საქმე №ას-305-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჯ.გ–ი, მ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჯ–ნი, დ.ჯ–ნი, ა.ჯ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მამობის დადგენა, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, გვარის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ჯ–ნმა, დ.ჯ–ნმა და ა.ჯ–ნმა (შემდგომ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჯ.გ–ისა და მ.გ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს 05.12.2021 წელს გარდაცვლილი ა.გ–ის (შემდგომ ასევე - გარდაცვლილი, მამა) მამად აღიარება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, მამის გრაფაში მიეთითოს - ა.გ–ი, ხოლო დ.ჯ–ნის გვარის გრაფაში, ჯ–ის ნაცვლად, მამის გვარი - გ–ი.
მოპასუხის შესაგებელი
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ა.გ–ი (პ/ნ ......, გარდაცვალების თარიღი - 5 დეკემბერი, 2021 წელი) ცნობილ იქნა დ.ჯ–ნის (პ/ნ ........, დაბადების თარიღი - 07 თებერვალი, 2000 წელი) მამად და შევიდა შესაბამისი ცვლილება დ.ჯ–ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში; ა.გ–ი (პ/ნ ........., გარდაცვალების თარიღი - 5 დეკემბერი 2021 წელი) ცნობილ იქნა დ.ჯ–ნის (პ/ნ ......, დაბადების თარიღი - 10 დეკემბერი, 2004 წელი) მამად, დ.ჯ–ნს მიენიჭა მამის გვარი - გ–ი და შევიდა შესაბამისი ცვლილებები დ.ჯ–ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში; ა.გ–ი (პ/ნ ....., გარდაცვალების თარიღი - 5 დეკემბერი, 2021 წელი) ცნობილ იქნა ა.ჯ–ნის (პ/ნ ......, დაბადების თარიღი - 20 სექტემბერი, 2006 წელი) მამად და შევიდა შესაბამისი ცვლილება ა.ჯ–ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნოტარიუს ქ.ბ–ს აეკრძალა 2021 წლის 5 დეკემბერს გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დადგინდა გადაწყვეტილების ასლის კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადის დაცვით გაგზავნა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
-მოსარჩელეების, 2000 წლის 7 თებერვალს დაბადებული დ.ჯ–ნის, 2004 წლის 10 დეკემბერს დაბადებული დ.ჯ–ნისა და 2006 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ა.ჯ–ნის დედა არის ხ. ჯ–ი.
- მოსარჩელეების დაბადების მოწმობებში მამის გრაფაში არ არის მითითებული მამის პირადი ნომერი, თუმცა მამის გრაფის გასწვრივ ჩაწერილია ა.ჯ–ნი;
- ა.გ–ი გარდაიცვალა 2021 წლის 5 დეკემბერს;
- ა.გ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხეთა დედასთან – ნ.ხ–თან, ქორწინების რეგისტრაციის თარიღია 2001 წლის 17 ნოემბერი, ქორწინების აქტის ჩანაწერი N1566.
- ა.გ–სა და ნ.ხ–ს შეეძინათ ორი შვილი – 2002 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ჯ.გ–ი და 2005 წლის 28 თებერვალს დაბადებული მ.გ–ი;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 25 მაისის მომართვის №01/116945 თანახმად, 2017 წლის 20 ივნისს რეგისტრირებულია განქორწინების აქტის ჩანაწერი №01174002694, ნ.ხ–სა და ა.გ–ს შორის. განქორწინების რეგისტრაციის საფუძვლად ფიქსირდება, განქორწინების შესახებ სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის №2/14475-12 გადაწყვეტილება, აღნიშნული განქორწინების აქტის საფუძველზე შეწყდა 2001 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების აქტის №1566 ჩანაწერი;
- გარდაცვალების მომენტისათვის ა.გ–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება: 1) საკადასტრო კოდით - ......; 2) საკადასტრო კოდით ........; 3) საკადასტრო კოდით - .......; 4) საკადასტრო კოდით - ........ ა.გ–ი არის შპს „M. G-ს“ (....) დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთი – საკადასტრო კოდით: .......;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, ა.გ–ის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა;
- 2021 წლის 3 თებერვალს, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობით, ა.გ–მა, როგორც შპს „M.G-ს“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა, ჯ.გ–ს გადასცა უფლებამოსილება, როგორც შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორის წარმომადგენელი, იყოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში;
- საქართველოს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ 2021 წლის 5 დეკემბერს დაფიქსირებულია შეტყობინების სამი სხვადასხვა აუდიოჩანაწერი, რომლის შინაარსის თანახმად, ხ. ჯ–მა გამოიძახა (მისამართზე, ...... ქუჩა №29) სასწრაფო დახმარება, იმის გამო, რომ ა.გ–ს სჭირდებოდა ექიმის დახმარება, „არის დიაბეტიკი და აწეული აქვს დიაბეტის დონე“, ა.გ–ი უგონოდ იყო, ხ. ჯ–ის მიერ პირველი ზარიდან ექიმების მისვლამდე (სახელები, გვარები, მისამართი და პაციენტის მდგომარეობა აღწერილია ჩანაწერში);
- საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოდან - სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციების თანახმად, ა.გ–ის, ჯ.გ–ის, მ.გ–ისა და ნ.ხ–ის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა ერთობლივად (საერთო გამგზავრება ა.გ–თან) დაფიქსირდა სხვადასხვა დროს, 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით (2010,2013, 2014, 2015, 2018) ცხრაჯერ;
- საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოდან - სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციების თანახმად, ა.გ–ისა და ხ. ჯ–ის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა ერთობლივად დაფიქსირდა 2020 წლის 12 მარტს, 02:42-02:46 საათზე, სარფის გამტარ პუნქტზე, შემოსვლა – ამავე დღის 19:56-20:10 საათზე;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 ივნისის მომართვის თანახმად, გარდაცვლილი პირის ბიოლოგიური მშობლობის დასადგენად შესადარებელი პირების მიმართ, საჭიროა გარდაცვლილი პირის ბიოლოგიური მასალის (ექსჰუმირებული მასალა ან სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების სახით არსებული ბიოლოგიური ნიმუში) პროფილირება. ასევე, შესაძლებელია, მამრობითი სქესის პირების ბიოლოგიური მასალის ერთმანეთთან შედარება მამაკაცის სასქესო ქრომოსომის კვლევის გზით. მამრობითი და მდედრობითი სქესის პირებს (მაგ. სავარაუდო და-ძმას) ან მდედრობითი სქესის პირებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა ამ გზით შეუძლებელია. მამაკაცის სასქესო ქრომოსომის კვლევით განისაზღვრება, მამრობითი სქესის პირები არიან თუ არა მამის ხაზით ბიოლოგიური ნათესავები, მაგრამ არ დგინდება, ისინი საერთო მამის შვილები არიან თუ არა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის მიზნით, 2022 წლის 22 ნოემბერს განხორციელდა ა.გ–ის გვამის ექსჰუმაცია და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №008713522 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა: ა.გ–ი (ობ. №1; პაკეტი, წარწერით: „...ა.გ–ის ძვალი დნმ-ზე..“) არის ხ. ჯ–ის ბიოლოგიური შვილების - დ.ჯ–ნის, დ.ჯ–ნისა და ა.ჯ–ნის ბიოლოგიური მამა.
7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება მამობის დადგენის მიზნით გვამის ექსჰუმაციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ექსჰუმაციის შეუძლებლობა არ გულისხმობს გარდაცვლილი ადამიანისათვის ექსჰუმაციის გამორიცხვას ნებისმიერ შემთხვევაში. მითუმეტეს, როდესაც აშკარაა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები, რომელთაც აქვთ უფლება, იცოდნენ, ვინ არის მათი ბიოლოგიური მამა და ისარგებლონ, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე- 3 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, როგორიც ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიურ გამოკვლევის შედეგებია და არ ადგენს რაიმე რიგითობას იმ შემთხვევისათვის, თუ სავარაუდო მამად საცნობი პირი გარდაცვლილია. პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც მშობლების ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების შესახებ ფაქტების შეფასებით, მსგავსი საკითხის გადაჭრა არ იქნებოდა მიზანშეწონილი და კანონშესაბამისი. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საკმარისი იყო მამობის დასადგენად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
9. კასატორთა მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1190-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო მამა ცოცხალია და ობიექტურად შესაძლებელია გენეტიკური ექსპერტიზა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სავარაუდო მამა იყო გარდაცვლილი. ადამიანის გარდაცვალება ობიექტურად შეუძლებელს ხდის გენეტიკურ ექსპერტიზას და ამ ობიექტურ შეუძლებლობას განაპირობებს არა მიწიდან ადამიანის ამოღების შეუძლებლობა, არამედ სამართლებრივი ინტერესი - თავად გარდაცვილილს ღირსება და ოჯახის წევრთა მიერ განმეორებითი ტრავმის მიღება, მათი კატეგორიული წინააღმდეგობა, რაც, სწორედაც რომ, სსკ-ის1190-ე მუხლში განმარტებული „შეუძლებლობის“ სამართლებრივი გარანტიაა. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ცოცხლად დარჩენილ პირთა მიერ მეორედ ტრავმის მიღება. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც გვამის ექსჰუმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს სასამართლო დასაშვებად, თუ კონკრეტული შემთხვევა (მამობის დადგენა) ამას ითვალისწინებს და გაუგებარია, სასამართლომ რომელი კანონის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ მამობის დადგენის დავაზე, თუკი სავარაუდო მამა გარდაცვლილია, საჭიროა ექსჰუმაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1190-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები (მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს).
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის მიზნით, 2022 წლის 22 ნოემბერს განხორციელდა ა.გ–ის გვამის ექსჰუმაცია და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 დკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №008713522 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა: ა.გ–ი (ობ. №1; პაკეტი, წარწერით: „...ა.გ–ის ძვალი დნმ-ზე..“) არის ხათუნა ჯ–ის ბიოლოგიური შვილების - დ.ჯ–ნის, დ.ჯ–ნისა და ა.ჯ–ნის ბიოლოგიური მამა. დასკვნის კვლევითი ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბირთვული დნმ-ის გამოყოფა; დნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება - RT-PCR; პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია - PCR; კაპილარული ელექტროფორეზი - CE. გენეტიკურ და სტატისტიკურ ანალიზში აღნიშნულია, რომ ა.გ–ის ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა სამივე მოსარჩელის მიმართ გამოითვალა ფორმულით: PP=(1-CPI)*100% და 99.99999 % შეადგინა.
17. სსკ-ის 1190-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები თავად ადგენს მტკიცების სტანდარტს, კერძოდ, ბიოლოგიური მამობა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, როგორც გენეტიკური, ისე - ანთროპოლოგიური კვლევით დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლომ კვლევის გენეტიკურ მეთოდზე დაყრდნობით დაადგინა მხარეთა თითქმის 100%-იანი ბიოლოგიური კავშირი, რაც სარწმუნო და გასაზიარებელია (იხ.: სუსგ №ას-461-2019, 26.07.2019წ.) ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა რა გარდაცვლილის მოსარჩელეთა ბიოლოგიურ მამად ყოფნის ფაქტი და ამ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ამასთან, იმ სახის მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა საპირწონე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნისა, კასატორებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, მათი საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
18. რაც შეეხება გვარის მიკუთვნებას, სსკ-ის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარ, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით) გამომდინარე, მოსარჩელეთა ეს მოთხოვნაც დასაბუთებულია.
19. არ არის გასაზიარებელი კასატორთა მითითება, რომ სასამართლოს სსკ-ის 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას) უნდა ეხელმძღვანელა. საკასაციო პალატის განმარტებით, ამ ნორმით გათვალისწინებული ირიბი მტკიცებულებების აუცილებლობა მხოლოდ მაშინ წარმოიშვება, როდესაც გენეტიკური და ანთროპოლოგიური ექსპერტიზა ცალსახად ვერ განსაზღვრავს მამობას, ხოლო, თუ გენეტიკურმა ექსპერტიზამ პირის მამობა დაადგინა, არ გაითვალისწინება მითითება იმაზე, რომ მოსარჩელეს არ დაუდასტურებია სსკ-ის 1190.4 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
18. დაუსაბუთებელი კასატორთა პრეტენზია გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, ამ აქტმა მათ, როგორც გარდაცვლილის შვილებს, ტრავმა და ტკივილი მიაყენათ. საკასაციო პალატის მითითებით, მამობის დადგენა წარმოადგენს არა მხოლოდ მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ან ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობას (ბიოლოგიური მამის დადგენა დაკავშირებულია მემკვიდრეობის უფლებასთანაც (სსკ-ის 1309-ე მუხლი), არამედ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში პირის უფლებას, იცოდეს საკუთარი წარმომავლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Mikulić v. Croatia, no. 53176/99 judgment of 07.02.2002; Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014; Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX; Sahin v. Gernamy [GC], no.30943/96,§66,ECHR 003-VIII). ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითება, სწორედ, სახელისა და მისი წარმომავლობის ცოდნის უფლებას უკავშირდება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მამობის დადგენის მიზნით სავარაუდო მამის გვამის ექსჰუმაციას დასაშვებად მიიჩნევს. უმთავრესია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზი, შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებების განსაღვრა. ერთ-ერთ საქმეში, სადაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა დნმ-ის ტესტის გაკეთების მოთხოვნა, რომელიც მომჩივანს საშუალებას მისცემდა ზუსტად სცოდნოდა, იყო თუ არა გარდაცვლილი სავარაუდო მამა, ნამდვილად მისი ბიოლოგიური მამა, სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ განმარტა, რომ იდენტობის უფლება, რომელიც მოიცავს საკუთარი წარმომავლობის ცოდნის უფლებას, არის პირადი ცხოვრების ცნების განუყოფელი ნაწილი. პირებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი წინაპრების ვინაობის დადგენას, აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი - მიიღონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მათი პიროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის გამოსავლენად. ამავდროულად, სასწორზე არსებული სხვადასხვა ინტერესების გაწონასწორებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, ერთი მხრივ, მომჩივნის უფლება დაადგინოს თავისი წარმომავლობა და, მეორე მხრივ, მესამე მხარის უფლება გარდაცვლილი ცხედრის ხელშეუხებლობის შესახებ, მიცვალებულთა პატივისცემა და კანონის მიმართ არსებული რწმენის შენარჩუნების საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთან, ასეთ შემთხვევებში, საპირისპირო ინტერესების გაწონასწორებისას საჭიროა განსაკუთრებით მკაცრი შემოწმება (იხ. JÄGGI v. SWITZERLAND, no. 58757/00, 13/10/2006). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილის შვილების ექსჰუმაციაზე წინააღმდეგობა, დასაბუთებული და საფუძვლიანი მიზეზის მითითების გარეშე, უმართებულოა.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.გ–ისა და მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ჯ.გ–სა (პ/ნ .....) და მ.გ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჯ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №21142880118, გადახდის თარიღი 27.03.2024), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე