საქმე №ას-711-202 30 სექტემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ჯ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ჯ–ნმა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, მოპასუხე) მიმართ მოპასუხისათვის 2159.1 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 აპრილს მას და შპს „ნ–ს“ (კომპანია) შორის გაფორმდა კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შეთანხმებული საფასურის, 2 500 ლარის, გადახდის სანაცვლოდ, კომპანია ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის 22 ვიზიტის ფარგლებში გაეწია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური მომსახურება. მოსარჩელემ, კომპანიის შუამავლობით, ამ უკანასკნელის ოფისშივე, მოპასუხის წარმომადგენლის მეშვეობით, ბანკთან გააფორმა 2 500 ლარის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება. გაცემული საბანკო კრედიტის თანხა ჩაირიცხა მსესხებლის ანგარიშზე, რომლიდანაც მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე. ამ უკანასკნელსა და ბანკს შორის არსებობდა ხელშეკრულება კლიენტების განვადებით მომსახურებასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება მათ შორის ეკონომიკურსამართლებრივი და რთული სამომხმარებლო კრედიტის ინსტიტუტით გათვალისწინებული ეკონომიკური კავშირი. კომპანიამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, ნაცვლად 22 კოსმეტოლოგიური პროცედურისა, მოსარჩელეს გაუწია მხოლოდ 3 მომსახურება (340.9 ლარის), შემდეგ კი დაიწყო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა კრედიტის დაბრუნებაზე, თუმცა ბანკმა ავტომატურად ჩამოაჭრა კრედიტის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკი გამდიდრდა უსაფუძვლოდ და ვალდებულია, მოსარჩელეს დაუბრუნოს ზედმეტად ჩამოჭრილი (მიღებული) თანხა.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოთ დასახელებული ხელშეკრულებები ქმნიან ერთიან ეკონომიკურ-სამართლებრივ კავშირს. ბუნდოვანია, რას ემყარება მოსარჩელის ამგვარი დასკვნა, იმ პირობებში, როდესაც ზემოთ დასახელებული არცერთი ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას ამის თაობაზე, კერძოდ, №2 ხელშეკრულებაში არ ასახულა, რომ გამყიდველი/მომსახურების გამწევი იცნობს და ეთანხმება №1 ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (№1) არ შეიცავს პირობას, რომ ის გაფორმებულია ხელშეკრულება №3-ის ფარგლებში, ხოლო ხელშეკრულება №3 არ შეიცავს მითითებას მისი მოქმედების ყველა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე გავრცელებაზე, რომლის მიზნობრიობაც იქნება კომპანიისაგან შეძენილი საქონლის/მომსახურების დაფინანსება. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილია სამი დამოუკიდებელი ხელშეკრულება: №1 - სესხის ხელშეკრულება კონკრეტული მიზნობრიობით, N2 - მომსახურების ხელშეკრულება და №3 ბანკსა და კოპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის კავშირიც №1 და №2 ხელშეკრულებასთან არ დასტურდება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებულია კონკრეტული მიზნით, კლიენტის დასაფინანსებლად, არაა კრედიტის ხელშეკრულების სამომხმარებლო კრედიტად დაკვალიფიცირების საფუძველი, ვინაიდან ეს ნიშანი შეიძლება ახასიათებდეს, ასევე, ე.წ. მარტივ სამომხმარებლო კრედიტს, რომელიც გაიცემა გარკვეული მიზნით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით არავითარი საერთო არ აქვს სამომხმარებლო კრედიტთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ საკრედიტო ხელშეკრულებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 28 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეზე გაიცა კრედიტი 2500 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის ვადა განისაზღვრა 738 დღით, ხოლო მიზნობრიობას წარმოადგენდა ხელშეკრულების 2.15 პუნქტში მითითებული ნივთის შეძენა, კერძოდ, 2500 ლარის ესთეტიკური მომსახურება. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. კრედიტის დაფარვის დაწყების თარიღი განისაზღვრა - 05.06.2018 წლით, ხოლო სრულად უნდა დაფარულიყო - 05.05.2020 წელს. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს პირობას, რომ დადებულია კომპანიასა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანდა მისი მოქმედება ვრცელდება ყველა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, რომლის მიზნობრიობაც იქნება კომპანიისაგან შეძენელი საქონლის/მომსახურების დაფინასება. ამასთან, ამ ხელშეკრულების მხარეები არიან მხოლოდ ბანკი და მოსარჩელე, რაც დასტურდება მათივე ხელმომწერებით. მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ გამყიდველი/მომსახურების გამწევი კომპანია იცნობს და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი იყო სამი დამოუკიდებელი ხელშეკრულება: სესხის ხელშეკრულება კონკრეტული მიზნობრიობით, მომსახურების ხელშეკრულება და ბანკსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა კავშირი დასახელებულ ხელშეკრულებებთან არ დასტურდება. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ერთიანი ეკონომიკური კავშირის დადგენის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ ქმნის.
9. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებულია კონკრეტული მიზნით, კლიენტის დასაფინანსებლად, აღნიშნული არ წარმოადგენს კრედიტის ხელშეკრულების სამომხმარებლო კრედიტად დაკვალიფიცირების საფუძველს, რადგან აღნიშნული შეიძლება ახასიათებდეს, ნებისმიერ სამომხმარებლო კრედიტს, რომელიც გაიცემა გარკვეული მიზნით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით არავითარი საერთო არ გააჩნია სამომხმარებლო კრედიტთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ საკრედიტო ხელშეკრულებას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (№1), თავისი შინაარსით წარმოადგენს უშუალოდ კონკრეტულ მხარეებს შორის გაფორმებულ კრედიტის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა კლიენტზე სესხის გაცემას და მხოლოდ ამ უკანასკნელთან სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომლიდან გამომდინარეც კლიენტი ვალდებული ხდება, მიღებული სესხის ნაცვლად, გადაუხადოს ბანკს, როგორც კრედიტორს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული თანხა. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ სრულად დაფარა ბანკის წინაშე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ბანკმა მოსარჩელის გადახდით, მიიღო თანხა, რაც გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულებით და რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრა მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, ბანკის მიერ, ამ თანხის მიღებას ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავდა წარმოდგენილი სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. კასატორის მტკიცებით, ბანკსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბანკი ავალდებულებს გამყიდველს, რომ მან სრულად და ჯეროვნად შეასრულოს მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულება, რომელსაც იგი უფინანსებს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი გამყიდველის მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო უარს იტყვის კრედიტის დაფარვაზე, კრედიტის დაბრუნების ვალდებულება კომპანიას ეკისრება. აღნიშნული პირობები სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის დისპოზიციაა. ბანკსა და კომპანიას შორის არსებული ურთიერთობა არის რთული სამომხმარებლო კრედიტი. გამყიდველი და კრედიტის მიმცემი ურთიერთთანამშრომლობდნენ სესხის ხელშეკრულების დადებისას. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსით პირდაპირ დგინდება, რომ ბანკი - კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის - კომპანიის მონაწილეობას იყენებდა.
13. მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ეს ხელშეკრულება კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევას არ უკავშირდებოდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მომსახურების შესახებ იყო მხარეებს შორის 2017 წლის 27 თებერვალს დადებული კლიენტების განვადებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. თუკი არ არსებობს ეკონომიკური ერთიანობა, გაუგებარია საიდან გამომდინარეობს კომპანიის ვალდებულება ბანკის წინაშე, რომ მომსახურება გაუწიოს მოსარჩელეს.
14. მომსახურების ხელშეკრულებასა და სესხის ხელშეკრულებას შორის ეკონომიკური ერთიანობის არსებობა დასტურდება იმით, რომ: 1) ბანკის წარმომადგენელი მოსარჩელეზე სესხის გაცემისას იმყოფებოდა კომპანიის ოფისში; 2) მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული კოსმეტოლოგიური მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს დებულებებს პარტნიორ ბანკზე; 3) კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ მისი კომპანია იყო შუამავალი სესხის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულების დადებისას; 4) მოსარჩელესა და ბანკს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება შეიცავს კოსმეტოლოგიური მომსახურების ხელშეკრულების არსებით პირობებს; 5) ურთიერთანამშრომლობის შესახებ კომპანიასა და ბანკს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის შინაარსითაც პირდაპირ დგინდება, რომ ბანკი - კრედიტის მიმცემი, საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდვლის მონაწილეობას იყენებდა. ამავე ხელშეკრულების დებულებით დგინდება, რომ ბანკი წინასწარ აცნობიერებდა 370-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის დაწყებას. აღნიშნულს ცხადყოფს პუნქტი, რომლითაც ბანკი უთანხმდება კომპანიას, ამ უკანასკნელის მოვალეობაზე აანაზღაუროს ზიანი, რომელიც ბანკს მიადგება იმით, რომ წუნიანი პროდუქციის მიწოდების გამო მსესხებელი ბანკს უარს ეტყვის სესხის დაბრუნებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესრულებული სასესხო შენატანების უკუმოთხოვნა სსკ-ის 370-ე მუხლს (სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა), 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილს (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) ეფუძნება.
21. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას, რომ არ იკვეთება სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. მართალია, ნორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ნასყიდობის (საქონლის მიწოდებისა თუ სხვა სახის მომსახურების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებაზეც გაავრცელოს, თუმცა ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც იდება ორი სამართლებრივად დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლებიც ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ, ჯამურად, ეკონომიკური ერთიანობა იქმნება. ეკონომიკური ერთიანობა გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ კრედიტი შესასყიდი ფასის დაფინანსებას ემსახურება, არამედ იმითაც, კრედიტის გამცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებს. ერთიანი ეკონომიკური კავშირის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია ორი ურთიერთდაკავშირებული ხელშეკრულების არსებობა, რომელთაც ეკონომიკურ ერთობაში მონაწილე ყველა მხარე აწერს ხელს. ამ წესიდან გამონაკლისი თვით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დაწესდეს (შდრ.: მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართალის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 370).
22. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი ერთიანი კავშირი მოსარჩელესა და მოპასუხეს, მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებებით არ იქმნება. საქმეში წარმოდგენილია სამი ხელშეკრულება, რომელთაგანაც არცერთს სამივე მხარე - გამსესხებელი, მსესხებელი და მომსახურების გამწევი ხელს არ აწერს. კლიენტის განვადებით მომსახურების შესახებ 2017 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ორგანიზაცია თავის კლიენტებს მიაწვდის განვადებით საქონლის/მომსახურების შეძენის შესაძლებლობის შესახებ ზოგად ინფორმაციას. 1.2. პუნქტის თანახმად, ბანკი ორგანიზაციის კლიენტებზე გასცემს საბანკო კრედიტებს ორგანიზაციის საქონლის შესაძენად. ეს ხელშეკრულება გაფორმებული და ხელმოწერილია ბანკსა და კომპანიას შორის. ხელშეკრულების №2 დანართის თანახმად, კრედიტის სახით გამოყოფილი საქონლის ღირებულება ჩაირიცხება კლიენტის ანგარიშზე და არაუგვიანეს ორი საბანკო დღისა (ინდივიდუალური მეწარმეების შემთხევაში არაუგვიანეს 7 საბანკო დღისა) გადაირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე. 2018 წლის 28 აპრილის მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ მოსარჩელე და კომპანია, მომსახურების საბანკო კრედიტით შეძენის შემთხვევაში გადახდის პირობები და გრაფიკი განისაზღვრება შემსრულებლის პარტნიორ ბანკსა და დამკვეთს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით. ამდენად, ეს ხელშეკრულება, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ გამყიდველი/მომსახურების გამწევი იცნობს და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს. 2018 წლის 28 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეზე გაიცა კრედიტი 2 500 ლარი, ხოლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ესთეტიკური მომსახურების დაფინანსება, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მომსახურების გამწევი იცნობს და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამსესხებელს სესხის ხელშეკრულების დადებისას მომსახურების გამწევის მონაწილეობა არ გამოუყენებია.
23. სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ერთიანი ეკონომიკური ურთიერთკავშირი გულისხმობს იმას, რომ გამყიდველის/მომსახურების გამწევის შეუსრულებლობა მოვალეს შესრულების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, ვინაიდან ამ სამართალურთიერთობაში შესვლის რისკებს, სამომხმარებლო კრედიტის გაცემის გზით, კრედიტის გამცემიც იღებს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ ბანკმა 2018 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი აიღო. ხელშეკრულებათა შორის არ ვლინდება ისეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირი, რაც ამ სამართალურთიერთობის ერთიან ხელშეკრულებად აღქმის შესაძლებლობას მოგვცემდა. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია მიზნობრივი სესხი, რომლითაც ბანკმა მოსარჩელეს კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა დაუფინანსა, თუმცა ეს ხელშეკრულება, როგორც აღინიშნა, მომსახურების ხელშეკრულებასთან ერთიან ეკონომიკურ ერთიანობას არ ქმნის.
24. ე.წ. მიზნობრივი კრედიტი არ ქმნის ეკონომიკურ ერთიანობას იმ ხელშეკრულებებთან, რა მიზნითაც კრედიტის მიმღები სამომხმარებლო კრედიტს იღებს, კრედიტის მიმცემი ამ მიზნის მიღწევის გარანტიას არ იძლევა და არც მიზნის მიუღწევლობის რისკებს არ იღებს თავის თავზე. იგი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს არც იმ მესამე პირის მონაწილეობას არ იყენებს, რომელთანაც მსესხებელი მიზნობრივი კრედიტის საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობას იწყებს. შესაბამისად, თუ, სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, სესხის მიმღებს მესამე პირმა ხელშეკრულება დაურღვია, რის საფუძველზეც სესხის მიმღებს მის მიმართ დასაბუთებული შესაგებლის წარდგენის უფლება წარმოეშვა, სესხის მიმღები ამ შესაგებლით საკრედიტო დაწესებულების წინააღმდეგ ვერ ისარგებლებს. ამდენად, ე.წ. მარტივი სამომხმარებლო კრედიტი (სესხი) მიზნობრივია, თუმცა მიზნობრივ ხელშეკრულებასთან ერთად, ეკონომიკურ ერთიანობას არ ქმნის, რადგან მიზნობრივი ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელია, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი სეხისა და მომსახურების ხელშეკრულებები არ არის სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა წარუმატებელია.
25. პალატა დამატებით მიუთითებს, არ არის გასაზიარებელი მსჯელობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულებები სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებად იქნებოდა მიჩნეული, მოსარჩელეს ბანკის მიმართ მოთხოვნა არ ექნებოდა. მართალია, მოსარჩელეს შესრულებაზე უარის თქმის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა ნორმით გათვალისწინებულია ე.წ. მუდმივი შესაგებლის შემთხვევა, როდესაც კრედიტის გამცემისათვის უკვე გადაცემული შესრულების (განხორციელებული სასესხო შენატანების) უკუმოთხოვნა შესაძლებელია შესრულების კონდიქციის მეშვეობით. სესხის ხელშეკრულება ემსახურება ნასყიდობის/მომსახურების ხელშეკრულების დაფინანსებას და, თუ დაფინანსებული ხელშეკრულება არ სრულდება, მომხმარებელს შეუძლია არ შეასრულოს სასესხო ვალდებულება და უკვე გადახდილი სასესხო შენატანები უკან დაიბრუნოს. გამსესხებლის მოთხოვნის წინააღმდეგ მიმართული მსესხებლის მუდმივმოქმედი შესაგებელი, ნამდვილ სასესხო ვალდებულებას უთანაბრებს ვალდებულების არარსებობას (ბათილ ვალდებულებას) (შდრ. გიორგი გლაზოვი, ლიკა ტორჩინავა, „რთული სამომხმარებლო კრედიტი“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №3, 2021წ, გვ.83).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჯ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.ჯ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ო–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №709, გადახდის თარიღი 22.04.2024), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე