Facebook Twitter

საქმე №ას-36-2024 05 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.კ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ც–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორის“) მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღიარების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ე.კ–ძის საკუთრებაა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ ბათუმში, ....... (ს.კ .......), რომელსაც ესაზღვრება ბ.ც–ძის საკუთრება, უძრავი ქონება (ს/კ .........).

2.2. ბ.ც–ძის უძრავი ქონების – ეზოს ნაწილი ერთადერთი მისასვლელი გზაა, რომლის გარეშეც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლებელია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის კუთვნილი ქონების ყიდვის დროს ცნობილი იყო, რომ მისთვის შესასვლელ გზად უნდა გამოეყენებინა მის მიმდებარედ/მოსაზღვრედ არსებული სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ ........., რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა საჯარო გზას.

3.2. ე.კ–ძემ, ქონების ყიდვის შემდგომ, უკანონოდ ააშენა შენობა-ნაგებობები, რომლითაც თავად შეიზღუდა მისასვლელი გზა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

4.2. მოსარჩელე ე.კ–ძის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, ........ (ს/კ .......), გამოყენებისათვის საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელ გზად აღიარებულ იქნა მოპასუხე ბ.ც–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ .......) ნაწილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 დეკემბრის №009100721 დასკვნის №1 დანართის შესაბამისად.

4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბ.ც–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ადგილზე დათვალიერების ოქმებითა და წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის.

5.3. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენების საფუძვლები, რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. აღნიშნული დასკვნა მეტწილად დაეფუძნა საქმის მასალებში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასა და სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მოცემულობას, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. ..........), საჯარო გზასთან (... ქუჩასთან) დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ბ.ც–ძის საკუთრებაში არსებული # ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო, მეორე მხრივ, არ დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსარჩელის მიერ თვითნებურად და უკანონოდ მოშლა.

5.4. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, დაასკვნა, რომ აღნიშნული გარემოება, ბ.ც–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ბ.ც–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი აცხადებს, რომ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის უფლების დასადგენად, საჭიროა, არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც კუმულაციურად დადგინდება შემდეგი გარემოებები: 1. გზა ერთადერთია და ალტერნატივა არ არსებობს, 2. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს უმოკლეს და გონივრულ გასასვლელს; 3. მითითებული უნდა იყოს ზუსტი კვადრატულობა. კასატორი ამტკიცებს, რომ ამგვარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, მეტიც, მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს გაცილებით ნაკლები მანძილის გავლა მოუწევს (18,32 მეტრი), ვიდრე დღეს გადის.

6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, რომელსაც კანონი აუცილებელი გზის არსებობის დადასტურებას ავალდებულებს, ვერ დაადასტურა ამგვარი საჭიროების არსებობა. ამასთან, სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების საფუძველზე შედგენილი ოქმიც ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ მდებარე ეზოს გასასვლელი ტერიტორია (ს/კ .........), უმოკლესი მანძილია და უფრო გონივრული გასასვლელია, ვიდრე მოსარჩელის უძრავი ქონებით სარგებლობა.

6.3. კასატორი დასძენს, რომ მოსარჩელემ უკანონო და თვითნებური მშენებლობის შედეგად გააუქმა მის უძრავ ქონებაზე ალტერნატიული მისასვლელი გზა, რაც გამორიცხავს მოპასუხის საკუთრებაზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის შესაძლებლობას.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, ბ.ც–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ე.კ–ძის საკუთრებაა ქ. ბათუმში, ........ მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ს/კ№......), მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 153.00 კვ.მ და შენობა ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართობი: 95.50 კვ.მ), (ტომი I,. ს.ფ. 92-93);

- ბ.ც–ძის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მისამართზე, ქ. ბათუმში, ......., სკ №...... (ტომი I,. ს.ფ. 17-18);

- ე.კ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით №...... და ბ.ც–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით №........, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებია. ბ.ც–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება საჯარო გზას, ხოლო ე.კ–ძის – განთავსებულია ბ.ც–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ეზოს სიღრმეში და საჯარო გზას უშუალოდ არ უკავშირდება;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002682519 დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. .......), საჯარო გზასთან (....... ქუჩასთან) დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ბ.ც–ძის საკუთრებაში არსებული ს/კ ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (ტომი I,. ს.ფ. 22);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 დეკემბრის №009100721 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ........ ქუჩა №43-ში მდებარე ე.კ–ძის ს/კ №...... მიწის ნაკვეთს დღეისათვის აქვს ერთადერთი კავშირი საჯარო გზასთან, მისასვლელი გზა (სკ №.......) ბ.ც–ძის მიწის ნაკვეთის გავლით (ტომი I,. ს.ფ. 140);

11. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენის მართლზომიერება, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრონავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.). აღსანიშნავია, რომ აუცილებელი გზა გულისხმობს არა მარტო ბილიკს, საცალფეხო გზას, არამედ სამანქანე გზასაც (სუსგ №ას-45-2021, 22.04.2021წ.; საქმე №ას-1238-202, 22.03.2022წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. სუსგ. საქმე №ას-86-2022, 5.05.2022 წ.)

13. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელი გზა გულისხმობს არა მარტო ბილიკს, საცალფეხო გზას, არამედ სამანქანე გზასაც.

14. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებს აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ. სუსგ 26.10.2018წ. საქმე №ას-139-131-2018).

15. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლი, სერვიტუტი), (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019 წ.) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; №1416-1548-04 21.04.2005წ.; საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოპასუხის) მხრიდან სადავოა საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთთან ალტერნატიული მისასვლელი გზა/ან მისი მოწყობის საშუალება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის – მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება არის თუ არა - მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მან სათანადოდ გაწია. კასატორის მითითებითვე, მოსარჩელემ უკანონო ქმედებებით მოშალა საკუთარ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა, რაც მის უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენის მართლზომიერებას გამორიცხავდა.

18. სადავო გარემოების სამტკიცებლად, როგორც მოსარჩელემ, ასევე, მოპასუხემ წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნები. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002682519 დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. ......), საჯარო გზასთან (........ ქუჩასთან) დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ბ.ც–ძის საკუთრებაში არსებული ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (ს.ფ. 22). მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 დეკემბრის №009100721 დასკვნის თანახმადაც, დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ........ მდებარე ე.კ–ძის საკადასტრო კოდით №......... მიწის ნაკვეთს დღეისათვის აქვს ერთადერთი კავშირი საჯარო გზასთან ბ.ც–ძის მიწის ნაკვეთის გავლით (ს.ფ. 140). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მითითების მიუხედავად, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ალტერნატიული და უფრო მოკლე გზის შესახებ არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ საუბრობს, რის გამოც, გაუგებარია, რას ეყრდნობა კასატორი ამგვარი ფაქტების მითითებისას.

19. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, 2023 წლის 6 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც თავის დროზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მხარეთა მონაწილეობით, განხორციელდა სადავო ტერიტორიის (გზის) დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად ორივე ინსტანციის სასამართლომ, დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების ეზოში შესასვლელი ერთადერთი გზა, რომლითაც მხარეები (და არა მარტო მოდავე მხარეები, არამედ ამ ე.წ იტალიურ ეზოში მცხოვრები სხვა მეზობლებიც) თავიანთ სახლთმფლობელობამდე მიდიან, ბ.ც–ძის საკუთრებად არის რეგისტრირებული. ასევე გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის სახლთმფლობელობა განთავსებულია ეზოს სიღრმეში, რომელთანაც სხვა მისასვლელი არ არსებობს. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს, ადგილზე დათვალიერების დროს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს, საიდანაც დადგინდა, რომ, რაც თავი ახსოვთ, ეს ადგილიც (კაპიტალური მიჯნა) არსებობს და მითითებულ ადგილზე საერთო სარგებლობის გზა არასდროს ყოფილა.

20. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებამდე მისასვლელი უმოკლესი ალტერნატიული გზა ღობის მეორე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთია (რომელიც წარმოადგენს იტალიურ ეზოს და მასში მცოვრებთა საკუთრებას) და მოსარჩელე იქ მცხოვრებ მეზობლებს უნდა შეუთანხმდეს ამჟამად არსებული ღობის მოხსნასა და აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მიღებაზე, არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან.

21. ამასთანავე, მართალია, კასატორი მიუთითებს დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცებულებების (საექსპერტო დასკვნების, აზომვითი ნახაზების) არარელევანტურობაზე, თუმცა მათ საწინააღმდეგოდ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი (მტკიცებულება), რომელიც დაადასტურებდა საექსპერტო დასკვნებისაგან განსხვავებულ გარემოებას - ალტერნატიული გზის შესაძლო მოწყობას ისე, რომ მოსარჩელემ საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად არ მოშალოს მყარი სასაზღვრო მიჯნა და მეზობლად გაშენებული ხეხილოვანი და მწვანე ნარგავები, ასევე – რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლთმფლობელობა დამხმარე სათავსებითურთ. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 140 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.ც–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ა. ც–ძის მიერ 13/02/2024 წელს №1707812563 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი