საქმე №ას-144-2023 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ტ.მ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ა–ნის წინააღმდეგ და მოითხოვა, ქ.თბილისში, ...... მდებარე ბინაზე ს/კ ....... და ნახევარსარდაფზე ს/კ ....... საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის გზით და ამონაგები თანხის მესაკუთრეთა შორის თანაბრად განაწილება. სარჩელის მიხედვით, მხარეთა თანასაკუთრებაშია ქ.თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი ბინა ს/კ ........ და ნახევარსარდაფი ს/კ ....... ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული საგნებით სარგებლობის პირობებზე, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს უძრავი ქონებების გაცვლაზე, ამასთან, არსებული საზიარო უფლების გაუქმებაზე სასამართლოს გარეშე მორიგების გზით მხარეები ვერ თანხმდებიან, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე გაყიდვის გზით არის ის ერთადერთი საშუალება, რაც ამჟამად მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და მათი უფლებების დაცვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს, რის გამოც მოსარჩელემ სწორედ აღნიშნული მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, შესაძლებელია ქონების ნატურით გაყოფა, ისე, რომ არ შემცირდეს მათი საბაზრო ღირებულება და გამოყენებადი იყოს სამეურნეო დანიშნულებისათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ზემოაღნიშნულ ორივე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა თანამესაკუთრეებს შორის განაწილდა მათი წილების შესაბამისად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სსკ-ის 964.1 მუხლი (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის). მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) უნდა არსებობდეს საზიარო საგანი და ბ) საზიარო საგნის ნატურით გაყოფა გამორიცხული უნდა იყოს.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და აპელანტიც არ შედავებია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაშია ქ.თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი ბინა (ს/კ ......) და ნახევარსარდაფი (ს/კ ........). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილია, რომ ზემოხსენებული ქონება ნატურით არ იყოფა. ასეთ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სსკ-ის 964.1 მუხლი ადგენს საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
4.4. აპელანტი განმარტავდა, რომ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნა უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.
4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების ბოროტად გამოყენებას და ადგენს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. ამდენად, ქცევის კეთილსინდისიერება მჭიდროდაა დაკავშირებული უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობასთან, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, ადგილი აქვს თუ არა უფლების ბოროტად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. მოპასუხის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციით ორივე მხარე დაზარალდებოდა, არ წარმოადგენდა სამართლებრივად ვარგის არგუმენტს მისი პოზიციის გასაზიარებლად. ამასთან, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ სცადა მხარეთა მორიგება, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კომპრომისული პირობა ვერ მოიძებნა.
4.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. კასატორის მოთხოვნა
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, მათ შორის სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ სსკ-ის 961-ე მუხლით განსაზღვრული პირის უფლებამოსილება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო საგნის გაუქმება, მოცემულ შემთხვევაში უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით აუქციონზე ნივთის გატანით ზიანი მიადგებოდა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საბაზროზე ნაკლებ ფასად გაიყიდებოდა ნივთი.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:
10.1. უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), მდებარე ქ.თბილისში, ....., ფართი 32.16 კვ.მ., (ს/კ ......), რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში. თითოეულ მათგანს ამ უძრავი ქონების 1/2 წილი გააჩნია საკუთრებაში.
10.2. უძრავი ქონება (ნახევრადსარდაფი), მდებარე ქ. ........, ფართი 38.79 კვ.მ., (ს/კ .......), რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში. თითოეულ მათგანს ამ უძრავი ქონების 1/2 წილი გააჩნია საკუთრებაში.
10.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული უძრავი ქონების გამიჯვნა შეუძლებელია, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, თანამესაკუთრეთა შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე.
10.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის ადგენს, რომ თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
11. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სკ-ის 961.1-ე „თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება“, 964.1-ე „თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით..“ მუხლები წარმოადგენს.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
14. თანასაკუთრების რეჟიმში არსებული ნივთის მესაკუთრე, ერთპიროვნულ მესაკუთრესთან შედარებით, ნივთის ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის უფლებით სარგებლობისას, ყოველთვის შეზღუდულია სხვა თანამესაკუთრის ნებითა და ინტერესებით, შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს ნივთზე იმ მასშტაბის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ ბატონობას, როგორც ეს საკუთრების ბუნებითი შინაარსიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმების გზით მიაღწიოს თანამესაკუთრის სამართლებრივი ბოჭვიდან გასვლას. გასათვალისწინებელია, რომ თანამესაკუთრის პირად კავშირს ნივთთან კანონმდებელი იმგვარ ანგარიშგასაწევ ფაქტორად განიხილავს, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების მექანიზმებს შორის გარკვეულ იერარქიულ მიმართებას აწესებს, კერძოდ, პირველ რიგში, მოწმდება ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნული ვერ მიიღწევა ღირებულების შეუმცირებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში საზიარო საგნის გაყიდვისა და ამონაგების გაყოფის შესაძლებლობა. ამრიგად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ. №ას-1148-1094-2014 19.03.2015წ; ას-607-2022, 15.02.2023).
15. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ. №ას-67-65-2014, 31.07.2014წ; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013წ; №ას-1089-1020-2012, 08.10.2012წ; №ას-932-875-2012, 17.09.2012წ; №ას-1665-1562-2012, 04.02.2013წ.).
16. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა შეუძლებელია, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, თანამესაკუთრეთა შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე.
17. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
18. კასატორის მოთხოვნა, საზიარო ქონებაზე საკუთრების გაუქმების შესახებ, უფლების ბოროტად გამოყენებაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსკ-ის 115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების ბოროტად გამოყენებას და ადგენს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. ამდენად, ქცევის კეთილსინდისიერება მჭიდროდაა დაკავშირებული უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობასთან, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, ადგილი აქვს თუ არა უფლების ბოროტად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. კასატორმა მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციით ორივე მხარე დაზარალდებოდა, რაც არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის არგუმენტს მისი პოზიციის გასაზიარებლად.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ.ა–ნს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ.ხ–ვას (.......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №16618861877, გადახდის თარიღი 04.04.2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი