Facebook Twitter

საქმე №ას-867-2024

21 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – კ.ქ–ვა, მ.ქ–ვა, ლ.ქ–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ქ–ვას, მ.ქ–ვასა და ლ.ქ–ვას (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების, ასევე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. მათი მითითებით, თანახმა არიან გადაიხადონ დავალიანება და არ ეთანხმებიან უძრავი ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის მოთხოვნას.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ №0270.4250571.006 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 46 995.79 ლარის, ხოლო №0270.4250571.007 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 20 064.90 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, კ.ქ–ვას (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ......ქუჩა №5-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .......). დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორები შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით კ.ქ–ვას, მ.ქ–ვასა და ლ.ქ–ვას დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული (რა არის საკასაციო მოთხოვნა) ბ) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება კასატორებს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ და ჩაბარების დასტურიდან ირკვევა, რომ ლ.ქ–ვას წარმომადგენელმა ნ.ბ–ამ (იხ.მინდობილობა ს.ფ.148) ჩაიბარა პირადად 2024 წლის 17 ივლისს.

9. 2024 წლის 13 სექტემბერს კ.ქ–ვას და მ.ქ–ვას განმეორებით გაეგზავნათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება და ჩაბარდათ 2024 წლის 24 სექტემბერს (იხ.ჩაბარების დასტურები ტ.2, ს.ფ 13-14).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით კასატორებს მიეცათ 10 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება ლ.ქ–ვას ნაწილში გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2024 წლის 12 ივლისს და ჩაბარდა მის წარმომადგენელს ნ.ბ–ას 2024 წლის 17 ივლისს (იხ. ჩაბარების დასტური,ტ.2,ს..ფ.9). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება ლ.ქ–ვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა. რაც შეეხება კ.ქ–ვას და მ.ქ–ვას, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მათ მიერ გაცემული ვადიანი მინდობილობა ადვოკატ ნ.ბ–აზე შესაბამისად მათ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება განმეორებით გაეგზავნათ ახალ მისამართზე: (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ტ.2,ს.ფ.10) ქ.ფოთი ......, ბინა 1-ა და ორივე გზავნილი მ.ქ–ვამ, როგორც მხარემ და როგორც კ.ქ–ვას დედამ ჩაიბარა 2024 წლის 24 სექტემბერს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. აქედან გამომდინარე, კ.ქ–ვას ნაწილში ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 24 სექტემბერს.

16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა, ლ.ქ–ვას ნაწილში დაიწყო 2024 წლის 18 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 27 ივლისს. ხოლო, კ.ქ–ვას და მ.ქ–ვას ნაწილში 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა, დაიწყო 2024 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 4 ოქტომბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეებს ან მათს წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ქ–ვას, მ.ქ–ვასა და ლ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გიზო უბილავა