საქმე №ას-775-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს–ვი, კ.ბ–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ბ–ძის შუამდგომლობა უსწორობის გასწორების შესახებ, შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაში გასწორდა უსწორობა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: კ.ბ–ვს და ი.ს–ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჯის, 125 ლარის გადახდა. დ.ბ–ძეს დაუბრუნდეს 2021 წლის 16 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხაა 300 ლარი და 2022 წლის 01 აპრილს გადახდილი 140 ლარი. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ.ბ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხი პროცენტის ოდენობის ცვლილება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს პროცენტის გამოთვლაზე უნდა ემსჯელა არა ანაბარზე თანხის განთავსებისას არსებული პროცენტით, არამედ სასესხო ურთიერთობისას წარმოშობილი საპროცენტო განაკვეთით, რაც ერთმანეთისგან ცალსახად განსხვავდება. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა, ანაბრისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთით მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, მაშინ, როდესაც წლიური საკრედიტო საპროცენტო მაქსიმალური განაკვეთი შეადგენს 48%-ს, ხოლო მან, როგორც მოსარჩელემ მოთხოვა მხოლოდ 15%. სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რის საფუძველზე განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი 1.5%-ით, შესაბამისად ამ ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა და უნდა მიეთითოს 15%.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საპროცენტო განაკვეთის ნაწილში რამდენად იყო უსწორობის გასწორების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით სწორად გადაწყვეტილი. ამ კუთხით, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში განვითარებულ დასაბუთებაზე, სადაც მითითებულია, რომ მიუღებელი შემოსავალი გამოთვლილია არა წლიური საკრედიტო, არამედ შემნახველ ანგარიშზე განთავსების საპროცენტო განაკვეთით, რაც შეადგენს 1.5%-ს, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ოდენობაც გამოთვლილია სწორედ ამ თანხიდან - 2018 წლის 18 ივლისს გაცემული 1500 აშშ დოლარის ნაწილში 2018 წლის ნოემბრიდან -2021 წლის 05 იანვრამდე 1500 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული 1000 აშშ დოლარის ნაწილში - 2019 წლის აპრილიდან - 2021 წლის 5 იანვრამდე, 1000 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის გადახდა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენს ხარვეზს და უსწორობას ადგილი არ აქვს.
7. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებას, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო მიუღებელი შემოსავალი საკრედიტო საპროცენტო განაკვეთის შედეგად გამოეთვალა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული შედავება აღარ წარმოადგენს უსწორობის გასწორების ნაწილში კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხს, რადგან საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის საფუძველი საქმის არსებითი განხილვის და არა უსწორობის გასწორების საკითხია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე