Facebook Twitter

საქმე №ას-475-2024 26 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – ნ.დ–ი, ზ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით:

1.1. ნ.დ–ის სარჩელი ზ.მ–ძისა და ნ.დ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ.მ–ძეს მოსარჩელე ნ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა - 85 653.50 ლარი, ხოლო მოპასუხე ნ.დ–ს მოსარჩელე ნ.დ–ის სასარგებლოდ – 85 653.50 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ–მა.

3. 2024 წლის 13 თებერვალს, მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა, კერძოდ, მოპასუხეების კუთვნილ ანგარიშებზე განთავსებულ ფულად ყადაღის დადება მოითხოვა (ტომი V, ს.ფ. 384-386).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს (85 653,5 ლარის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში) ყადაღა დაედო, გარდა საბიუჯეტო საგადასახადო და სახელფასო გასაცემლებისა (ტომი V, ს.ფ. 386-391).

5. 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე მოპასუხეებმა 2024 წლის 29 თებერვალს წარადგინეს საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი V, ს.ფ. 400-403).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, ზ.მ–ძისა და ნ.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა (ტომი V, ს.ფ. 407-412).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1580-2019, 19.12.2019წ.).

10. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1477-2018, 31.01.2019წ.).

12. პალატა დასძენს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმდენით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა შეიზღუდოს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).

13. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოპასუხეთა ინტერესებს, ისინი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური სახსრების გარეშე დარჩნენ. მოპასუხეები სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ თავიანთი დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გასაჩივრებული განჩინების ძალით, საქმის განხილვის დასრულებამდე, ფინანსური სახსრების გარეშე დარჩებიან.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორების არგუმენტს და განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება უზრუნველყოფის უკიდურესი სახეა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში,, სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება შეიქმნას.

15. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2023 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.დ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც იშუამდგომლა შსს მომსახურების სააგენტოდან იმგვარი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლითაც გაირკვეოდა, ირიცხება თუ არა ნ.დ–ისა და ზ.მ–ძის საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რათა მათი მეშვეობით უზრუნველყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ნ.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა. გამოთხოვილ იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია.

17. 2024 წლის 8 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ. სააგენტოს მიმართვიდან ირკვევა, რომ ნ.დ–ისა და ზ.მ–ძის სახელზე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოპასუხეთა სხვა ალტერნატიული ქონების არსებობის შესახებ ინფორმაციაც. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განმცხადებელმა ყადაღის დადება მოითხოვა მოპასუხეების საბანკო ანგარიშზე მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მხრიდან მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას შეესაბამება.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშების სრული დაყადაღება, უდავოდ სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა მოპასუხეებისათვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ყადაღა დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მოუწევს, შესაბამისად, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეს რაიმე დამატებით შეზღუდვას არ უწესებს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივარში განვითარებულ მსჯელობას.

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.დ–ისა და ზ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი