Facebook Twitter

საქმე № ას-775-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ბ–ძე (აპელანტი,მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს–ვი, კ.ბ–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ.ბ–ვმა და ი.ს–ვმა 2018 წლის 18 ივლისს სესხის სახით აიღო ლ.ბ–ძისგან 1500 აშშ დოლარი, სესხის სარგებელზე მხარეები არ შეთანხმებულან.

2. კ.ბ–ვმა ისესხა ლ.ბ–ძისგან 2018 წლის 12 დეკემბერს 1000 აშშ დოლარი, სესხის სარგებელზე მხარეები არ შეთანხმებულან.

3. კ.ბ–ვის და ი.ს–ვის მიერ მიერ ლ.ბ–ძისთვის დაბრუნებულ იქნა სესხად აღებული თანხებიდან ჯამში 2500 აშშ დოლარი.

4. 18 ივლისს დათარიღებულ ხელწერილზე არსებულ ციფრობრივ ჩანაწერში ,,4500“ ციფრზე ,,4“ გამოვლინდა მიხატვის კვალი, კერძოდ ,,4“ ზედა ნაწილში მიხატულია ნახევაროვალური ფორმის შტრიხი, რომელიც ინფრაწითელ სხივებში ლუმინისცირებს, ამავდროულად, ციფრი ,,4“-ის დანარჩენი ელემენტები და გვერდით მდგომი ციფრები ,,5“, ,,0“, ,,0“ შეფერილობით, განსხვავდებიან ციფრი ,,4“-ის ნახევაროვალური ფორმის ელემენტებისგან. ე.ი. 1018 წლის 18 ივლისით დათარიღებულ ხელწერილზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერის 4500 ადგილზე, თავდაპირველად იყო ჩანაწერი 1500.

5. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილ 2018 წლის 18 ივლისით დათარიღებულ ხელწერილზე არსებულ ჩანაწერების „ოთხი ათას ხუთასი“ ადგილებზე გამოვლინდა ქაღალდის ზედაპირის დაზიანება, ქაღალდის ბოჭკოების აძენძვა, ჩანაწერების ასოთა შტრიხების ნარჩენების არსებობა, რაც მოწმობს, რომ 2018 წლის 18 ივლისით დათარიღებულ ხელწერილზე არსებულ ჩანაწერების „ოთხი ათას ხუთასი“ ადგილებზე მომხდარია ამოშლა. გამოვლენილი ჩანაწერების ასოთა შტრიხების ნარჩენები თავისი მოხაზულობით არ ქმნიან რომელიმე კონკრეტული ასოების კონფიგურაციებს. მითითებული მიზეზის გამო, დადგენა იმისა, რა ჩანაწერები იყო თავდაპირველად, 2018 წლის 18 ივლისით დათარიღებულ ხელწერილზე არსებულ ჩანაწერების „ოთხი ათას ხუთასი“ ადგილებზე, შეუძლებელია.

6. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის ჯამში 1475 აშშ დოლარი.

6.2. მოპასუხეებმა კურბან ბადიროვმა და ისმაილ საფაროვმა სთხოვეს მოსარჩელეს დახმარება თანხის მოძიებაში, თანხა ესაჭიროებოდათ ტექნიკის შესაძენად, მოსარჩელემ 2018 წლის 18 ივლისს გადასცა მოპასუხეებს 4500 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს 1000 აშშ დოლარი, მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ თანხის დაბრუნების ვალდებულება 3 თვეში, 2021 წლის 5 იანვარს ი.საფაროვმა გადასცა მოსარჩელეს 2500 აშშ დოლარი და უთხრა, რომ 3000 აშშ დოლარს მოიტანდნენ 2021 წლის 10 თებერვლამდე, თუმცა ამაოდ.

6.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვის, კერძოდ 2019-2020 წლის ჩათვლით 4500 აშშ დოლარი +1000 აშშ დოლარი, ჯამში 5500 აშშ დოლარის წლიური 20% (ორი წლის მიუღებელი სარგებელი სულ 1100 აშშ დოლარი) და დარჩენილი (დღემდე გადაუხდელი ) 3000 აშშ დოლარის 2021 წლის 5 იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით სულ 16 თვის 20% - 375 აშშ დოლარი, ჯამში 1475 აშშ დოლარი.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. ი.ს–ვმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მოსარჩელე არასწორად უთითებს პირველ ფაქტობრივ გარემოებაში, რომ თითქოსდა კ.ბ–ვთან ერთად სოლიდარულად მისგან ისესხა 4500 (ოთხიათას ხუთასი) აშშ დოლარი, რაც არაა სინამდვილე; 2018 წლის 18 ივლისს ლ.ბ–ძეს, რომელსაც იცნობდა და იცოდა, რომ ის ფულს გაასესხებდა, გააცნო მისი დიდი ხნის მეგობარი კ.ბ–ვი, რომელსაც თავისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის სჭირდებოდა თანხის 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის სესხად აღება.

7.2. კ.ბ–ვმა ლიანა ლ.ბ–ძისგან ისესხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, რაც ლ.ბ–ძემ უბრალო ფურცელზე დააფიქსირა, ხოლო აღნიშნულ დოკუმენტს მოაწერა ხელი ი.ს–ვმა და კ.ბ–ვმა, მოპასუხე განმარტავს, რომ ის მხოლოდ შუამავალი იყო და არავითარი პასუხისმგებლობა არ აუღია მოსარჩელის წინაშე.

7.3. შემდგომში კი კ.ბ–ვმა ლ.ბ–ძისგან ი.ს–ვის მონაწილეობის გარეშე 2018 წლის 12 დეკებმბერს კვლავ ისესხა თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარი.

7.4. მოპასუხის განმარტებით, მას კ.ბ–ვთან ერთად ერთობლივი საქმიანობა არასდროს უწარმოებია, მის საქმიანობის სფერო სრულიად განსხვავებულია კ.ბ–ვის საქმიანობისგან და არც თანხის სესხად აღება სჭირდებოდა.

7.5. კ.ბ–ვმა სარჩელი არ ცნო, მისი თქმით მოსარჩელე არასწორად უთითებს, რომ მისგან ისესხა 4500 (ოთხიათას ხუთასი) აშშ დოლარი, მისი თქმით 2018 წლის 18 ივლისს ლ.ბ–ძისგან მოპასუხემ ისესხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს კი 1000 (ათასი) აშშ დოლარი, რომელიც ეტაპობრივად ნაწილ- ნაწილ გადახდით დააბრუნა.

7.6. მოპასუხის განმარტებით, მას ეტაპობრივად გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის 3600 (სამიათას ექვსასი) აშშ დოლარი, ყოველთვიური გადახდებით.

7.7. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სესხის სახით 4475 (ოთხიათას ოთხას სამოცდათხუთმეტ) აშშ დოლარის ოდენობით გაცემის ფაქტს, მოპასუხის თქმით ვალის სახით ნასესხებ თანხა მას სრულად აქვს დაფარული; ხოლო პროცენტის გადახდა მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, ლ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 18 ივლისს გაცემული 1500 აშშ დოლარის ნაწილში 2018 წლის ნოემბრიდან -2021 წლის 05 იანვრამდე 1500 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული 1000 აშშ დოლარის ნაწილში - 2019 წლის აპრილიდან - 2021 წლის 5 იანვრამდე, 1000 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის გადახდა.

11. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა

11.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11.2. 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიუღებელი შემოსავალი გამოთვლილია არა წლიური საკრედიტო, არამედ შემნახველ ანგარიშზე განთავსების საპროცენტო განაკვეთით, რაც შეადგენს 1.5%-ს, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ოდენობაც გამოთვლილია სწორედ ამ თანხიდან - 2018 წლის 18 ივლისს გაცემული 1500 აშშ დოლარის ნაწილში 2018 წლის ნოემბრიდან -2021 წლის 05 იანვრამდე 1500 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული 1000 აშშ დოლარის ნაწილში - 2019 წლის აპრილიდან - 2021 წლის 5 იანვრამდე, 1000 აშშ დოლარის წლიური 1.5%-ის გადახდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიუღებელი შემოსავლის გამოთვლაზე უნდა ემსჯელა არა ანაბარზე თანხის განთავსებისას არსებული პროცენტით, არამედ სასესხო ურთიერთობისას წარმოშობილი საპროცენტო განაკვეთით, რაც ერთმანეთისგან ცალსახად განსხვავდება. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა, ანაბრისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთით მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, მაშინ, როდესაც წლიური საკრედიტო საპროცენტო მაქსიმალური განაკვეთი შეადგენს 48%-ს, ხოლო მან, როგორც მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ 15%. სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რის საფუძველზე განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი 1.5%-ით, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და 1.5% უნდა გაიზარდოს 15%-ის დაკისრებით.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის მთავარ შედავებას წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის საკითხი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მხოლოდ ამ ნაწილში შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: ,,სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ; N ას-307-291-2011, 24.10.2011 წ; N ას-899-845-2012, 22.11.2012 წელი).

21. სსკ-ის 408.1-ე, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება (იხ. სუსგ Nას-243-2021, 04.06.2021წ.). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

22. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის N132 ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეანაბრეს უფლება აქვს ბანკში იქონიოს ნებისმიერი რაოდენობის საანაბრო ანგარიში, შეინახოს ამ ანგარიშებზე თანხები ხელშეკრულებით განსაზღვრული (ან განუსაზღვრელი) ვადით. ამავე ბრძანების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირების ანაბრებზე პროცენტის დარიცხვა ხდება ბანკის დირექტორატის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.

23. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით.

24. საკასაციო პალატა მოცემული დასაბუთებების ურთიერთშეჯერების შედეგად განსაზღვრავს, საკრედიტო პროცენტით ფიზიკური პირის მიერ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის გამოთვლა საფუძველს მოკლებულია, რადგან ცალსახად ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების შემადგენლობას. საკრედიტო საპროცენტო განაკვეთით მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იმ პირების მიერ, რომლებიც უფლებამოსილი არიან გასცენ საკრედიტო სესხები. აღნიშნული კანონმდებლობა ასეთი სახის კრედიტის გაცემის უფლებამოსილებას არ ანიჭებს ფიზიკურ პირს, შესაბამისად, შეუძლებელია ფიზიკურმა პირმა მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მიუღებელი შემოსავლის იმ სისტემით დათვლის საფუძველზე, როგორც, მაგალითად, კომერციულმა ბანკებმა. ამის საპირისპიროდ, ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ სადეპოზიტო ანგარიშის შემნახველ ანაბარზე განათავსონ ფულადი სახსრები და სწორედ ამ საფუძვლით მიიღონ განთავსებული თანხის პროცენტული ამონაგები, როგორც შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ პირს შეუძლია მიუღებელ შემოსავლად განსაზღვროს მხოლოდ ისეთი აქტივი, რომლის მიღების უფლებასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს, რადგან ის არ არის კომერციული ბაკებისთვის განსაზღვრული საკრეტიდო საპროცენტო განაკვეთის მიმღები სუბიექტი.

25. რაც შეეხება თავად პროცენტის ოდენობას, მოსარჩელე (კასატორი) არ უთითებს, თუ რატომ უნდა განისაზღვროს საანაბრო საპროცენტო განკვეთი მეტი ოდენობით, მისი დასაბუთება მიმართულია მხოლოდ საკრედიტო საპროცენტო განაკვეთით მიუღებელი შემოსავლის გამოთვლისკენ, თანაც იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს ტექნიკურად, მექანიკურად შეეშალა პროცენტის გამოთვლა, რაც ვერ ჩაითვლება საკასაციო საჩივრის კვალიფიციურ დასაბუთებად.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე