საქმე №ას-924-2024
21 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ბ–ი, თ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, სადავო უძრავი ნივთის კომლის წევრების თანასაკუთრებად ცნობა, სადავო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ბ–ისა და თ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, სადავო უძრავი ნივთის კომლის წევრების თანასაკუთრებად ცნობისა და სადავო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მოსარჩელის საკუთრებად ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით ზ.ბ–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ან დავის საგნის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 25 ივლისს.
9. 2024 წლის 30 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მხარესთან კომუნიკაცია ვერ შეძლო და მისი საპროცესო უფლებისა და ინტერესის დაცვის მიზნით ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არანაკლებ 10 დღით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, ზ.ბ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ.ბ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ან დავის საგნის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 9 აგვისტოს.
12. 2024 წლის 13 აგვისტოს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნა, რომ მართალია მხარე აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თუმცა მისი და მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს თუნდაც მინიმალური ბაჟი. შესაბამისად, განცხადების საფუძველზე კასატორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას ან მისი გადახდის გადავადებას. მხარის მითითებით, ასეთ მოკლე პერიოდში, შეუძლებელია, მხარის - ყოფილი სოციალურად დაუცველის - მატერიალურ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ზ.ბ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; ზ.ბ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან დავის საგნის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს თ.მ–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.მინდობილობა ტ.1ფ.104) და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 13 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2024 წლის 6 სექტემბერს და ჩაბარდა 2024 წლის 13 სექტემბერს (იხ. ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ. 183). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბერს განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.
20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2024 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 20 სექტემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გიზო უბილავა