საქმე №ას-314-2023 07 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ხ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ვ–ოს“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ.ხ–იას წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის 6448 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. გ.ხ–იამ, შპს „ვ–ოსგან“ 2020 წლის 28 ნოემბერს შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რაშიც ჯამურად გადაიხადა 2890 ლარი, მათ შორის - 337,5 ლარი 25 ტომარა KNAUF K1 თურქულ წებო-ცემენტში.
2.2. 2020 წლის 18 დეკემბერს, გ.ხ–იამ შპს „ვ–ოს“ პრეტენზიით მიმართა და განუცხადა, რომ შეძენილი წებო-ცემენტი, იატაკზე კერამიკული ფილების დასაგებად მის მიერ დაქირავებულმა ხელოსანმა გამოიყენა, მაგრამ უხარისხო გამოდგა, არ შეინარჩუნა სიმყარე და არ დამაგრდა იატაკზე. მყიდველმა მოითხოვა უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2.3. შპს „ვ–ომ“ მოპასუხე გ.ხ–იას მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოპასუხეს გადასცა 5265 ლარის საქონელი, ლამინირებული იატაკი და იატაკის დასაფენი, რომელიც თავისი სურვილით შეარჩია მოპასუხემ, ხოლო 1183 ლარი მოპასუხემ მიიღო ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთანავე, შპს „ვ–ომ“ დაიტოვა უფლება, ექსპერტიზის შედეგად წებო-ცემენტის ვარგისიანობის შემთხვევაში, მოეთხოვა ანაზღაურებული თანხისა და ხარჯების უკან დაბრუნება.
2.4. შპს „ვ–ომ“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს KNAUF K1 seremik san-ის წებო-ცემენტის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, რაზეც საექსპერტო დაწესებულებამ გასცა დადებითი დასკვნა (2021 წლის 15 მარტის N001648721 დასკვნა წებო-ცემენტის ვარგისიანობის შესახებ).
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, როდესაც გამყიდველს მიმართა პრეტენზიით წებო-ცემენტის ხარისხის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, შპს „ვ–ომ“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და აანაზღაურა ზიანი, რაზეც გაფორმდა აქტი, შესაბამისად, მოსარჩელემ ფაქტობრივად აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი.
3.2. გ.ხ–იას განმარტებით, მოპასუხემ აქტზე ხელმოწერით იგულისხმა, რომ მყიდველის წინაშე რაიმე სახის უკუმოთხოვნაზე გამყიდველი კომპანია უარს ამბობდა, სწორედ ამ შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხე ელოდებოდა, რომ აქტზე ხელმოწერით ვალდებულებების საკითხი ამოიწურა, რის გამოც სარჩელს მიიჩნევდა დაუსაბუთებლად.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ვ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „ვ–ოს“ გ.ხ–იას სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად სულ 1700 ლარის გადახდა დაეკისრა (1500+200).
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ვ–ომ“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6448 ლარის გადახდა.
5.2. ქუთაისის სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დააფუძნა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმებს (სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე მუხლები). ამასთან, საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და განმარტა, რომ გ.ხ–იას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 აპრილის ექსპერტიზის N002572521 დასკვნა და 2021 წლის 12 აგვისტოს N5005476721 წერილი, ვერ მიიჩნეოდა სანდო და უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან გ.ხ–იას მიერ შპს „ვ–ოში“ შეძენილი Knauf K1-ის წებო-ცემენტის ექსპერტიზა არ გამართულა. სააპელაციო პალატის აზრით, ხსენებულ ფაქტს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ N002572521 ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტოსურათები, N001648721 დასკვნის დანართისგან განსხვავებით, უშუალოდ საკვლევი საგნის ფოტოსურათს არ შეიცავდა.
5.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზარალი არ იყო გამოწვეული აპელანტ კომპანიაში შეძენილი პროდუქტის ნაკლოვანებით, ამ მიმართებით, პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N001648721 დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ წყლის ნაცვლად ცერეზიტის წებოში გახსნის შემდეგ ნაზავის შეჭიდულობაზე სიმტკიცე არ აკმაყოფილებდა სტანდარტის მოთხოვნას, თუმცა 2020 წლის 25 დეკემბერს, „კლიენტის პრეტენზიის დაკმაყოფილების შესახებ“ აქტით, რომელიც მოდავე მხარეების მიერ იყო ხელმოწერილი, ირკვეოდა, რომ მოხელის მიერ წებო-ცემენტში შესარევად გამოყენებული ცერეზიტი, შპს „ვ–ოში“ არ იყო შეძენილი. ყოველივე აღნიშნული, სააპელაციო პალატის აზრით, გამორიცხავდა გამყიდველის პასუხისმგებლობას.
5.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.ხ–იამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით და სადავო ფაქტობრივ გარემოებებს არ მიანიჭა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, მხარეთა შორის წარმოშობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობა, რაც დავის სახელშეკრულებო სამართლის ნორმებით გადაწყვეტის წინაპირობებს ქმნიდა.
6.2. გარდა სამართლებრივი კვალიფიკაციისა, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებსაც და აცხადებს, რომ არასწორია იმგვარი დასკვნა, თითქოს შპს „ვ–ოში“ შეძენილი წებო-ცემენტი Knauf K1, იყო უნაკლო და დანიშნულებისთვის გამოსადეგი.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მოხელემ ცერეზიტი, რომელიც შპს „ვ–ოში“ არ იყო შეძენილი, შეურია წებო-ცემენტს. მხარის მტკიცებით, მოწმე ა.ს–ს არ უსაუბრია წებო-ცემენტისა და ცერეზიტის შერევაზე, არამედ მან ახსნა ცერეზიტის შეძენის მიზეზები, მხარის განმარტებითვე, ცერეზიტი წებო-ცემენტში საერთოდ არ გამოიყენება და მისი შერევის სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ შეერეოდა, რადგან ნივთიერებები ერთმანეთში არ იხსნება. კასატორის მითითებით, მოწმემ განაცხადა, რომ ცერეზიტის ხსნარი წაუსვა იატაკის ზედაპირს, იატაკზე გრუნტის გამოყენებიდან 4-8 საათის შემდეგ კი, შესაძლებელია ფილების დადება, ვინაიდან ცერეზიტი არ არის გრუნტი, არამედ გამოიყენება ჰიდროიზოლაციისთვის. კასატორი დასძენს, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული ვერც გიორგი ხაბეიშვილის ჩვენება, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოიკითხა, ვინაიდან თავად მოწმემ განმარტა, რომ იგი მხოლოდ ექსპერტის დამხმარე იყო და თავად არ გამოუკვლევია.
6.4. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება მასზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელწერილში აღიარებულია მოხელის მიერ ცერეზიტის გამოყენების ფაქტი, რამაც საბოლოოდ ზიანი გამოიწვია. 2020 წლის 25 დეკემბრის აქტში, შპს „ვ–ოს“ მიერ ცერეზიტის გამოყენების შესახებ დათქმამ გ.ხ–იას უკმაყოფილება იმთავითვე გამოიწვია, თუმცა, ვინაიდან მას კომპანიამ ზიანი აუნაზღაურა, მხარე იმედოვნებდა, რომ კომპანია არ აპირებდა შემდგომ სამართლებრივ დავას. ამასთან, კასატორი ამტკიცებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო ხელწერილში არსებული ჩანაწერის გამომრიცხავი მტკიცებულებები, სახელდობრ: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტანტაციის დოკუმენტი, სადაც აღწერილი ვიდეომასალებით ირკვეოდა, რომ გ.ხ–იას პრეტენზია კომპანიის მიმართ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესშივე ჰქონდა.
6.5. კასატორი არ ეთანხმება პალატის იმ მსჯელობასაც, თითქოს წებო-ცემენტ Knauf K1-ს ექსპერტიზა არ ჩატარებია. კასატორი ამტკიცებს, რომ დოკუმენტის ფოტო-ილუსტრაციიდან არ იკვეთებოდა, თუ კონკრეტულად რომელი ფირმის შეფუთვაზე გაკეთდა ექსპერტიზა, ამიტომ მხარემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, საქმეზე წარმოდგენილი საპასუხო წერილით კი (დათარიღებული 2021 წლის 12 აგვისტოთი), აღინიშნა, რომ დასკვნაში გამოყენებული წებო-ცემენტი შეფუთული იყო Knauf-ის წარწერით. ამასთან, უდავოა, რომ გ.ხ–იამ შპს „ვ–ოში“ შეიძინა 25 ტომარა წებო-ცემენტი, საიდანაც ერთი გაუხსნელი ტომარა ნამდვილად მიიტანა საექსპერტო დაწესებულებაში, ამდენად, კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა გ.ხ–იას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც საქმის განხილვის პროცესში მეორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, კასატორი ამტკიცებს, რომ შპს „ვ–ოს“ მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილი წებო-ცემენტი არ არის იმ პარტიიდან აღებული, რომელიც გ.ხ–იამ შეიძინა. საქმეზე გამოკითხული მოწმეები მიუთითებდნენ, რომ საექსპერტო მიზნებისთვის კომპანიამ გ.ხ–იას სახლიდან ამოიღო ერთი გახსნილი ტომარა, აღნიშნულის საპირისპიროდ, 2021 წლის 15 მარტი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი იყო შეფუთული 1 პარკი, რაც, კასატორის აზრით, ცხადყოფს, რომ შპს „ვ–ოს“ საექსპერტიზოდ არ გამოუკვლევია იმ პარტიის წებო-ცემენტი, რომელიც მან შეიძინა.
6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, გ.ხ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია დავის გადასაწყვეტად არასწორი სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების შესახებ, კერძოდ: საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - 6448 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და ამავე კოდექსის 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით), რაც სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განსაზღვრა.
13. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა (იხ. სუსგ. ას-1165-2023, 2024-02-14).
14. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 6448 ლარის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის. ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, მან თანხა მიიღო უხარისხო წებო-ცემენტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზარალი არ იყო გამოწვეული კომპანიაში შეძენილი პროდუქტის ნაკლოვანებით, ვინაიდან შეძენილი წებო-ცემენტი არ იყო უხარისხო და შეესაბამებოდა ამ პროდუქციის სარგებლიანობის სტანდარტებს. შესაბამისად, დადგინდა მოპასუხის მიერ 6448 ლარის უსაფუძვლოდ მიღების ფაქტი. ამ გარემოებათა წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამგვარ შედავებად ვერ განიხილება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შესახებ საკასაციო საჩივრის მსჯელობა, კერძოდ: კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად თქვა უარი კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გაზიარებაზე და ასევე დაუსაბუთებლად გაითვალისწინა შპს „ვ–ოს“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.
15. უპირველესად, საკასაციო პალატის მითითებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ Nას-1152-2021, 31 იანვარი, 2022წ). შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის შეჩერების ან გაქარწყლების საფუძველია (იხ. დამატებით: ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა", თბილისი, 2003, გვ. 67). სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგის მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურსამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურსამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მტკიცდება – დასტურდება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებს მხარეთა მოთხოვნებსა და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წელი).
16. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომლის მნიშვნელობაც სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (შდრ. იხ. სუსგ. Nას-1129-2023, 2023-12-26).
18. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების თაობაზე კასატორის პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში (სარჩელს ერთვის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაეფუძნა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება), საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური და რაც მთავარია - განკუთვნადი მტკიცებულება. თუმცა, მან ხსენებული საპროცესო მოქმედება ვერ შეასრულა.
19. საკასაციო პალატის აზრით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, საკასაციო საჩივარში მითითებულისგან განსხვავებული გარემოებები დგინდება. ეჭვგარეშეა, რომ გ.ხ–იამ შეიძინა წებო-ცემენტი Knauf K1 (ს.ფ. 20) და მოგვიანებით პრეტენზია სწორედ ამ დასახელების წებო-ცემეტის უხარისხობაზე ჰქონდა. შესაბამისად, მტკიცებულება, რომელიც წებო-ცემენტის უხარისხობას და მიღებულ შედეგში (აყრილი კაფელი) გამყიდველის ბრალს დაადგენს, უნდა მიემართებოდეს სწორედ წუნდებულ პროდუქტს. გ.ხ–იას მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 აპრილის N002572521 დასკვნიდან (ს.ფ. 89-94) შეუძლებელია, დადგინდეს, თუ რა შემადგენლობის წებო-ცემენტზეა გამართული ექსპერტიზა, 2021 წლის 12 აგვისტოს N5005476721 წერილით კი, მხოლოდ ის ირკვევა, რომ მხარეს ექსპერტიზის ბიურომ უკან დაუბრუნა წებო-ცემენტის დარჩენილი ნაწილი შეფუთვით Knauf (ს.ფ. 97), თუმცა იყო თუ არა ეს K1 - მახასიათებლით, დოკუმენტიდან არ ირკვევა.
20. გ.ხ–იას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ საქმეზე შპს „ვ–ოს“ მიერ წარმოდგენილია წებო-ცემენტის ვარგისიანობის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის N001648721 დასკვნა (ს.ფ. 24-32), რომლის შემაჯამებელ ნაწილსა და დანართ სურათებშიც, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებისგან განსხვავებით, არაორაზროვნადაა გამოკვეთილი საკვლევი ობიექტის მახასიათებელი და მითითებულია, რომ Knauf K1 წებო-ცემენტის ექსპერტიზით დადასტურდა მისი ვარგისიანობა.
21. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებით ძალას ვერ აქარწყლებს კასატორის აპელირება, თითქოს გამოკითხულმა მოწმემ (მოხელე - ა.ს–ი) განაცხადა, რომ მოსარჩელე კომპანიას შესამოწმებლად გახსნილი წებო-ცემენტის ტომარა გადასცა, ექსპერტიზაზე დართულ სურათებში კი მთლიანი/გაუხსნელი ტომარაა აღბეჭდილი, რაც, მათი აზრით, განსხვავებულ პროდუქტზე ექსპერტიზის ფაქტს მოწმობს. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ ზეპირი ახსნა-განმარტება სამოქალაქო სამართალში ე.წ. მყიფე მტკიცებულებათა რიგს მიეკუთვნება, რომლის სანდოობაც საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება. ამ შემთხვევაში, მოწმის ზეპირი ახსნა-განმარტება გაქარწყლებულია იმავე სასამართლოზე გამოკითხული მეორე მოწმის ჩვენებით (რამაზ დანელია - შპს „ვ–ოს“ თანამშრომელი), რომელმაც განმარტა, რომ ნაკლული ცემენტი არ წამოუღიათ და ეს ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო, რადგან წებო-ცემენტი გახსნიდან მალევე გამოსაყენებლად უვარგისი ხდება, რაც ექსპერტიზის შესაძლებლობას გამორიცხავს. მეტიც, მოხელე - ა.ს–მა სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ მათ მხოლოდ 2 ტომარა წებო-ცემენტი ჰქონდათ დარჩენილი, ერთი გაუხსნელი, მეორე კი – გახსნილი, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელს გაატანა. საქმის მასალებში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს მხოლოდ გახსნილი ტომარა, დოკუმენტი კი შექმნილია 2021 წლის 30 ოქტომბერს სარჩელის აღძვრის (21.05.2021) შემდგომ (ს.ფ. 121-131), რაც ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს არ წაუღია გახსნილი ტომარა და მოწმის ახსნა-განმარტება არათანმიმდევრულია, რის გამოც სასამართლოს სრულიად მართებულად თქვა მის გაზიარებაზე უარი.
22. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ცერეზიტის წებო-ცემენტში გარევის ფაქტი. საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი (2020 წლის 25 დეკემბრის აქტი), სადაც პირდაპირაა გაცხადებული, რომ გ.ხ–იას მიერ ცერეზიტში გადახდილი თანხის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოხელემ იგი შეურია წებო-ცემენტში (ს.ფ. 23). ვინაიდან დოკუმენტზე არსებული გ.ხ–იას ხელმოწერის ნამდვილობა ან/და მაზე ხელმოწერის ნებაყოფლობითობა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა, რა თქმა უნდა, დოკუმენტის მტკიცებულებით ძალას ვერ გააქარწყლებს კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ ხელწერილში მხოლოდ შპს „ვ–ოს“ მიერ ცერეზიტის გამოყენების შესახებ დათქმამ გ.ხ–იას უკმაყოფილება იმთავითვე გამოიწვია, თუმცა, რაკი კომპანიამ მას ზიანი აუნაზღაურა, მხარე იმედოვნებდა, კომპანია არ აპირებდა სამართლებრივ დავას.
23. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ხ–იას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ა.კ–ის მიერ 04/04/2023წ. №16622633084 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 322 ლარის 70% – 225,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი