საქმე №ას-1136-2024 28 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – შპს ,,ე.ი.კ.'' (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ -კ.'' (მოპასუხე)
II კასატორი – შპს ,,ჯ -კ.'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე.ი.კ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ე.ი.კ–ის'' წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,ჯ -კ–ის'' მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ - შპს ,,ჯ -კ–მა'' წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შპს ,,ჯ -კ-ის'' წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,ე.ი.კ–ის'' მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ - შპს ,,ე.ი.კ–მა'' წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე.ი.კ–ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,ჯ - კ“-ის შპს ,,ე.ი.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 6490 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ჯ - კ“-ის მოსარჩელე შპს ,,ე.ი.კ–“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 195 ლარის გადახდა, ასევე მოპასუხე შპს ,,ჯ - კ“-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 250 ლარის და სასამართლოგარეშე ხარჯის - 169.92 ლარის გადახდა. შპს ,,ჯ - კ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,ჯ - კ–მა“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ - კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,ე.ი.კ–ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ - კ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ - შპს ,,ე.ი.კ–მა'' ასევე შპს ,,ჯ - კ–მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებებით I კასატორს - შპს ,,ე.ი.კ–ს'' დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება, გადაიხადოს შესაბამისი ღირებულების 5%-ი სახელმწიფო ბაჟის სახით და წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხოლო II კასატორს - შპს ,,ჯ -კ–ს“ დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟი - დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება I კასატორის - შპს ,,ე.ი.კ–ის'' წარმომადგენელს ე.ა–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 20 სექტემბერს და ჩაბარდა მენეჯერს - ნ.მ–ძეს 2024 წლის 25 სექტემბერს, ხოლო II კასატორის - შპს ,,ჯ -კ–ის“ წარმომადგენელს დ.მ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 20 სექტემბერს და ჩაბარდა ოფის მენეჯერს - ქ.ს–ძეს 2024 წლის 23 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს დაუდგინდა ხარვეზი და I კასატორს - შპს ,,ე.ი.კ–ს'' დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება, გადაიხადოს შესაბამისი ღირებულების 5%-ი სახელმწიფო ბაჟის სახით და წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ასევე II კასატორს - შპს ,,ჯ -კ–ს“ დაევალა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟი - დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინება I კასატორის - შპს ,,ე.ი.კ–ის'' წარმომადგენელს ე.ა–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 20 სექტემბერს და ჩაბარდა მენეჯერს - ნ.მ–ძეს 2024 წლის 25 სექტემბერს, ხოლო II კასატორის - შპს ,,ჯ -კ–ის“ წარმომადგენელს დ.მ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 20 სექტემბერს და ჩაბარდა ოფის მენეჯერს - ქ.ს–ძეს 2024 წლის 23 სექტემბერს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, I კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 26 სექტემბერს და ამოიწურა 07 ოქტომბერს, ხოლო II კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 24 სექტემბერს და ამოიწურა 03 ოქტომბერს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ I და II კასატორს ან მათ წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე.ი.კ–ის'' და შპს ,,ჯეო-კ–ის“ საკასაციო საჩივარები განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ე.ი.კ–ის'' საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ჯ -კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე