Facebook Twitter

საქმე №ას-1164-2024 15 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ს.კ.უ–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ე.ბ–მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს ,,ს.კ.უ–ის'' მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ს.კ.უ–ის'' სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ე.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 4 189.17 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 257. 44 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს.კ.უ–ს'' სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 125.70 ლარი. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 187.70 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების ნაწილის - 676.20 ლარის ანაზღაურება. ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას სს ,,ს.კ.უ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 144.20 ლარის ანაზღაურება. ე.ბ–ს სს ,,ს.კ.უ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 69.70 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ზემოაღნიშნული განჩინება სს ,,ს.კ.უ–ს'' გაეგზავნა 2024 წლის 24 სექტემბერს და ჩაბარდა ოფის მენეჯერს - ბ.ვ–ძეს 2024 წლის 26 სექტემბერს.

2024 წლის 01 ოქტომბერს სს ,,ს.კ.უ–ის'' წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ე.ბ–ის მიმართ. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,ს.კ.უ–ის'' სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ს.კ.უ–ს'' დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეგებებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით, ბ) უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 557 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - 01.10.2024 წლის საგადახდო დავალება N6418136 (გადახდილი ინტერნეტ ბანკით) დედნის სახით.

ზემოაღნიშნული განჩინება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა რ.ჩ–ვას (თანამშრომელი) 2024 წლის 8 ოქტომბერს.

2024 წლის 04 ოქტომბერს შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარის ასლი და სახელმწიფო ბაჟის - 557 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - 01.10.2024 წლის საგადახდო დავალება N6418136 დედნის სახით, ხოლო 2024 წლის 09 ოქტომბერს წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ს.კ.უ–ის'' შეგებებული საკასაციო საჩივარი ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ს.კ.უ–ის'' შეგებებული საკასაციო საჩივარი ე.ბ–ის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ საკასაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება) ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი საკასაციო საჩივარი, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ საკასაციო საჩივრად (იხ.: სუსგ №ას-657-2022, 07.07.2022წ.).

სსსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. ამასთან, შეგებებული საკასაციო (სააპელაციო) საჩივარი არის ძირითადი საკასაციო (სააპელაციო) საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა კასატორის (აპელანტის) მოთხოვნა (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, 2005, გვ.470, 510.). შეგებებული საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღებისათვის საჭიროა დასაშვებობის წინაპირობების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ს.კ.უ–ის'' წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ე.ბ–ის მიმართ. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,ს.კ.უ–ის'' სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს“ მოსარჩელე ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა - 7793.8 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს“ მოსარჩელე ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა - 8 000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 233.81 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს'' მოსარჩელე ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 240 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე სს „ს.კ.უ–“ მოსარჩელე ე–ის მმუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის - 1258 ლარის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე - სს ,,ს.კ.უ–მა''.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ს.კ.უ–ის'' სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ე.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 4 189.17 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 257.44 ლარის ანაზღაურება (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში). სს ,,ს.კ.უ–ს'' სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 125.70 ლარი. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სხაელმწიფო ბაჟის ნაწილის - 187.70 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს.კ.უ–ს'' ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების ნაწილის - 676.20 ლარის ანაზღაურება. ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას სს ,,ს.კ.უ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 144.20 ლარის ანაზღაურება. ე.ბ–ს სს ,,ს.კ.უ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 69.70 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელე - ე–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. მან საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს ე.ბ–ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და მის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის საფუძველზე, შესულია კანონიერ ძალაში,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ე.ბ–ის მიერ წარმოდგენილი არ არის საკასაციო საჩივარი და მის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად შეგებებული საკასაციო საჩივარი ძირითად საკასაციო საჩივრის გარეშე არ აკმაყოფილებს კანონით საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ კრიტერიუმებს,რის გამოც, ე.ბ–ის ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 401-ე, 405-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს.კ.უ–ის'' შეგებებული საკასაციო საჩივარი ე.ბ–ის ნაწილში, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე