საქმე № ას-567-2024 2 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ნ.ვ.დ–ვა“ (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 30 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N9 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (კონსოლიდირებული ტენდერი CON210000475). რომლის საგანსაც შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა (თანდართული დაზღვევის პირობების, დანართი N1-ის, დანართი N2-ისა და დანართი N3-ის შესაბამისად) წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერიც“ სარეგისტრაციო ნომრით ....... ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3180.24 ლარით, ხოლო დაზღვევის პერიოდი - ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის, სატენდერო დოკუმნეტაციის პირველი ნაწილის პირველი მუხლით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები, მათ შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. მოცემული დოკუმენტაციის მესამე ნაწილის პირველი მუხლით გაწერილ იქნა მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები, მათ შორის: „1)მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს მზღვეველის ვალდებულებას გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი თითოეულ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 15 000 ლარს. მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება: ა) მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი. ბ)დაზარალებული მესამე პირ(ებ)ის სიცოცხლის ან/და ქონების გადასარჩენად, ან ზიანის შესამცირებლად გასაწევი მიზანშეწონილი ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის, სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის მეორე მუხლით გათვალისწინებულ იქნა საერთო საგამონაკლისო პირობები, მათ შორის: „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით“ (პირველი ნაწილის მეორე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი).
4. 2022 წლის 23 თებერვალს გ.ს–ის მართვის ქვეშ მყოფი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, სახელმწიფო ნომრით ........ მოძრაობდა ქ. თბილისში ......... ქუჩაზე ზღვის წრის მიმართულებით, რა დროსაც საგზაო ნიშანზე „დაუთმე გზა“ იმოძრავა შეუჩერებლად და ........ ქუჩიდან, უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრავ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ (სახელმწიფო ნომრით ......”) შეეჯახა წინა მარცხენა ნაწილით. რის შედეგადაც, „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ დაუზიანდა წინა ბამპერი მარცხენა ნაწილში, ხოლო „ტოიოტა ქამრის“ დაუზიანდა წინა მარჯვენა ნაწილში ბამპერი, ფრთა, ფარი, ე.წ. „კაპოტი“ და სავალი ნაწილი.
5. საპატრულო პოლიციის მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულ იქნა გ.ს–ი და მის მიმართ გამოიწერა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
6. 2022 წლის 23 თებერვლის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე არცერთი მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. აგრეთვე „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ მძღოლის, გ.ს–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს.
7. შპს „T. m.“-ის 2022 წლის 26 თებერვლის დასკვნის თანახმად, ავტომობილი „TOYOTA PRADO“-ს სახელმწიფო ნომრით ......., დაზიანებული ნაწილების: „წინა მარცხენა უდარნი ტიაგა“-სა და „წინა მარცხენა ბრეკეტი“-ს აღდგენის ღირებულება და ავტომობილის მომსახურების ღირებულება (თუნუქის დამუშავება, ღებვა (პაროგი, ფრთა, კარი), დისკის შეღებვა, რულავოი კალონკის შეკეთება, დეტალის მოხსნა დაყენება, პოლირება, სავალი ნაწილის შეცვლა) ჯამურად განისაზღვრა 1239 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). შპს „კ.მ–ის“ 2022 წლის 28 თებერვლის დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანა „Toyota Camry“-ს დაზიანებული ნაწილების აღდგენისა (წინა მარჯვენა ამორტიზატორი, წინა მარჯვენა შარავოი, წინა მარჯვენა წერო, წინა მარჯვენა ფრთის საფენი, შუშის საწმენდი წყლის ავზი, წინა მარჯვენა ბრეკეტი, წინა ბამპერი, ქვედა ბადე, აბლიცოვკა, მარჯვენა ფრთა) და მომსახურების (დაშლა-აწყობა, სათუნუქე სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, პოლირება) ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 3935 ლარს.
8. ავტომანქანაზე „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, სახელმწიფო ნომრით ....., საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო ნებართვა საქარე მინების დამუქების თაობაზე. აღნიშნული ნებართვა 2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით იყო ვადაგასული და არ მომხდარა მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივება.
9. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
9.1. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიმართ და მოპასუხისათვის, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების სახით, 5174 ლარის დაკისრება მოითხოვა.
9.2. 2022 წლის 23 თებერვალს, ქ. თბილისში 01:00 საათზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის „ტოიოტა ლენდკრუიზერს“, სახელმწიფო ნომრით ...... და „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ........ შორის. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა როგორც მოსარჩელის, ისე „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილი. შემთხვევის ადგილიდან „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის მძღოლი დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატაკით, მხარეთა გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ მძღოლი გ.ს–ი მოძრაობდა ქ. თბილისში .......... ქუჩაზე ზღვის წრის მიმართულებით, რა დროსაც საგზაო ნიშანზე „დაუთმე გზა“ განაგრძო მოძრაობა, რასაც მოჰყვა ავტო საგზაო შემთხვევა ...... ქუჩაზე უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრავ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილთან. თავისთავად, საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ იმპერატიულად არ აწესებს გაჩერების ვალდებულებას. დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლმა განახორციელა ყველა ქმედება, პოტენციური საგზაო შემთხვევის თავის ასარიდებლად. კერძოდ, საგზაო ნიშანთან შეანელა სვლა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო მოძრაობა, როცა დარწმუნდა რომ საფრთხე არ არსებობდა.
9.3. მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრა მოსარჩელის ავტომანქანის („ტოიოტა ლენდკრუიზერის“, სახ. ნომრით .....) მძღოლს სასკ-ის 125 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რაზედაც შედგა საჯარიმო ქვითარი ეს-493823. მძღოლმა ჯარიმა გადაიხადა. საპატრულო პოლიციის ოქმით დგინდება, რომ სახეზე არ იყო დამამძიმებელი გარემოება, რადგან გ.ს–ი მანქანას მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში, ამასთან, არ გადაუჭარბებია კანონით განსაზღვრულ ზღვრულ სიჩქარისათვის. მისი აღქმით, გამოცდილებათა და შეფასებით ქმედება განახორციელა ისე, რომ მისი მანევრი ყოფილიყო უსაფრთხო. ამაზე მეტყველებს შეჯახების შედეგად ავტომობილებზე არსებული დაზიანებები და შეჯახების კუთხის არარსებობა. შეჯახების კუთხე არ წარმოადგენდა 90 გრადუსს და მძღოლის მიერ უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის შედეგია ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, ყოველივე ეს თავისთავად გამორიცხავს ე.წ. „უხეშ გაუფრთხილებლობას“. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ მოხდა სადაზღვევო კომპანია „ნიუ ვიჟენის“ ინფორმირება, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას გამოცხადდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, რომლის მიერაც მოხდა დაზიანებული ავტომობილის დასურათება, შემდგომში სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის შეფასებისა და ანაზღაურების მიზნით. სს „ნ.ვ.დ–ვასა“ და გ.ს–ს (მოსარჩელის ავტომობილის მძღოლს) შორის მოხდა სატელეფონო გასაუბრება, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დეტალებთან დაკავშირებით.
9.4. სს „ნ.ვ.დ–ვის“ წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას, მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რაზედაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მოპასუხისგან უარის წერილობითი დასაბუთება მოითხოვა. მოპასუხემ 2022 წლის 01 აპრილი წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად მითითებულია მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის „დაუთმე გზის“ დარღვევა და დაზღვეული ავტომობილის დამუქებული საქარე მინები. ყოველივე აღნიშნული მოპასუხის აზრით, ქმნის „უხეშ გაუფრთხილებლობას“, რის გამოც მზღვეველმა, სსკ-ს 829-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2022 წლის 23 თებერვალს დაახლოებით 01:00 საათზე ავტომობილი „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, სარეგისტრაციო ნომრით ........, რომელსაც მართავდა მძღოლი გ.ს–ი, მოძრაობდა ქ. თბილისში ...... ქუჩაზე, ზღვის წრის მიმართულებით, რა დროსაც საგზაო ნიშანზე „დაუთმე გზა“ იმოძრავა შეუჩერებლად და ...... ქუჩაზე უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრავ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა წინა მარცხენა ნაწილით. გ.ს–ი განისაზღვრა ბრალეულ პირად და დაჯარიმდა სასკ-ის 125-ე მუხლის მე- 10 ნაწილის საფუძველზე, რაც თავის თავში მოიაზრებს ისეთ ქმედებას, რომელიც გამოწვეულია მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით.
10.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მოხდა სადაზღვევო კომპანიის ინფორმირება, რის საფუძველზეც შემთხვევის ადგილას გამოცხადდა სს „ნ.ვ.დ–ვას“ წარმომადგენელი, რომელმაც განახორციელა ავტომანქანის დასურათება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, წინასწარ არის განსაზღვრული, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი უნდა გამოცხადდეს და მოახდინოს შემთხვევის ადგილის დასურათება და ზიანის შეფასება. მოსარჩელე მხარის მითითება, რომ აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა შემდგომში სავალდებულო ანაზღაურება, არ არის მართებული, რადგან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება. მოსარჩელეს ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ეთქვა უარი, რადგან შედეგის დადგომა გამოწვეული იყო დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც წარმოადგენს მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
10.3. მოპასუხე მხარემ დამატებით აგრეთვე განმარტა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ სარეგისტრაციო ნომერი ......., საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო ნებართვა საქარე მინის დამუქების შესახებ, თუმცა აღნიშნულ ნებართვას ვადა ჰქონდა გასული და არ მომხდარა ვადის გაგრძელება. ვადაგასული მინებით გადაადგილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისად, გ.ს–ის ქმედება ამ თვალსაზრისითაც არამართლზომიერია. ამასთან, გ.ს–ის მითითებით, მან ვერ დაინახა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რადგან ავტომანქანას რომელსაც მართავდა, ჰქონდა დამუქებული შუშები.
10.4. გ.ს–სა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ წარმომადგენელს შორის, სადაზღვევო შემთხვევის გამოკვლევის მიზნით მოხდა გასაუბრება. კერძოდ, აუდიო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ გ.ს–ი 2022 წლის 23 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით ......, მოძრაობდა ქ. თბილისში ........ ქუჩაზე ზღვის წრის მიმართულებით, რა დროსაც საგზაო ნიშანზე „დაუთმე გზა“ იმოძრავა შეუჩერებლად. მისივე განმარტებით, „დაუთმე გზა“ საგზაო ნიშანზე არ შეჩერებულა და უპირატესად მოძრავი გზის მიმართულებით გაიხედა. თუმცა, რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა დამუქებული შუშები, ვერ დაინახა მოძრავი ავტომობილი, რის შემდეგაც მოხდა მისი შეჯახება უპირატესად მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის (ს/კ ......) სარჩელი მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს/კ .......) მიმართ დაკმაყოფილდა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სასარგებლოდ 5174 ლარის გადახდა დაეკისრა.
12. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ნ.ვ.დ–ვას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. კასატორის მოთხოვნა
14.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის მარტივი გაუფრთხილებლობით. მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლთან მიმართებაში და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო უხეშ გაუფრთხილებლობად.
14.3. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აუცილებელი წინდახედულების ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნეულია სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საგზაო ნიშანზე „დაუთმე გზა“ დარღვევა არ უნდა იქნეს მიჩნეული მაღალი ხარისხით წესრიგის დარღვევად. მართალია, ღამის პერიოდში დამუქებული მინებით გადაადგილება მოითხოვს განსაკუთრებული წინდახედულობით მანევრირებას, თუმცა მძღოლი პირველად არ იჯდა და გადაადგილდებოდა ავტომობილით, ღამის დაბალი განათება და მინების დაბურვა ის ობიექტური სირთულეებია, რომელიც მძღოლს გაუფრთხილებელ ბრალს უმსუბუქებს. შესაბამისად, მძღოლმა დაიცვა წინდახედულობის ნორმები, რაც გამოიხატა მანქანით გადაადგილებისას ადგილმდებარეობის შემოწმებით, თუმცა რადგან მაინც ვერ დაინახა ავტომობილი, ეს არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო ნიშნებს.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დამზღვევის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ და 820-ე „ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით“ მუხლები, როგორც ეს მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულებაც. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (ნორმის დეფინცია იხ. მე-12 პუნქტში).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
24. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი მოცემულ სამართალ ურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად. ამასთან, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-ას-654-2019, 26.06.2020წ).
27. რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. სუსგ-ები: N ას-745-713-2014; Nას-654-2019, 26.06.2020წ).
28. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია მისი, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსის გათვალისწინებაც, რადგან ისეთი შემთხვევები, სადაც დგინდება დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობა გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას. მაგალითად, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთი შემთხვევებია შეფასებული: საქმე N ას-745-713-2014 - ამ საქმეზე დადგენილი იყო, რომ მძღოლი მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით უკნიდან შეეჯახა ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და რომელიც გაჩერებული იყო მონიშნულ ადგილას. სასამართლოს მოსაზრებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა დაცული საკმარისი დისტანცია, ასევე, სათანადო ყურადღებითა და სიფრთხილით არ ადევნებდა თვალყურს მგზავრების გადამყვან ავტობუსს, ანუ, ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. შესაბამისად, კასატორის მითითება ამ საქმეზე, ისევე, როგორც N ას-745-2021 საქმეზე, მისივე მტკიცების საწინააღმდეგოა; საქმე N1217-1146-2012 - ამ საქმეზე დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც შეეჯახა სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე მდგარ ხეს; საქმე N ას-943-901-2013 - ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს; საქმე N ას-1510-1425-2012 - ამ საქმეშიც ადგილი ჰქონდა ქარაფშუტული მანევრირებით გზის სავალი ნაწილიდან გადასვლას და ხეზე შეჯახების შედეგად ავტომანქანის დაზიანებას. ამრიგად, ცხადია, რომ ყველა ჩამოთვლილ საქმეზე დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შეად. სუსგ-ას Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
29. სადაზღვევო ხელშეკრულებაში/პოლისში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას და თვითონვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; N ას-618-618-2018, 16.11.2020წ.).
30. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ის, თუ რამდენად მოქმედებდა მძღოლი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. თავის მხრივ, დაზღვევის მომსახურების სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის მეორე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანი არ ანაზღაურდება უხეში გაუფრთხილებლობისას. ამავდროულად, სსკ-ის დასახელებული 829-ე მუხლი ადგენს მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს - დამზღვევის მიერ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის განზხარ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენის დროს.
31. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) უარი ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობდა სწორედ უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შედეგის დადგომის გამო, შესაბამისად, რაც, როგორც აღინიშნა, მზღვეველს ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან. მოსარჩელეს კი სწორედ უხეში გაუფრთხილებლობის შეფასების საკითხი აქვს სადავოდ გამხდარი, რადგან თუ კი ის გამოირიცხება, მოპასუხე ვალდებული იქნება აანაზღაუროს ზიანი.
32. საკასაციო პალატა მოხმობილი სამართლებრივი ანალიზისა და პრაქტიკის საფუძველზე განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობის პირდაპირი განსაზღვრება სასამართლოს მიხედულებაზე და, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებზეა დამოკიდებული, თუმცა პრაქტიკის ანალიზით შესაძლებელია სასამართლოს თვალსაზრისით განმარტების სულისკვეთების ზოგადი პატერნების დანახვა. ამ მხრივ, უხეში გაუფრთხილებლობის ზოგადი ჩარჩო განმარტება სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ნათლადაა ჩამოყალიბებული, რომლის თანახმად, „მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა; უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, მაგალითად: მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს და იმოძრავებს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მკვეთრად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არ ემორჩილება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას უხეშად არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.“
33. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რადგან დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეადგინა პატაკი, რომლის თანახმად, ავტოავარია გამოიწვია დამზღვევმა საგზაო შუქნიშნით -„დაუთმე გზა“ რეგულირებულ გზაზე შეუჩერებლად გავლით, რამაც გამოიწვია სხვა მანქანასთან შეჯახება წინა მარცხენა ნაწილით. სასამართლოსთვის ცხადია, რომ სწორედ მოსარჩელის ქმედებამ დააყენა სადაზღვევო შემთხვევა, თუმცა პასუხისმგებლობის ასარიდებლად მითითებულია, რომ მანქანა არ ექცეოდა მოსარჩელის ხედვის არეში, შესაბამისად შეუძლებელი იყო წინდახედულობის ნორმის გამოჩენა. ასევე, მანქანის მინები იყო დამუქებული და ისედაც ღამით, სიბნელეში ობიექტურად შეუძლებელი იყო რამის დანახვა.
34. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მოსარჩელისეულ დასაბუთებას ვერ გაითვალისწინებს შემდეგი გარემოებების გამო:
35. მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ სამართალდარღვევის ოქმებს არ აქვს პრეიუდიციული ძალა, თუმცა როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე აღინიშნა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაცია, რაც გულისხმობს მანევრირების წესების დარღვევით მოძრაობას ( „დაუთმე გზა“ საგზაო ნიშნის უგულებელყოფასა და შეუჩერებლად მოძრაობას), რის საფუძველზეც დაჯარიმდა ასკ-ის 125.10-ე მუხლის შესაბამისად.
36. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული მონიშვნა (1.13.) „აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას“. პირს რომელიც დგას 1.13. საგზაო მონიშვნის უკან მას მართებს გაატაროს გადამკვეთ გზაზე მოძრავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება და როცა აღარ იქნება გადამკვეთი გზის ნაწილში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები, მხოლოდ ამის შემდგომ განაგრძოს მოძრაობა.
37. დადასტურებულია, რომ კანონით დადგენილი მოქმედების აღნიშნული წესი მოსარჩელემ არ დაიცვა და საგზაო შუქნიშანზე იმოძრავა გაუჩერებლად, რის საფუძველზეც დაეჯახა უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრავ ავტომანქანას. თავის მხრივ, მოძრავი ავტომობილის მძღოლისათვის ნათელია საგზაო მონიშვნით დადგენილი წესრიგი და მისი გავლის უპირატესობის შესახებ ის ელოდება გზის სავალი ნაწილის დათმობას. პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი წესის უგულებელყოფა, ავტომობილის შეუჩერებლად გავლა და მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე ავტომობილთან შეჯახება დადგენილი წესრიგის უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მძღოლი დამუქებული მინებით გადაადგილდებოდა, ხოლო შემთხვევა მოხდა ღამის მონაკვეთში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ღამის საათებში, დამუქებული მინებით გადაადგილება მძღოლს ავალდებულებდა განსაკუთრებული წინდახედულობით მანევრირებას - მძღოლი უნდა დარწმუნებულიყო, რომ გადამკვეთ გზაზე არ მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ განეგრძო მოძრაობა.
38. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ დამუქებული მინები და ღამის სიბნელე ობიექტურ გარემოებას მოიაზრებს და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მინების დამუქება არა თუ ობიექტური, არამედ სუბიექტური მიზეზია, რადგან ის ზღუდავს გარჩევადობას, გარესამყაროს აღქმადობას, განსაკუთრებით კი ღამის პერიოდში, შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სურვილი, რომ შეძლებს თუნდაც სიბნელის პირობებში მანქანა მართოს, მიუთითებს მძღოლისსავე სუბიექტურ თვითიმედოვნებაზე, რაც, როგორც წინამდებარე საქმეში აღმოჩნდა, იყო გადამეტებული. ამ დასაბუთებას ისიც ამყარებს, რომ თავად მოსარჩელე უთითებს მინების დამუქებასა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომას შორის არსებულ მიზეზობრიობაზე, რომ დამუქებული მინების მქონე ავტომობილით გადაადგილება შესაძლოა რეალურად ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს და დამატებით წარმოშობდა საფრთხეს, თუმცა არაფერს ამბობს ამ საფრთხის თავიდან ასარიდებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რაც დამატებით მის თვითიმედოვნებას უსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ანალიზისა და მოყვანილი პრაქტიკის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობა, რაც თავისთავად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
39. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მაშინ, როდესაც საქმეზე დადგენილი გარემოებები ცალსახად ადგენენ მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხელობლობას, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები გასაჩივრებულ განჩინებასთან სარჩელის წარმატებულობას ვერ განაპირობებენ. ამასთან სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესატყვისება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის (იხ. სუსგ-ები: N ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ; N ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; N ას-1622-2018, 25.01.2019წ; N ას-1094-18.10.2019წ; N ას-654-2019, 26.06.2020წ; N ას-618-618-2018მ 16.11.2020წ; N ას1497-2020, 23.04.2021წ; N ას-818-2020, 11.06.2021წ; N ას-124-2022, 20.05.2022წ; N ას-462-2022, 20.05.2022წ; N ას-253-2022, 27.12.2022წ; N ას-499-2023, 07.06.2023წ.);
42.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე