Facebook Twitter

30 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-401-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს ,,ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - კ.კ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ს–ოს’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) დირექტორია კ.კ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე).

2. გ.ყ–ი და ნ.კ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მეუღლეები იყვნენ, გ.ყ–ი 2014 წელს გარდაიცვალა.

3. 2012 წლის 26 ნოემბერს, სს ,,პ–ის’’ ქუთაისის ფილიალში მოსარჩელემ 45 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით განათავსა, ხოლო 2013 წლის 9 ოქტომბერს, სს ,,ს.ბ–ში’’ არსებული ანაბრიდან მან 32 803 აშშ დოლარი გაიტანა.

4. 2013 წლის 23 ოქტომბერს, მოსარჩელის თხოვნით 40 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი გაიცა.

5. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული, მოწმის სახით დაკითხული აწ გარდაცვლილი გ.ყ–ის ჩვენებაში (16.05.2014წ.) მითითებულია, რომ: მან, პროფესიით მშენებელ-ინჟინერმა, მეორე მოპასუხეს შპს-ს დაფუძნება შესთავაზა;

მეორე მოპასუხემ საწარმო დააფუძნა, რომელსაც ქ.ქუთაისში, ......... მიმდებარედ მიწის ნაკვეთი ჰქონდა, მაგრამ არ გააჩნდა მშენებლობის დასაწყები თანხა და გ.ყ–ს მშენებლობაში თანხის შეტანა შესთავაზა; ამავე შეთავაზებას იგი იმ პირობით დასთანხმდა, რომ მშენებარე კომპლექსში 160კვ.მ-დან 180კვ.მ-მდე ფართს თვითღირებულების ფასში მიჰყიდდა და, მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინა გ.ყ–ის მეუღლის - მოსარჩელის სახელზე გაფორმდებოდა.

მოსარჩელის, მ.კ–ძისა და სამუშაოთა მწარმოებელ ვ.ფ–ის თანდასწრებით ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე გ.ყ–მა მეორე მოპასუხეს ხელზე 55 000 აშშ დოლარი გადასცა, რომელიც, იქვე მათივე თანდასწრებით დაითვალა და უთხრა, რომ მას ბანკში შეიტანდა, რაშიც ეჭვი არ შეუტანიათ.

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მშენებლობის ნებართვა საწარმოს არ გააჩნდა, რის გამოც ბუღალტერთან მივიდა და თანხის გადარიცხვის საკითხი მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ მეორე მოპასუხეს ბანკში მხოლოდ 15 600 აშშ დოლარი ჰქონდა გადარიცხული, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს თანხის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, თუმცა ფული არ დაუბრუნებია.

2013 წლის ოქტომბერში, ანაბარზე არსებული თანხიდან მისმა მეუღლემ (მოსარჩელე) 40 000 აშშ დოლარი გამოიტანა, დანარჩენი (15 000 აშშ დოლარი) კი, სახლში ჰქონდა და მეორე მოპასუხეს გადასცა.

6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ქ.ქუთაისში, ........ (ყოფილი ........ ქ.20) მდებარე უძრავ ნივთებზე.

აღიშნულ უძრავ ნივთებზე, პირველ მოპასუხესთან, როგორც გამყიდველთან ერთად, ,,ვალდებულების’’ გრაფაში ჯამურად 60 პირთან დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, მათ შორის, მეორე მოპასუხესთან 110კვ.მ სამშენებლო ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც არის დარეგისტრირებული.

ხსენებულ პირთა ჩამონათვალში მოსარჩელე მითითებული არ არის.

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.კ–ძემ განმარტა, რომ: არის მოსარჩელის ძმა. 2013 წელს დ.ფ–თან და მეორე მოპასუხესთან ერთად საწარმო დააფუძნა.

მეორე მოპასუხეს საკუთრებაში ჰქონდა ფართი და საცხოვრებელი ბინის აშენება სურდა. ვინაიდან, მხარეთა შორის განსაკუთრებული ურთიერთნდობა არსებობდა, ამიტომ მოხდა თანხის ხელზე გადაცემა. ის ესწრებოდა მოსარჩელის მეუღლის, გ.ყ–ის მიერ მეორე მოპასუხისთვის 55 000 აშშ დოლარის გადაცემას, რომელიც მშენებლობისათვის სჭირდებოდათ და, რომლის სანაცვლოდაც, აშენებულ კორპუსში მოსარჩელისთვის 160-180კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცათ, თუმცა შემდეგში გაიგო, რომ საწარმოს ანგარიშზე მეორე მოპასუხეს მხოლოდ 15 600 აშშ დოლარი ჩაურიცხავს, ეხლა კი, მოწინააღმდეგე მხარე საერთოდ უარყოფს რაიმე თანხის გადაცემის ფაქტს. არც მის დას (მოსარჩელე) და არც მის სიძეს (გ.ყ–ი) არავის ვალი არ ჰქონდათ, მით უფრო - მეორე მოპასუხის.

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ.მ–ძის განმარტებით: 2013 წლის ოქტომბრიდან - 2014 წლის იანვრამდე ახლად ჩამოყალიბებულ საწარმოში ბუღალტრად მუშაობდა, რომლის დირექტორიც იყო მეორე მოპასუხე.

საწარმოს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა უნდა ეწარმოებინა, ხოლო ბინათმშენებლობისათვის მოქალაქეებს საავანსო თანხები წინასწარ შეჰქონდათ. მოსარჩელის სახელზე ჯამურად 15 600 აშშ დოლარი იქნა შეტანილი. იანვრის თვის შემდეგ, დოკუმენტაცია მან სხვას გადააბარა. ახსოვს, რომ გ.ყ–ს პირველი მოპასუხისგან სესხი არ ჰქონია აღებული, სხვა ფიზიკური პირებისგან სესხის აღების შესახებაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ხელშეკრულებების გაფორმება ძირითადად მომავალ მესაკუთრეებთან ხდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებებს მას არ აწვდიდნენ, რის გამოც მოსარჩელესთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არ იცოდა.

9. სს ,,ს.ბ–ში“ არსებული ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, საწარმოს ანგარიშზე მოსარჩელის სახელით მეორე მოპასუხემ შემდეგი ოთხი გადახდა შეასრულა:

- 2013 წლის 25 ოქტომბერს – 5 870 ლარი, დანიშნულება - ,,თანხის შემოტანა ნ.კ–ძე“;

- 2013 წლის 29 ოქტომბერს – 12 145 ლარი, დანიშნულება - ,,თანხის შემოტანა ნ.კ–ძე“;

- 2013 წლის 31 ოქტომბერს – 1 260 ლარი, დანიშნულება - ,,ნ.კ–ძის სესხის დასაფარავად“;

- 2013 წლის 4 ნოემბერს – 6 800 ლარი, დანიშნულება - ,,თანხის შემოტანა ნ.კ–ძე“.

ამდენად, მოსარჩელის სახელით ჯამურად 26 075 ლარი იქნა გადახდილი.

10. 55 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 15 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მოსარჩელის სახელით საწარმოს დირექტორთან გ.ყ–მა ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც საცხოვრებელი ბინის მშენებლობასა და შემდეგ მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში გადაცემაზე შეთანხმებას მოიცავდა.

სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში შესრულდა საწარმოსთვის 15 600 აშშ დოლარის გადაცემა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.2 მუხლი - თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე).

ვინაიდან 15 600 აშშ დოლარის მიღების ფაქტს მოპასუხე არ უარყოფდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნარდობაზე შეთანხმების ფარგლებში მოპასუხისთვის 15 600 აშშ დოლარის გადაცემის ნაწილში მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება.

13.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ნარდობის საგანს უძრავი ქონება წარმოადგენდა, სსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) მასზე საკუთრების უფლების გადასაცემად, გარიგების წერილობითი ფორმით დადება იყო აუცილებელი, თუმცა მხარეებს ასე არ უმოქმედიათ. ამდენად, სსკ-ის 59-ე, 976.1 და 979.1 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობის და ამ გარიგების ფარგლებში გადაცემული თანხის (15 600 აშშ დოლარი) უკან დაბრუნების საფუძველი გამოკვეთილი იყო.

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 15 600 აშშ დოლარი მეორე მოპასუხეს, როგორც საწარმოს დირექტორს ისე გადაეცა, რომელმაც მოსარჩელის სახელით საწარმოს ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში თანხა იმ დროისთვის მოქმედი კურსით შეიტანა, მის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს სწორედ საწარმო წარმოადგენდა, რაც მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის უარყოფის საფუძველს ქმნიდა.

13.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საწარმოსა და გ.ყ–ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის მითითება და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით საწარმოსთვის სესხის (15 600 აშშ დოლარის) დაბრუნების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა.

მართალია, სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება ზეპირადაც შეიძლება დაიდოს, თუმცა, ერთი პირის მიერ, მეორე პირისგან, თანხის მიღების ფაქტი, საკმარისი არ არის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს.

შესაბამისად, თუკი სარჩელში მითითებული გარემოებებით თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება, მაგრამ საფუძველია (სესხი თუ სხვა ხელშეკრულება) სადავო, მაშინ სასესხო ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მას აკისრია, ვინც აღნიშნულ გარემოებას მიუთითებს.

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა საქმეში განთავსებული საწარმოს საბანკო ამონაწერი, სადაც მოსარჩელის სახელით საწარმოს ანგარიშზე თანხის შეტანის მიზნობრიობად მოსარჩელის სესხის დაფარვაა მითითებული, ვინაიდან თანხის შეტანაც და მისი მიზნობრიობის განსაზღვრაც მეორე მოპასუხემ განახორციელა, ხოლო საქმის მასალებში სესხის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ შედგენილი ან/და ხელმოწერილი დოკუმენტი არ მოიპოვება.

13.4. სააპელაციო სასამართლომ არც მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება გაიზიარა, რომ საწარმოს დირექტორს მეორე მოპასუხემ 55 000 აშშ დოლარი გადასცა, რამდენადაც ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე მისი გადაცემა ისეთი სახის მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც თანხის რეალურად გადახდის ფაქტზე პირდაპირ მიუთითებს.

მოცემულ შემთხვევაში, 55 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადაცემის დასადასტურებლად მოსარჩელე მხოლოდ გამოძიების მასალებში წარმოდგენილი და მასთან დაახლოებული პირების ჩვენებებით შემოიფარგლა, რაც ამ ფაქტის დასადასტურებლად სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.

ამდენად, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის 15 600 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, კერძოდ, მთლიანობაში 55 000 აშშ დოლარის გადაცემა (სსკ-ის 429.1 მუხლი).

13.5. როგორც დადასტურდა, სადავო სამართალურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი წესებიდან გამომდინარეობდა, ბათილი გარიგების საფუძველზე მოპასუხისთვის თანხის გადაცემა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შესრულდა, ხოლო თანხის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა, ამდენად სარჩელი სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად არ ჩათვალა (სსკ-ის 128.3-ე მუხლი).

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორებს შორის უთანხმოება წარმოიშვა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საძირკვლის სამუშაოს დასრულებისა და პირველი სართულის მშენებლობის სამუშაოს შესრულებისას პროექტში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რასაც ერთ-ერთი მეზობელი შეეწინააღმდეგა. აღნიშნული უთანხმოების გამო პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობა შეწყდა, ხოლო გ.ყ–ის მიერ მეუღლის სახელით გადახდილი თანხა (26 075 ლარი) შეტანილად ჩაითვალა. ამავდროულად, გ.ყ–ს მეორე მოპასუხისგან სესხად 27 000 ლარი ჰქონდა აღებული, რაც დადგენილი წესით გაიქვითა.

გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა სააპელაციო სასამართლომ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რამდენადაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნაა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად საფუძვლიანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 15 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის სახელით საწარმოს დირექტორთან გ.ყ–ს (მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე) ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რაც საცხოვრებელი ბინის მშენებლობასა და, შემდეგ, მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში გადაცემაზე შეთანხმებას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც პირველ მოპასუხეს (საწარმო) შემკვეთის სახელით 15 600 აშშ დოლარი გადაეცა.

სსკ-ის 629.2 მუხლის მიხედვით, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე, თუმცა, ვინაიდან სადავო ნარდობის ხელშეკრულების საგანი უძრავი ქონება იყო, სსკ-ის 183-ე მუხლის (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) შესაბამისად, სადავო ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, გარიგების წერილობითი ფორმით დადებას მოითხოვდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაცო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 59-ე (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს), 976.1 (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) მუხლების დეფინიციაზე და ბათილი გარიგების ფარგლებში გადაცემული თანხის (15 600 აშშ დოლარი) უკან დაბრუნების მოთხოვნა კანონშესაბამისად მიიჩნია წარმატებულად.

19. კასატორი საწარმოსა და გ.ყ–ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებს, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით საწარმოსთვის სესხის (15 600 აშშ დოლარის) დაბრუნების ფაქტი სწორედ მისი სამტკიცებელია, რომლის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებაც მან სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა საბანკო ამონაწერი, სადაც მოსარჩელის სახელით საწარმოს ანგარიშზე თანხის შეტანის მიზნობრიობად მოსარჩელის სესხის დაფარვაა მითითებული, რადგან სესხის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ შედგენილი ან/და ხელმოწერილი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ხოლო თანხის შეტანაც და მისი მიზნობრიობის განსაზღვრაც, მეორე მოპასუხეს აქვს განხორციელებული.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ს–ოს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 847.50 ლარის (საგადახდო დავალება 11011787965, გადახდის თარიღი - 07.06.2021წ.) 70% - 1 293.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე