№ას-260-2023 16 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ი.ფ“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ი.გ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ო.ი.ფ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.დ–ისა და ი.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის, ხოლო პირველ მოპასუხეს 4 800 აშშ დოლარისა და 37 375 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 965 ლარი. 4 800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის 240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1 548,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 21 მარტს.
2023 წლის 27 მარტს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც დაზუსტებულია მოთხოვნა, კერძოდ, მითითებულია, რომ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3. პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 965 ლარის გადახდა და მე-5 პუნქტი საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივარზე გადახდილია დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, კერძოდ 2024 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელის შპს „ო.ი.ფ–ის“ წარმომადგენელმა ი.კ–ძემ სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო. განცხადებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა, რის გამოც უარს ამბობს წარდგენილ სარჩელზე. აღნიშნული განცხადება წარმოდგენილი იყო ასლის სახით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 16.09.2024 წელს სასამართლოში დედნის სახით წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო (იხ.: განცხადება, ტ.2, ს.ფ. 55)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ო.ი.ფ–ის“ წარმომადგენლის ი.კ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. შეწყდა წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხეები - ი.გ–ი, მ.დ–ი, დავის საგანი – თანხის დაკისრება). გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც მოპასუხე მ.დ–ის (პ/ნ ........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......, ს.კ. ...... გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს.
სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ-ებები: 24.06.2011წ, №ას-636-597-2011, 31.01.2019წ. №ას-1489-2018).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის №ას-260-2023 განჩინების სარეოზლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ნაცვლად - ,,შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხეები - ი.გ–ი, მ.დ–ი, დავის საგანი – თანხის დაკისრება) ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხე - მ.დ–ის მიმართ, დავის საგანი – თანხის დაკისრება)'', ხოლო ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ნაცვლად - ,,გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები'' ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოპასუხე - მ.დ–ის ნაწილში''.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის Nას-260-2023 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ნაცვლად - ,,შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხეები - ი.გ–ი, მ.დ–ი, დავის საგანი – თანხის დაკისრება) ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხე - მ.დ–ის მიმართ, დავის საგანი – თანხის დაკისრება)'', ხოლო ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ნაცვლად - ,,გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები'' ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოპასუხე - მ.დ–ის ნაწილში''.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი