საქმე №ას-67-2023 05 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თელავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ბ–მა (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 10 ოქტომბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ა(ა)იპ „უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ უფროსის თანამდებობაზე. მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 840 ლარს.
2.2. 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების თანამშრომლების დ.დ–ძის, მ.გ–ძის და მ.ს–ის მიერ ჩატარდა ინსპექტირება, რა დროსაც თითქოსდა ორგანიზაციაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები.
2.3. შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების შედეგები, შემდგომი რეაგირებისათვის, გადაეგზავნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინურ კომისიას.
2.4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანებით, მ.ბ–ი უკანონოდ გათავისუფლდა ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორის თანამდებობიდან.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის დანაწესების დაცვით.
3.2. მოპასუხის მტკიცებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4.2. ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანება მოსარჩელის ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგა დირექტორის პოზიციაზე, მასვე მიეცა იძულებითი განაცდური სამუშაოზე გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე (840 ლარი ხელზე ასაღები).
4.3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
4.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განჩინებით, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
5.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
5.3. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, კვალიფიცირდება დავალების ხელშეკრულებად და დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ამგვარი შეთანხმება უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 720.1-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას არ ქმნიდა.
5.4. საქმის ხელახლა განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2020 წლის 14 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. მ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება. მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
5.6. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა დირექტორის განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
5.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.ბ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი, რათა შეიცვალოს ამგვარი ტიპის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება არ შეიძლებოდა „სასამსახურო ხელშეკრულებად“ მიჩნეულიყო, რადგან ეს ტერმინი მხოლოდ 2021 წლის 2 აგვისტოდან ამოქმედდა, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი შევიდა ძალაში. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი ამ ვადაზე ადრე იყო აღძრული, მოსარჩელის სამართლებრივი ურთიერთობის „სასამსახურო ხელშეკრულებად“ მიჩნევა, კანონის უკუძალის მინიჭებას უთანაბრდება, რაც უკანონოა.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად რა დროსაც დადგინდება, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევას, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების არაკანონიერი საფუძველი გახდა.
6.4. კასატორის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორის პოზიციაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს დავალების ხელშეკრულებას, რადგან იგი მარწმუნებლის სახელით, რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად არ მოქმედებს.
6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის უფლებები ისე შეილახა, რომ მას არ მისცემია შესაძლებლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება გაესაჩივრებინა. კასატორი უთითებს, რომ იმ სასამართლო პრაქტიკაში, რაც სააპელაციო პალატამ მის გადაწყვეტილებაში ასახა ისიც არის მითითებული, რომ ა(ა)იპ დირექტორებს მათი სამართლებრივი ურთიერთობის დავალების ხელშეკრულებად კვალიფიცირების მიუხედავად გააჩნიათ დასაქმებულებისთვის გარანტირებული მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიები მაინც, რასაც ევროპის სოციალური ქარტიაც აღიარებს. შესაბამისად, კასატორის აზრით, სადავო შემთხვევაში მოსარჩელესთან რა სახის სამართლებრივი ურთიერთობაც არ უნდა ყოფილიყო დამყარებული, არ შეიძლებოდა მისი უაპელაციოდ შეწყვეტა.
6.6. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე მოპასუხესთან და მართებულად იხელმძღვანელეს თუ არა განსახილველი საქმის გადასაწყვეტად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. საქმეზე უდავოდაა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიმართ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას.
- თელავის რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 ოქტომბრის N237 ბრძანების საფუძველზე თელავის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მ.ბ–ი გადაყვანილი იქნა უმწეოთა და უპოვართა სამსახურის უფროსად და მას შემდეგ მუშაობს ამ პოზიციაზე მომხდარი რეორგანიზაციების შესაბამისად;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 29 სექტემბრის N46 განკარგულებით იგი რეორგანიზებულ იქნა როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი „უმწეოთა და უპოვართა სამსახური“, სადაც მ.ბ–მა კვლავ გააგრძელა მუშაობა ხელმძღვანელის/დირექტორის პოზიციაზე. მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 840 ლარს;
- 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების თანამშრომლების დ.დ–ძის, მ.გ–ძის და მ.ს–ის მიერ ჩატარებულ იქნა ინსპექტირება, რა დროსაც თითქოსდა გამოვლინდა რიგი დარღვევები: სურსათის საწყობში საკვები პროდუქტების ნაკლებობა, სამსახურისათვის პროდუქტების შეძენისას ბაზრის კვლევის არარსებობა თუ არასრულყოფილება, 13 და 14 თებერვალს სამზარეულოში პროდუქტის ნაშთი/გაუცემლობა, სამსახურის დირექტორის მიერ მიწოდებულ დამტარებელთა სიებში ბენეფიციართა იმ რაოდენობის არარსებობა, ვისთვისაც ბინაზეა მიტანილი პროდუქტები; გარდაცვალებულ პირებზე/პირზე პროდუქტების გაცემა; ბენეფიციარის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის მიუხედავად პროდუქტის გაცემა;
- უთარიღო დასკვნა, თანდართულ მასალებთან ერთად შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინურ კომისიაში;
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით. ნაცვლად ამისა, სასამართლომ მოცემული დავა მოაწესრიგა დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით. აღსანიშნავია, რომ კასატორს, ამავე საფუძვლით წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარი, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი გასაჩივრებულ განჩინებაში.
13. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი, ვინაიდან შრომის კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაში დასაქმებული სარგებლობს დაცვის სპეციალური მექანიზმებით, სხვა შემთხვევაში კი - არა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასძენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკითაა გარანტირებული, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით (სუსგ: საქმე №ას-101-97-2016, 2016 წლის 15 ივლისი, საქმე N 302-287-2016, 2016 წლის 15 ივლისი). ამ პრაქტიკის საწინააღმდეგო განმარტების გასაკეთებლად არასაკმარისია იმაზე მითითება თითქოს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობა სასამსახურო ხელშეკრულების ნორმების უკუძალის მინიჭებს გზით განახორციელა. ამ მსჯელობასთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ სასამსახურო ხელშეკრულების თაობაზე დოქტრინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაში ბევრად უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე მისი საკანონმდებლო მოწესრიგება (შდრ. იხ. სუსგ. №ას-1543-2019, 2020.09.25, №ას-1543-2019, 2020.09.18). სასამსახურო ხელშეკრულების ნორმატიულ ბაზაში ასახვის პროვოცირება სწორედ უზენაესი სასამართლოს დოქტრინის წახალისებით მოხდა. ამიტომ, კასატორის შედავება ნორმის უკუძალის არასწორ მინიჭებასთან დაკავშირებით უადგილო და არარელევანტურია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული განჩინება მოიცავს ა(ა)იპ დირექტორებთან დავალების ხელშეკრულების არსებობის თაობაზე დამკვიდრებული პრაქტიკის დეტალურ ანალიზს.
14. პალატის განსჯით, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. საგულისმოა, რომ მსგავს მოწესრიგებას შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლებიც. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (სუსგ: საქმე №ას-101-97-2016, 2016 წლის 15 ივლისი, საქმე N 302-287-2016, 2016 წლის 15 ივლისი).
15. ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ: საქმე №ას-101-97-2016, 2016 წლის 15 ივლისი, საქმე N 302-287-2016, 2016 წლის 15 ივლისი).
16. კასატორის ვერც იმ არგუმენტს მივიჩნევთ დასაბუთებულად, რომლის თანახმად მოსარჩელის თანამდებობაზე პირის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება მხოლოდ თელავის მერს გააჩნდა, რის გამოც მასზე დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა გავრცელებულიყო. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანამდებობიდან გათავისუფლდა არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტი კი, აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა.
17. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენას (ტომი I, ს.ფ. 21) სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც შესაბამისობაშია ასევე სამოქალაქო კოდექსის 720.1 მუხლის შინაარსთან (დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია).
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 20/02/2023 წელს №1072 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი