საქმე №ას-773-2022 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი. ე.ე.მ.ლ–ი“ (E&M M.L.) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ს.ბ–ი“, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ი. ე.ე.მ.ლ–ის“ (E&M M.L.) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სახით, 100 000 ევროს გადახდის სოლიდარულად დაკისრება) სს „ს.ბ–ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „ბანკი“) და სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანიას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-41).
2.2. მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან 2019 წლის 08 იანვარს ბანკში შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა 100 000 ევრო. შედეგად, შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 99 913,25 ევრო დანიშნულებით - ,,MR. HAMED ALEISA’’ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-30, 109-115, 347- 349).
2.3. მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან 2019 წლის 09 იანვარს ბანკში შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე თაღლითური გზით გადაირიცხა 175 000 ევრო. შედეგად, შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 174 913,33 ევრო დანიშნულებით - ,,PAYMENT HAMED ALEISA’’(იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-30, 347-349).
2.4. ბანკმა 2019 წლის 10 იანვარს გადმომრიცხავი ბანკის ,,R.B.’’-ისგან მიიღო SWIFT შეტყობინება თაღლითური გზით თანხების ჩარიცხვის შესახებ, რომელიც შეეხებოდა შპს „ვ–ის“ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 08 იანვარს განხორცილებულ ჩარიცხვას (100 000 ევრო). აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ ბანკმა ტრანზაქცია საეჭვოდ მიიჩნია და იმავე დღეს, 2019 წლის 10 იანვარს გაგზავნა საეჭვო ანგარიშგება - 8D677279BC79597 მეორე მოპასუხესთან.
2.5. მოსარჩელის 2019 წლის 09 იანვრის მეორე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ბანკი დაუკავშირდა შპს „ვ–ს“ თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ამასთან, მოითხოვა ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. შპს ,,ვ–მა’’ ვერ წარუდგინა ბანკს მოთხოვნილი დოკუმენტები, თუმცა განაცხადა თანხმობა თანხის უკან დაბრუნებაზე. შედეგად, მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა 2019 წლის 09 იანვრის საბანკო გადარიცხვისას შპს ,,ვ–ისათვის’’ გადარიცხული 174 913,33 ევრო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-30, 347-349).
2.6. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში 2019 წლის 21 იანვარს დაიწყო გამოძიება შპს ,,ვ–ის’’ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე მოტყუების გზით განხორცილებული ფულადი თანხების ტრანზაქციისა და შემდგომ მათი ლეგალიზაციის ფაქტზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-25, 342-344).
2.7. მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად N074210119801 სისხლის სამართლის საქმეზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
2.8. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ: ,,შპს ,,ვ–ს’’ [მოპასუხე ბანკში] გახსნილ საბანკო ანგარიშზე დიდ ბრიტანეთში არსებული კომპანიის - [მოსარჩელისაგან] საბანკო დაწესებულება ,,BARCLAYS BANK UK PLC’’-ის მეშვეობით 2019 წლის 08 იანვარს ჩაერიცხა 99 913 ევრო. თანხის გადარიცხვის საფუძველი გახდა 2019 წლის 08 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის - [მოსარჩელის] ფინანსური მენეჯერის, ა.მ–ის სამსახურებრივ ელექტრონული ფოსტის მისამართზე კომპანიის დირექტორის, ჰ.ა–ას ელექტრონული ფოსტის მისამართიდან გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ ჰ.ა–ას სახელით გაგზავნილი ყალბი შეტყობინება, რომლის მიხედვით, თითქოს ის ითხოვდა კომპანიის ანგარიშიდან საქართველოში არსებული კომპანიის - შპს ,,ვ–ის’’ [მოპასუხე ბანკში] არსებულ ანგარიშზე თანხის - 100 000 ევროს გადარიცხვას. მოთხოვნის თანახმად, ტრანზაქციის დანიშნულება იყო უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის შეძენა. ა.მ–მა შეტყობინება აღიქვა რეალურად და იმავე დღეს 100 000 ევრო [მოსარჩელის] ანგარიშიდან გადარიცხა შპს ,,ვ–ის’’ [მოპასუხე ბანკში] არსებულ ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით [მოსარჩელეს] მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი’’ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-27; 342-346).
2.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული დადგენილებით, დასტურდება მოსარჩელისათვის სარჩელში მითითებული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-27; 342-346).
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ტრანზაქციამდე გაცილებით ადრე განხორციელებულ ე.წ. „ესპანეთის ტრანზაქციებთან“ მიმართებით კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს სწორედ იმ ცენტრალურ ფაქტობრივ გარემოებას, რომელსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა. ბანკის მიერ ე.წ. „ესპანეთის ტრანზაქციების“ მიმართ კანონმდებლობით ნაკისრი მონიტორინგის ვალდებულების არასათანადოდ შესრულება წარმოადგენს სწორედ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის გამოც ვერ მოხდა დროულად შპს „ვ–თან“ დაკავშირებული ტრანზაქციების საეჭვოდ მიჩნევა და შედეგად მოსარჩელე კომპანიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, რაც ცალსახად უთითებს აღნიშნული ქმედების სადავო ტრანზაქციასთან უშუალო კავშირზე.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტი. მისი განმარტებით, შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის დეკემბერში განხორციელებული ე.წ. ,,ესპანური ტრანზაქციების’’ მიმართ მოპასუხე ბანკის კანონით გათვალისწინებული შესაძლო დარღვევის არსებობა-არარსებობის ფაქტი განსახილველ დავაში შეფასების საგანი ვერ გახდება და, მითუმეტეს, საფუძვლად ვერ დაედება ბანკის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დადასტურებას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომაც აღნიშნა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად უთანაბრებს მიმდინარე დავას შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის დეკემბერში განხორციელებულ ე.წ. ,,ესპანურ ტრანზაქციებს’’.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება, რომ ბანკის მხრიდან საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა თავისთავად მიუთითებს მისი ქმედებისა თუ უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე, განურჩევლად იმისა, კონკრეტულად რომელ ტრანზაქციასთან მიმართებით მოხდა კანონით ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფა. თუკი ბანკის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტი არ იქნება დადასტურებული კონკრეტულ სადავო გადარიცხვასთან მიმართებით, ასეთი ფაქტის შესაძლო არსებობაც კი, სხვა, თუნდაც 2018 წლის დეკემბერში განხორციელებულ ე.წ. ,,ესპანურ ტრანზაქციებთან’’ დაკავშირებით, ვერ გახდება სადავო გადარიცხვასთან მიმართებით ბანკის მიერ ვალდებულების დარღვევის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. ასეთი დარღვევის/კანონმდებლობით ნაკისრი მონიტორინგის ვალდებულების არასათანადოდ შესრულება უნდა დასტურდებოდეს სწორედ სადავო გადარიცხვასთან მიმართებით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, ბანკის მიერ გაცემული ცნობები (16.12.2019წ; 31.01.2021წ.), მეორე მოპასუხის 23.01.2020წ. პასუხი წერილზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 198-199, 203-204, 258), რომლებითაც დასტურდება ბანკის მიერ ნორმატიული აქტების საფუძველზე ნაკისრი ქმედებების განხორციელების ფაქტი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სადავო გადარიცხვასთან მიმართებით ბანკმა SWIFT შეტყობინების მიღებისთანავე ტრანზაქცია მიიჩნია საეჭვოდ და იმავე დღეს გაგზავნა საეჭვო ანგარიშგება - 8D677279BC79597 მეორე მოპასუხესთან. ასევე, მეორე ჩარიცხვასთან დაკავშირებით (2019 წლის 09 იანვარი) ბანკი დაუკავშირდა შპს „ვ–ს“ თანხის დაბრუნებისა და ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით.
6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ბანკის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მითითება იმის შესახებ, რომ მხარეს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია, რაც ცნობაში აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბანკის მიერ გაცემულ ცნობაში ასახული ინფორმაციის სისწორე ვერ იქნება დამოკიდებული ცნობაში მითითებული კომუნიკაციის ასლების წარდგენაზე და აღნიშნულის არარსებობა სასამართლოს მხრიდან მისი არგაზიარების საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მოპასუხის მართლწინააღმდეგობის დადგენის საფუძველი, ასევე, ვერ გახდება ე.წ. ,,ესპანეთის ტრანზაქციები’’, რომლის შესახებაც, მოსარჩელის განმარტებით, ცნობილი იყო მისთვის და, მიუხედავად ამისა, შპს ,,ვ–თან’’ დაკავშირებული ფულადი გადარიცხვების კანონიერებაში ეჭვი არ შეუტანია.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადარიცხვასთან მიმართებით მოსარჩელე არ უთითებს ბანკის მხრიდან არსებითი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტზე, ამასთან, ის გარემოება, რომ საქმეში წარდგენილი დადგენილების თანახმად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-27), გამოძიება მიმდინარეობს სხვა შესაძლო დაზარალებულთა მიმართ განხორციელებულ ანალოგიურ დანაშაულებრივ ქმედებებზე, სასამართლოს მხრიდან მოცემულ სამოქალაქო დავაში შეფასების საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება მეორე მოპასუხის მიმართ პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონების, ასევე, საქართველოს მთავრობის 26.12.2019წ. N658 დადგენილებით დამტკიცებული მეორე მოპასუხის დებულების შესაბამისად, მეორე მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, განახორციელოს ანალიზი კონკრეტულ ანგარიშგებებთან მიმართებით და დასკვნა გაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოქმედებს კანონით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და „დასაბუთებული ვარაუდის“ წარმოშობის ფაქტი ვერ გახდება დავის მონაწილე მხარის ცალმხრივი შეფასების საგანი და, შესაბამისად, მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317-ე, 395.1, 992-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების არსებობა. შესაბამისად, გამოირიცხება ზაიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა ბანკიდან შემდეგი სახის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე: 2018 წლის დეკემბერში ესპანეთიდან მოპასუხე ბანკში შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშზე და შემდგომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და SWIFT შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შემდგომ პერიოდში შპს ,,ვ–ის’’, შპს ,,.ფ–ის’’ და შპს ,,ი–ის’’ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის შემდგომი უკანონო მცდელობების შესახებ ინფორმაცია; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ინფორმაცია ესპანეთიდან მოპასუხე ბანკში შპს ,,ვ–ის’’ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციებისა და მის მიერ განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაერთო საქმეს. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა განსახილველი საქმის გადაწყვეტასთან მიმართებით SWIFT შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შემდგომ პერიოდში შპს ,,ვ–ის’’, შპს ,,.ფ–ის’’ და შპს ,,ი–ის’’ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის შემდგომი უკანონო მცდელობების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობა.
10. 2020 წლის 31 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე დააყენა შუამდგომლობა ბანკიდან შემდეგი სახის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე: 1. ბანკსა და შპს „ვ–ს” შორის მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის თაობაზე 2018 წლის 22,28,29 და 30 ნოემბერს შემდგარი მიმოწერის ასლი და, შედეგად, შპს „ვ–ის” მიერ ბანკისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ასლი; 2. 2018 წლის 04 დეკემბერს ბანკსა და მის კლიენტს შორის შემდგარი მიმოწერის ასლი მიმღების არასწორი მონაცემების თაობაზე; 3. ბანკსა და გადმომრიცხავ ბანკს შორის შემდგარი კომუნიკაცია მიმღების არასწორი მონაცემების თაობაზე; 4. 2018 წლის 12 დეკემბერს ბანკის მიერ მიღებული დაზუსტებული SWIFT შეტყობინება; 5. 2019 წლის 10 იანვარს ბანკის მიერ მიღებული ინფორმაცია თანხის შესაძლო თაღლითური განკარგვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა განსახილველ საქმის გადაწყვეტასთან მიმართებით ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობა.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2020 წლის 25 სექტემბერს დააყენა შუამდგომლობა მეორე მოპასუხისაგან შემდეგი სახის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე: შპს „ვ–ის” საბანკო ანგარიშებზე განხორციელებულ ესპანეთის ტრანზაქციებთან დაკავშირებით მიღებული ანგარიშგებების საფუძველზე მეორე მოპასუხის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ასევე, მოსარჩელემ იშუამდგომლა ბანკიდან იმ ინვოისის გამოთხოვის თაობაზე, რომლის საფუძველზეც, თანხა გადაირიცხა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა განსახილველი საქმის გადაწყვეტასთან მიმართებით ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობა. მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს, უშუალოდ რა კავშირი აქვს გამოსათხოვ ინფორმაციას განსახილველ საქმესთან.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული განჩინებები, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებული და კანონიერია; პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც მოსარჩელე უთითებს, უშუალო კავშირი არა აქვს განსახილველ დავის საგანთან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ, არ ქმნის განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.12.2019წ., 31.01.2020წ. და 25.09.2020წ. საოქმო განჩინებების გაუქმება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო საჩივრის თანახმად:
20.1. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი თანხის თაღლითურ განკარგვას, რითაც მოსარჩელეს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამომხატველი ფაქტობრივი გარემოება უკავშირდებოდა ე.წ. „ესპანეთის ტრანზაქციებს“, რაც კუმულატიურად აერთიანებს ორ, დამოუკიდებელ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ტრანზაქციას: პირველი - შპს „ვ–ის“ მოპასუხე ბანკში გახსნილ ანგარიშზე ესპანეთიდან ერთი და იგივე კონტრაჰენტისგან მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხების რამდენიმე ტრანშად ჩარიცხვა; და მეორე – შპს „ვ–ის“ ბანკში გახსნილი იმავე ანგარიშიდან აღნიშნული დიდი ოდენობის თანხის ასევე რამდენიმე ტრანშად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთი და იგივე კონტრაჰენტისთვის გადარიცხვა. სწორედ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობები მოპასუხეთაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობები, რაც მოსარჩელემ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმებაზე, რითაც მას მოუსპო ყოველგვარი სამართლებრივი მექანიზმი და შესაძლებლობა, დაემტკიცებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც მისი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება. ორივე ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარდგენილ ცალმხრივ შიდა დოკუმენტს - ფარატინა ცნობას, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მისი შინაარსი სადავოდ გახადა და მასში მითითებული კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა მოითხოვა. აღნიშნული უხეშად ხელყოფს მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს;
20.2. მნიშვნელოვანი პროცესუალური ხარვეზი იკვეთება ბანკის მიერ წარდგენილი ცნობებისთვის წერილობითი მტკიცებულების ძალის მინიჭების კუთხით. გასაჩივრებულ განჩინებაში ვკითხულობთ, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, ბანკის მიერ გაცემული 16.12.2019წ. და 31.01.2020წ. ცნობები, ასევე, მეორე მოპასუხის 23.01.2020წ. პასუხი წერილზე, რომლებითაც დასტურდება ბანკის მიერ ნორმატიული აქტების საფუძველზე ნაკისრი ქმედებების განხორციელების ფაქტი. საქართველოში ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულებითი ძალით ვერ სარგებლობს არათუ უშუალოდ მხარის მიერ, არამედ მესამე პირის მიერ გაცემული ცნობა/დასტურიც კი, თუ ის ცალმხრივად, მხოლოდ ერთ-ერთი მხარის თანდასწრებითაა შედგენილი და მას გარკვეულ ფაქტებს უდასტურებს (სუსგ 13.10.2011წ. განჩინება საქმეზე Nას-1306-1326-2011; 11.03.2015წ. განჩინება საქმეზე Nას-1344-1382-2014). ამავე ლოგიკით მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს ცნობები, რომლებიც ცალმხრივად, თავად დაინტერესებული (საქმეში მონაწილე) პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ არის შედგენილი (სუსგ 07.07.2008წ. განჩინება საქმეზე Nას-490- 729-08). შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასამართლო სუბიექტურად და მიკერძოებულად დაეყრდნო წინამდებარე დავაში უშუალოდ დაინტერესებული მხარის - ბანკის მიერ ცალმხრივად გაცემულ და ყოველგვარი მტკიცებულებებით გაუმყარებელ ცნობას, რაც რეალურად იმეორებს ბანკის მიერ მისსავე შესაგებელში დაფიქსირებულ წერილობით ახსნა-განმარტებას;
20.3. საქმეში მონაწილე მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილ/გაცემულ ცნობას, რომელიც აღწერს სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოების მხარისეულ ვერსიას, არ შეიძლება დამოუკიდებელი მტკიცებულების ძალა მიენიჭოს. ასეთი ცნობა შინაარსობრივი თვალსაზრისით უბრალოდ ცნობის გამცემი მხარის ახსნა-განმარტებაა, რომლის მტკიცებითი წონა სრულიად განსხვავდება იმ საბუთის მნიშვნელობისაგან, რასაც საპროცესო კანონმდებლობა წერილობით მტკიცებულებას ეძახის. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა აღნიშნული ორი მტკიცებულებითი კატეგორიის უხეში აღრევა;
20.4. ბანკს, გარდა საკუთარი ცნობისა, არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას დაადასტურებდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამორიცხვა მხოლოდ და მხოლოდ ამავე ბანკის მიერ ცალმხრივად შედგენილი ფარატინა ცნობის საფუძველზე;
20.5. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ცნობების შედგენის თარიღი. აღნიშნული სადავო დოკუმენტები შედგენილია მას შემდეგ, რაც მოსარჩელის ინიციატივით დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება ბანკის მიმართ, დავის მიმდინარეობის პერიოდში, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომ მოპასუხემ მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულება შექმნა. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებენ ობიექტურობისა და სანდოობის მინიმალურ სტანდარტს;
20.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობები (ხოლო, შემდგომ სააპელაციო სასამართლომ არ გააუქმა შესაბამისი საოქმო განჩინებები) ზემოაღნიშნულ ბანკის ცნობაში მითითებული კომუნიკაციის ასლებისა და ამ კომუნიკაციის პროცესში მიღებული დოკუმენტაციის ბანკისგან გამოთხოვის თაობაზე. აღიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა, სრულად და ობიექტურად შეეფასებინა და შეესწავლა, მართლაც შედგა თუ არა ეს კომუნიკაცია, მოითხოვა თუ არა ბანკმა შპს „ვ–ის“ დოკუმენტაცია და რა დოკუმენტაცია წარუდგინა ბანკს ამ უკანასკნელმა. სწორედ აღნიშნული კომუნიკაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ექნებოდა სასამართლოს შესაძლებლობა, შეეფასებინა მოპასუხეებმა მართლაც განახორციელეს თუ არა კანონმდებლობით გაწერილი სავალდებულო მოქმედებები და იკვეთება თუ არა წინამდებარე საქმეზე მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება;
20.7. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო, ერთი მხრივ, უარს ეუბნება მოსარჩელეს მართლწინააღმდეგობის ელემენტის დასადასტურებლად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების - გამოთხოვაზე, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე საკითხთან დაკავშირებით ეყრდნობა მოწინააღმდეგე მხარის სუბიექტურ და შესაბამისი მტკიცებულებებით გაუმყარებელ ცარიელ ცნობას/ახსნა-განმარტებას, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; Nას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
22. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; Nას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; Nას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; Nას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
23. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხეთა ქმედებები იყო მართლსაწინააღმდეგო და მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი დადგა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების (უმოქმედობის) შედეგად. რაც შეეხება 2018 წლის დეკემბერში ე.წ. „ესპანეთის ტრანზაქციებთან“ დაკავშირებით მოპასუხეთა მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/შეუსრულებლობას და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების ბანკისაგან გამოთხოვაზე სასამართლოს მხრიდან უარის თქმას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელის შუამდგომლობების დაკმაყოფილების სათანადო საფუძველი, რადგან დასახელებული ტრანზაქციები და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები არ უკავშირდება წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარ გადარიცხვას. შესაბამისად, ე.წ. „ესპანეთის ტრანზაქციებთან“ დაკავშირებით მოპასუხეთა მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფასებას მნიშვნელობა არ ენიჭება წინამდებარე საქმეში დამდგარ შედეგთან მიმართებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.12.2019წ., 31.01.2020წ. და 25.09.2020წ. საოქმო განჩინებებით მოსარჩელის შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა აღნიშნული მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობა განსახილველი საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით (იხ. 17.12.2019წ., 31.01.2020წ. და 25.09.2020წ. სხდომის ოქმები). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც მოსარჩელე უთითებდა, უშუალო კავშირი არ აქვს განსახილველ დავის საგანთან.
26. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილზე [წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით] დაყრდნობით სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფლებაზე, ხოლო კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
28. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი. ე.ე.მ.ლ–ის“ (E&M M.L.) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ი. ე.ე.მ.ლ–ს“ (E&M M.L.) (კომპანიის ნომერი .....) დაუბრუნდეს შპს „ღ. და პ–ბის“ (ს/კ .....) მიერ 2022 წლის 6 ივნისის №1654513400 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი