Facebook Twitter

საქმე №ას-742-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „შ.ტ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, სახელფასო დავალიანების დაკისრება, შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრება, სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის დაკისრებისა და შრომის ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.დ–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „შ.ტ–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის, სახელფასო დავალიანების, შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის, სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის დაკისრებისა და შრომის ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხის შესაგებელი

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა 01.09.22 წლიდან - 25.10.22 წლამდე შრომის ანაზღაურების, დარიცხული 4065.93 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 23.05.2022 წელს დადებული №00895 შრომის ხელშეკრულების დანართი №1-ის მატერიალური პასუხისმგებლობის პუნქტის შემდეგი ჩანაწერი: სუპერვაიზერი ღებულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას მის ბრენდში არსებულ დებიტორულ დავალიანებებზე (სავაჭრო ობიექტების კრედიტორულ დავალიანებებზე კომპანიის წინაშე); მოპასუხეს დაევალა ამ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სს „ბ–ში“ 08.03.2022 წლის გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში პირის სახსრების დეპონირებისა და საანგარიშსწორებო ოპერაციების წარმოების შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტით გათვალისწინებული ამ სადეპოზიტო ანგარიშზე განცხადების წარდგენის დროისათვის არსებული ფულადი სახსრების სრულად მოსარჩელის საბარათე ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა, სახელფასო დავალიანების, 01.09.2022 წლიდან 25.10.2022 წლამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების, დარიცხული 5529,6 ლარის გადახდის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 162,63 ლარის ანაზღაურება აპელანტის სასარგებლოდ.

6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სახელფასო დავალიანების ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხესთან სხვადასხვა თანამდებობაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელეს უვადოდ ეკავა ე.წ. სუპერვაიზერის თანამდებობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობაც, კერძოდ, შრომის ანაზღაურების ოდენობის გაცემის წესისა და პირობების შესახებ შრომითი ხელშეკრულების დანართი №3-ის თანახმად, მოსარჩელის მოჭრილი ხელფასი განისაზღვრა 800 ლარით, თვის გაყიდვის გეგმის შესრულება - 500 ლარით, ე.წ. მერჩენდაიზერის სტანდარტების შესრულება, 85% - ით, 200 ლარით, გაყიდვების გეგმის გადაჭარბება 10%-ითა და მეტით - 100 ლარით, თვის შესრულებისათვის - 200 ლარით. ჯამურად ხელფასის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა დაბეგრილი 1800 ლარით. საამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 3000 ლარს და დაადგინა, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა ვერ იქნებოდა დაბეგრილ 1800 ლარზე მეტი, რაც დასაბეგრი 2 307.69 ლარის ტოლია. რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მხრიდან შედავებას აღარ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოება, რომ მოსარჩელის ხელფასი დაბეგრილ 1800 ლარზე მეტი ვერ იქნებოდა და მას 2022 წლის ივნისში 3000 ლარი ჩაერიცხა ავანსად, ხელფასის სახით, რომელიც შემდგომ, ეტაპობრივად აკლდებოდა ყოველთვიურ ანაზღაურებას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა და შეთანხმებული იყო ანაზღაურების ოდენობაც. შესაბამისად, სახელფასო დავალიანების დადგენისთვის უნდა დადასტურებულიყო დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც სადავო იყო. დადგენილია, რომ 05.09.2022 წელს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება 12.09.2022 წლიდან 16.09.2022 წლის ჩათვლით, რაც დამსაქმებლის მხრიდან დაკმაყოფილდა 05.09.2022 წლის ბრძანებით; დასაქმებულმა შვებულების პერიოდში დატოვა ქვეყანა, გაემგზავრა ისრაელში და სადავო პერიოდში, 19.09.2022 წლიდან 25.10.2022 წლამდე, სამუშაო ადგილზე აღარ გამოცხადებულა, ვინაიდან შვებულების ამოწურვის შემდეგ დასაქმებული სამუშაო ადგილზე არ გამოცხადებულა, ხანგრძლივი დროით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და, ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შრომითი ვალდებულებების აღწერიდან გამომდინარე დგინდება, რომ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იყო დასაქმებულის სამუშაო ადგილას ფიზიკურად ყოფნა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, დამსაქმებელმა მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოხსენებული გარემოებების გარდა, მოპასუხემ წარმოადგინა შრომითი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიმართ გატარებული ღონისძიებების დოკუმენტები, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დამსაქმებელმა 2022 წლის 19 სექტემბრიდან სამსახურში უმიზეზოდ გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელეს 28.09.2022 წელს დისციპლინური სახდელის სახით შეუფარდა გაფრთხილება, 06.10.2022 წელს – საყვედური; 25.10.2022 წლის ბრძანებით კი – მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი, პალატა მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დაძლია მტკიცებითი სტანდარტი, რაც მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველი იყო. ამდენად, მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ, მიუხედავად საზღვარგარეთ ყოფნისა და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობისა, შრომით ვალდებულებებს მაინც ჯეროვნად, სსკ-ის 361-ე მუხლით (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) დადგენილი სტანდარტით ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს 19.09.2022 წლიდან 25.10.2022 წლამდე პერიოდში სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ წარუდგენია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სამუშაოს შესრულება დისტანციურად მოუწევდა, აღნიშნული სადავო ფაქტის მტკიცება მისთვის დაუძლეველი ტვირთი ვერ იქნებოდა, კერძოდ, საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარმოედგინა, მაგალითად, ელექტრონული მიმოწერა, სატელეფონო ზარების ამონაწერი, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე დამსაქმებელმა საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა მოსარჩელის მიერ სადავო პერიოდში შრომითი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ, თავის მხრივ, ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცების რეალიზება. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ დასაქმებული 19.09.2022 წელს სამსახურში შვებულებიდან არ დაბრუნებულა და გათავისუფლებამდე - 25.10.2022 წლამდე, არც შრომითი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

10. სააპელაციო პალატის განსჯით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა და ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება არსებობდა, არ დადგინდა მესამე აუცილებელი ელემენტის - სამუშაოს შესრულების ფაქტი. ამასთან, ვლინდებოდა საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა 23.05.2022 წელს დადებული №00895 შრომის ხელშეკრულების დანართი №1-ის შემდეგი ჩანაწერის ბათილობასთან დაკავშირებით: სუპერვაიზერი იღებს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას „მის ბრენდში არსებულ დებიტორულ დავალიანებებზე (სავაჭრო ობიექტების კრედიტორულ დავალიანებებზე კომპანიის წინაშე)“. სასამართლომ განმარტა, რომ შეუძლებელია ამგვარი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს სხვა პირის ვალდებულებებისათვის, კერძოდ, მოსარჩელემ არ შეიძლება, პასუხი აგოს სავაჭრო ობიექტების კრედიტორულ დავალიანებებზე კომპანიის წინაშე, მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან: მოპასუხე, როგორც გამყიდველი და მაღაზია - მეწარმე, როგორც მყიდველი. მას შემდეგ, რაც სასაქონლო ზედნადებით დასაქმებული უზრუნველყოფს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდი საქონლის/ პროდუქციის უნაკლოდ (უფლებრივად და ნივთობრივად) მიწოდებას/ტრანსპორტირებას მყიდველამდე და საქონლის/პროდუქციის მფლობელობის მაღაზიისათვის გადაცემას აღნიშნული მომენტის შემდეგ მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში მყოფი დაწესებულებიდან/მაღაზიიდან გამოიკვეთება მიწოდებული პროდუქციის ქურდობა, დაკარგვა, დაზიანება, თუ რეალიზაციის შემდგომ მაღაზია გამყიდველს ვერ ან არ გადაუხდის საქონლის/პროდუციის ღირებულებას, აღნიშნულზე პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს მესამე პირი - მოსარჩელე, თუ განზრახ „მართლსაწინააღმდეგოდ“ არ იმოქმედებს დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ სარჩელის შემოტანის შემდგომ მოპასუხის აღიარებით შემცირდა დებიტორული ვალდებულება მაღაზიების მხრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანება მყიდველს ერიცხება გამყიდველის მიმართ და გამყიდველს წარმოეშობა უფლება, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მყიდველის წინააღმდეგ მიმართოს სასამართლოს ხანდაზმულობის ვადაში. განასახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან დადებული სრული მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით დამსაქმებელი უსაფუძვლოდ აკისრებს დასაქმებულს სამოქალაქო პასუხისმგებლობას მესამე პირების ვალდებულებებისათვის, რაც სასამართლომ მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებად მიიჩნია. ზემოხსენებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ აპელანტს რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენია. აპელანტის მითითება სადისტრიბუციო საქმიანობის სპეციფიკაზე ვერ დაადასტურებს დასაქმებულის შრომითი უფლებების ასეთი ინტენსივობით შეზღუდვის ლეგიტიმურობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, სასამართლო პრაქტიკით უნდა განისაზღვროს, რომ გათავისუფლების ბრძანების თარიღით გაიცეს ანაზღაურება. მოსარჩელე, მართალია, საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თუმცა დისტანციურად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სუპერვაიზერის მოვალეობა საზედამხედველო-საორგანიზაციო საქმიანობაა და ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი. კარგი ორგანიზების შემთხვევაში სუპერვაიზერს არ სჭირდება სავაჭრო ობიექტების შემოვლა. მოვალეობა მოიცავს დისტრიბუტორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავებას, შესრულების გეგმის კონტროლსა და ზემდგომ სამენეჯერო რგოლებთან ურთიერთობას. დასაქმებული ამ მოვალეობებს შესანიშნავად ართმევდა თავს დისტანციურად, ყოველწუთიერად ურთიერთობდა უშუალო უფროსსა და ზემდგომ მენეჯერებთან. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დასაქმებულს შეეძლო დისტანციურად მუშაობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, მოსარჩელემ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარადგინა, რამდენადაც მიმოწერის წარმოდგენა უსიამოვნო იქნებოდა მოქმედი თანამშრომლებისთვის, რამდენადაც მათ არ სურთ, მისცენ ჩვენება სამსახურის წინააღმდეგ.

14. გაუგებარია, რატომ დაუმალა დამსაქმებელმა ორგანიზაციამ მოსარჩელეს შენიშვნისა და საყვედურის გამოცხადების ფაქტი ანდა გათავისუფლების ბრძანება. გაგზავნილი კორესპონდენცია მოსარჩელეს ვერ ჩაჰბარდა, რადგან გაიგზავნა მის მისამართზე საქართველოში, მაშინ, როდესაც დამსაქმებელმა იცოდა, რომ მოსარჩელე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დამსაქმებელს შეეძლო შეტყობინების ელექტრონული საშუალებები გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 2.1 მუხლს (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 41-ე (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ) და 44-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებს ეფუძნება.

21. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა დასაქმებულის მიერ სადავო პერიოდში 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრამდე შრომითი მოვალეობების ფაქტობრივად შესრულების ფაქტი.

22. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა.

23. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დადგინდა სადავო პერიოდში (19.09.2022 წლიდან 25.10.2022 წლამდე) მოსარჩელის მიერ შრომითი ფუნქციების შეუსრულებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. მისი მტკიცებით, ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს დისტანციურად ასრულებდა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს 23.05.2022 წლის სუპერვაიზერის თანამდებობრივი ინსტრუქციაზე (რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია), რომლითაც გაწერილია დაკისრებული ფუნქციები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი სრულად დისტანციურად შესრულება, მოვალეობათა სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია (სუპერვაიზერის მოვალეობები: სუპერვაიზერი ბრენდმენეჯერისაგან იღებს პროდუქციის რეალიზაციის წლიურ, კვარტალურ და თვიურ გეგმებს, აგრეთვე, პროდუქციის განლაგების სტანდარტებს; შეიმუშავებს დამტკიცებული გეგმის შესრულების მეთოდებსა და გზებს (მარკეტინგული წინადადებები, თაროები, სხვა საკითხები); ამზადებს წინადადებებს და წარმოადგენს შეხედულებებს ხელმძღვანელობასთან; მუდმივად აკონტროლებს გეგმების შესრულებას (გაყიდული პროდუქციის რაოდენობა, პროდუქციის განლაგება და სხვა); ყოველდღიურად გეგმავს და აკონტროლებს მასთან დაქვემდებარებული სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობას: გრაფიკების დაცვა; დღის გაყიდვების გეგმის შესრულება; დღის აქტიური ვიზიტების გეგმის შესრულება; დღის ,,ქოვერიჯის” შესრულება; სავაჭრო ობიექტებიდან ასაღები ვალების მდგომარეობა; სავაჭრო ობიექტებიდან აღებული თანხის სრულად იმავე დღეს კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეტანა; სალარო აპარატის Z- ანგარიშისა და ბანკის ჩეკის მიტანა ბუღალტერიაში იმავე დღეს ან მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა; ინდივიდუალური დავალების შესრულება; თანამდებობრივი ინსტრუქციისა და შინაგანაწესის დაცვა. - სუპერვაიზერი იღებს საჭირო ზომებს და დარღვევების შესახებ აცნობებს ხელმძღვანელობას; ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გეგმავს ყოველდღიურ მარშრუტებს; ყოველდღიურად აკონტროლებს სავაჭრო წარმომადგენლების მიერ სავაჭრო ობიექტებიდან ამოსაღებ თანხებს; წერილობით აცნობებს ხელმძღვანელობას ყოველი ვადაგადაცილებული დავალიანებების და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ; ადგენს კონსიგნაციის ლიმიტების პროექტს თითოეული სავაჭრო წარმომადგენლისათვის და ათანხმებს ხელმძღვანელობასთან. წინასწარ ათანხმებს ვალის ლიმიტის გადაცილების შემთხვევებს, აკონტროლებს სავაჭრო წარმომადგენლების მიერ ლიმიტის დაცვას; ყოველდღიურად ამოწმებს მერჩენდაიზინგს და, ამასთანავე, თვითონაც უზრუნველყოფს პროდუქციის დალაგების გაუმჯობესებას პრობლემატურ სავაჭრო ობიექტებში; ოპერატიულად წყვეტს სავაჭრო წარმომადგენლების საქმიანობისას წამოჭრილ პრობლემებს (პრობლემები სავაჭრო ობიექტთან და სხვა); საჭიროების შემთხვევაში გადის ადგილზე. სუპერვაიზერი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აორგანიზებს და აკონტროლებს ობიექტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების (საგადასახადო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, სერტიფიკატები) დროულად და სწორად მიწოდებას. ახალი სავაჭრო ობიექტის შემთხვევაში: შეისწავლის სავაჭრო ობიექტს; აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას; ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, აგრეთვე, მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას ანგარიშგებას შესრულებულ სამუშაოებზე; იცავს სამუშაო საწარმოო დისციპლინას, შრომის უსაფრთხოების დაცვის წესებსა და ნორმებს, სანიტარიის, ჰიგიენის, სახანძრო უსაფრთხოების, სამოქალაქო თავდაცვის მოთხოვნებს, დისკრიმინაციის ამკრძალავ და თანაბარი მოპყრობის პრინციპებს; საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ძირითად ფუნქციასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს და მითითებებს). ამასთან, დადგენილია, რომ თავად ხელშეკრულება ავალდებულებდა დასაქმებულს, შრომითი მოვალეობები შეესრულებინა სამსახურში გამოცხადების გზით - (სუპერვაიზერის სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა. თუკი რაიმე მიზეზის ან დაბრკოლების გამო სამუშაო დროის პერიოდში სუპერვაიზერი ვერ ახერხებს სამსახურში გამოცხადებას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, იგი ვალდებულია, შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და HR განყოფილებას ამის შესახებ და შემდგომ იმოქმედოს მათი მითითების შესაბამისად.) დასაქმებულს სამსახურში გამოუცხადებლობისა და საკუთარი ვალდებულებების დისტანციურად შესრულების შესახებ ხელმძღვანელისა და HR განყოფილებისათვის არ უცნობებია.

24. ამდენად, მოსარჩელეს ევალებოდა სამსახურში ფიზიკურად გამოცხადება და მას არ შეეძლო საკუთარი მოვალეობების დისტანციურად შესრულება. ასეც რომ არ იყოს, მართალია, შრომით დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც უდავოდაა დადგენილი, რომ დასაქმებული სამუშაოზე არ ცხადდებოდა და სადავო პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, მას სამუშაოზე გამოცხადება ევალებოდა და სამუშაოს სპეციფიკაც დასაქმებულის ფიზიკურად სამსახურში ყოფნას ითვალისწინებდა, სწორედ იგი იყო ვალდებული, სამუშაოს დისტანციურად შესრულება სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ემტკიცებინა. ამასთან, დასაქმებულს მეტად ხელეწიფებოდა იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას - სადავო პერიოდში სამუშაო საათებში სამუშაოს სათანადოდ შესრულებასა თუ, როგორც თავად მიუთითებს, უწყვეტ კონტაქტზე ყოფნას დაადასტურებდა. საქმეში კი არ მოიპოვება კუთვნილი შვებულების შემდგომ, სადავო პერიოდში, მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია, რომ იგი აგრძელებდა შრომით საქმიანობას ბრძანების გამოცემამდე, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ვლინდება სშკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

25. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დამსაქმებელმა დაძლია მტკიცების ტვირთი და დაადასტურა 2022 წლის 19 სექტემბრიდან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შუსრულებლობა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის სახელფასო დავალიანების თაობაზე მოთხოვნას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ლ.დ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ.დ–ძის (პ/ნ ....) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №9523/ გადახდის თარიღი 30.05.2024), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე