Facebook Twitter

საქმე №ას-832-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.დ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.დ–იამ (შემდგომ – დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2017 წლის 20 აპრილიდან - 2022 წლის 1 მაისამდე უწყვეტად, სხვადასხვა თანამდებობაზე. მხარეთა შორის 2020 წლის 30 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ დაიკავა ახალი და მიმდინარე ამბების პროექტ - „ახალ კვირაში“ წამყვანის ადგილი. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად დარიცხულ 4375 ლარს. 2021 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ თათბირისას შეიტყო, რომ „ახალი კვირის“ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, კერძოდ, ფორმატს იცვლიდა გადაცემა და ერთი წამყვანის ნაცვლად, ყველა ჟურნალისტი იქნებოდა წამყვანი. ამასთან, გადაცემა 2021 წლის 28 დეკემბრის შემდეგ ეთერში აღარ გასულა.

3. 2022 წლის 17 თებერვალს გავრცელდა მოსარჩელის ინტერვიუ, სადაც მან გადაცემის არსებული ფორმატით დახურვაზე ისაუბრა. ამასთან, აღნიშნა, რომ „ალტ ინფოზე” გასული სიუჟეტი და მისი გადაცემის დახურვის დრო ერთმანეთს დაემთხვა, კერძოდ, 2022 წლის 28 ნოემბერს, „ახალი კვირის“ ეთერში გავიდა რეპორტაჟი „ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგია“, რის შემდეგაც „ალტ ინფოს“ ლიდერები საჯაროდ „ფეისბუქით“ ემუქრებოდნენ წამყვანს, რომ „გააქრობდნენ ამ პროფესიიდან, გადაცემას დაუხურავდნენ და მათი აღსასრულის დრო მოვიდა”. ტელეკომპანია „პირველის“ საღამოს ეთერში მოსარჩელემ ისაუბრა „შავ სიებსა“ და ცენზურაზეც და ეჭვი გამოთქვა, რომ რეორგანიზაცია მისი გადაცემისგან ჩამოშორების მიზნით დაიგეგმა, რადგან ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცენზურასა და შავი სიების არსებობას.

4. 2022 წლის 21 თებერვალს, დირექტორთა საბჭოს სახელით მოსარჩელეს მოსთხოვეს ახსნა-განმარტება, რომელიც ამ უკანასკნელმა 2022 წლის 28 თებერვალს მიაწოდა. 2022 წლის 19 მარტს მოსარჩელეს ეცნობა, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, გენერალური დირექტორის დავალების საფუძველზე, მიმდინარეობდა მისი და მისი კოლეგების მიერ საჯარო განცხადებებში მითითებული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება/მოკვლევა, შესაძლო დისციპლინური დარღვევა/გადაცდომის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.

5. 2022 წლის 29 აპრილს კი მიღებულ იქნა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამავე დროს, მოპასუხემ თავად დაარღვია დისციპლინური წარმოების ვადები და პროცედურა, დისციპლინური სანქციის დადების ბოლო თარიღი უნდა ყოფილიყო 21 მარტი, ხოლო გადაწყვტილება მიღებულ იქნა 2022 წლის 29 აპრილს.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2022 წლის 17 თებერვალს მოსარჩელემ სხვა არხის სატელევიზიო ეთერით განაცხადა, სადაც სხვადასხვა გარემოებასთან ერთად აღნიშნავდა, თითქოს: საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო ცენზურა და „შავი სიები“ და ამ სიებში მყოფი პირებისგან იკრძალებოდა ინტერვიუს აღება ან მათი ეთერში მიწვევა; იყო პერიოდი, როდესაც „გადაცემაში პოლიტიკა ოფიციალურად აკრძალული იყო“; გადაცემის დახურვა უკავშირდებოდა „ახალი კვირის“ მიერ „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებული სიუჟეტის მომზადებას, რომელსაც ამ უკანასკნელთა მხრიდან გადაცემის გუნდის მიმართ მძაფრი რეაქცია მოჰყვა; რეორგანიზაციის მოტივით რეალურად დაიხურა გადაცემა „ახალი კვირა“; თავის მხრივ კი, შეწყდა ეთერიდან მისი ჩამოშორების მიზნით.

7. რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, მსჯელობის შედეგად მოსამზადებელ სიუჟეტებზე გადაწყვეტილება მიიღებოდა გადაცემის სტრუქტურის, სიუჟეტის თემის აქტუალობისა და ა.შ. კრიტერიუმების მიხედვით. სიუჟეტი, რომელიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებდა, ვერ მოხვდებოდა ეთერში და ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა გადაცემის მთავარი პროდიუსერი. ამასთან, გადაცემის არსებობის მანძილზე, თითქმის 4 წლის განმავლობაში მომზადებული და ეთერში გაშვებულ იქნა 600-ზე მეტი სიუჟეტი, მოსარჩელე და საჯარო განცხადებათა სხვა ავტორები იხსენებენ მხოლოდ ორი სიუჟეტის „დაბლოკვის ფაქტს“ და რამდენიმე სიუჟეტთან დაკავშირებით პროდიუსერისგან მათი სიუჟეტის მისამართით შენიშვნებს და დაბალანსების მიზნით გარკვეული კორექტირების შესახებ მითითებებს.

8. 2022 წლის 25 მარტს მოსარჩელის, თ.ჯ–ძის, ს.ზ–ის (გადაცემის ჟურნალისტები), ე.შ–ას (გადაცემის ხელმძღვანელი) მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების დადგენის მიზნით, საკითხი განსახილველად გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს. საკითხის განხილვის პროცესში მოწვეულ იქნა როგორც მოსარჩელე, ასევე – გადაცემის მოქმედი და ყოფილი პროდიუსერები და სხვა თანამშრომლები. მოსარჩელემ უარი განაცხადა დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრაზე. ასევე არ წარდგენილა მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებულ განცხადებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბოლოოდ, დირექტორთა საბჭოს მხრიდან საკითხის დეტალურად შესწავლის მიუხედავად, მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა.

9. მოსარჩელემ სატელევიზიო ინტერვიუებში არაერთხელ გაავრცელა ისეთი ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ, აღნიშნული განცხადებებითა და ცრუ ბრალდებებით ზიანი მიაყენა არამარტო კონკრეტულ გადაცემას, არამედ მის უშუალო დამსაქმებელს, ამავე არხზე დასაქმებულ ასობით ჟურნალისტს და შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია. ამავე დროს მან უარი განაცხადა დამსაქმებლის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე, სადავო საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნებისათვის თანამშრომლობაზე. აღნიშნული ქმედებებით მოსარჩელემ დაარღვია როგორც საჯარო, ასევე – შიდა აქტები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის დადგენილი ნორმები, რითაც უხეშად დაირღვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. პალატის მითითებით, დადგენილია, რომ 2022 წლის 17 თებერვალს მოსარჩელის მიერ სხვა სამაუწყებლო ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ინტერვიუ, სადაც მოსარჩელე საუბრობდა მის გადაცემაში არსებულ „შავ სიებზე“, ცენზურაზე, კონკრეტული თემების დაბლოკვასა და დაბლოკვის მცდელობებზე, რაც ორი წლის განმავლობაში სისტემატურად მიმდინარეობდა. 2022 წლის 17 თებერვალს და შემდგომ პერიოდში ახალი და მიმდინარე ამბებში გადაცემის „ახალი კვირის“ ჯგუფის წევრების - მოსარჩელისა და ორი ჟურნალისტის საჯარო განცხადებებისა და წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების გაცნობის საფუძველზე, საკითხის სრულად შესწავლის, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების მიღების უზრუნველსაყოფად გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მოსარჩელისა და კორესპონდენტების მოწვევისა და მათთან გასაუბრების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე, როგორც საჯარო განცხადებების ავტორი, არც ფიზიკურად და არც ონლაინრეჟიმში არ ჩაერთო განხილვაში, დირექტორთა საბჭომ, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების ფარგლებში სრულად და დეტალურად განიხილა საკითხი.

14. დირექტორთა საბჭოს 29.04.2022 წლის სხდომაზე საკითხის განხილვისას, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელემ უხეშად დაარღვია მას და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, ლოკალური აქტები, სოციალური ქსელის გამოყენების შესახებ მაუწყებლის შინაგანაწესი, ქცევის კოდექსის მოთხოვნები და ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მისცა ინტერვიუ; გამართა საჯარო ბრიფინგი და საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სხდომის ოქმშივე აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მხრიდან საჯარო სივრცეში დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებისა და კომენტარების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელემ სრულად ამოწურა თავისი რესურსი, როგორც პირველი არხის გადაცემის წამყვანმა, არხის სახემ და ჟურნალისტმა. დაკნინდა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საკითხი უშუალოდ გადაცემის, მასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების, ისევე, როგორც საკითხების/თემების შეფასების მიმართ. საფრთხე შეუქმნა პირველი არხის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის რეპუტაციას, მაშინ, როდესაც შინაგანაწესის 8.1.5. მუხლი ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს დამსაქმებლის მუშაობასა და შელახავს მის ავტორიტეტს.

15. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანის, მხრიდან მის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საკითხის მოკვლევის ფარგლებში ვერ დადასტურდა, ერთმნიშვნელოვნად ზიანის მომტანი იყო მოპასუხის რეპუტაციისთვის, ვინაიდან მისი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაა, გამოიკვლიოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს ყველა სიახლე, როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მოვლენები, ნეიტრალურად გააშუქოს საკამათო საკითხებზე არსებული საპირისპირო პოზიციები. მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 1-ელი ივლისის შრომითი ხელშეკრულების 3.3.5 პუნქტი პირდაპირ ადგენს დასაქმებულის ვალდებულებას, არ მისცეს ინტერვიუ, არ გამართოს შეხვედრები ან/და მოლაპარაკებები, რომელიც ეხება დამსაქმებლის საქმიანობას ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობის გარეშე. აღნიშნული ვალდებულება ცნობილი იყო დასაქმებულისთვის, შესაბამისად, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად შეესრულებინა შრომითი ვალდებულებები და დაეცვა დამსაქმებლის ის მოთხოვნები, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკიდან, ემსახურება დამსაქმებლისათვის კანონიერი მიზნის მიღწევას და წარმოადგენს მის მისაღწევად პროპორციულ საშუალებას.

16. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებამდე მიიღო ასეთი თანხმობა. ამასთან, მისი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის სისწორე არ იქნა დადასტურებული საკითხის მოკვლევის პროცესში. დირექტორთა საბჭოს სხდომის ოქმში მოცემული საკითხის განხილვის დეტალების გარდა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე საკუთარ ახსნა-განმარტებაში აღიარებს, რომ ე.შ–ასთან გადაცემის გუნდის შეხვედრის დროს, სადაც „მან პირდაპირ დასვა შეკითხვა, ვინ ამბობს, რომ თემების „დაბლოკვას“ ვცდილობო, იქ თითქმის ყველა ჟურნალისტმა უარყო მსგავსი ფაქტები, მათ შორის იმანაც, ვინც ორი დღის წინ მთხოვდა, იქნებ, დაბლოკვის პრობლემა მოგვარებულიყო. საბოლოოდ, ორი ჟურნალისტის გარდა დაბლოკვის ან ცენზურის მცდელობის ფაქტი არავის დაუდასტურებია“.

17. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რომ დარღვევის შემთხვევაშიც მის მიმართ გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლება. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-8 პუნქტი განსაზღვრავს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულმა დაარღვია არა მხოლოდ შინაგანაწესი, არამედ შრომითი ხელშეკრულება, ვინაიდან ვალდებულება, რომლითაც დასაქმებულს არ უნდა მიეცა ინტერვიუ სხვა მედიისთვის, გათვალისწინებული იყო სწორედ შრომითი ხელშეკრულებით, ხოლო დარღვევა ითვალისწინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ცნობილი იყო დასაქმებულისთვის.

18. პალატა იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ საკითხი, რომლითაც უნდა დადგენილიყო, დაირღვა თუ არა მოსარჩელის მხრიდან შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები უხეშად და გამოიწვია თუ არა მოპასუხე მხარისთვის ზიანის მიყენება, ითვალისწინებდა ფუნდამენტურ შესწავლას, მით უფრო, მოპასუხე დაწესებულების ფუნქციისა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც არა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის რიგითი თანამშრომელი, არამედ იყო გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი, რომელიც გადიოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ დროს ეთერში და მისი რესპონდენტები იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ამდენად, შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა უნდა ათვლილიყო ფაქტის დადგენიდან, როგორც ამას მოპასუხე მხარე განმარტავდა.

კასატორის მოთხოვნა:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. მაუწყებლის შინაგანაწესის მე-16 მუხლში მოცემულა დებულება, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით დადგენილი პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის დადგენილია კონკრეტული სანქცია ჯარიმის სახით. შინაგანაწესის 16.3 და 16.6 მუხლების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია ჯარიმის სახით, შრომითი ანაზღაურების 50%-ის დაკისრება. შესაბამისად, ამ პუნქტების დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც კი, დამსაქმებელს უნდა გამოეყენებინა სწორედ ეს სანქციები და არა – დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. მოსარჩელის ქმედების შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად შეფასების საფუძველი არ არსებობდა იმიტომაც, რომ მოსარჩელემ გამოიყენა ყველა შიდაუწყებრივი რესურსი მაუწყებელში არსებული უმძიმესი პრობლემების მოსაგვარებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა საჯაროდ საუბარი.

21. სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი და მისი მნიშვნელობა. სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ თემის საჯაროდ განხილვის შედეგად დაცული სიკეთე, რომელიც არსებობდა საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესის სახით, ბევრად აღემატებოდა ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ აკრძალვას.

22. მოსარჩელესა და მის კოლეგებთან მიმართებით ცენზურისა და შავი სიების არსებობა დასტურდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით: 2019 წლის ოქტომბერში გენერალური დირექტორის განცხადებით, ეთერში არ უნდა გასულიყო რეპორტაჟი ლუდომანიაზე, სადაც მთავარი ისტორია ეხებოდა პირველი არხის ოპერატორს, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამისთვის სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. სიუჟეტის ავტორს - ეუბნებოდნენ, რომ სიუჟეტში შეეძლო მხოლოდ გარდაცვლილ ოპერატორზე ესაუბრა და არა ზოგადად „გემბლინგის“ პრობლემაზე, ანუ ფაქტობრივად ნეკროლოგს სთხოვდნენ. ჩვენი დიდი ძალისხმევით სიუჟეტი მაინც გავიდა. ძალიან მალე არხმა ლუდომანიის წინააღმდეგ აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი თქვა. პერიოდულად ვრცელდებოდა გადაცემის შესაძლო დახურვის შესახებ ხმები, ეს კი თანამშრომლებში სერიოზულ შიშს იწვევდა, რაც თვითცენზურის განვითარებას ხელს უწყობდა; 2021 თებერვალში მოსარჩელე ცდილობდა, რომ გადაცემის გუნდს მოემზადებინა რეპორტაჟი ჟურნალისტ ვ.ს–აზე თავდასხმის ფაქტზე, რაზეც ხელმძღვანელობისგან მიიღო უარი. 2021 წლის აპრილში კიდევ ერთი ჟურნალისტისგან, ამჯერად გადაცემაში „შავი სიების“ არსებობის შესახებ გაიგო. ამ ჟურნალისტს დაუბლოკეს სსრკ-ს სამხედრო დანაშაულზე მომზადებული სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ჟურნალისტმა მითხრა, რომ დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში, რადგან გადაცემის ხელმძღვანელს არ უნდოდა „ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ვყოფილიყავით“ - ესაა კატასტროფა“ აღნიშნავდა ჟურნალისტი. მისივე თქმით, გადაცემის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან. „როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწერო ცუდი, ისე არ უნდა დავწერო ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია“. 2021 წლის 28 ნოემბერს ეთერში გავიდა რეპორტაჟი „ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგია“. ეთერში გასვლის შემდეგ „ალტ ინფოს“ პარტიის ლიდერები, მ–ა და სხვები, „ფეისბუქით” საჯაროდ იმუქრებოდნენ მოსარჩელისა და „ახალი კვირის“ მისამართით. ამდენად, ეს ფაქტები ადასტურებს სწორედ ცენზურის არსებობას, რაზეც მოსარჩელემ საჯაროდ ისაუბრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

28. სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლებიდან, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილიდან (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) გამომდინარეობს.

29. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) გახდა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა. დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევით. ამასთან, გამოიკვეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით დადგენილი პროფესიული სტანდარტების დარღვევა.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე „Ultima Ratio” კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, ანუ დამსაქმებელმა იმოქმედოს სამართლიანი და გონივრული შესაძლებლობით შრომითი ხელშეკრულების შესანარჩუნებლად.

31. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ.: სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.; №ას-512-2020, 18.01.2021წ.; №ას-1421-2020, 05.03.2021წ.; №ას-1284-2023, 26.12.2023წ.; №ას-37-2024, 30.04.2024წ.). ამასთან, დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა არ გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაბუთებული გათავისუფლების საფუძვლების იმთავითვე უარყოფას.

32. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, უნდა დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად ხდება. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებით (იხ.: სუსგ №ას-557-2021, 24.03.2022წ.; №ას-1392-2023, 25.01.2024წ.).

33. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია, არ მისცეს ინტერვიუ, არ გამართოს შეხვედრები ან/და მოლაპარაკებები, რომელიც ეხება დამსაქმებლის საქმიანობას, ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობის გარეშე; მოპასუხე კომპანიის შინაგანაწესის 8.1.5. მუხლი ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს დამსაქმებლის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს. ის გარემოება, რომ მოსარჩელის, როგორც გადაცემის წამყვანის მხრიდან, მისი დამსაქმებლის - საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით, რომლის ფუნქციაა ობიექტურად, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გააშუქოს მოვლენები, კონკურენტ სატელევიზიო არხზე ცენზურისა თუ ე.წ. „შავი სიების“ თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ზიანის მომტანი იყო მოპასუხის რეპუტაციისთვის, სადავო არ არის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის დარღვევა დასტურდება.

34. კასატორი თავისი დამსაქმებლის მისამართით ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გავცელების მიუხედავად, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მას შრომითი ხელშეკრულება არ დაურღვევია, რამდენადაც გავრცელებული განცხადებები სიმართლეს შეესაბამება. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკითხის მოკვლევის ფარგლებში, ვერ დადასტურდა. უფრო მეტიც ამგვარი ფაქტები, თავად მოსარჩელისვე განმარტებით, უარყვეს ჟურნალისტებმაც. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება კი, სხვა მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე, სადავო გარემოებათა დასამტკიცებლად არასაკმარისია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნიშანდობლივია მოპასუხის მითითებაც, რომ გადაცემის არსებობის მანძილზე, თითქმის 4 წლის განმავლობაში მომზადებული და ეთერში გაშვებულ იქნა ექვსასზე მეტი სიუჟეტი, მოსარჩელე კი მიუთითებს მხოლოდ ორ-სამ სიუჟეტზე, რომელიც ეთერში არ გავიდა, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებული იყო კონკრეტული გარემოებებით (რომლებიც თავად ამ გადაცემის გუნდმაც გაიზიარა) და არა - რაიმე ცენზურით. ამ გარემოებათა გასაქარწყლებლად მოსარჩელეს დასაბუთებული არგუმენტები არ წარუდგენია. მეტიც, საყურადღებოა ისიც, რომ, მიუხედავად მიწვევისა, საკითხის მოკვლევისას მოსარჩელემ დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. დასაქმებულს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არც საკასაციო საჩივრით არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა.

35. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, გადაცემის ფორმატიდან, თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, კონკრეტული სიუჟეტი უნდა გასულიყო თუ არა გადაცემაში, პალატა ვერ შეაფასებს, რადგან აღნიშნული შიდასატელევიზიო საკითხია და სასამართლო ვერ ჩაერევა. თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ რომელიმე თანამშრომელი თავის უფლებამოსილებას ამეტებდა ანდა ბოროტად იყენებდა და მას თავის საქმიანობაში ხელი ეშლებოდა, შესაბამისი ზომები შიდაკორპორაციულ დონეზე უნდა მიეღო, მით უფრო, რომ მოსარჩელისვე მითითებით, ცენზურის მცდელობა მენეჯმენტის საშუალო და არა - ზედა რგოლიდან მოდიოდა. ის კი ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის რეპუტაციისათვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებამ დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ ნდობა დაუკარგა, რამაც მათი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

36. რაც შეეხება დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს და განმარტავს, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, იკვეთებოდეს ისეთი მძიმე დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება არამიზანშეწონილია (იხ.: სუსგ №ას-1096-2018, 15.03.2019წ.; №ას-557-2021, 24.03.2022წ.). ამასთან, შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეფასება შედეგობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, თანაზომიერი იყო თუ არა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მხრიდან დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე რაიმე სახის ზიანი. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. მოსარჩელის ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. აღნიშნული კი, დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა და, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნიდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს (იხ.: სუსგ №ას-557-2021, 24.03.2022წ.).

37. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-302-287-2016, 15.07.2016წ.; №ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.; №ას-1203-2018, 25.04.2019წ.; №ას-557-2021, 24.03.2022წ.; №ას-1392-2023, 25.01.2024წ.).

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.დ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.დ–იას (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №7151 /გადახდის თარიღი 12.06.2024), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე