Facebook Twitter

¹ბს-1030-982(კ-06) 25 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ლ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ერთჯერადი დახმარების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 5 მაისს ლ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურების Yთაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 11 მაისის ¹1372 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. მისი წელთა ნამსახურობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში შეადგენდა 12 წელს.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 12 წლის წელთა ნამსახურობის გამო, ეკუთვნოდა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით. მისი ფულადი სარგო კი სამსახურიდან დათხოვნის დროისთვის შეადგენდა 341 ლარს, საერთო თანხა კი _ 2728 ლარს.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულების 611-ე პუნქტის შესაბამისად, ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2006 წლის მარტში მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსს აენაზღაურებინაYგასასვლელი დახმარება მისი ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით, რაზედაც მიიღო პასუხი, იმის შესახებ, რომ ვინაიდან, მითითებული პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ის სამსახურიდან დათხოვილი იყო 2005 წელს, მასზე აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდებოდა. მოსარჩელე მითითებულ უარს მიიჩნევდა უკანონოდ და მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებული გასასვლელი დახმარების _ 2728 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1880 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა ვრცელდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან 2006 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2005 წელს, მასზე 331-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან, იგი შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე.

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის შეჩერება 2006 წლის 1 იანვრამდე, ნიშნავს იმას, რომ იგი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად იგი გავრცელდება მიმდინარე წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ ბრძანებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირმა მითითებული ბრძანებულების 331-ე პუნქტში აღნიშნული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება მიიღოს, აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტების არსებობა (დადგომა), როგორიცაა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2005 წლის 11 მაისს, ანუ, სახეზეა იურიდიული ფაქტი, მაგრამ 2004 წლის 5 ნომებრის ¹493 ბრძანებულებაში, რომელიც 2004 წლის 15 ნოემბრიდან შევიდა ძალაში, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად (611-ე პუნქტი), ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. აქედან გამომდინარე, იმ დროისთვის, როდესაც მოსარჩელე Dშეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს, ბრძანებულების ის პუნქტი, რომელიც ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას აწესებს, არ მოქმედებდა, შესაბამისად, ვერ გავრცელდება იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც მის იურიდიულ ძალაში შესვლამდე, მოცემულ შემთხვევაში _ 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოიშვა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრძანებულების 331-ე პუნქტი 2006 წლის 1 იანვრიდან უკვე მოქმედებს, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქცევა, ვინაიდან ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია მისი მოქმედების დროისა და სივრცის განსაზღვრა. 2005 წლის განმავლობაში კი მითითებული ნორმა არ მოქმედებდა და სარჩელის იმ ნორმის საფუძველზე დაკმაყოფილება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისთვის არ მოქმედებდა, კანონსაწინააღმდეგოა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის (ბრძანებულების 611-ე პუნქტი) განმარტებიდან გამომდინარე, ბრძანებულების 611-ე პუნქტით ამავე ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედების შეჩერების მიზანს არ წარმოადგენდა თანხების გაცემის გადავადება, რადგან ასეთ შემთხვევაში 611-ე პუნქტი 2006 წლის 1 იანვრამდე გადაავადებდა თანხების გაცემას და არ შეაჩერებდა ნორმის მოქმედებას.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულების გამოცემისა და ასევე მისი ძალაში შესვლის (2004 წლის 15 ნოემბერი) პერიოდში იგი მსახურობდა თვადაცვის სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენდა აღნიშნული ბრძანებულების 33-ე მუხლის სუბიექტს, რადგან დათხოვნილი იყო რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნის შემთხვევაში, ამავე ბრძანებულების 331-ე მუხლის თანახმად, უნდა მიეღო გამოსასვლელი დახმარება მისი ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით, რაც შეადგენდა – 1880 ლარს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ზემოაღნიშნული ნორმა, რამდენადაც მისი მოქმედების შეჩერება 2006 წლის 1 იანვრამადე არ ნიშნავს შემდგომი გამოყენებისათვის მის აკრძალვას ბრძანებულების სუბიექტების მიმართ. ასევე არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ ნორმის (ბრძანებულების 611-ე პუნქტი) განმარტებიდან გამომდინარე, ბრძანებულების 611-ე პუნქტით ამავე ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედების შეჩერების მიზანს არ წარმოადგენდა თანხების გაცემის გადავადება, რადგანაც ბრძანებულების 331-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს ერთჯერადი (გამოსასვლელი) ფულადი დახმარების გაცემაზე. შესაბამისად, მოცემული მუხლი გულისხმობს სწორედ თანხების გაცემის გადავადებას 2006 წლის 1 იანვრამდე.

ამასთან, კასატორის განმარტებით, ერთჯერადი გამოსასვლელი თანხების გაცემა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის დადგენილია 1994 წლიდან და გაიცემა დღესაც და იგი აღმოჩნდა უფლებრივად შეზღუდულ მდგომარეობაში რამდენადაც დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 2005 წელს, რითაც ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის ნორმათა არასწორ განმარტებას, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

კასატორი _ ლ. ლ-ა 1993 წლის 06 ივნისიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 210 ლარს, ხოლო სარგო სამხედრო წოდებისათვის წარმოადგენდა 25 ლარს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1372 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი ლ. ლ-ა დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 16 აპრილიდან.

2006 წლის 21 მარტს კასატორმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი იმ მოტივით, რომ ბრძანებულების ზემოაღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ პირებზე, ვინაიდან მითითებული მუხლი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ ნორმის სამართლებრივ ანალიზს, რაც საფუძვლად უდევს პირის მოთხოვნას.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით.

ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

2004 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც, ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი ფაქტობრივად გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განისაზღვრა ბრძანებულების 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611 პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო სასამართლო ნორმის დროსა და სივრცეში მოქმედებასთან დაკავშირებით ზოგადად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მაგრამ საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ნორმის მოქმედების შეჩერება და არა მისი ამოქმედება, რაც პრინციპულად ცვლის ნორმის შეფარდების საკითხს.

ზემოაღნიშნული ბრძანებულების სადავო პუნქტების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ნორმები პირობითად დაყოს ორ ნაწილად, კერძოდ პირველი ნაწილით მოხდა უფლების აღიარება (ნამსახურები წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო მეორეში ჩაიდო უფლების რეალიზების მექანიზმი, რომლითაც დადგინდა, რომ აღიარებული უფლების რეალიზება მოხდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ მომენტზე ხაზგასმას, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა კასატორის უფლება, მიიღოს ფულადი დახმარება, ხოლო რაც შეეხება ამ აღიარებული უფლების რეალიზაციის მექანიზმს, მითითებული დაუკავშირა დროის შემდგომ პერიოდს.

საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რა ნორმის სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული უფლება იძენს ფიქტიურ ხასიათს და აზრს კარგავს მისი არსებობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის მომენტში ნორმა მოქმედებდა სრული მოცულობით, ლ. ლ-ა უფლებამოსილი იყო ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით მოეთხოვა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რაც წელთა ნამსახურობისა და ფულადი სარგოების მხედველობაში მიღებით შეადგენს 1880 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი დახმარების 1180 ლარის გადახდა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.