Facebook Twitter

საქმე № ას-753-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.მ–ი, ნ.ბ–ი (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 25/12/2008 წლის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ....... (ს/კ N .......) თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა ვ.ბ–ის, ა.ბ–ის, ნ.ბ–ისა და ბ.ბ–ის სახელზე.

2. 2008 წლის 26 დეკემბრის გამიჯვნის ხელშეკრულების მიხედვით, ვ.ბ–მა, ა.ბ–მა, ნ.ბ–მა და ბ.ბ–მა გამიჯნეს თანასაკუთრებაში არსებული 2370.00 კვ.მ. უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისში, ....... (ს/კ N ......), შპს „ა–ის“ 25.12.08წ. ნახაზის მიხედვით შემდეგნაირად: I ნაკვეთი (რუხი ფერის) - ფართობით 569 კვ.მ. შენობა ნაგებით N7 – განაშენიანების ფართი: 101.09 კვ.მ. ნ.ბ–ის საკუთრება. II ნაკვეთი (ვარდისფერი) – ფართობით 375 კვ.მ. შენობა ნაგებობით N5- განაშენიანების ფართი: 13,61 კვ.მ. N6-განაშენიანების ფართით 546 კვ.მ. ბ.ბ–ის საკუთრება. III ნაკვეთი (ყვითელი ფერის) ფართობით 292 კვ.მ. შენობა ნაგებობით N8 განაშენიანების ფართით 26,02 კვ.მ. N9 განაშენიანების ფართით 11.51 კვ.მ. N10 განაშენიანების ფართთ 12,08 კვ.მ. ვ.ბ–ის საკუთრება. IV ნაკვეთი (მწვანე ფერის) – ფართობით 717 კვ.მ. შენობა ნაგებობებით: N1- განაშენიანების ფართით 42,38 კვ.მ. N2-განაშენიანების ფართით 19,82 კვ.მ N3- გაშენიანების ფართით 15.21 კვ.მ. N4 - განაშენიანების ფართით 12,06 კვ.მ. ა.ბ–ის საკუთრება. აქედან 79 კვ.მ. ფართობი ზომით IX5, 8X14, 80X7, 08X1,9IX2, 50X28, 84X15.31მ. ბ.ბ–ის სერვიტუტი. V ნაკვეთი (ლურჯი ფერის) – ფართობით 417 კვ.მ. შენობა ნაგებობით: 11- განაშენიანების ფართით 43.96, კვ.მ. ნ.ბ–ის საკუთრება.

3. მითითებული გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა - ქ. თბილისში, ...... (ს/კ N .........) მდებარე უძრავი ქონებიდან საკუთრების უფლების რეგისტრაცია შემდეგი სახით: ნ.ბ–ი - დაზუსტებული ფართობი: 569.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, სხვა ფართი: გაშენების ფართი 101.09 კვ.მ. (ს/კ N .......); ნ.ბ–ი - დაზუსტებული ფართობი: 417.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1 მშენებარე, სხვა ფართი: გაშენების ფართი 43.96 კვ.მ. (ს/კ N .......); ა.ბ–ი - დაზუსტებული ფართობი: 717.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, N2, N3, N4; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1 – 42.38 კვ.მ. N2 – 19.82 კვ.მ. N3 – 15.21 კვ.მ. N4 – 12.06 კვ.მ. (ს/კ N .......); ბ.ბ–ი - დაზუსტებული ფართობი: 375.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, N2; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1 – 13.61 კვ.მ. N2 – 54.66 კვ.მ. (ს/კ N ....); ვ.ბ–ი - დაზუსტებული ფართობი: 292.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, N2 N3; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1 – 26.02 კვ.მ. N2 – 11.51 კვ.მ. N3 – 12.08 კვ.მ. (ს/კ N .......).

4. 4.02.2009წ. სერვიტუტის ხელშეკრულებით ა.ბ–ის უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. თბილისში, ....... (ს/კ N ........) ფართობი: 717 კვ.მ.) დაიტვირთა სერვიტუტით ბ.ბ–ის (მოსარგებლე) სასარგებლოდ.

5. 22/01/2009 წლიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ....... N5-ში დაზუსტებული ფართობი: 569.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, სხვა ფართი: გაშენების ფართი 101.09 კვ.მ. (ს/კ N ........) და 21/01/2015 წლიდან დაზუსტებული ფართობი: 417.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1 მშენებარე, სხვა ფართი: გაშენების ფართი 43.96 კვ.მ. (ს/კ N ......) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ნ.ბ–ისა და მ.მ–ის სახელზე.

6. 05/03/2021 წლიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ..... N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 375.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1, N2; სხვა ფართი: გაშენების ფართი N1 – 13.61 კვ.მ. N2 54.66 კვ.მ. (ს/კ N ......), საკუთრების უფლებით ირიცხება თ.ს–ის სახელზე (უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, დამოწმების თარიღი: 28.02.2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

7. თეონა საგინაშვილის დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „გთხოვთ ჩაატაროთ ექსპერტიზა ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომელიც განსაზღვრავს აუცილებელი გზის გამოყოფის საჭიროებას უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ...... (ს/კ ......)“ ექსპერტის დასკვნით (დასკვნა #005869421): “ქ.თბილისში, ...... მდებარე N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ N2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება).

8. აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, არსებული ბლოკის და მავთულბადის ღობის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება და ასევე საჭირო იქნება რამდენიმე მწვანე ხე-ნარგავის მოჭრითი სამუშაოების ჩატარება). აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ საპროექტო მომსახურებას არ ახორციელებს. შესაბამისად ხსენებული პროექტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ).“

9. ნ.ბ–ის დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა. 09/10/2023 წლის N007168623 ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „გააჩნია თუ არა თ.ს–ს თავის ნაკვეთიდან ს/კ ...... მისასვლელი გზა, გარდა მიწის ნაკვეთისა ს.კ. ....... და შესაძლებელია თუ არა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს მისასვლელი გზა.“

10. ექსპერტის დასკვნით: “N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის მოწყობა გარდა ფაქტობრივად არსებული მისასვლელი გზისა და N ..... უძრავი ქონებისა, შესაძლებელია მოეწყოს სხვიტორის ქუჩიდან N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით იხ. დანართ 1-ზე მწვანე ფერის ისრის მიმართულება, რაზეც საჭიროა შედგეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ.“

11. სასარჩელო მოთხოვნა

თ.ს–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. თბილისში, ..... N5, ს/კ ......) სასარგებლოდ ნ.ბ–ისა და მ.მ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ქ. თბილისში, ......, ს/კ ........) აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა 105.96 კვ.მ. ფართზე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით.

12. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ს–ის სარჩელი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე, დაკმაყოფილდა. თ.ს–ს N.....საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, მიეცა უფლება ისარგებლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში ნ.ბ–ისა და მ.მ–ის თანასაკუთრებაში არსებული, N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 23/08/2021 წლის N005869... ექსპერტიზის დასკვნის დანართ N2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულების შესაბამისად.

14. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

16. მოპასუხის საკასაციო მოთხოვნა

16.1.განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო დავა სწორედ იმის გარკვევის საჭიროებამ წარმოშვა, რამდენად დასაშვებია მოსარჩელისთვის აუცილებელი გზის მოწყობაზე ნებართვის გაცემა. სასამართლომ არასწორად წარმოადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომ …… საკადასტრო კოდის მესაკუთრე იყო ბ.ბ–ი და მასზე სერვიტუტი/აუცილებელი გზა არასდროს არ ყოფილა რეგისტრირებული. ა.ბ–მა ბ.ბ–თან 04.02.2009 წელს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულებით თავისი საკუთრებიდან ბ.ბ–ს სარგებლობაში გადასცა სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი. მათი განმარტებით თ.ს–მა ბ.ბ–ისგან 2012 წელს შეისყიდა მისთვის სასურველი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მიწის ნაკვეთი.

16.3. აუცილებელი გზის მოწყობის გარშემო გამოიკვეთა არჩევანის საშუალება. საქმეში არსებობს ორი ურთიერთგანსხვავებული საექსპერტო დასკვნა და მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაბალანსებით, უნდა გადაწყვეტილიყო კონკრეტულ არჩევანზე უპირატესობის მინიჭება, ჯეროვანი დასაბუთებით. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ #..... საკადასტრო კოდზე აუცილებელი გზის მოწყობა წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. დასკვნა აღნიშნულზე მოწინააღმდეგე მხარისათვის ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, როცა არანაირად არ იქნა გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები, სასამართლო პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები და კანონით გარანტირებული უფლებები.

16.4. კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს შორის 2008 წლის გამიჯვნის ხელშეკრულებით დაიყო მიწის ნაკვეთი, ..... საკადასტრო კოდის მესაკუთრემ დაკარგა კავშირი საჯარო გზასთან და მას რომელიმე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლებაც გაუქარწყლდა.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკ ისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

25. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

26. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუციით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

27. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

28. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკუთრების უფლება არაა აბსოლუტური ხასიათის და მთელ რიგ შემთხვევებში იგი შეზღუდვებს ექვემდებარება. ამავეს აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუიის მე-19 მუხლის მესამე ნაწილიც, რომლის თანახმად, შესაძლებელია საკუთრების უფლების, როგორც კონსტიტუციური ღირებულების შეზღუდვა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში. საკუთრების სწორედ აღნიშნულ არააბსოლუტურ ხასიათს შეეხება მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმად, თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

29. განსახილველ დავაში, მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს აუცილებელი გზის უფლების მოპოვების კანონიერება. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია სსკ-ის 180-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

30. ზემოაღნიშნულ ნორმაზე საკასაციო პალატას არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს აუცილებელი გზის უფლებასა და თმენის ვალდებულებაში არსებული უფლების შეზღუდვის ფარგლების შესახებ, რომ თუ კი მესაკუთრეობის, როგორც უფლების, განხორციელება ვერ ხერხდება სხვა მესაკუთრეობის უფლების დაცვის ხარჯზე, აუცილებელი ხდება ამ უკანასკნელის მართლზომიერი შეზღუდვა იმ ზომით, რომ შესაძლებელი გახდეს სხვისი საკუთრებითი უფლების პროპორციულად დაცვა. ასეთ დროს, უფლების შეზღუდვის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მესაკუთრის უფლების რეალიზაცია სხვა უფლო ნაკლებად მზღუდავი ქმედებით ვერ იქნება მიღწეული. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ,,მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი“ (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.).

31. ასეთი სახის სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის კუმულაციური წინაპირობები იყოს სახეზე, რაც გულისხმობს საკუთრების უფლების არსებობას, ობიექტზე საჯარო გზის წვდომის არარსებობას, მომიჯნავე უძრავი ქონების გამოყენების გარდაუვალი აუცილებლობას. ამავდროულად, სხვისი უძრავი ქონების გამოყენებისას მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. აღნიშნული წინაპირობების მტკიცების ტვირთი კი აწევს მოსარჩელეს.

32. საკასაციო პალატა ამავდროულად მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის გამოყენებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ მისი ამ შინაარსით გამოყენების უფლება და ეს არ უნდა იწვევდეს სხვისი უფლებებისთვის დაუსაბუთებელ ზიანის მიყენებას. სწორედ აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსკ-ის 115-ე მუხლიც, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული მუხლიც თავისი თვალთახედვითაც განამტკიცებს საკუთრების უფლების აარაბსოლუტურ ხასიათს, რაც გულისხმობს საკუთრების უფლების ისეთი არალეგიტიმური გამოყენების აკრძალვას, რამაც შესაძლოა სხვისი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. წინამდებარე საქმის მიზნებისთვის, საკუთრების უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული ისე, რომ სხვისი საკუთრების უფლება იქნეს გაუმართლებლად შეზღუდული. საკუთრების უფლების გამართლებული შეზღუდვის დასაბუთების ტვირთი კი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც უნდა დაასაბუთოს მოპასუხის საკუთრებაზე აუცილებელი გზის დათმობის ლეგიტიმური საფუძველი.

33. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია შპს „ა–ის“ ურთიერთგამიჯვნის სქემატურ ნახაზი, რომლის თანახმად, თ.ს–ის (ყოფილი მესაკუთრე ბ.ბ–ი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს ერთის მხრის ნ.ბ–ისა და მ.მ–ის და მეორეს მხრივ ა.ბ–ის უძრავი ქონებების მომიჯნავედ. ასევე საყურადღებოა, რომ თ.ს–ის უძრავი ქონების სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დატვირთულია ა.ბ–ის უძრავი ქონების ნაწილი - 79 კვ.მ. (საფეხმავლო გზა). მართალია, მოსარჩელე ნამდვილად სარგებლობს საფეხმავლო მისასვლელით უძრავ ქონებამდე, თუმცა მხოლოდ საფეხმავლო გზა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საკუთრებითი უფლების რეალიზაცია სრულად განხორციელდეს. დღევანდელ რეალობაში, საკუთრების უფლების ნორმალური განხორციელება მათ შორის სამანქანო გზის უძრავ ქონებამდე წვდომასაც მოიცავს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული. სწორედ აღნიშნული პირობა წარმოადგენს სასარჩელო ინტერესსაც, რომ მოსარჩელეს ჰქონდეს მის უძრავ ქონებამდე საავტომობილო გზით მისვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უძრავ ქონებაზე აშენებულია საცხოვრებელი სახლი და მისით ყოველდღიური სარგებლობა შეზღუდულია.

34. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აგვისტოს N5005638121 დასკვნა, რომლის თანახმად, (ექსპერტი ლ.კ–ის), თბილისში, ..... მდებარე ........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-დასავლეთიდან, საჯარო რეესტრში ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მითითებული კოდით უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ.ბ–ისა და მ.მ–ის საკუთრებაში (ს.ფ 27). ექსპერტის მითითებით, მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე. ასევე საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, არსებული ბლოკისა და მავთულბადის ღობის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, ასევე, საჭირო იქნება რამდენიმე მწვანე ნარგავის მოჭრითი სამუშაოები.

35. თავის მხრივ, ნ.ბ–ის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 09 ოქტომბრის N5006475423 დასკვნა (ექსპერტი ნ.ს–ძე), სადაც მითითებულია რომ N..........284 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის მოწყობა გარდა ფაქტობრივად არსებული მისასვლელი გზისა და ....... უძრავი ქონებისა, შესაძლებელია მოეწყოს სხვიტორის ქუჩიდან ....საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით, რაზეც საჭიროა შედგეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ.

36. საქმის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ორი ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, სასამართლომ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, სასამართლო სხდომაზე გამოკითხვის მიზნით დაიბარა ექსპერტები - ლ.კ–ისი და ნ.ს–ძე. სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ ნ.ს–ძის მიერ საექსპერტო დასკვნა შედგენილია საჯარო რეესტრის მონაცემებზე, მათ შორის 2020 წლის ორთოფოტოზე დაყრდნობით. მის მიერ სიტუაციის ადგილზე შეფასება არ მომხდარა. ექსპერტმა განმარტა, რომ ჩასატარებელია სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა ადგილზე სიტუაციის დაუთვალიერებლობის გამო, ვერ მიუთითა ღობის ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საჭიროების შესახებ. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტმა დაასკვნა, რომ აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელი იქნებოდა დაურეგისტრირებელი სივრცის, ეგრეთ წოდებული „ბუფერული ზონის“- გავლით. ამ ნაწილში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რადგან ფაქტობრივი მფლობელობით ნივთით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც, თუ კი არ არსებობს რეგისტრირებული უფლება.

37. საქმეშია ასევე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აგვისტოს, ლ.კ–ის მიერ შედგენილ დასკვნა, რომლის მიხედვით ცნობილია, რომ ექსპერტმა დაათვალიერა მიწის ნაკვეთი ვიზუალურად, მის გარშემო არსებული სიტუაციის შესწავლა. დასკვნაში მიეთითა, რომ თ.ს–ის საკუთრებაში მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში არსებული საფეხმავლო გზით, რომელიც გადის სერვიტუტის უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ექსპერტმა მიუთითა, რომ თ.ს–ის ნაკვეთისთვის საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია სამხრეთ -დასავლეთ ნაწილიდან, მოპასუხეების საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ .....) გავლით. ლ.კ–ისის შეფასებით, მის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით გზის მოწყობისას საჭირო გახდება მცირე ზომის კედლების მოშლა და რამდენიმე ხე- ნარგავის მოჭრა, ხოლო ნ.ს–ძის მიერ შეთავაზებული ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში გზა გაივლის უფრო გრძელ მანძილს, ვიდრე მის მიერ შედგენილ დასკვნაშია ასახული.

38. წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ მითითებული დასაბუთებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება იმისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა რეალიზდეს, კერძოდ, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით სარწმუნოდ დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება- საავტომობილო გზის მოწყობა, მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ყველაზე ოპტიმალურ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება ვერ შეძლო.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, დადგენილი გარემოებაა, რომ თ.ს–ის მიერ ბ.ბ–ისგან მიწის ნაკვეთის (ს.კ .....) ყიდვამდე, უძრავი ქონება ...... თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა ბ., ვ., ნ. და ა.ბ–ების სახელზე, რომელსაც გააჩნდა საჯარო გზასთან კავშირი. 2008 წლის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე კი, ყოფილმა თანამესაკუთრეებმა იმ სახით გამიჯნეს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომ ბ.ბ–ის მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან კავშირი მოუსპეს. შესაბამისად, ბ.ბ–მა სერვიტუტის უფლებით დატვირთა ა.ბ–ის მიწის ნაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფა საფეხმავლო ბილიკით საჯარო გზებთან კომუნიკაციას. კასატორის მითითება, რომ თ.ს–მა შეიძინა სასურველი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, არარელევანტურია და ვერ გახდება მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან თ.ს–ის მიერ არ განხორციელებულა რაიმე სახის ქმედება, რაც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო ქსელებთან დაკავშირების შეწყვეტას გამოიწვევდა. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აუცილებელი გზის მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოიშვა არა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართ ვისი მიწის ნაკვეთიც გამიჯვნამდე უზრუნველყოფდა საჯარო ქსელებთან კავშირს. შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის მითითება 09/10/2023 წლის #007168623 ექსპერტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის მოწყობა, გარდა ფაქტობრივად არსებული მისასვლელი გზისა და N.......უძრავი ქონებისა, შესაძლებელია მოეწყოს სხვიტორის ქუჩიდან N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით".

41. ზემოაღნიშნული დასაბუთებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება და აუცილებელი გზის გეგმა ასახავს საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმალურ და მესამე პირთა უფლებებში ყველაზე ნაკლებად მზღუდავ გამართლებულ საშუალებას, რომლის გამორიცხვის შემთხვევაში ავტომატურად გაუმართლებლად შეიზღუდება მისი საკუთრებითი უფლება, შესაბამისად, მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობა დასაბუთებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ვალდებული ხდება ითმინოს მის საკუთრებაზე აუცილებელი გზის გაყვანა.

42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ისა და ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.მ–ის (პ.ნ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საბუთის ნომერი N22518112178, გადახდის თარიღი 25.06.2024) 50 ლარის 70% - 35 ლარი; ასევე, დაუბრუნდეს ნ.ბ–ის მიერ (პ.ნ. ......) საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება N22185677556, გადახდის თარიღი 06.06.2024) 100 ლარის 70% - 70 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე