10 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-844 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა.მ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ო–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.მ–ვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით, გ.ო–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მართლზომიერი მფლობელი) წინააღმდეგ მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე უარყოფილ იქნა.
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ უარყვეს სასარჩელო მოთხოვნა. მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ამჟამად, მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ნივთს და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ნივთი - 476 კვ.მ, საკადასტრო კოდით #.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
4.4. მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია, კერძოდ:
მხარეები 1987 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოპასუხე მცირეწლოვან შვილებთან ერთად შესახლდა მოსარჩელის მამის კუთვნილ სახლში/რომელიც უკანონო ნაგებობა იყო.
სადავო უძრავი ქონებისა და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ნივთის იდენტიფიცირება შესაძლებელია ერთის მხრივ, 1993 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებით და მეორეს მხრივ, თავად მოსარჩელის მიერ ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
5. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), რომლის თანახმადაც, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.1. რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერებას, მოპასუხის განმარტებით, იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს სადავო ქონებას, ამიტომ მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს.
6. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შესახებ და განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში.
7. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიენიჭა სადავო ფართის მფლობელობის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ ნივთის ფლობის სანივთო უფლება, აბსოლუტური უფლებაა (ნივთზე ბატონობის სანივთო უფლება აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება (იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ.100) და, შესაბამისად, მოქმედებს ყველას მიმართ, განსხვავებით ფარდობითი უფლებებისაგან, რომელიც არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, მიმართულია მხოლოდ კონკრეტული პირის/პირთა წინააღმდეგ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მფლობელის ფარდობითი (ვალდებულებითი) უფლებაც კი, კანონმდებელმა სანივთო უფლების მფლობელის უფლებას გაუტოლა - დამქირავებელი და მოიჯარე დაცულია მიწის მესაკუთრის უფლებამონაცვლეთა მოთხოვნებისგან (სსკ-ის 572-ე და 581.2 მუხლები) (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 172, Error! Hyperlink reference not valid.
8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სანივთო ფლობის უფლებაა დადგენილი (აბსოლუტური უფლება, ძირითადად, მყარდება, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, რელატიური კი, ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე). ამასთან, მოპასუხის მფლობელობა ნივთზე განსაზღვრული ვადით შემოფარგლული არაა.
9. ამდენად, მართალია, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა საკუთრების თავისუფლად ფლობისა და სარგებლობის უფლება მოცემულია კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, რომელიც წარმოქმნილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
უდავოა, რომ მოპასუხე ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას მართლზომიერად ახორციელებს, სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი, დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
აქედან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის წარუმატებლობას სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი ძირითადი წინაპირობის - არამართლზომიერი მფლობელობის არარსებობა განაპირობებს.
10. საკასაციო სასამართლო კასატორის მფლობელობის მართლზომიერების თვალსაზრისით ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაზეც გაამახვილებს. ევროსასამართლოს განმარტებით, „მფლობელობის“ ცნებას #1 დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის კონტექსტში ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის #1 დამატებითი ოქმის #1 მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევს რაც საკასაციო საჩივრის უარყოფის დამატებითი არგუმენტია (იხ. საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, /განაცხადი №18768/05/).
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ. №ას-675-675-2018. 08.04.2020წ)
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #7346, გადახდის თარიღი 25.07.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.მ–ვს (პ/ნ 01010016616) დაუბრუნდეს თ.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #7346, გადახდის თარიღი 25.07.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე