საქმე № ას-581-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.ტ.ქ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 06 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ა–ა’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 04.12.2020 წლიდან და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ.ფ–ი.
2. 24.11.2020 წელს შპს ,,ა–ას“ წარმომადგენელმა (დირექტორი, პარტნიორი) წერილობით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზ.შ–ძეს, სადაც დაადასტურა კლუბის წინაშე მისი მოვალეობები და გამოხატა მზადყოფნა, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-ს წილის სრული მოცულობის შეძენის მიზნით, მათი შეთანხმების შესაბამისად, შპს „ა–ა“-ს გამოყენებით სპონსორობის გაგრძელებაზე, კლუბის შეძენასთან დაკავშირებული პროცესის დასასრულებლად.
3. შპს ,,ა–ა“-ს 24.11.2020წ. წერილის პასუხად, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, 03.12.2020წ. წერილითვე უპასუხა, რომ მზადყოფნას გამოთქვამდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე კერძოდ: ქ.ქუთაისის მუნიციპალუტეტი იღებდა ვალდებულებას, შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100%-იანი წილი სახელმწიფოსთვის გადაეცა ისე, რომ საქართველოს მთავრობასთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსთა სახელმწიფოს წარმომადგენელი ადმინისტრაციის შუამდგომლობით, პირდაპირი განკარგვით, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაეცათ შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100%-იანი წილი შპს ,,ა–ა“-სთვის ან ფიზიკურ პირ მ.ფ.სათვის შემდეგი პირობებით: ა) 2020 წლის 31 დეკემბრამდე, მ.ფ–ი/ან მისი მინდობილი კომპანია ან ფიზიკური პირი განახორციელებდა, შპს ,,სა.კ.ტ. ქ“-ს სასარგებლოდ, 1 700 000 ლარის ოდენობით ინვესტიციას, გადაუხდიდა სახელფასო დავალიანებებს შპს ,,ს. კ. ტ. ქ“-ს და მასში დასაქმებულ პირებს. ბ) .ფ./ან მისი მინდობილი კომპანია ან ფიზიკური პირი იღებდა პასუხისმგებლობას, ემართა შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი’’, როგორც სათანადო მესაკუთრე, პატიოსანი კომერსანტის (ბიზნესმენის) ძალისხმევით, მოეძიებინა ინვესტორები, დონორები და სხვა შემოსავლის წყაროები და ყოველ წელს განეხორციელებინა მთლიანობაში, სულ მცირე 500 000 ლარის ინვესტიცია, იმ დაფინანსების გარდა, რომელსაც შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი’’ მიიღებდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან; გ) მ.ფ./ან მისი მინდობილი კომპანია ან ფიზიკური პირი იღებდა პასუხისმგებლობას, შეენარჩუნებინა შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს ფეხბურთის პროფილი იმ გზით, რომ შეექმნა სპეციალური პირობები უეფას (UEFA) ჩემპიონთა ლიგის და ეროვნული ლიცენზიების მოსაპოვებლად იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილი იყო სალიცენზიო რეგულაციებით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საფეხბურთო გუნდის მონაწილეობა შესაბამის ლიგებში და ყოველ წელს შეექმნა შესაბამისი პირობები იმისთვის რომ, მის საკუთრებაში გადაცემულ კომპანიას ეფუნქციონირა სათანადოდ; დ) მ.ფ./ან მისი მინდობილი კომპანია ან ფიზიკური პირი იღებდა პასუხისმგებლობას, უზრუნველეყო ფეხბურთის სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდის (ყოველ წელს 100-200 ბავშვი) ოფიციალური მატჩების ჩატარება და ვარჯიშების პროცესის მიმდინარეობა ფიფას (FIFA), უეფას (UEFA) და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი პირობების და წესების დაცვით; ე) მ.ფ./ან მისი მინდობილი კომპანია ან ფიზიკური პირი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ საფეხბურთო კლუბი დააკმაყოფილებდა სავალდებულო სალიცენზიო მოთხოვნებს და სხვა სტანდარტებს, რომლებიც დადგენილი იყო უეფას (UEFA) და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ. ვ) იმ შემთხვევაში, თუ დაირღვეოდა/არ შესრულდებოდა ზემოთ ხსენებულ პირობათაგან რომელიმე, შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100% წილი უკან დაუბრუნებდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მ.ფ./ან მისი მინდობილი კომპანიას ან ფიზიკური პირი ვალდებული იყო აენაზღაურებია ნებისმიერ დავალიანება, რომელიც ექნებოდა შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი’’-ს თავის მხრივ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი იღებდა ვალდებულებას, მხარი დაეჭირა შპს ,,ა–ა“-სთვის იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომლებიც მითითებული იყო ამ შეთანხმების პირველ პარაგრაფაში. აგრეთვე, იღებდა ვალდებულებას, გადაეცა რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონის და საფეხბურთო ბაზის ფლობის უფლება კანონის შესაბამისად.
4. შპს „ა–ა“ თანახმა იყო მიეღო საკუთრებაში შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი’’ იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მითითებული იყო ამ შეთანხმების პირველ პარაგრაფში.
5. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იღებდა პასუხისმგებლობას, ყოფილიყო შუამავალი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან იმ მიზნით, რომ შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100% წილზე საკუთრების უფლება გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისგან სახელმწიფოზე და შემდეგ გადაეცა შპს ,,ა–ა“-სთვის სიმბოლურ ფასად.
6. შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს და შპს ,,ა–ა“-ს შორის, 26.03.2021წ. შედგა შეთანხმება, რომ შპს ,,ა–ა’’ 31.03.2021 წლამდე გადაიხდიდა მოთამაშის, ვიტალი პონომარის 2 თვის ხელფასს 21 613.8 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის 5403,4 ლარის გამოკლებით, რაც გადახდილ იქნა.
7. შპს ,,ა–ა“-მ, 2020 წლის დეკემბრიდან-2021 წლის 27 მაისამდე დროის შუალედში, შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს გადაურიცხა 460690 ლარი და 6344,13 აშშ დოლარი.
8. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.08.2021წ. Nბ44.44212392 ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი, მის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100%-იანი წილის პრივატიზებაზე, მასში მითითებული პირობებით.
9. გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და შპს ,,ს. კ.ტ.ქ’’-ს 100% წილი შეიძინა ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა, რომელმაც იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-სთვის ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბის 100%-იანი წილი საკუთრებაში დაუბრუნდებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს.
10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
10.1. მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის დეკემბერში, მ.ფ–მა დააფუძნა შპს ,,ა–ა’’ (100%-იანი წილობრივი მონაწილეობით), რომლის მეშვეობით განიზრახა, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტისაგან შეეძინა შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი’’.
10.2. 2020 წლის 03 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით დაუდასტურა, რომ მზად იყო სიმბოლურ ფასად, პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა მ.ფ–ისათვის ან/და მის მიერ მითითებული კომპანიისათვის შპს ,,ს.კ.ტ.ქ–ი“-ს 100%-იანი წილი, გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით, მაგ.: მყიდველს უნდა განეხორციელებინა კლუბში 1 700 000 ლარის ინვესტიცია, გადაეხადა დაგროვილი სახელფასო დავალიანება და ა.შ.
10.3. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 დეკემბრის N44- 442033886 წერილის საფუძველზე, შპს ,,ა–ა“-მ 2021 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეებში, შპს ,,ს.კ.ტ.ქ“-ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხები, ჯამში 460 690 ლარისა და 6344,13 აშშ დოლარის ოდენობით.
10.4. მიუხედავად მათი მხრიდან პირობის შესრულებისა, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეასრულა ზ/აღნიშნულ წერილში მითითებული ვალდებულება, საკუთრებაში არ გადასცა შპს ,,ს.კ.ტ.ქ“-ს 100%-იანი წილი და აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, სადაც ინვესტორისათვის ერთ-ერთ პირობად, შპს ,,ა–ა“-სათვის თანხის დაბრუნება განსაზღვრა.
10.5. ვინაიდან დაირღვა პირობა, მოპასუხე ვალდებულია უსაფუძვლოდ მიღებული თანხები დააბრუნოს, ასევე მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი, წლიური 8%-ის ოდენობით, რასაც მიიღებდა სადავო თანხების დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში.
11. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კლუბის ანგარიშზე შეტანილი თანხები არ ემსახურებოდა საფეხბურთო კლუბის 100% წილის შეძენას. ამ წილის გადაცემა იყო, არა ქუთაისის მუნიციპალიტეტის, არამედ ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება. მხარეებს შორის რეალურად ადგილი ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობას კერძოდ, მოსარჩელე სპონსორობას უწევდა საფეხბურთო კლუბს, ხოლო საფეხბურთო კლუბი მოსარჩელის მიერ ნომინირებული კომპანიების (ბიტკოინის, ედენაროს, ემინფლექსის) სარეკლამო მასალებს ანთავსებდა თავის საფეხბურთო ბაზაზე, სტადიონზე, კლუბის ფორმაზე, კლუბის სატრანსპორტო საშუალებებზე და ა.შ. შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ა–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ს.კ.ტ.ქ–ს“ დაეკისრა, შპს „ა–ას“ სასარგებლოდ, ჯამში 460690 ლარისა და 6344,13 აშშ დოლარის გადახდა.
13. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 06 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
15. მოპასუხის საკასაციო მოთხოვნა
15.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15.2. კასატორის მითითებით, განჩინება დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა თანხის დაბრუნება იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოდავე მხარეებს შორის არც არსებობს, ამავდროულად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეები სხვა სამართლებრივ, კერძოდ სასპონსორო ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, რაც სწორედ თანხის გადახდის საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესიც და ის დაუკავშირა კონდიქციურ და არა ჩვეულებრივ სახელშეკრულებო დანაწესებს.
15.3. მოპასუხემ არაერთი მტკიცებულების წარდგენის საფუძველზე დაასაბუთა, რომ მხარეები ნამდვილად იყვნენ სასპონსორო ურთიერთობაში, თუმცა მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ გადარიცხული თანხა არ იყო ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
15.4. სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია რეკლამირების ნაწილში, რომლის თანახმად, მოსარჩელემ აღნიშნულ თანხებს დასასპონსორებლად ვერ გამოიყენებდა, რადგან არ დაარეკლამებდა ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იარსებებდა დარეკლამებული კომპანიები, მოპასუხემ მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება მათი შესაბამის ადგილებზე განთავსებით, შესაბამისად შეასრულა თავისი ვალდებულება. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ აზრს მოკლებულია კოლოსალური თანხები გაიხარჯოს ისეთი კომპანიების რეკლამაში, რომლებიც არც კი არსებობს.
15.5. უსაფუძვლო დამდიდრების სუბსიდიურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებამდე სხცა უფრო სპეციალური საფუძვლების გამორიცხვას, სასამართლო პირველ რიგში ვალდებული იყო სიღრმისეულად შეეფასებინა მხარეთა შორის არსებული სპონსორობის ხელშეკრულება, რაც სასამართლოს არ გაუკეთებია. მოპასუხემ უშუალოდ სპონსორობის ვალდებულებებში ჩათვალა მოსარჩელის გადახდილი ქონება, შესაბამისად, გამოაკრა კიდეც სხვადასხვა კომპანიის ბანერები, ამიტომ ცალსახაა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება ვერ გახდება მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი.
15.6. კასატორის მითითებით, თვითონ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, შესაბამისად, შესრულების უკან გამოთხოვა კონდიქციის კრედიტორს ვითომ კრედიტორისგან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან უნდა მოეთხოვა.
15.7. მოპასუხე მიღებული თანხით არ დამდიდრებულა, რადგან მხარეები სახელშეკრულებო, სასპონსორო ურთიერთობაში იყვნენ და აქედან გამომდინარე, მოპასუხეზე ჩარიცხული თანხა გაიხარჯა მართლზომიერად, ვალდებულების შესრულების საპირწონედ, შესაბამისად,მისი უკან გამოთხოვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის თანხის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, და სსკ-ის 979.1 მუხლი, რომლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
23. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
24. განსახილველ შემთხვევაში, სადავო თანხის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის. ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, მან თანხა მიიღო სასპონსორო ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა დადგენილია, რომ სპონსორობა, არც სარეკლამო წარწერების და აბრების განთავსების უფლება-ვალდებულებები, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დგინდებოდა. ასევე, არცერთი მტკიცებულებით იყო დადასტურებული, რომ მოპასუხის მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს (რომელთაც მოპასუხე რეკლამას უწევდა) კავშირი ჰქონდა მოსარჩელესთან და საერთოდ მათი არსებობაც არ დასტურდებოდა. ამ გარემოებათა წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომლის თანახმად, მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არა თვითონ, არამედ მერია იყო ბათილი გარიგების მონაწილე. ქვედა ინსტანციის სასამართლოში დადგინდა, რომ სადავო თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ისე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება არ არსებობდა. სწორედ ხელშეკრულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 976-ე მუხლი (შდრ. სუსგ №ას-1237-1087-2010, 27 ივნისი, 2011 წელი).
26. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (შდრ. სუსგ.-ები № ას-1193-1122-2015, 31.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215- 2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472- 448-2013, 05.12.2013).
27. საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიუთითებს, რომ ცალსახად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა სადავო თანხა, რომლის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა მოსარჩელემ დაასაბუთა, ხოლო მისი გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო - მისი მითითება სპონსორობის სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებელია, რადგან არ დგინდება დარეკლამებულ კომპანიებსა და მოსარჩელეს შორის არსებული რამე სახის კავშირი, აქედან გამომდინარე, არ ჩანს მოსარჩელის ინტერესი სპონსორობისთვის თანხის გადახდაზე.
28. მეორე მხრივ, დასტურდება, რომ შპს ,,ა–ა’’-მ შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისი’’-ს გადაურიცხა 460690 ლარი და 6344,13 აშშ დოლარი. მოსარჩელის მითითებით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, გადაეცა შპს ,,ს.კ.ტ.ქ’’-ს 100%-იანი წილი სახელმწიფოსათვის იმ მიზნით, რომ ეს უკანასკნელი (საწარმოს 100% წილი) პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადასცემოდა შპს ,,ა–ა’’-ს, მასში მითითებული პირობების გათვალისწინებით და, რომ აღნიშნული შეთანხმების საგანი (და არა მოტივი) იყო შპს ,,ს.კ.ტ. ქ’’-ს 100% წილზე საკუთრების უფლების მოპოვება, რაც არ განხორციელდა. დადგენილია, რომ 460690 ლარი და 6344,13 აშშ დოლარი მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა. ისიც დადგენილია, რომ ელექტრონული აუქციონის წესით, შპს ,,ს.კ.ტ. ქ’’-ს 100% წილის პრივატიზების აუქციონში გაიმარჯვა ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა, რის შედეგადაც, 2021 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ამავე წლის 8 სექტემბერს გაიცა პირობადებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამდენად, კლუბის მესაკუთრე გახდა არა შპს „ა–ა“, არამედ ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის არ არსებობს რამე სახის სამართლებრივი ვალდებულება და ასეთ პირობებში, კვაზი ვალდებულების შესრულებისას, შესრულების მიმღები, როგორც უსაფუძვლოდ გამდიდრებული, კანონისმიერი საფუძვლით ხდება ვალდებული დაუბრუნოს სიკეთე მოვალეს.
29. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ შედავებასაც, რომლის თანახმად, მერია იყო ხელშეკრულების მხარე და არა თვითონ, შესაბამისად, არავითარი ვალდებულება არ წარმოეშობა თანხის დაბრუნების. ამ ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილია, თანხები ჩაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე ისე, რომ მხარეებს შორის არ წარმოშობილა რამე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე დადგინდა, რომ გადახდილი თანხა არ წარმოადგენს მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგი - მოსარჩელის ქონება შემცირდა, არ არსებობს ამ შესრულების ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველი, შედეგად შესრულების მიმღები - მოპასუხე გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რის გამოც ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული შესრულება.
30. საბოლოოდ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.კ.ტ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ს.კ.ტ.ქ–ს“ (ს.კ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1713258642 გადახდის თარიღი 16.04.2024) 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე