Facebook Twitter

საქმე №ას-760-2024 3 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ა–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა. კ.ა–ვს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი საიჯარო ქირის - 1341,56 ლარის და პირგასამტეხლოს - 3126,78 ლარის, ჯამში 4468,34 ლარის გადახდა.

2. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ.ა–ვმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 დღე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინებით, კ.ა–ვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. კ.ა–ვმა 2024 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, თუმცა მისთვის, ქართული ენის არცოდნის გამო, არ იყო ცნობილი, რომ სასამართლოში უნდა წარედგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი დასძენს, რომ იცოდა სხდომის დანიშვნის თაობაზე, თუმცა სასამართლოში ვერ გამოცხადდა შეუძლოდ ყოფნის გამო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, კ.ა–ვის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 დღე.

8. ხარვეზის დადგენის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს 2024 წლის 13 მაისს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მარნეული, სოფ. ........, (იხ. ს.ფ. 75).

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოთმოხმობილ ნორმათა კომპლექსური ანალიზი გვაძლევს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის ყოველი მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, რომელიც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შემდგომ შესრულების უფლებას.

10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და სასამართლოსათვის არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

12. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობას იმით ხსნის, რომ მან რეალურად სასამართლოს მიერ დადგენილ 5-დღიან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა ქართული ენის არცოდნისა და ავადობის გამო, სასამართლოსთვის არ წარუდგენია გადახდილი ბაჟის ქვითარი.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის კანონისმიერ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს საპროცესო ვალდებულების არამხოლოდ შესრულების, არამედ მისი დადგენილ ვადაში შესრულების მოვალეობისაგან. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით, რომლითაც მხარემ შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 75 ლარს შეადგენდა, მას განემარტა, დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის არამხოლოდ გადახდის, არამედ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენის ვალდებულება და დრო, რომლის განმავლობაში ეს საპროცესო მოვალეობა უნდა შესრულებულიყო. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპროცესო შედეგების შესახებ. ამდენად, უმართებულოა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას შეუზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. ამასთან, გაუგებარია რატომ მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი ავადმყოფობასა და სხდომის გამართვის თარიღის ცოდნის შესახებ, როდესაც განსახილველ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა და შესაბამისად სასამართლო სხდომის თარიღი არ განსაზღვრულა.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შესაბამისად, მხარე სარგებლობს საპროცესო უფლებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მინიმუმ ერთ ინსტანციაში, თუმცა საჩივარი უნდა პასუხობდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მასზე გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეს უდგინდება ხარვეზი, რომლის შევსება სამართლებრივ შედეგს მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში წარმოშობს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

კ.ა–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი