Facebook Twitter

საქმე №ას-305-2024 3 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით ჯ.გ–ისა და მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; ჯ.გ–სა (პ/ნ …..) და მ.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდათ საკასაციო საჩივარზე ჯ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №21142880118, გადახდის თარიღი 27.03.2024), 70% - 210 ლარი.

მოწინააღმდეგე მხარეთა - დ., დ. და ა.ჯ–ების წარმომადგენელმა - ვ.კ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს უსწორობას, კერძოდ, მოსარჩელე ა.ჯ–ის სახელი ჩაწერილია როგორც „ა–ს“, რაც ტექნიკური უზუსტობაა, რადგან უნდა იყოს „ა–სი“. შესაბამისად, უსწორობა უნდა გასწორდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაში არ არის დაშვებული შეცდომა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საერთოდ არ შეიცავს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სახელსა და გვარს, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინების შესავალ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარის სახელი მითითებულია ბრუნვის ნიშნის გარეშე, ფუძის სახით „ა–ს“ (ადამიანის საკუთარ, თანხმოვანფუძიან სახელებს სახელობითი ბრუნვის ნიშანი არ გააჩნია), თუმცა რაკი მოცემულ საქმეზე აღსასრულებელ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს, სადაც მოსარჩელის სახელი და გვარი მითითებულია როგორც „ა–სი“, მხარეს გადაწყვეტილების აღსულებაში არც ამ კუთხით შეექმნება დაბრკოლება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს უსწორობას, რის გამოც აღსრულების მიზნებისათვის არ არსებობს მისი გასწორების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ ვ.კ–ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე