Facebook Twitter

საქმე № ას-629-2024 2 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-გ.“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 01 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, უძრავ ქონებაზე

ვალდებულების შესახებ ჩანაწერის გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2010 წლის 26 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით, ნ.ი–ძის მიერ, ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით, სახელმწიფოსაგან შეძენილი იქნა ქ.ბათუმში, ..... მდებარე 4901,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – .......). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-6 მუხლით განისაზღვრა მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეესრულებინა შემდეგი პირობები: აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო თანხა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; მყიდველი ვალდებული იყო პირობებიანი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 12 თვის ვადაში შეექმნა საწარმო, რომელიც მუდმივად იფუნქციონირებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, განხორციელებული იქნებოდა არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმებდა არანაკლებ საქართველოს 30 მოქალაქეს; მყიდველი ვალდებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვეში სამინისტროში წარედგინა საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით აღემატებოდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

2. 2011 წლის 11 მარტის საკუთრების დამადასტურებელი №1663ა მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ქ.ბათუმში, ......... მდებარე 4901,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – .......) აღირიცხა ნ.ი–ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში.

3. 2011 წლის 18 აგვისტოს, ნ.ი–ძემ N3904 განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელშიც ის განმარტავდა, რომ მძიმე ფინანსური პირობების გამო, არსებობდა საშიშროება, რომ ვერ შეასრულებდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც მოითხოვდა სამინისტროს თანხმობას, რათა გაესხვისებინა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირობით გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე მის მიერ შეძენილი დაბა ხელვაჩაურში (ამჟამად ქ.ბათუმი, .....) მდებარე 4901,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მიმაგრებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ......).

4. ნ.ი–ძეს, 2011 წლის 18 აგვისტოს განცხადების პასუხად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2001 წლის 22 აგვისტოს N01-9/3005 წერილით აცნობა, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი გაესხვისებინა მას მის მიერ პირობით აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე: დაბა ხელვაჩაურში (ამჟამად ქ. ბათუმი, .......), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ......., იმ პირობით, რომ შესრულებული იქნებოდა ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებული იყო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ.ი–ძეს შორის 2010 წლის 26 ნოემბერს პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ N100 ოქმით. ამასთან, ნ.ი–ძეს აღნიშნულ ვალდებულებებთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 24 აპრილის N01-9/1917 წერილით ეცნობა, რომ 2010 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული N100 ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილი, კერძოდ, 100000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება, წარმოდგენილი დოკუმენტებს საფუძველზე, ჩაეთვალა შესრულებულად.

5. 2013 წლის 10 ივნისს, შპს ,,ბ-გ–“-სა და ნ.ი–ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირობით გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე ნ.ი–ძის მიერ შეძენილი - დაბა ხელვაჩაურში მდებარე 1022,2 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 4901 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, რომლითაც მყიდველმა შპს ,,ბ-გ“-მ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებდა ყველა პირობას, რაც განსაზღვრული იყო ნ.ი–ძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული №100 აქტით.

6. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის 24 სექტემბრის N01- 10/4291 და 2013 წლის 7 ოქტომბრის N01-10/4515 წერილებით მიმართა შპს „ბ- გ“-ს და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსთხოვა ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა 2010 წლის 26 ნოემბრის N100 ოქმით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების შესრულების ან/და არ შესრულების მითითებით.

7. 2014 წლის 23 იანვრის N01-10/224 წერილით კი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ბ-გ“-ს დირექტორს აცნობა, რომ ნ.ი–ძის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროში წარდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 10 აპრილის N1136-2012-08/11 და 2012 წლის 01 აგვისტოს N2596-2012-08/11 ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმადაც 2012 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, ნ.ი–ძის მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი, რის საფუძველზეც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 17.08.2012 წლის წერილით ვალდებულებები (მათ შორის არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ნაწილში) ჩაითვალა შესრულებულად. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზ/აღნიშნული წერილით შპს „ბ-გ“-ს დირექტორს აცნობა, რომ 2010 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული N100 ოქმის თანახმად, მყიდველი (ამ შემთხვევაში შპს „ბ-გ.“) ვალდებული იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე 2012 წლის 01 აგვისტოდან საწარმოს ფუნქციონირება შეენარჩუნებინა მუდმივად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში და დასაქმებული ჰყოლოდა არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ვინაიდან ნ.ი–ძის განცხადების საფუძველზე, 2013 წლის თებერვლის ბოლოს, საწარმოს ფუნქციონირება შეჩერებული იყო, ხოლო შპს „ბ-გ“-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყო ივლისის თვიდან და აგვისტოს თვეში დასაქმებული იქნა 31 მოქალაქე, თანახმად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 30 ოქტომბრის N004889113 ექსპერტიზის დასკვნისა, ამიტომ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტიდან მის ამოქმედებამდე განვლილი პერიოდით (5 თვე) გაგრძელდებოდა საწარმოს ფუნქციონირების და 30 საქართველოს მოქალაქის დასაქმების 5 წლიანი ვადა.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 30 ოქტომბრის N004889113 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ.ი–ძეს შორის 2010 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ოქმი N100-ის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების 30 საქართველოს მოქალაქის დასაქმების თაობაზე, 2013 წლის 10 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,ბ-გ–“-ს მიერ 2013 წლის ივნისის თვეში მოქალაქის დასაქმება არ განხორციელებულა, ხოლო ივლისის თვეში დასაქმდა 18 საქართველოს მოქალაქე, აგვისტოს თვეში - 31 საქართველოს მოქალაქე, სექტემბრის თვეში 31 საქართველოს მოქალაქე.

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისის N002930014 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, 2010 წლის 26 ნოემბრის ოქმი N100-ის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ბ-გ–“-ს მიერ პირობადადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში დასაქმებულია არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 11 დეკემბრის N006793314 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის ივნისიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, 2010 წლის 26 ნოემბრის ოქმი N100-ის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ბ-გ–ს“ მიერ პირობადადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში დასაქმებულია არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის N003328015 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, 2010 წლის 26 ნოემბრის ოქმი N100-ის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ბ-გ–“-ს მიერ პირობადადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში დასაქმებულია არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 01 თებერვლის N000509016 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, 2010 წლის 26 ნოემბრის ოქმი N100-ის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ბ-გ“-ს მიერ პირობადადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში დასაქმებულია არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

13. შპს ,,აუდიტური კონცერნი ცოდნა“-ს 2017 წლის 10 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, შპს „ბ-გ“-ს მის საკუთრებაში არსებულ ქ.ბათუმში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ......) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2017 წლის აპრილის თვიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში დასაქმებული ჰყავდა არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

14. შპს „პ-ა“-ს 2018 წლის 15 ნოემბრის N3/38 დასკვნის თანახმად, შპს „ბ-გ“-ს აჭარის ა.რ.ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 26.11.2010 წლის ოქმი N100-ით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პირობადადებულ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: ......) შექმნილ საწარმოში დასაქმებული ჰყავდა საქართველოს მოქალაქეები თვეების მიხედვით: მაისი - 30 კაცი, ივნისი - 31 კაცი, ივლისი - 31 კაცი, აგვისტო - 36 კაცი, სექტემბერი - 34 კაცი, ოქტომბერი - 30 კაცი.

15. 7.15. შპს „პ-ა“-ს 2019 წლის 14 ივნისის N1/24 დასკვნის თანახმად, შპს „ბ-გ“-ს აჭარის ა.რ.ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 26.11.2010 წლის ოქმი N100-ით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პირობადადებულ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: ......) შექმნილ საწარმოში დასაქმებული ჰყავდა საქართველოს მოქალაქეები თვეების მიხედვით: ნოემბერი - 31 კაცი, დეკემბერი - 33 კაცი, იანვარი - 32 კაცი, თებერვალი - 33 კაცი, მარტი - 32 კაცი, აპრილი - 32 კაცი.

16. შპს „კ. და ა“-ს 2019 წლის 16 დეკემბრის დასკვნის თანახმად, შპს „ბ-გ–“-ს მიერ შესრულდა აჭარის ა.რ.ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 26.11.2010 წლის N100 ოქმით ნაკისრი ვალდებულება: პირობადადებულ ქონების ბაზაზე (საკადასტრო კოდით ......) შექმნილ საწარმოში დასაქმებული ჰყავს 30 საქართველოს მოქალაქე, 2019 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით.

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის N004138520 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 26 ნოემბრის ოქმი N100-ის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ბ-გ“-ს, როგორც საწარმოს გამოსაკვლევ პერიოდში (შპს „კ. და ა“-ს 2019 წლის 16 დეკემბრის დასკვნაში მითითებულ პერიოდში) საქართველოს მოქალაქეები (არანაკლებ 30) დასაქმებული ჰყავდა ქ.ბათუმში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) განხორციელებულ მშენებლობაზე (12 სართულიანი შენობა-ნაგებობა), ბლოკის დამზადებაზე და ადმინისტრაციულ ოფისში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 01 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ბ-გ“-ს მიერ 2013 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე ქ.ბათუმში, ...... (ს.კ. ......) მდებარე ობიექტზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული დანახარჯი, დღგ-ს გარეშე, შეადგენდა 955 080 ლარს.

18. საჯარო რეესტრის მონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი:12.03.2020წ.), ქ. ბათუმში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) ამჟამად აშენებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 5448,1 კვ.მ.

19. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

19.1. შპს „ბ-გ–“-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და უძრავ ქონებაზე ვალდებულების შესახებ ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, კერძოდ: შპს „ბ-გ“-ს შესრულებულად ჩაეთვალოს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე 2010 წლის 26 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმის მე-6 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები; გაუქმდეს შპს „ბ-გ“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ.ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4901 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და შენობა- ნაგებობაზე ფართით - 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N......) სახელმწიფოს სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი ვალდებულების თაობაზე.

19.2. შპს „ბ-გ“-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და უძრავ ქონებაზე ვალდებულების შესახებ ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, კერძოდ: შპს „ბ-გ“-ს შესრულებულად ჩაეთვალოს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე 2010 წლის 26 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმის მე-6 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები; გაუქმდეს შპს „ბ-გ“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ.ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4901 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და შენობა- ნაგებობაზე ფართით - 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N.....) სახელმწიფოს სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი ვალდებულების თაობაზე.

19.3. 2010 წლის 26 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით, ნ.ი–ძის მიერ, ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით, სახელმწიფოსაგან შეძენილი იქნა ქ.ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4901,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 1022,20 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – .........).

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით, მყიდველის მიერ ძირითად შესასრულებელ ვალდებულებებს წარმოადგენდა: 1) ნასყიდობის თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 12 თვის ვადაში საწარმოს შექმნა, რომელიც მუდმივად იფუნქციონირებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში და განახორციელებდა 100000 ლარის ინვესტიციას; 3) არანაკლებ საქართველოს 30 მოქალაქის დასაქმება.

19.4. 2011 წლის 11 მარტის საკუთრების დამადასტურებელი №1663ა მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უძრავი ქონება აღირიცხა ნ.ი–ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში. 2013 წლის 24 ივნისს, გაფორმებული ხელშეკრულებით, უძრავი ქონების მესაკუთრე ნ.ი–ძე შეიცვალა შპს ,,ბ-გ“–თი. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე არსებული ვალდებულებები კი დარჩა უცვლელი.

19.5. უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების შემდგომ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებები, პერიოდულად, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით სრულად იქნა შესრულებული შპს „ბ-გ–“-ს მიერ და ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, 2020 წლის 30 ნოემბერს, განცხადებით იქნა მიმართული აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე. ამასთან, სამინისტროს წარედგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ექსპერტიზისა და აუდიტის დასკვნები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა მათ მიერ 5 წლის განმავლობაში საწარმოს ფუნქციონირებისა და საქართველოს 30 მოქალაქის დასაქმების ვალდებულების შესრულებას.

19.5. მიუხედავად აღნიშნულისა, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის

სამინისტროს მიერ, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება არ იქნა დადასტურებული, რის გამოც სამინისტრო უარს აცხადებს უძრავ ქონებაზე არსებული ვალდებულებით–სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ ჩანაწერის გაუქმებაზე. ამ ჩანაწერის საფუძველზე კი მესაკუთრეს (მოსარჩელეს) ფაქტობრივად შეზღუდული აქვს ქონების განკარგვის უფლება.

20. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ბ-გ“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მის მიერ 2010 წლის 26 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმით გათვალისწინებული საწარმოს ფუნქციონირების და არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმების ფაქტი.

21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-გ–ს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს „ბ-გ–ს“ შესრულებულად ჩაეთვალა 2010 წლის 26 ნოემბრის აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმის მე-6 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები; გაუქმდა შპს „ბ-გ–ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - ქ.ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში (ამჟამად .........) მდებარე 4901 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...., სახელმწიფოს სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი ვალდებულების თაობაზე.

22. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

24. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

24.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელის შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენდა ერთიან პირობას, რომელიც მოიცავ საწარმოს შექმნას და აღნიშნული საწარმოს ფუნქციონირების ვალდებულებას არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, რაც ბუნებრივია იმას გულისხმობს, რომ როდესაც მყიდველმა შექმნა საწარმო და აღნიშნული ვალდებულების ნაწილი მას ჩაეთვალა შესრულებულად, ის ვალდებული იყო სწორედ ეს საწარმო (და არა სხვა) ეფუნქციონირებინა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში და მასში დაესაქმებინა არანაკლებ 30 მოქალაქე. აღნიშნული ასევე ნიშნავს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მყიდველს შეეძლო განეხორციელებინა ნებისმიერი სახის კანონით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ეს არ წარმოადგენდა „ვალდებულება ჩათვლილი“ საწარმოს სამომავლო საქმიანობის - 5 წელი უწყვეტად ფუნქციონირებისა და 30 მოქალაქის დასაქმების ვალდებულების ჩათვლის საფუძველს. შესაბამისად, უდავოა, რომ მაშინ როდესაც, კომპანიამ შექმნა სამშენებლო ბეტონის ბლოკების, ფილების, ბორდიურების და კიბის მოზაიკური საფეხურების საამქრო, რითაც ვალდებულების პირველი ნაწილი შესრულებულად ჩაეთვალა, ის ამავე პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ამავე საამქროს ფუნქციონირება გაეგრძელებინა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში და მასში დაესაქმებინა არანაკლებ 30 მოქალაქე.

24.3. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად დააყრდნო იმ მოსაზრებას, რომ რადგან მყიდველმა (მოსარჩელემ) ამავე საკადასტრო კოდზე ააგო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და მასში დასაქმებული ჰყავდა მუშახელი მიიჩნია ხელშეკრულების მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად, რაც უსაფუძვლოა, რადგან სასამართლოს ხელშეკრულებაში არსებული ტერმინი -საწამოს ფუნქციონირება არ უნდა განემარტა ფართოდ და არ უნდა ჩაეთვალა მყიდველის მიერ საპრივატიზებო ობიექტზე განხორციელებული ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ხელშეკრულების შესრულებად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ გულისხმობდა საწარმოს საქმიანობის ფართო გაგებას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა.

24.4. კასატორის მითითებით, 2013-2019 წლის ექსპერტიზის დასკვნებით დასრულდება, რომ 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმების ვალდებულების შესრულების ფაქტი მაინც არ დასტურდება, თუნდაც სწორად იქნეს მიჩნეული საწარმოს ფუნქციონირების ფართო გაგება.

24.5. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მხოლოდ 54 თვეზე არსებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა 5 წელზე- 60 თვეზე გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ სასამართლო არ მსჯელობს.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად,

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

29. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გადაუხდელი თანხის მოთვხონის კანონიერების შემოწმებას, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და შედეგად აყოვნებს დარჩენილი საფასურის გადახდას.

33. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 427-ე მუხლის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ორმხრივ მავალდებულებელ გარიგებებში, ხელშეკრულების ორივე მხარე გვევლინება ერთ შემთხვევაში კრედიტორად, მეორე შემთხვევაში კი მოვალედ, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე მხრიდან ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება თავის თავში მოიაზრებს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ კლასიკურ შემთხვევას, როდესაც მხარეები მიაღწევენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთავარ მიზანს - ორივე მხარის მიერ თავიანთი ვალდებულების სრულ და დროულ შესრულებას, შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

34. მოცემულ შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლოსთვის საკვლევ საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შეფასება.

35. დადგენილია, რომ მოსარჩელის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-6 მუხლში განისაზღვრა მყიდველის (მოსარჩელის) მიერ შესასრულებელი ვალდებულებები: 1) აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო თანხა უნდა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 2) მყიდველი ვალდებული იყო პირობებიანი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 12 თვის ვადაში შეექმნა საწარმო, რომელიც მუდმივად იფუნქციონირებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, განხორციელებული იქნებოდა არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმებდა არანაკლებ საქართველოს 30 მოქალაქეს; 3) მყიდველი ვალდებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვეში სამინისტროში წარედგინა საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით აღემატებოდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

36. მხარეებისთვის სადავოს წარმოადგენს მხოლოდ 5 წლის განმავლობაში მუდმივად 30 საქართველოს მოქალაქის დასაქმების ვალდებულების შესრულება. ამ ნაწილში, ქვედა ინსტანციის სასამართლოში დადასტურდა, რომ შპს „ბ-გ.“ ქ.ბათუმი, დაბა ხელვაჩაურში (ამჟამად ქ.ბათუმი, ....... ქ.N2) მდებარე უძრავ ქონებაში (ს/კ .......) არანაკლებ 5 წლის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, როგორც საწარმო და 2013-2019 წლებში აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 26 ნოემბრის სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მის მიერ პირობადადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში მუდმივად დასაქმებული იყო არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

37. მოპასუხის შედავება გულისხმობს, რომ როდესაც მყიდველმა შექმნა საწარმო და აღნიშნული ვალდებულების ნაწილი მას ჩაეთვალა შესრულებულად, ის ვალდებული იყო სწორედ ეს საწარმო (და არა სხვა) ეფუნქციონირებინა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში და მასში დაესაქმებინა არანაკლებ 30 მოქალაქე. მოსარჩელემ, რადგან დაასაქმა პირები სხვა ადგილას (ქამა სოკოს სათბური, საამქრო, სამშენებლო სამსახური) ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა, ამით კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა დაარღვია.

38. საკასაციო პალატა ამ დასაბუთებას ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც საქმის მასალებით დადგინდა, 2010 წლის 26 ნოემბრის სააქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N100 ოქმის მე-6 მუხლით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ პირობადებულ ქონებაზე შექმნილ საწარმოში ნამდვილად იყო დასაქმებული საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა, ასევე, არ არსებობს რამე ისეთი სახელშეკრულებო წინაპირობა, რისი შეუსრულებლობის გამოც მოპასუხე შეძლებდა დაეკავებინა მოსარჩელის ქონება.

39. რაც შეეხება შედავებას, რომ ვალდებულების შესრულება სადავო ხელშეკრულების ფარგლებში არ უნდა განიმარტოს ფართოდ, საკასაციო სასამართლო ამ არგუმენტსაც ვერ გაიზიარებს, რადგან სახელშეკრულებო მოთხოვნები თავისი შინაარსით არ მოითხოვდნენ მოსარჩელის ქმედების შეზღუდვას პირთა დასაქმების ნაწილში, ასეთი შეზღუდვის არარსებობა კი ქმნის სამოქალაქო სამართალში გაბატონებული პრინციპის - numerus clausus-ის მოცემულობას, როდესაც მხარეს შეუძლია შეასრულოს ან განახორციელოს ყველა ის ქმედება, რაც არ არის აკრძალული მოსარჩელემ პირობადებულ ქონებაზე დაასაქმა 30 პიროვნება 5 წლის განმავლობაში და დასაქმების ტიპსა და სახეობაზე ხელშეკრულებით არააფერი განსაზღვრულა. ამ შემთხვევაშიც, რადგან სახელშეკრულებო შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას მოიცავდა, მოსარჩელეს შეეძლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სახითა და ფარგლებით, რაც განახორციელა ფაქტობრივად, შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების ამ ნაწილში შეუსრულებლობაზე შედავება საფუძველს მოკლებულია.

40. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე