საფუძველს. თავად გასაუბრების ოქმშიც არის მითითებული, რომ ვერ მოხერხდა მოსარჩელის შეფასება, რაც საბოლოოდ უკანონო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა;

39.7. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა უგულებელყო როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი განსაზღვრება ყველა სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვასთნ დაკავშირებით. მოსარჩელის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა, ისე რომ ასეთ მოპყრობას არ ჰქონდა ობიექტური გამართლება. გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფით იგი ტიპური განვითარების მქონე პირებთან (პირებთან, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი) სრულად მსგავს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული, სრული გათანასწორება კი მოცემულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპის მოთხოვნას და ასევე დისკრიმინაციას წარმოადგენს;

39.8. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის პოზიცია წარმოადგენდა სპეციალისტის, ტექნიკური მიმართულების შემცველ პოზიციასაც. მისი სამუშაოს სპეციფიკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ექვემდებარებოდა მხოლოდ გასაუბრების კრიტერიუმით შეფასებას. მისთვის დამსაქმებელს არ მოუთხოვია და არ შეუთავაზებია ტესტირების გავლა, შესაბამისად, მას არ ჰქონდა ამის ვალდებულება. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღდმეგოდ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელეს ტესტირების დაწერა მოსთხოვა. ეს ფაქტი დასტურდება სააგენტოს მიერ წარდგენილი შესაგებლითა და მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. მოპასუხე შესაგებელში მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ არ იყო ინფორმირებული მოსარჩელეს, მხედველობის პრობლემიდან გამომდინარე, რამდენად შეეძლო ტესტირების გავლა (იხ. შესაგებელი გვ. 3). ამასთან, მოპასუხე შესაგებელში (იხ. გვ. 7) ხაზგასმით უთითებს, რომ ბრძანებით ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას - ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ კომპონენტში მოსარჩელეს ტესტირება არ უწერია და მიუთითებს გასაუბრების ოქმზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე დასძენს, რომ მან ვერ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში მხედველობის პრობლემის გამო;

39.9. ამასთან, შესაგებელში (იხ. გვ. 10) მოპასუხე უთითებს, რომ „ნ.კ–ნსა და [მოსარჩელეს] შორის, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა გასაუბრების ეტაპი, ვინაიდან მხედველობის პრობლემის გამო, [მოსარჩელემ] ვერ შეძლო ტესტირების დაწერა. თუმცა, რა თქმა უნდა, სადავო ფაქტიც ვერ იქნება ის მოცემულობა, რომ თუ [მოსარჩელეც] დაწერდა ტესტებს და მიიღებდა კარგ შედეგს, შესაძლოა მის მიმართ სხგაგვარი შედეგიც დამდგარიყო. მოცემულობიდან გამომდინარე კი, მხოლოდ გასაუბრების ოქმზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ მსჯელობა“;

39.10. დისკრიმინაციის ფაქტის დადგომა გულისხმობს, რომ პირს ამ ქმედებით მიადგა მორალური ზიანი. შესაბამისად, კანონიერი და სამართლიანია მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზრღაურებასთან დაკავშირებით.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

41. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

42. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ჰქონდა თუ არა ადგილი დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

43. კასატორი დავობს, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება სწორედ დისკრიმინაციული მოტივით შეწყდა - მისი შეზღუდული შესაძლებლობის, კერძოდ, მხედველობის პრობლემის გამო. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებლის მიერ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში დადგენილი კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმები იყო დისკრიმინაციული, რამაც არსებითად თანასწორი შშმ პირების - ეტლით მოსარგებლეებისა და მხედველობის პრობლემის მქონე პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა განაპირობა. ეტლით მოსარგებლე პირები სააგენტომ გაათავისუფლა წერითი გამოცდისაგან, მაშინ, როდესაც სწორედ მხედველობის პრობლემის მქონე პირებს ესაჭიროებოდათ ტესტირებისაგან გათავისუფლება.

44. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს ადგენს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.03.2011წ. N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008წ. N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით. თუმცა, ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.06.2020წ. N1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“)

47. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს დისკრიმინაციის ცნებას და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. „პირდაპირ“ დისკრიმინაციას მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებს. რაც შეეხება „ირიბ“ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები, რაც გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

48. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom); უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia). განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic) (იხ. სუსგ საქმე Nას-864-831-2016, 03 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

49. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2010წ. N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „ამოსაცნობ ნიშანს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დიკსრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-864-831-2016, 03 ივლისი, 2017 წელი; Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

51. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება; სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

53. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რომ „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით.

54. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს დამსაქმებლის მხრიდან მის შრომით უფლებაში დისკრიმინაციული მოტივით ჩარევაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, „[სააგენტოში] მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული მომსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე“ სააგენტოს 17.12.2019წ. N13703/კ ბრძანება უთანასწოროდ მოეპყრო სააგენტოში დასაქმებულ ყველა შშმ პირს, რომლებიც ეტლით მოსარგებლეები არ არიან. კერძოდ, აღნიშნული ბრძნების თანახმად, დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლე სპეციალისტის კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა გასაუბრება და მხოლოდ ისინი გათავისუფლდნენ წერითი გამოცდისაგან, მაშინ, როდესაც სწორედ მხედველობის პრობლების მქონე პირებს ესაჭიროებათ ყველაზე მეტად ტესტირებისაგან გათავისუფლება. ვინაიდან მოსარჩელეს მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს, მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა წერითი გამოცდის ჩაბარება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებაზე მოსარჩელემ ყველა შეკითხვას კვალიფიციურად უპასუხა, ძირითადი აქცენტი მაინც მოსარჩელის მხედველობის პრობლემაზე იყო გამახვილებული.

55. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელეს აქვს მხედველობის პრობლემა, რის გამოც მას მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ატარებს შესაბამის სათვალეს; იგი მრავალი წლის მანძილზე უწყვეტად მუშაობდა ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე და ამ დროის განმავლობაში დასაქმებულს არც რაიმე დისციპლინური სახდელი შეფარდებია და მის მიმართ არც მოქალაქეთა მხრიდან ყოფილა საჩივარი წარდგენილი; სააგენტოს თანამშრომელთა 27.12.2018წ. შეფასების ფორმის თანახმად, მოსარჩელე, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა კომპონენტში შეფასდა 4 ქულით, რაც ამავე ფორმის მიხედვით, არის საუკეთესო შეფასება („აჭარბებს მოლოდინს„) - „თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით“. მოსარჩელე მხოლოდ ერთ კომპონენტში - „დროის ეფექტური მართვა“ შეფასდა 3 ქულით, რაც არის კარგი შეფასება - „თანამშრომლის კომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“; სადავო არ არის, რომ მოსარჩელის, როგორც შშმ პირის, სააგენტოში დასაქმება სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოხდა.

56. დადგენილია ასევე, რომ სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 17.12.2019წ. N13703/კ ბრძანების თანახმად, დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, ქ. ქუთაისის ქორწინების სახლის, ასევე, სააგენტოს ამ ფუნქციების განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა უნარ-ჩვევები და გასაუბრება, ხოლო სააგენტოს სტრუქტურული ქვედნაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლე სპეციალისტების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად კი, გასაუბრება. ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა სხვა შშმ პირების, მათ შორის, მხედველობის პრობლემების მქონე შშმ პირების მიმართ; სააგენტოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის გარემოება დაედო, რომ ტესტირება თბილისში ტარდებოდა და აღნიშნული ეტლით მოსარგებლე პირებისათვის გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეს ქმნიდა; მართალია, დამსაქმებელმა გაითვალისწინა მოსარჩელის პრეტენზია და იგი ტესტირების გავლის გარეშე დაუშვა გასაუბრებაზე, თუმცა 14.01.2020წ. გასაუბრების ოქმიდან ირკვევა, რომ სააგენტოში მოსარჩელის შემდგომ დასაქმებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ, სწორედ ის გარემოება დაედო საფუძვლად, რომ მოსარჩელის მიერ ტესტირებაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო შეუძლებელი იყო მისი კომპეტენციის დადგენა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელეს მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. კერძოდ, აღნიშნული ოქმიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელემ კომისიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვერ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში მხედველობის პრობლემის გამო. იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სპეციალური გამადიდებლით და ამჯობინებდა ტექნიკური მიმართულებით მუშაობას. კითხვაზე - „რამდენად უშლიდა ხელს მხედველობის პრობლემა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში“, უპასუხა, რომ იმედი ჰქონდა, შეცდომებს არ უშვებდა. ხოლო კითხვაზე - „თავად როგორ შეაფასებდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს“, უპასუხა, რომ გაუჭირდებოდა შეფასება, რადგან მხედველობის პრობლემების გამო, დარწმუნებული არ იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორეში. მოსარჩელის მიერ გასაუბრებაზე აღნიშნული გარემოებებისა და მისი კომპეტენციის დადგენის შეუძლებლობის გამო, ასევე, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად დღის წესრიგში იყო კადრების შემცირების საკითხი, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, კომისიამ სააგენტოში მისი შემდგომი დასაქმება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ამდენად, გასაუბრების ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ტესტირების გაუვლელობას შედეგობრივი თვალსაზრისით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გავლენა არ მოუხდენია; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გასაუბრების ოქმი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ და მისი შინაარსიდან არ იკვევა, რომ მოსარჩელეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარ-ჩვევები ჰქონდა.

57. ამდენად, მოსარჩელემ მიუთითა კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატა მის შრომით უფლებაში ჩარევა. ეს გარემოებები ერთობლიობაში „prima facie“ („ერთი შეხედვით“) სასამართლოს უქმნის პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის ვარაუდს, რის შედეგადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მიხედვით, მითითებული ფაქტების უარყოფისა და განსხვავებული მოპყრობის არარსებობის ან/და მისი გამამართლებელი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. თუმცა, მოპასუხეს არ მიუთითებია ზემოაღნიშნული განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელ გარემოებებზე და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. ის გარემოება, რომ სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ეტლით მოსარგებლე სპეციალისტების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ გასაუბრების განსაზღვრა ტესტირების თბილისში ჩატარებითა და შესაბამისად ეტლით მოსარგებლე პირების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემით იყო განპირობებული, ვერ ხსნის მხედველობის პრობლემის მქონე შშმ პირების მიმართ განსხვავებულ მიდგომას, ვინაიდან მართებულია კასატორის მითითება, რომ მხედველობის პრობლემის მქონე პირებს არა მხოლოდ გადაადგილების თვალსაზრისით გააჩნდათ დაბრკოლება, არამედ მათთვის ტესტირების გავლა მხედველობის პრობლემის არმქონე პირებთან ერთად თანაბარ პირობებში არახელსაყრელი იქნებოდა. ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელესთან მიმართებით დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტურ პრიორიტეტულობას და აღნიშნული მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.

58. ამრიგად, მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაქმებულის მიმართ არსებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის/დასაქმებულის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. აღნიშნული, ერთი მხრივ, გამოიხატა სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში ეტლით მოსარგებლე და მხედველობის პრობლემის მქონე შშმ პირების მიმართ კვალიფიკაციის შეფასების განსხვავებული კრიტერიუმების, ხოლო, მეორე მხრივ, მხედველობის პრობლემის მქონე შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირების მიმართ ერთნაირი კრიტერიუმების დადგენაში, რამაც საბოლოო ჯამში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია.

59. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან (ეტლით მოსარგებლე შშმ დასაქმებულებთან) შედარებით მოსარჩელის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, არამედ, ასევე, არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი (მხედველობის პრობლემის მქონე და არმქონე) მოსარჩელისა და სხვა დასაქმებულების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.

60. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

61. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, დასაქმებულის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, უნდა დაეკისროს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ოდენობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღსადგენად გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.

62. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

64. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

65. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 200 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 1 200 (ათას ორასი) ლარის გადახდა;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი