ბს-1029-614-(კ-05) 23 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ს.-ე, წარმომადგენელი _ მ. ნ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო წარმომადგენელი _ ე. ს.-ი
დავის საგანი _ პენსიის დანიშვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ვ. ს.-მ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა პენსიის დანიშვნა და მოპასუხისათვის საპენსიო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე იყო 68 წლის და გააჩნდა 35 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი. დასაქმების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის 1997 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ. ს.-სათვის უნდა დაენიშნათ შეღავათიანი ასაკობრივი პენსია, რის საფუძველზეც 1997 წლის 1 დეკემბერს გლდანის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში შეიტანა განცხადება პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1998 წლის 13 მაისს მოსარჩელეს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ შრომის წიგნაკში პირველი გვერდი ამოხეული იყო და არ იკითხებოდა მისი სამუშაო ადგილი, რაზეც მოითხოვეს არქივიდან ბრძანების ამონაწერი და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა. ამასთან, ვ. ს.-ე გაფრთხილებული იყო სამი თვის ვადაში წარმოედგინა აღნიშნული საბუთები, რაც არ შეუსრულებია. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მიზეზები იყო აბსურდული, რამდენადაც არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის გაფრთხილებას საბუთების წარდგენასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ გლდანის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების პასუხი გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში. მითითებული განცხადება, თანდართულ დედანთან და დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი იყო, დაიკარგა და შესაბამისად, პასუხიც არ მიუღია, რის გამოც მოსარჩელე ვ. ს.-ე დაზარალდა, რადგან ვერ მიიღო 1997 წლიდან დღემდე კანონით მისთვის განკუთვნილი პენსია.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოწინააღმდეგე მხარემ – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა, დაენიშნა პენსია მოსარჩელის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის გაცემის დავალდებულების ნაწილში, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ვ. ს.-ს გლდანის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების მიერ 1998 წლის 13 მაისს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ მან სამი თვის ვადაში ვერ წარადგინა სრულყოფილი საბუთები. ამავე განყოფილების 21.03.01წ. ¹2/244 წერილით აღნიშნული საფუძვლით ხელმეორედ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე. ამავე წერილით გაირკვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით განყოფილებაში გატარებული იყო ვ. ს.-ის განცხადება (საჩივარი) პენსიის დანიშვნის თაობაზე, რასაც არ ერთოდა აუცილებელი საბუთები – შრომის წიგნაკი, პასპორტი, მისი ქსეროასლებით.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, 2000 წლის 7 მაისის საქართველოს პრეზიდენტის ¹181 ბრძანებულებით, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ პენსიის დანიშვნა ფონდის კომპეტენციაში შედიოდა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ვ. ს.-ს პენსია უნდა დანიშვნოდა სოცუზრუნველყოფის ადგილობრივი განყოფილებიდან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას – 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის გაცემის დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ვ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;O მოპასუხეს – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა 1997 წლის 1 დეკემბრიდან და ამავე წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
დასაქმების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს 1997 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გლდანის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებას განცხადებით მიმართა ვ. ს.-მ ასაკის გამო შეღავათიანი პენსიის დანიშვნის შესახებ, რაზეც უარი მიიღო. საპენსიო საქმეში არ არსებობდა წერილობითი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო, სამი თვის ვადაში გამოესწორებინა მოპასუხის შენიშვნები.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან საქმეში არსებულ შრომის წიგნაკის ქართულენოვან ნაწილს გააჩნდა დაუზიანებელი ფურცელი, ხოლო რუსულენოვანს არ ჰქონდა ასეთივე თავფურცელი, არ წარმოადგენდა პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელემ ჯერ კიდევ 1997 წლის 1 დეკემბერს წარადგინა მოპასუხე ორგანიზაციის გლდანის განყოფილებაში ყველა დოკუმენტი ასაკის გამო შეღავათიანი პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და არ არსებობდა პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპენსიო საბუთების გადასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შრომის წიგნაკში სახელი - ვ. ამოშლილი იყო, ასევე დაფიქსირებული იყო ორი სახელი – ზ. და ვ. მოსარჩელეს მოეთხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიული ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ ზ. და ვ. იყო ერთი და იგივე პიროვნება. გარდა ამისა, მოსარჩელეს 1997 წლის 8 დეკემბერს სოცუზრუნველყოფის ფონდის გლდანის რაიონული ფილიალიდან ეცნობა, რომ წარმოედგინა დამატებითი ფაქტი, რომ ზ. და ვ. ერთი და იგივე პიროვნებაა და მოცემული შრომის წიგნაკი მას ეკუთვნოდა, რაც არ წარმოადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ს.-ის სარჩელი 1997 წლის 1 დეკემბრიდან მოხუცებულობის პენსიის დანიშვნისა და 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ვ. ს.-მ პენსიის დასანიშნად საპენსიო განყოფილებას მიმართა 1997 წლის 1 დეკემბერს. 1998 წლის 8 დეკემბრის წერილით ვ. ს.-ს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი საბუთები არ იყო სრულყოფილი. საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს წერილობით ეცნობა და ჩაჰბარდა საპენსიო განყოფილების 1998 წლის 8 დეკემბრის უარი პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელემ ოფიციალურად წერილობითი უარი მიიღო 1998 წლის 8 მაისს, მის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შრომის წიგნაკის კუთვნილების დასადგენად საჭირო იყო სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ შრომის წიგნაკი, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი, ეკუთვნოდა ვ. ს.-ს, როგორც პასპორტსა და დაბადების მოწმობაში იყო დაფიქსირებული და არა ზ. ს.-ს, რაც გადაშლილი იყო შრომის წიგნაკში. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე უარს აცხადებდა საპენსიო ფონდში პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთების წარდგენაზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ 1997 წლის 1 დეკემბერს მის მიერ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს და მოითხოვდა პენსიის დანიშვნას მხოლოდ 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვიდრე მოსარჩელის მიერ საპენსიო ფონდში არ იქნებოდა წარდგენილი პენსიის დასანიშნად საჭირო ყველა საბუთი, რაც მოქმედი დებულებით იყო გათვალისწინებული, საპენსიო ფონდს არ წარმოეშობოდა ვალდებულება, მოსარჩელისთვის დაენიშნა პენსია, კერძოდ: ,,სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების თანახმად, პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლებოდა ფონდის განყოფილების მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღების დღე. თუ განცხადებას თან ერთოდა ყველა საჭირო საბუთი, ფონდის განყოფილება ვალდებული იყო, მიეღო განცხადება წარდგენილ საბუთებთან ერთად და მოქალაქისთვის მოეთხოვა დამატებითი საბუთების წარდგენა სამი თვის ვადაში. თუ მოქალაქე აღნიშნულ ვადაში არ წარადგენდა საჭირო საბუთებს, მაშინ ვადად ითვლებოდა უკანასკნელი საბუთის წარდგენის დღე.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საპენსიო ფონდში 1997 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი საბუთები იყო ხარვეზიანი, ხოლო ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მოსარჩელეს საპენსიო ფონდში არ წარუდგენია სრულყოფილი საბუთები, დებულების ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, არ არსებობდა სარჩელის არც სრულად და არც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის განმარტებით, პენსიონერთა უფლებებს იცავს ,,სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ასაკის გამო სადაზღვევო შემთხვევა – ფიზიკური პირის მიერ 65 წლამდე მიღწევა და არანაკლებ 15 წლის შრომითი ან სადაზღვევო სტაჟის არსებობა წამოადგენს. ამავე კანონის მე-16 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სავალდებულო სოციალური დაზღვევის გასაცემლებია: ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია და მარჩენალის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია, რომელთა აღნიშვნა და გაცემა ხორციელდება ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ასევე ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონი, ვინაიდან მითითებული კანონის 4.3 ,,ე” მუხლის თანახმად, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხოლო ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება”. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენსიონერების უფლებები არაერთი კანონით არის რეგულირებული, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სსსკ-ის 395-ე მუხლი მთლიანად არის მითითებული, რაც კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შრომის წიგნაკის კუთვნილების დადგენისათვის საპენსიო ფონდი არ არის ვალდებული და არა აქვს ამის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონს, ვინაიდან ,,საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო გენერალური დირექტორის 1999 წლის 3 მაისის ¹09/86 ბრძანებით, დაუშვებელია დამატებითი საბუთის მოთხოვნა მაშინ, როცა ეჭვს ბადებს წარმოდგენილი საბუთის სინამდვილე. ასეთ შემთხვევაში განყოფილება თვითონ ადგენს საბუთის საფუძვლიანობის ოპერატიულ შემოწმებას. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო, შეემოწმებინა ყველა საჭირო დოკუმენტი, თუ რომელიმე მათგანი ეჭვს იწვევდა. მიუხედავად ამისა, მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე. უსაფუძვლოა ასევე მოპასუხის განცხადება, რომ ვ. ს.-მ პირველად 1998 წლის 4 მაისს გაიტანა საბუთები, ხოლო მეორედ – 2000 წლის 18 ოქტომბერს. კასატორის მითითებით, აღნიშნულის დამადასტურებელი არვითარი დოკუმენტი არ არსებობს.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედგენისას დარღვეულია სსკ-ის 249-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შინაარსი, კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღწერილობითი ნაწილის ნაცვლად მითითებულია სამოტივაციო ნაწილი.
2005 წლის 13 სექტემბერს საკასაციო სასამართლოში თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურიდან შემოვიდა მომართვა, რომლის თანახმად, ვ. ს.-ის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹019058097, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანის რაიონული ფილიალის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დოკუმენტის გადამალვისა და დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332.1 და 363.1 მუხლებით.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე.
საკასაციო სასამართლოს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიმართვით ეცნობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანის რაიონული ფილიალის თანამშრომელთა მიერ სსკ-ის 332.1 და 363.2 მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ და წარმოდგენილ იქნა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის 2008 წლის 23 აპრილის დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ვ. ს.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე /იხ.ს.ფ. 88-90/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორ ვ. ს.-ის ადვოკატმა მ. ნ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ.სხდომის ოქმი/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა ე. ს.-მა არ ცნო ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, შემდეგი მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, რამდენადაც ვ. ს.-ის საპენსიო საბუთების გადასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შრომის წიგნაკში სახელი - ვ. ამოშლილი იყო, ასევე დაფიქსირებული იყო ორი სახელი – ზ. და ვ., რის გამოც მოსარჩელეს მოეთხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიული ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ ზ. და ვ. იყო ერთი და იგივე პიროვნება. გარდა ამისა, მოსარჩელეს 1997 წლის 8 დეკემბერს სოცუზრუნველყოფის ფონდის გლდანის რაიონული ფილიალიდან ეცნობა, რომ წარედგინა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული ფაქტი, რომ ზ. და ვ. ერთი და იგივე პიროვნებაა და მოცემული შრომის წიგნაკი მას ეკუთვნოდა, რაც არ წარადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ვ. ს.-ს დაენიშნოს მოხუცებულობის პენსია დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაევალოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) აუნაზღაუროს ვ. ს.-ს 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსია, 1997 წლის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაუქარწყლებია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, არ გადმოუცია გადაწყვეტილებაში სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი არგუმენტაციის იურიდიული დასაბუთება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ ობიექტურად დადგენისა და კანონიერი შეფასებების თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მათი დამატებითი გამოკვლევა, კერძოდ, სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ: მოსარჩელე ვ. ს.-მ პენსიის დასანიშნად საპენსიო განყოფილებას მიმართა 1997 წლის 1 დეკემბერს. 1998 წლის 13 მაისის წერილით ვ. ს.-ს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი საბუთები არ იყო სრულყოფილი, კერძოდ, შრომის წიგნაკში პირველი გვერდი იყო ამოხეული, არ იკითხებოდა სად მუშაობდა ვ. ს.-ე, რაზეც დაევალა არქივიდან ბრძანების ამონაწერის წარდგენა. ასევე, ვ. ს.-ს შრომის წიგნაკში ეწერა ორი სახელი, ზ., რომელიც იყო გადაშლილი და ვ., რაზეც მოეთხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. ამავე განყოფილების 21.03.01წ. ¹2/244 წერილით, აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეს ხელმეორედ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე. ამავე წერილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით განყოფილებაში გატარებული იყო ვ. ს.-ის განცხადება (საჩივარი) პენსიის დანიშვნის თაობაზე, რასაც არ ერთვოდა აუცილებელი საბუთები – შრომის წიგნაკი, პასპორტი, მისი ქსეროასლებით. საპენსიო საქმეში არ არსებოდა წერილობითი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო, სამი თვის ვადაში გამოესწორებინა მოპასუხის შენიშვნები.
საკასაციო სასამართლო ,,სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება ფონდის განყოფილების მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღების დღე. თუ განცხადებას თან ერთვის ყველა საჭირო საბუთი, ფონდის განყოფილება ვალდებულია, მიიღოს განცხადება წარდგენილ საბუთებთან ერთად და მოქალაქეს მოსთხოვოს დამატებითი საბუთების წარდგენა სამი თვის ვადაში. თუ მოქალაქე აღნიშნულ ვადაში არ წარადგენს საბუთებს, მაშინ ვადად ითვლება უკანასკნელი საბუთის წარდგენის დღე. მოქალაქეს განცხადებით მიმართვისას მოეთხოვება პირადობის დამადასტურებელი საბუთი და რეგისტრაციის მოწმობა საცხოვრებელი ადგილი მიხედვით. ასაკით შრომის პენსიის დანიშვნისას, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: შრომის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი, ცნობა ხელფასის შესახებ, დაბადების დამადასტურებელი საბუთი. ასაკით შრომის პენსიის დანიშვნისას, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) შრომის (სადაზღვევო) სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (შრომის წიგნაკი ასლით, ან სტაჟის დამადასტურებელი სხვა საბუთი); ბ) ცნობა ხელფასის (გამომუშავების) შესახებ; გ) დაბადების დამადასტურებელი საბუთი.
საკასაციო სასამართლოს სრულიად არამართლზომიერად მიაჩნია მოპასუხე ორგანიზაციის, როგორც ადმინისტრაციული ფუნქციის განმხორციელებელი ორგანოს დამოკიდებულება ვ. ს.-ის განცხადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლო საქმეს თან ერთვის ვ. ს.-ის საპენსიო საქმე სავსებით არასათანადო მდგომარეობაში, საქმე შეუკერავია, საქმის ფურცლები გადაუნომრავი, საქმეს არ ერთვის საცნობარო გვერდი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა თუ რა დოკუმენტები წარადგინა განმცხადებელმა მათთან; ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საპენსიო ფონდის წარმომადგენლის ე. ს.-ის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ საპენსიო საქმე მოიპარა ვ. ს.-მ, რომ ფონდის თანამშრომლებს საქმე წაართვა და ა.შ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის წარმოება ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება, ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი განცხადება, დოკუმენტები დაცულ უნდა იყოს და მისი თვითნებურად, თუნდაც იძულებითი გატანის დაშვება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საჯარო დაწესებულებებში საქმის წარმოების დამკვიდრებულ პრაქტიკას მითუმეტეს, რომ თუნდაც ამგვარის პირობებში, საპენსიო ფონდის თანამშრომლებს არ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოებისათვის კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღმოსაფხვრელად. ამ ვითარებაში, სრულიად არადამაჯერებელი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელემ გაიტანა საპენსიო ფონდიდან დოკუმენტები, აღარ წარუდგენია, რის გამოც სოციალური ფონდი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაენიშნა პენსია.
სააპელაციო სასამართლომ მითითებული ფაქტები არასრულყოფილად გამოიკვლია და უკრიტიკოდ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, შესაბამისად, საქმეზე არასწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა, რის გამოც დაირღვა სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების სრულყოფილად დადგენის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნების დაუსაბუთებლობის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ საპენსიო ფონდში 1997 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი საბუთები იყო ხარვეზიანი, ხოლო ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მოსარჩელეს საპენსიო ფონდში არ წარუდგენია სრულყოფილი საბუთები, დებულების ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, არ არსებობდა სარჩელის არც სრულად და არც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია ზემომითითებული რამდენადაც, სოციალური ფონდის მიერ ვ. ს.-სათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად მითითებულია, რომ შრომის წიგნაკში პირველი გვერდი იყო ამოხეული, არ იკითხებოდა სად მუშაობდა ვ. ს.-ე, ასევე, ვ. ს.-ს შრომის წიგნაკში ეწერა ორი სახელი, ზ., რომელიც იყო გადაშლილი და ვ., რაზეც მოეთხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
საქმეზე დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს წერილობით ეცნობა და ჩაჰბარდა საპენსიო განყოფილების წერილობითი დოკუმენტი, რომ მის მიერ წარდგენილი მასალები პენსიის დანიშვნის თაობაზე იყო ხარვეზიანი, ასევე ფონდის 1998 წლის 8 დეკემბრის უარი პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელემ ოფიციალურად წერილობითი უარი მიიღო 1998 წლის 8 მაისს, მის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რამდენადაც საქმეში არსებული მოსარჩელის შრომის წიგნაკის ქართულენოვან ნაწილს გააჩნია დაუზიანებელი თავფურცელი, ხოლო ის გარემოება, რომ შრომის წიგნაკის რუსულენოვან ნაწილს არ გააჩნდა ასეთივე თავფურცელი, არ წარმოადგენდა პენსიაზე დანიშვნის უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, იმ ფაქტის დადგენა, რომ ფონდს ნამდვილად ვ. ს.-მ მიმართა შესაძლებელი იყო დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის შემოწმებით, რომლის შემოწმება შეეძლო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიმღებ ფონდის თანამშრომელს. მეტიც, სრულიად დაუსაბუთებელია ფონდის მითითება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რამდენადაც ს.ფ. 21-ზე და 28-ზე მდებარე შრომის წიგნაკის მიხედვით, მართალია შრომის წიგნაკში მითითებული იყო ორი სახელი ზ. და ვ., თუმცა სახელი ზ. ორივე ქართულენოვან და რუსულენოვან ნაწილში იყო გადაშლილი და იკითხებოდა სახელი მხოლოდ ვ. ს.-ე. ამდენად, არავითარი იურიდიული ფაქტის დადგენის საჭიროება, რომ ვ. და ზ. ერთ და იმავე პიროვნებას წარმოადგენდა, სახეზე არ იყო. ამასთან, საქმეზე თანდართულ საპენსიო საქმეში /ს.ფ. 22/ ვ. ს.-ის მიერ სოცფონდის განყოფილებაში წარდგენილია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რომ ვ. ს.-ე და ზ. ს.-ე იყო ერთიდაიგივე პიროვნება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ამავე განყოფილების 21.03.01წ. ¹2/244 წერილით, მოსარჩელეს კვლავ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ საპენსიო ფონდს შესაძლებლობა ჰქონდა მისი კომპეტენციისა და იურისდიქციის ფარგლებში მოქალაქის მიერ წარდგენილი პირადობისა და დაბადების მოწმობების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე დაედგინა, რომ მას მიმართა მოქალაქე ვ. ს.-მ, ხოლო შრომის წიგნაკში მითითებული სახელი ზ. იყო შეცდომით ჩაწერილი, რაც გადაშლილი იყო კიდეც.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო უარი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი პრივილეგიის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს უარი პენსიის დანიშვნაზე, ეწინააღმდეგება იმ დროისათვის, კერძოდ, ვ. ს.-ის მიმართვის მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება. საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილება, ვ. ს.-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში კანონიერი სახით გამოცემის შემთხვევაში შეიძენდა მოსარჩელისათვის აღმჭურველი აქტის სტატუსს, მიანიჭებდა მას უფლებას, ესარგებლა კანონით მინიჭებული პენსიის დანიშვნის შესაძლებლობით, ანუ მატერიალური თვალსაზრისით, სოციალური ფონდისათვის მიმართვის პერიოდში კანონიერი გადაწყვეტილება სამართლებრივად და უფლებრივად მნიშვნელოვან ძალას შეიძენდა, მას მოჰყვებოდა განსაზღვრული იურიდიული შედეგი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ ვ. ს.-სათვის პენსიის დანიშვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის და ბიუროკრატიული ფუნქციის არაჯეროვანი გაგების გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უარი ვ. ს.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უკანონოა, რამდენადაც იგი არსებითად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რასაც შედეგად მოჰყვა პირისათვის კანონით მინიჭებული სოციალური გარანტიის მიღების _ სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ვ. ს.-ე პენსიის მიღებისას დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მართლზომიერ, კანონიერ მოქმედებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქმედი კანონიერი ნდობის ინსტიტუტი ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი მოქმედების მიმართ, რომ ორგანოს მიერ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, მოქმედებისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილებას განახორციელებს კანონის საფუძველზე, მისთვის პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) უნდა დაევალოს აუნაზღაუროს ვ. ს.-ს 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსია, 1997 წლის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენადაც 1997 წელს (ვ. ს.-ის მიერ ფონდისათვის მიმართვის დროს) ფონდის მიერ კანონიერი მოქმედებისა და იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების პირობებში ვ. ს.-ე მოიპოვებდა უფლებას, ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით დაენიშნათ მისთვის პენსია, რაც არ განხორციელდა მხოლოდ საპენსიო ფონდის უკანონოდ მოქმედებების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები და ვ. ს.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო საქმეზე თანდართული ვ. ს.-ის საპენსიო საქმე უნდა გადაეგზავნოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, სსსკ-ის 53.2 საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
ვ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ვ. ს.-ს დაენიშნოს მოხუცებულობის პენსია დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დაევალოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) აუნაზღაუროს ვ. ს.-ს 1997 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსია, 1997 წლის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
სასამართლო საქმეზე თანდართული ვ. ს.-ის საპენსიო საქმე გადაეგზავნოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს;
სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.