Facebook Twitter

საქმე №ას-848-2024 3 ოქტომბერი, 2024 წელი, 3 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ–მი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ია, მ.მ–ია, ლ.ქ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ–მის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–იას, მ.მ–იასა და ლ.ქ–ვას მიმართ, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე შპს „გ–მს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

3. მოსარჩელე შპს „გ–მს“ გ. მ–ას, მ.მ–იასა და ლ.ქ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯი - 1000 ლარის ოდენობით;

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ–მმა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა შპს „გ–მის“ წარმომადგენელმა, უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით, შპს „გ–მის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. აპელანტის/მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე შპს „გ–მის“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების გ.მ–იას, მ.მ–იას და ლ.ქ–ვას მიმართ, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ამავე განჩინებით განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ, შედეგობრივი თვალსაზრისით, სარჩელზე უარის თქმა არასწორად გაათანაბრა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმასთან, რადგან ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ სარჩელზე უარის თქმისას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება უქმდება, ხოლო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისას, ძალაში რჩება.

8. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამიტომ, მისი აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივ და არასწორად დატოვა ძალაში ის ნაწილი, რომლითაც მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის, ხოლო, მოპასუხეების სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის გადახდის ვალდებულება.

9. კერძო საჩივრის ავტორი დასძენს, რომ არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა იცნობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სარჩელზე უარის თქმის ან მხარეთა მორიგების საფუძვლით მიღებულ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში საკასაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და იმსჯელა „სხვა საკითხებზე“ (მაგ. იურიდიული ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ). შესაბამისად, მხარე ამტკიცებს, რომ არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოა უფლებამოსილი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ ნაწილობრივ გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც საქმისწარმოების შეწყვეტის შედეგად გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ პირველი პუნქტი. დანარჩენ ნაწილში კი, გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. შედეგად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის, ხოლო, მოპასუხეების სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის გადახდის ვალდებულება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შემაჯამებელი აქტის შინაარსი და ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოტანისას თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს სასამართლომ. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მოცემული საქმის წარმოება დაასრულა განჩინებით, მოცემულ საკითხზე მართლმსაჯულების შემაჯამებელი აქტი 2024 წლის 6 ივნისის განჩინებაა და სასამართლომ საპროცესო ხარჯები ამ განჩინებითვე განსაზღვრა (იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც ხარჯების განაწილების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა ძალაში).

14. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისას იხელმძღვანელა შემდეგნაირად: ვინაიდან საქმის განხილვის მთავარ სხდომამდე აპელანტმა უარი განაცხადა სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდა აპელანტი თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადავადებული/დაკისრებული ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე სწორად განმარტა სამართლის ნორმა.

15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი და კოდექსის მე-3 მუხლით დასაშვებადაა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, აღნიშნული მხარეთა ნების დისპოზიციურობაზე მიუთითებს და კანონმდებელი სამოქალაქო საქმის განხილვისას მხარეს აძლევს სრულ შესაძლებლობას, დავა გადაწყდეს მათი შეხედულებისამებრ: მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხემ _ ცნოს სარჩელი ან მხარეებმა წარადგინონ მათ მიერ შეთანხმებული მორიგების აქტი. ამავე კოდექსის 49-ე მუხლით რეგულირებულია საკითხი, რომელიც შეეხება მხარეთათვის დისპოზიციურობის პრინციპით მინიჭებული უფლების რეალიზებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „გ–მმა“ სასამართლოს მთავარ სხდომამდე უარი თქვა რა სარჩელზე, სააპელაციო პალატამ მას სავსებით მართებულად გაათავისუფლა მხოლოდ სააპელაციო წარმოებისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილია, რომ, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, იგი უნდა გაეთავისუფლებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკისრებული ბაჟის გადახდისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის ანაზღაურების ვალდებულებისგან. დასახელებული ნორმის მე-4 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გამოიყენება მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე Nას-1410-1425-2011, 28 ოქტომბერი, 2011 წელი).

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო დანაწესის ლოგიკური განმარტებიდან დასტურდება ისიც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი/გადასახდელი ბაჟი ან სხვა სახის ხარჯი ასეთ დროს მხარეებისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება. პალატა დასძენს, რომ კერძო საჩივრის ავტორი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე იყო,

სააპელაციო სასამართლოში კი აპელანტი, რომელმაც უარი განაცხადა სარჩელზე. ცხადია, ფაქტობრივად მოპასუხეებს იურიდიული მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა სწორედ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გამო მოუწიათ, შესაბამისად იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე (აპელანტი) სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტს უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხისათვის გადასახდელი იურიდიული მომსახურების ხარჯისგან მისი გათავისუფლება არც კანონის და არც სამართლიანობის პრინციპის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოაწესრიგა სადავო საკითხი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „გ–მის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი