საქმე №ას-872-2022 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ., ჯ., ლ. და ა.ბ–ძეები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით მ., ჯ., ლ. და ა.ბ–ძეების (შემდგომ - მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ–ის (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ცნობილ იქნენ გ.ბ–ძის (შემდგომ - მამკვიდრებელი) კუთვნილი უძრავი ნივთის მესაკუთრეებად, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 10 000 აშშ დოლარის გადახდა, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით რეალიზაციის გზით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 27 იანვარს მოსარჩელეს, როგორც იპოთეკარსა და მოპასუხეების მამკვიდრებელს, როგორც მესაკუთრეს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
2.2. ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოსარჩელემ მამკვიდრებელს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც იმ მომენტისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 24 984 ლარს. მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისათვის თანხა დაებრუნებინა 2 წლის ვადაში, 2018 წლის 27 იანვრამდე. ხელშეკრულების მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, სესხი სარგებლიანი იყო, რაც გულისხმობდა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკარისათვის სარგებლობაში გადაცემას.
2.3. ხელშეკრულების მე-11 და მე-12 პუნქტების თანახმად, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით მამკვიდრებლის კუთვნილ ქონებაზე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელს მიენიჭა, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების უფლება.
2.4. 2016 წლის 18 ივნისს მამკვიდრებელი გარდაიცვალა. მოპასუხეები არიან მისი პირველი რიგის მემკვიდრეები.
2.5. მამკვიდრებლის მეუღლემ სამკვიდროს გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, თუმცა სამკვიდრო მოწმობა არ აუღია. სხვა მემკვიდრეებს დღეის მდგომარეობით სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ.
2.6. მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, 2019 წლის 7 თებერვალს კრედიტორმა შეტყობინება გაუგზავნა მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს, იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ.
2.7. მოპასუხეებმა სადავო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მამკვიდრებლის მიერ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობის ფაქტი და ამ ვალდებულების ოდენობა სადავოდ არ გამხდარა. სააპელაციო პრეტენზია ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას, რომ მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1488-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის წარდგენის ვადა არ დაურღვევია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მითითებულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრეების წინაშე მოთხოვნის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენის 6-თვიანი ვადის დაცვის ფაქტი დადასტურდა.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა და კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორიაა, განსხვავებულია სასამართლოს როლი, კერძოდ: სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო იმ შემთხვევაში შეამოწმებს თუ მოპასუხე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მას სადავოდ გახდის, ხოლო იმ საკითხის კვლევა, დაცულია თუ არა მოთხოვნის წარდგენის ვადა (სსკ-ის 1488-ე მუხლი), სასამართლოს თავისი ინიციატივითაც შეუძლია.
6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 27 იანვრის სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ვადა დადგა 2018 წლის 27 იანვარს. იმ გარემოების მტკიცების მიზნით, რომ კრედიტორს სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი სპეციალური ვადა არ დაურღვევია, მოსარჩელემ წარადგინა მოწმეთა ჩვენებები.
7. მოწმე მ.გ–ას განმარტებით, 2016 წლის ივნისში მუშაობდა მოსარჩელის კუთვნილ საცხობში მცხობელად. საცხობი მდებარებოდა მამკვიდრებლის კუთვნილ ფართში. მისთვის ცნობილი იყო, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ ასესხა 10 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ მამკვიდრებელმა სარგებლობაში გადასცა კომერციული ფართი, სადაც ფუნქციონირებდა საცხობი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, მოწმემ ზუსტი დრო ვერ გაიხსენა, დაახლოებით მიუთითა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერზე, მოსარჩელემ და მისმა ვაჟმა მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისაგან მოითხოვეს მამკვიდრებლისათვის სესხად გადაცემული 10 000 აშშ დოლარის დაბრუნება. იმ პერიოდში მოსარჩელეს მოწმის თანდასწრებით არაერთხელ მოუთხოვია მამკვიდრებლის მეუღლისათვის ვალის დაბრუნება, მაგრამ, როგორც მისთვის იყო ცნობილი, სესხი არ დაბრუნებულა.
8. მოწმედ დაკითხული მ.მ–ის განმარტებით, იგი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა მოსარჩელის შვილთან. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში მას ასესხა 5 000 ლარი სამი თვით. როგორც მან განუცხადა, თანხა სჭირდებოდა ბიზნესის დასაწყებად, კერძოდ, უნდა გაეკეთებინა საცხობი. სამი თვის გასვლის შემდეგ მოვალეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. მოწმე პერიოდულად მოითხოვდა გასესხებულ თანხას, თუმცა მოვალე სთხოვდა, ვალის გადახდა ცოტა ხნით ედროვებინა. 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში მოწმემ მოსარჩელის შვილს კატეგორიულად მოსთხოვა სესხის დაბრუნება. მოსარჩელის ვაჟის განმარტებით, დედამისს - მოსარჩელეს 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა გასესხებული მისთვის უცნობი პირისათვის, რომელიც გარდაიცვალა და მისი ოჯახის წევრებს ვალი მალე უნდა დაებრუნებინათ, რის შემდეგაც გადასცემდა ფულს, მაგრამ რიცხვს ვერ აზუსტებდა. მოწმეს თანხა სექტემბრისათვის ესაჭიროებოდა, რის გამოც მოსარჩელის ვაჟი მივიდა მამკვიდრებლის ოჯახში და, დედამისთან ერთად, შეხვდა მისი ოჯახის წევრებს მათივე საცხოვრებელ ბინაში. ყველას თანდასწრებით მოსარჩელის ვაჟმა აუხსნა მათ, რომ ვალი ჰქონდა მოწმისათვის გადასაცემი და სთხოვა, მამკვიდრებლის ნასესხები 10 000 აშშ დოლარის დაბრუნება, ვინაიდან მსესხებელი გარდაიცვალა. მამკვიდრებლის შვილი - ერთერთი მოპასუხე, დედამისთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაპირდა, რომ თანხას მოსარჩელეს მალე დაუბრუნებდა და ამ უკანასკნელს უნდა გამოეთავისუფლებინა მათი კუთვნილი კომერციული ფართი, სადაც მოსარჩელე საცხობს ამუშავებდა.
9. სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ მხარეები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხის მოსაგვარებლად, ამასთან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე, ფაქტობრივად, ფლობდა გარდაცვლილის კუთვნილ კომერციულ ფართს (საცხობს), რომელიც მოპასუხეთა საცხოვრებელი ადგილის გვერდით მდებარეობს.
10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მხარეთა შორის არსებობდა უწყვეტი კავშირი და მოლაპარაკებები, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ; შესაბამისად, საფუძველს მოკლებულად მიიჩნია აპელანტების პრეტენზია, რომ კრედიტორმა მოთხოვნა მათ კანონით (სსკ-ის 1488-ე მუხლით) გათვალიწინებული ვადის დარღვევით წარუდგინა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
16. საკასაციო საჩივრის თანახმად:
16.1. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ კრედიტორმა მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების შესრულების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს სსკ-ის 1488-ე მუხლის დაცვით მიმართა. სარჩელს ერთვის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ კრედიტორმა გარდაცვლილის მემკვიდრეებს წერილობით მიმართა 2019 წლის 7 დეკემბერს, ანუ მოთხოვნის ვადის დადგომიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
16.2. სააპელაციო პალატამ არასწორად დაუპირისპირა მოწმეთა ჩვენებები წერილობით მტკიცებულებებს მაშინ, როცა მოწმეთა ჩვენება რელევანტურ მტკიცებულებად მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამასთან, მოწმეთა განმარტებები იყო ბუნდოვანი, არათანმიმდევრული, ისინი გარკვეულ გარემოებებს ვერ იხსენებდნენ.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, დროულად მიმართა თუ არა კრედიტორმა გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადაზე, რაც განსხვავებული ცნებებია. მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-143-136-2010, 7 ოქტომბერი, 2010 წელი; №ას-570-2020, 5 თებერვალი, 2021 წელი).
20. პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება: მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება. კრედიტორის პრეტენზიების შესახებ განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით. განცხადება მიიღება, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი; იხ. სუსგ №ას-1796-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).
21. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ (იხ: საქმე №ას-782-731-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი).
22. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს როგორც ზეპირად, ისე - წერილობით, რის გამოც, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით იქნა წარდგენილი იგი, ფაქტის დამტკიცება დასაშვებია სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით, ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ: საქმე №ას-513-490-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
24. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.
25. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას, საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება, იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი.
26. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დროულად წარუდგინა.
27. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორთა არგუმენტი, რომ მოწმეთა ჩვენება სადავო გარემოებების დამადასტურებლად საკმარისად წონად მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
28. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და დასაშვებია სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით, ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ: საქმე №ას-513-490-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის სადავო მოთხოვნის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, ერთობლივად შეფასებას.
30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2016 წლის 18 ივნისს. კასატორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 27 იანვრის სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც ფლობდა გარდაცვლილის კუთვნილ, მოპასუხეთა საცხოვრებელი ადგილის გვერდით მდებარე კომერციულ ფართს (საცხობს). ამდენად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა გრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 2018 წლის 27 იანვარს. მანამდე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მხარეთა შორის არსებობდა უწყვეტი კავშირი და ზეპირი მოლაპარაკებები, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნულ ფაქტს მოწმეთა ჩვენებებიც განამტკიცებს, რამაც ერთობლიობაში მისცა სააპელაციო სასამართლოს იმ გარემოების სარწმუნოდ დადგენის შესაძლებლობა, რომ მოსარჩელემ სესხის გადახდა გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებს კანონით დადგენილ ვადაში მოსთხოვა და მხარეებს მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია ჰქონდათ თანხის დაბრუნების პირობებთან დაკავშირებით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ა.ლ–ის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს №14133635646 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 350 ლარის 70% – 945 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ., ჯ.ლ. და ა.ბ–ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს მ. ბ–ძეს (პ/ნ ........), ჯ. ბ–ძეს (პ/ნ ......), ლ.ბ–ძეს (პ/ნ ....) და ა. ბ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ა.ლ–ის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს №14133635646 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 350 ლარის 70% – 945 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი