Facebook Twitter

¹ბს-1028-981(კ-06) 26 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ლანა ჭანტურია

კასატორი (მოსარჩელე) _ უ. ჟ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

უ. ჟ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა პირველი ჯგუფის ინვალიდისათვის გათვალისწინებული სამხედრო პენსიის აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მოხუცებულობის პენსია სტაჟისა და ხელფასის გადაანგარიშებით და მომვლელის დანიშვნა (იხ. ს.ფ. 3-4).

საქმის გარემოებები:

უ. ჟ.-ი 1958 წლის 27 ნოემბერს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, სადაც სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს - პოსტზე ყოფნისას შიშისაგან გახდა ავად. იგი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ტრავმის გამო მას მიენიჭა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა სამხედრო პენსია. აღნიშნულ პენსიას მოსარჩელე ღებულობდა 1996 წლამდე. 1996 წლიდან სამხედრო პენსიის ნაცვლად დაენიშნა სოციალური დახმარება. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2002 წელს უ. ჟ.-ს მიენიჭა პირველი ჯგუფის ინვალიდის კატეგორია, რაც გამოწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულების დროს მიღებული ტრავმით.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, მას არასწორად დაენიშნა შრომის პენსიონერის პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია, ვინაიდან მას ეკუთვნის სამხედრო სამსახურის პირველის ჯგუფის ინვალიდის პენსია, რადგან ინვალიდობის მიზეზი იყო სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ტრავმა. 2002 წელს საექიმო კომისიის დასკვნით, მას დაენიშნა მომვლელი. მოსარჩელის წერილობითი მიმართვის მიუხედავად, სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებამ არ გამოყო თანხა მომვლელის დანიშვნისათვის. უ. ჟ.-მ მოითხოვა ასევე სამხედრო პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსია სტაჟის გაანგარიშებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხემ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეს დანიშნული აქვს პენსია ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” კანონის სრული დაცვით. მოსარჩელე სამხედრო სამსახურში გავლის პერიოდში დაავადდა და არსებული კანონმდებლობის თანახმად ენიშნება ჩვეულებრივი, საერთო დაავადებით ინვალიდობის პენსია, განსხვავებით სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაინვალიდებულისა, რაც არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც ავადმყოფობის ისტორიით (იხ. ს.ფ. 55-56).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით უ. ჟ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე – უ. ჟ.-ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და საპენსიო მოწმობის თანახმად გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. მოსარჩელე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის თანახმად ღებულობს პენსიას, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიის სხვა ოდენობას ან დანამატს არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამასახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად სამხედრო სამსახურის გავლისას დაინვალიდებულ პირთათვის გათვალისწინებულია პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიის დანიშვნის განსხვავებული გადაანგარიშება, რაც მოსარჩელის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან უ. ჟ.-ი არ განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელიც დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მომვლელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი (იხ. ს.ფ. 57-59).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, 1959 წლიდან არის სამხედრო სამსახურის გავლის გამო ჯერ მე-3, ამჟამად კი პირველი ჯგუფის ინვალიდი; სამხედრო პენსიას ღებულობდა 1996 წლამდე. 1996 წელს სოცუზრუნველყოფის სამსახურმა გააუქმა სამხედრო პენსია და გაათანაბრა საერთო ინვალიდების პენსიონერებთან. 2002 წელს საექიმო კომისიამ დაუნიშნა მომვლელი, რის შესახებაც აპელანტმა მიმართა სოცუზრუნველყოფის სამსახურს, რომელმაც უარი განუცხადა მომვლელისა და სამხედრო პენსიის დანიშვნაზე. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ დააკმაყოფილა სარჩელი და დაეყრდნო მოპასუხე მხარის განმარტებას, რომელსაც არ მიუთითებია სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ ეკუთვნოდა მას სამხედრო პენსია სამხედრო სამსახურის გავლის გამო მიღებული პირველი ჯგუფის ინვალიდობისათვის და მომვლელის დანიშვნა (იხ. ს.ფ. 62-63; 70-71).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოწინააღმდეგე მხარემ – სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა უ. ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აპელანტი დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის გავლის დროს და 1985 წლამდე წარმოადგენდა სამხედრო პენსიონერს. სოცდაზღვევის ქუთაისის ფილიალის წერილის თანახმად, უ. ჟ.-ს 1959 წლის 17 ივნისიდან დანიშნული ჰქონდა პენსია სამხედრო გავლით, როგორც მე-3 ჯგუფის ინვალიდს. 2002 წლის აგვისტოდან მას მიენიჭა პირველი ჯგუფის ინვალიდის კატეგორია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მიეკუთვნება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს და ,,სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უნდა მიეღო საერთო პენსია 35 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოთხოვნას მომვლელის თანხის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი აღნიშნულს არ ითვალისწინებდა (იხ. ს.ფ. 108-111).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები:

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ის გარემოება, რომ იგი დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის გავლის დროს, ვინაიდან მოსარჩელე დაინვალიდდა სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, რაც შემდგომ გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდობის მიზეზი. 1959 წლიდან 1996 წლამდე კასატორი ღებულობდა სამხედრო პენსიას, ხოლო შემდეგ სოცუზრუნველყოფის სამსახურმა გაუუქმა სამხედრო პენსია და დაუნიშნა სოც-დახმარება. 2002 წლის საექიმო დასკვნის თანახმად, უ. ჟ.-ს მიენიჭა პირველის ჯგუფის ინვალიდის სტატუსი და დაენიშნა მომვლელი სახელმწიფო ხარჯზე, რაც ასევე არ შეასრულა სოცუზრუნველყოფის სამსახურმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი ითვალისწინებს პირველი ჯგუფის ინვალიდისათვის პენსიის დანიშვნისა და გადაანგარიშების საერთოსაგან განსხვავებულ წესს. კასატორის პირველი ჯგუფის ინვალიდობის მიზეზი არის სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმა და დღევანდელი მდგომარეობით იგი წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ვეტერანს. შესაბამისად, სოცუზრუნველყოფის სამსახურმა სამხედრო პენსიის გაუქმებით დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები (იხ. ს.ფ. 115-117; 143-145).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით უ. ჟ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 163-166).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კარნონიერება- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ. ჟ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილოველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული სასამართლოს მსჯელობები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ უ. ჟ.-ი არის სამხედრო პენსიონერი, რომელიც დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის გავლის დროს, თუმცა შემდგომი დასკვნის თანახმად, იგი არ წარმოადგენს სამხედრო ძალების პენსიონერს და არის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომელსაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის თანახმად ეკუთვნის პენსია 35 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის I მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან რიგითი და უფროსი შემადჟგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ-ის დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სგვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელი სახელმწიფო თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუვსლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვაოიდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია ინვალიდობის გამო. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის გამო პენსია დაენიშნებათ სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად.

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ უ. ჟ.-ი 1958 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. მსახურობის პერიოდში მან მიიღო ტრავმა. ავადმყოფობის შესახებ მოწმობის თანახმად, მოსარჩელე დაავადდა სამხედრო სამსახურის გავლისას (იხ. ს.ფ.17), ამასთან 1959 წლის 22 ივნისს გაცემული ოქმის თანახმად, უ. ჟ.-ს დაენიშნა პენსია, სადაც ინვალიდობის მიზეზად მითითებულია სამხედრო სამსახურის გავლა (იხ. ს.ფ. 79). სამედიცნო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2002 წლის 23 აგვისტოს შემოწმების დასკვნით უ. ჟ.-ი განეკუთვნება პირველი ჯგუფის ინვალიდს და ინვალიდობის მიზეზი სამხედრო სამსახურში მიღებული ტრავმა იყო (იხ. ს.ფ. 10). ასევე, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიერ უ. ჟ.-ის სახელზე გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი სამხელდრო სამსახურის გავლის გამო და ინვალიდობა დადგენილია უვადოდ (იხ. ს.ფ. 75).

მოპასუხის განმარტებით, სამხედრო სამსახურის გავლისას დაავადება ნიშნავს სამხედრო ვალდებულის დაავადებას იმ დაავადებით, რომელიც შეიძლებოდა შეხვედროდა სამოქალაქო პერიოდშიც და დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთ პირს ენიშნება, როგორც ჩვეულებრივი საერთო დაავადების პენსია. სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის წერილის თანახმად უ. ჟ.-ი ღებულობს პენსიას სამხედრო სამსახურის გავლით და მას ეს პენსია არ შეწყვეტია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის გავლით ინვალიდების საპენსიო უზრუნველყოფას, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად სამხელრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ოპერატიული სამსახურის პერიოდში ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების, ან დაავადების გამო მე-19 მუხლის თანახმად, ინვალიდობის მიზეზების გათვალისწინებით ინვალიდების კატეგორიას მიეკუთვნებიან ომის ინვალოიდები, ინვალიდები სამხედრო ტრავმის შედეგად, თუ ინვალიდობა დაკავშირებულია საქარველოსა და ყოფილ სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო, ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას. შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. ჟ.-მ ტრავმა მიიღო სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, რაც შემგომ გახდა ინვალიდობის მიზეზი.

აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად კი, ინვალიდობის ჯგუფის შეცვლა იწვევს პენსიის ოდენობის შეცვლას. ამასთან, თუ ინვალიდს სამხედრო ტრავმის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება საერთო დაავადების, შრომითი დასახიჩრების ან პროფესიული დაავადების გამო, მაშინ პენსიის გაანგარიშება ხდება ინვალიდობის ახალი ჯგუფის მიხედვით, ინვალიდობის გამომწვევი პირველადი მიზეზების შენარჩუნებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. ჟ.-ს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაუდგინდა III ჯგუფის ინვალიდობა, შემდგომ მე-2, ხოლო 2002 წლის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელე მიჩნეულ იქნა სამხედრო სამსახურის გავლით I ჯგუფის ინვალიდად. შესაბამისად, მასზე სამხედრო პენსია უნდა გაიცეს 2002 წელს სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი ინვალიდობის ჯგუფის მიხედვით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-10 მუხლში მოცემულია სამხედრო ძალების ვეტერანთა ცნების დეფინიცია, რომლის მიხედვით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. საკასაციო სასამართლოში უ. ჟ.-მ წარმოადგინა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისს მხედველობაში უნდა მიიღოს სხვა მტკიცებულებასთან ერთად უ. ჟ.-ის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა და გამოარკვიოს, რის საფუძველზე იქნა იგი მოსარჩელეზე გაცემული.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამხდრო ძალების ვეტერანებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულთათვის გათვალისწინებულია განსხვავებული საპენსიო უზრუნველყოფა.

ამასთან, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს განაცდურის ანაზღაურება. მისი თქმით, სამხედრო პენსიას იგი ღებულობდა 1996 წლამდე, რაც საქმის მასალებით არ დგინდება, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს თუ რომელ წლამდე ღებულობდა მოსარჩელე სამხედრო პენსიას და არსებობს თუ არა განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. უ. ჟ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მომვლელის და მეთვალყურის დანიშვნა, რასაც იგი ითხოვს საექიმო დასკვნის საფუძველზე. სასამართლოების მიერ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი, არსებობდა თუ არა ამის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას სამხედრო პენსიასთან ერთად შრომისა და გამომუშავების მიხედვით პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილისა და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნვეყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, სარგებლობს თუ არა უ. ჟ.-ი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანობისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით დადგენილი სოციალური უზრუნველყოფით და არის თუ არა საფუძვლიანი მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური პენსიის ანაზღაურებისა და მომვლელის დანიშვნის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 261.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 393-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. ჟ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.